საქართველო რა ეწერა FBI-ის დასკვნაში? ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა დღეს, 10:31 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა საქართველო პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, მისი გვამი საბურთალოზე ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს, მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუფოვი, რომელიც ასევე გარდაცვლილი იყო.ოფიციალური ვერსიით ისინი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ.თუმცა დღემდე კითხვები არსებობს ამ საქმის გარშემო, 2012 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოძიება განახლდა, თუმცა ბევრი ვერც ვერაფერი შეემატა ამ საქმეს, თუ არ ჩავთვლით ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსის, მიხეილ ძაძამიას და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგის, ლევან ჩაჩუას დაკავებას, რომელსაც გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა, მთავარი კითხვა კი მაინც პასუხგაუცემელი დარჩა, მართლა გაზით მოიწამლნენ ჟვანია და იუსუპოვი თუ არა?
რა ეწერა FBI-ის დასკვნაში? გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერიმენტის მიზანი იყო, გარკვეულიყო, რამდენად გამართულად მუშაობდა გაზის გამათბობელი "ნიკალა" და გაეზომათ საბურთალოს ქუჩის N53-ში მდებარე ბინაში ნახშირბადის მონოქსიდის და ჟანგბადის დონეები ღუმელის მუშაობის დროს. ექსპერიმენტი 4 საათი და 46 წუთი მიმდინარეობდა, ჟანგბადის საზომმა დანადგარმა ღუმელის ანთების დროს 20, 4 პროცენტი უჩვენა და ექსპერიმენტის განმავლობაში 18, 4 პროცენტამდე შემცირდა. FBI-ს ლაბორატორიის დასკვნაში კი მოცემულია ცხრილი, თუ როგორი ფიზიოლოგიური ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ჰაერში ჟანგბადის პროცენტულმა კლებამ ადამიანზე - 20, 9 პროცენტი ჟანგბადის ნორმალური კონცენტრაციაა, 19 პროცენტი - შეუმჩნეველ არასასურველ ზეგავლენას იწვევს, 16 პროცენტის შემთხვევაში - შენელებულია აზროვნება, გაუარესებულია კოორდინაცია, 12, 5 პროცენტმა შეიძლება გამოიწვიოს გულის პერმანენტული დაზიანება, პირღებინება, 10 პროცენტის დროს კი შესაძლებელია გონების დაკარგვა, კონვულსიები და სიკვდილი; ასე რომ, ტესტირების დროს ჟანგბადის პროცენტული რაოდენობა - 18, 4 პროცენტი, ცხრილის მიხედვით მხოლოდ უსიამოვნო ფიზიოლოგიურ შეგრძნებებს იწვევს და სიკვდილის მიზეზი ვერ გახდებოდა. რაც შეეხება CO-ს, ის უფერო, უსუნო გაზია, ნახშირბადის მონოქსიდს უჯრედულ დონეზე უნარი აქვს ბევრად უფრო ადვილად მიუერთდეს ადამიანის სისხლში ჰემოგლობინს, ვიდრე ჟანგბადი, ამიტომ სისხლი ვეღარ ახერხებს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას, რაც სიკვდილს იწვევს. ამერიკელმა ექსპერტებმა CO-ს გასაზომად მოცულობითი საზომი ერთეული, პი-პი-ემი გამოიყენეს. ექსპერიმენტის დროს ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის მოცულობა 3 პი-პი-ემი- დან 6 –მდე გაიზარდა, ამერიკული ჯანდაცვის სტანდარტებით კი სიცოცხლისთვის სახიფათო ოდენობა 1200 პი-პი-ემს შეადგენს, ანუ ექსპერიმენტის საბოლოო მაჩვენებელი 200-ჯერ ნაკლები იყო სიცოხლისათვის სახიფათო მოცულობაზე. ამასთან, ნახშირბადის მონოქსიდი არასრული წვის დროს წარმოიქმნება, FBI-ს დასკვნით კი ექსპერტებმა "ნიკალას" გამათბობელზე ნახშირბადის ანუ მურის კვალი ვერ აღმოაჩინეს, აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია, როგორ გამოყოფდა საბურთალოს 53 –ში გაზის გამათბობელი ცო-ს. იმის მიუხედავად, რომ FBI-ს კვვლევის შედეგებით სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა, მისი დასკვნა ორაზროვანი იყო, ერთი მხრივ, დასკვნაში ჩამოყალიბებული იყო გამოძიების მხარდამჭერი მოსაზრებები: "ექსპერტიზის მონაცემების ანალიზის დროს არაფერი შეიმჩნეოდა ისეთი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის წინასწარ დასკვნას, რომ სიკვდილის მიზეზი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა იყო, რაც არასწორად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია". ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ნაწილი, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა. 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის, არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც. FBI-ის დასკვნაში ასევე სწერია, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად, ხოლო ბინა ჰერმეტულად იყო დახშული. მაშინდელმა მთავარი პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს ზურაბ ჟვანიას ოჯახის სრულწლოვანი წევრები არაერთხელ გაეცნენ. „ის, რომ დნმ-ს კვალი ამდენ ადგილას არის აღმოჩენილი, იმაზე მეტყველებს, რომ ეს სივრცე იყო არაერთხელ გამოყენებული და დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ეს ორი პირი აქ. ეს არ იყო ადგილი, სადაც ისინი ერთხელ იყვნენ ნამყოფები... დნმ-ის ანალიზისთვის საჭირო ნიმუშის აღება ხდება სხვადასხვა ორგანოებიდან, სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან. ეს შეიძლება იყოს ოფლი, სისხლი, ნერწყვი, სპერმა, რომელიც უფრო რთული მოსაპოვებელია გარდაცვალების შემდეგ . დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლებამ უბინძურესი ვერსია შეთითხნა. გოგლა ჟვანიას თქმით, იქ დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ. ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის განცხადებით, იმ ბინაში, სადაც ჟვანია გარდაცვლილი აღმოაჩინეს, იგი რაულ უსუპოვთან ერთად შიშველი იმყოფებოდა. ამის შესახებ ბრალდებულმა ხარშილაძემ სასამართლოში შესავალი სიტყვის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ პატიებას სთხოვდა ზურაბ ჟვანიას სულს. ვერსიები:ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ეს საქმე, გაათავისუფლოს ის ადამიანები, რომლებიც უდანაშაულოები არიან და უაზროდ ჰყავთ დაკავებული. ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა უბედური შემთხვევის გამო. საქმეში არსებობს ამის ყველა მტკიცებულება, მათ შორის არსებობს ცნობილი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დასკვნაც. ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალებს არანაირი შემხებლობა არ აქვს მის გარდაცვალებასთან" ხათუნა ხოფერია: გამკვირვებია იმ პირთა არაადეკვატურობისა, რომლებიც თავს ზურას მეგობრებად მიიჩნევენ.…თუკი სიმართლის მხარეს დგანან, რატომ იბრძვიან "სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე" იმის დასამტკიცებლად, რომ ზურა იმ ძუნძგლიან სახლში გაზით გაიგუდა? მით უფრო, რომ გამოქვეყნდა ფოტოები და მათ გასაქარწყლებლად არავითარი არგუმენტი არ მომისმენია. