x
მეტი
  • 09.02.2025
  • სტატია:140070
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513110
რატომ დააპატიმრა ბერიამ ბორის პაიჭაძე?
image

3 თებერვალს, "ფეხბურთის კარუზოდ" წოდებული, ლეგენდარულ ბორის პაიჭაძეს დაბადებიდან 110 წელი შესრულდა. დღეს მოგითხრობთ ერთ საინტერესო ისტორიას, რომელიც ლავრენტი ბერიას და ბორის პაიჭაძეს შეეხება.


ლავრენტი ბერია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებული სპორტსაზოგადოება „დინამოს“ სულისჩამდგმელი და დიდი მოამაგე იყო, ფეხბურთი კი განსაკუთრებით უყვარდა .


"ლავრენტი ბერია და "ჩეკა" "დინამოს" წარმატებას ხელს უწყობდა, შეიძლება უმეტესად მრისხანე და არაჰუმანური ფორმებით, მაგრამ წარმატებები ნამდვილად დიდი იყო".(დინარა პაიჭაძე, ბორისის შვილიშვილი)




ბერიას მსგავსად, ფეხბურთის თავგამოდებული ქომაგი იყო ვასილ სტალინიც, (მამამისისგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა ფეხბურთი)რომელიც „ცდკა“-ს (მოგვიანებით "ცსკა"-არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი) პატრონობდა. საუკეთესო საბჭოთა ფეხბურთელებს ამ კლუბში უყრიდა თავს და დიდად ამაყობდა უძლიერესი გუნდის წარმატებებით.


როდესაც თბილისის „დინამო“ და მოსკოვის „ცდკა“ ერთმანეთთან თამაშობდნენ, იქნებოდა ეს მოსკოვსა თუ თბილისში, ბერია და ვასილ სტალინი სამთავრობო ლოჟიდან ერთად ადევნებდნენ თვალს ამ მატჩს და ემოციურად ქომაგობდნენ საყვარელ გუნდებს.

ორმოციანი წლების მიწურულს, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა მოსკოვში, „ცდკას“ სტადიონზე გაიმართა. ბერია პირველი მივიდა სტადიონზე და კუთვნილი ადგილი დაიკავა. თამაშის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე, გამოჩნდა ვასილ სტალინიც, რომელიც ბერიას მიესალმა და ჰკითხა:

– როგორ განწყობაზე ხართ, ლავრენტი პავლოვიჩ?

– მშვენიერზე, ვასილ იოსებოვიჩ, – მიუგო ბერიამ.

– ვწუხვარ, რომ თამაშის ბოლოს ეს განწყობა შეგეცვლებათ, – თქვა ახალგაზრდა გენერალმა.

– რატომ? – ჩაეკითხა ბერია.

– იმიტომ, რომ ჩემები თქვენს ბიჭებს პირწმინდად მოუგებენ, – მიუგო სტალინის ვაჟმა, რომელიც დარწმუნებული იყო თავისი სიტყვების სისწორეში, რადგან „ცდკას“ ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა და თერთმეტი ვარსკვლავი ჰყავდა.

– წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, ვასილ იოსებოვიჩ, – მიუგო ბერიამ და თამაშიც დაიწყო.

იმ მატჩში თბილისის „დინამომ“ პირწმინდად მოუგო წაუგებელ არმიელებს. დინამოელთა სუპერვარსკვლავმა ბორის პაიჭაძემ კი, ვასილ სტალინის რჩეულებს საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა, კუდით ქვა ასროლინა და მთელი სტადიონი, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა „ცდკას“ ქომაგები იყვნენ, ფეხზე დამდგრები სკანდირებდნენ: „პაიჭაძე! პაიჭაძე!...“

image

თამაში რომ დასრულდა, გახარებულმა ბერიამ ვასილ სტალინს უთხრა:

– რას იტყვით, ვასილ იოსებოვიჩ, მოგეწონათ თქვენი თანამემამულეების ვირტუოზული თამაში?

– ჩემებმა წააგეს, – პირდაპირ მიუგო ბერიას სტალინის ვაჟმა მის ორაზროვან კითხვაზე და მძიმედ თავჩაღუნული გაემართა გასასვლელისკენ.

– ჩემებმა კი მოიგეს, – ჩაილაპარაკა ბერიამ და ახალგაზრდა გენერალს სიტყვა დააწია:

– ვასილ იოსებოვიჩ, მე ყოველთვის გილოცავ მოგებას და არ მომილოცავთ?

ვასილ სტალინი დაბრუნდა. ბერიას ხელი ჩამოართვა და უთხრა:

– გილოცავთ, ლავრენტი პავლოვიჩ, – პაუზის მერე კი დაამატა, – პაიჭაძე ვირტუოზია და სასურველია, „ცდკაში“ თამაშობდეს.

ბერიას ცუდად ენიშნა ოპონენტის სიტყვები, რადგან კარგად იცოდა, ვისაც სტალინის ვაჟი თვალს დაადგამდა, ყველა „ცეესკაში“ გადაჰყავდა. ამიტომ, კატეგორიულად და მოკლედ უთხრა:

– პაიჭაძე არ იყიდება!

ვასილ სტალინი წავიდა. ბერია კი დინამოელთა გასახდელში ჩავიდა. ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს გამარჯვება მიულოცა. ბორის პაიჭაძეს კი წელზე შემოხვია ხელები, ჰაერში აიტაცა და უთხრა:

– ყოჩაღ, ბორის სოლომონოვიჩ, ყოჩაღ! საუკეთესო ხარ და შენი ბადალი ამქვეყნად არავინაა.


პაიჭაძე ფოთელი იყო. მეგრული კარგად იცოდა და ბერიამ რომ ის უკან დააბრუნა, მეგრულად უთხრა, უკან მანქანაში გაჰყოლოდა, რადგან სალაპარაკო ჰქონდა.


როგორც შემდგომში სერგო გოგლიძე ყვებოდა, ბერიას პაიჭაძე გაუფრთხილებია, ვასილ სტალინის ნებას არავითარ შემთხვევაში არ დაჰყოლოდა და „ცდეკა“-ში არ გადასულიყო. შემდეგ, ბერია სახელოვან ქართველ ფეხბურთელს გამოემშვიდობა და კრემლში გაემგზავრა. გოგლიძეს კი, რომელიც საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, უთხრა, რომ პაიჭაძისთვის თვალყური ედევნებინათ და ვასილი სტალინისგან დაეცვათ.


– ყველაფრის საქმის კურსში იყავით, სერგო და თუკი საქმე გართულდა, პირადად შემატყობინეთ, უშუალოდ ჩავერევი, – უთხრა ბერიამ გოგლიძეს.


ორი თვის შემდეგ, სერგო გოგლიძემ ბერიას შეატყობინა, რომ თბილისში ინკოგნიტოდ გაემგზავრა ვასილ სტალინი, სავარაუდოდ, ბორის პაიჭაძის სანახავად და მის გადასაბირებლად. დაკავებულობის მიუხედავად, ბერიამ განკარგულება გასცა, რომ თვითმფრინავი გაემზადებინათ და ისიც სასწრაფოდ თბილისში გადაფრინდა. მანამდე კი გოგლიძეს უთხრა, თბილისში დაერეკა და შინაგან საქმეთა კომისრისთვის ბორის პაიჭაძის დაკავება დაევალებინა.

– თავის კაბინეტში ჰყავდეს. ცივი ნიავიც არ მიეკაროს და ჩემ ჩამოსვლას დაელოდოს, – დაამატა ბერიამ.

თბილისში ჩასულმა ვასილ სტალინმა და ორმა გენერალმა რომ პაიჭაძეს ვერ მიაგნეს, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს დაურეკეს და ფეხბურთელის სასწრაფოდ მოძებნა უბრძანეს. ამ დროს ბერია უკვე მის კაბინეტში იჯდა. კომისარს ყურმილი გამოართვა და ვასილ სტალინს უთხრა:

– ვასილ იოსებოვიჩ, ხომ გითხარით, რომ პაიჭაძე არ იყიდება. თანაც, არც მას აქვს სურვილი, რომ მოსკოვში გადაბარგდეს...

სტალინის ვაჟმა უხმოდ დაკიდა ყურმილი. კვლავ მოსკოვში გაფრინდა და აღარასოდეს უცდია ბორის პაიჭაძის გადაბირება. ლავრენტი ბერიამ კი ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს დისკომფორტისთვის მოუბოდიშა. შემდეგ ტყავის ბურთი მოატანინა. პაიჭაძეს მასზე ავტოგრაფი წააწერინა და უთხრა:

– მადლობა, ბორის. ამ ძვირფას საჩუქარს ჩემს კაბინეტში შევინახავ .


P.S. სხვათა შორის ბორის პაიჭაძე თბილისის "დინამოში" იმ იმედით გადავიდა სათამაშოდ, რომ მამას გაუთავისუფლებდნენ პატიმრობიდან. ბერიასთვის, სოლომონის გათავისუფლება არ იყო პრობლემა, თუმცა, სპორტსმენის მამა სამშობლოში ვერ დაბრუნდა. 1936 წელს მთავარი ჩეკისტისთვის ბორისს ვერ გაუბედავს მამის გათავისუფლების თხოვნა. მერე, 1941 წლის დასაწყისში თავად სოლომონს მოუწერია ოჯახისთვის, ფული გამომიგზავნეთ მათავისუფლებენო. მერე ომი დაიწყო და არავის სცხელოდა ფოთის პორტის მტვირთავთა ყოფილი ბრიგადირის ბედისთვის, 1942 წელს კი თავად ბერიას უთქვამს ბორისისთვის, - სად იყავი აქამდე, უკვე დაგვიანდაო.


1
510
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
510
  
5 თებერვალი, 7:52
ამ ისტორიითაც ჩანს რო ბერია თავისებურად პატრიოტი იყო,თუმცა ამბობენ რო ბევრი ცუდი გააკეთაო. ადრე სხვა შეფასება შეიძლება ყოფილიყო,თუმცა ახლა გასაგებია,რატომ ხვრეტდდა ადამიანებს ან ის ან სტალინი. მიშვებულობამ და მოუკუთხაობამ დღევანდელ დღემდე მიგვიყვანა და თავის დროზე,დახვრეტა არა,თუმცა გაროზგვა რო ყოფილიყო მავნებლებზე შემოღებული,იბერია ნამდვილად გაბრწყინდებოდა.

პ.ს. მავანი იტყვის რო ბერიას ან გაროზგვის მომხრე ვარ,თუმცა მომხრე არა,საჭიროა უბრალოდ.გადახედეთ ისტორიას,აღმაშენებელს უამრავი ადამიანი ყავს დასჯილი თუ დასახიჩრებული,ხოდა წმინდანად არის აღიარებული. ლმობიერება ქვეყანას ვერ მართავს,ქვეყანას სჭირდება მკაცრი ხელი და მართვა.

პ.ს.ს. ვიღაცისთვის აღმაშენებლის ადამიანების ხოცვა წმინდანობაა,ხოლო ვიღაცისთვის ბერიას ნახოცი არის ჯალათის მოქმედება. სინამდვილეში,ქვეყნის სასისკეთოდ რო ეხოცა ხალხი ბერიას,არც არავინ გააკრიტიკებდა და ჯალათსაც არავინ დაუძახებდა. აქ განსხვავება ის არის მხოლოდ რო ქვეყნისთვის ხოცა ერთმა,მეორემ იმპერიისთვის. ადამიანებს ეს ადარდებთ,თორე კაცის კვლა ფეხებზე კიდიათ.
0 1 1