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, იუსუპოვის სხეულზე ორი ნაჩხვლეტი. რაულზე ბევრი კითხვის ნიშანია... ზურას თავის ქალაზე აღენიშნება სისხლჩაქცევა, რომელიც შესაძლოა ბლაგვი საგნით არის მიყენებული. დაცემით ეს სისხლჩაქცევა ვერ განვითარდებოდა, რადგან ეს თავის ზედა ნაწილია. რასაკვირველია, ეს სიცოცხლეში მიყენებული ტრავმაა. სხვათა შორის, ამ ფოტოზე ჩაცმულია ზურაბ ჟვანია. მაია ნიკოლეიშვილმა კი დაადასტურა, რომ საქმეში ზურას ტანსაცმელი არ ფიგურირებს, ე.ი. მასზე ექსპერტიზაც კი არ ჩატარებულა. არადა, მახსოვს, თავიდან გამოძიებამ გაავრცელა ვერსია, რომ გარდაცვლილი პრემიერი სავარძელში იჯდა და პიჯაკი ეცვა. ამ ფოტოებში კი ზურა იატაკზე წევს და თანაც პერანგში. როგორ უპასუხებს შეკითხვებს სააკაშვილი, რომელიც ძალიან მშიშარაა. დარწმუნებული ვარ, მის გარეშე ვერავინ ვერაფერს გაბედავდა. პროკურატურას ვთხოვ, დაინტერესდეს, იმ ავბედითი დილის 4 საათზე რატომ დაურეკა სააკაშვილმა გიორგი ბარამიძეს, ავარიაში მოვყევი და მოდიო. ამით არ მისცა საშუალება, ჟვანიას სანახავად წასულიყო. უნდა დაჰკითხონ შავნაბადის დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზუსტად აღწერენ, იყო თუ არა იმ ღამეს სააკაშვილი შავნაბადაზე. უნდა დადგინდეს მისი იმღამინდელი მარშრუტი. თუკი გამოძიებამ არ იცის, ვინ იყვნენ შავნაბადის დაცვის ეს წევრები, მკითხონ და დავუსახელებ... მამუკა არეშიძე: ჟვანიას ვაი-მეგობრებს დაუჟინიათ, დელიკატური თემებიაო. ასეც რომ იყოს, არავის აქვს საქმის შეკერვის უფლება. ერთი რამ ცხადია: ეს ხალხი იმ ბინაში არ დახოცილა. ჩემი ინფორმაციით, ფაქტი სხვაგან მოხდა, მაგრამ შემთხვევის ადგილი რომ არ დაფიქსირებულიყო, საჭირო გახდა გვამების გადატანა. პირველი სერია სწორედ ეს იქნება. გაირკვევა, სად გარდაიცვალნენ, შემდეგ სერიად გვაჩვენებენ, ვინ არიან კონკრეტული დამნაშავეები. გიგი წერეთელი: - ეს ფოტომასალა საქმეში იყო და, ოჯახის წევრების გარდა, სხვებსაც ჰქონდათ ნანახი. რამდენიმე დაზიანებაზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ, მაგრამ სენსაციური და მნიშვნელოვანი ფაქტები რომ ყოფილიყო, ვინმე იტყოდა. ექსპერტ ლევან ჩაჩუას დაკავებაც ეჭვს ბადებს. აიძულებენ, ათქმევინონ, რომ რაღაც გამოეპარა, ან სწორად არ ასახა... ეს ამბავი ამერიკაში გავიგე და შოკში ჩავვარდი. წარმოუდგენლად მეჩვენა პრემიერის ასეთ ვითარებაში დაღუპვა. ვიფიქრე, რუსეთის სპეცსამსახურების ჩადენილია-მეთქი, მაგრამ ოფიციალურ ვერსიაზე მეტი ინფორმაცია არ მქონია და ჩემი ეჭვები სხვა ფაქტებმა ჯერჯერობით ვერ გადაწონა. გოგლა ჟვანია: სამარცხვინოა, როცა ვისმენ ტყუილებს, რომლებიც 5 წუთში იშიფრება. ახლახან მერაბიშვილი რომ დაჰკითხეს, მანაც თქვა, როცა ბინაში შევედი, გაზის სუნი ვიგრძენიო. ნუთუ მას ვახო კომახიძის ფილმი მაინც არ უნახავს, რომ მისი ნათქვამი შეუსაბამო არ გამოსულიყო? დავუშვათ, არ იცოდა, რომ სამის ნახევარზე, როცა მან (ჩვენების მიხედვით) სუნი იგრძნო, ბინაში ბუნებრივი აირი გამორთული იყო, მაგრამ დავიჯერო, ზურას დაცვის წევრის, ძაძამიას ჩვენებაც არასდროს წაუკითხავს?! ის აღწერს, რომ ფანჯარა ჩატეხა და ისე შევიდა ბინაში - თუკი ფანჯარა ჩატეხილი იყო, ბუნებრივი აირის სუნი იქ ხომ ვეღარ იქნებოდა?! ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა შოკირებულია და აღარ იციან, რას ლაპარაკობენ. მიხეილ მაჭავარიანმა ბუნებრივი აირით გაგუდვის ვერსიის განსამტკიცებლად მოწმედ გარდაცვლილი თამარ დეკანოსიძე მოიყვანა, არადა, მაშინვე გაირკვა, რომ ეს ქალი ექსპერტიზას საერთოდ არ ესწრებოდა. ახლა მაჭავარიანს და მისნაირ მატყუარებს ისტერიკა აქვთ. 204 1-ს მოსწონს
|