სამოქალაქო იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს-რა გახდა მიზეზი? გუშინ, 13:56
პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების შენახვისა და დამზადების საქმეზე, იტალიაში დააკავეს 19 ქართველი ქალი, რომლებიც მომვლელად მუშაობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაკავება არალეგალურ ემიგრაციასთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა, რა დროსაც, 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ობიექტი შემოწმდა. დადგინდა, რომ ყალბი დოკუმენტები საზღვარგარეთ მზადდება, შემდეგ კი, მსურველებს 600 ევროს სანაცვლოდ გადაეცემა. როგორც იტალიაში მომუშავე ქართული ემიგრანტული მედია, Ermes.tv იუწყება, უდინეს შემოსავლების სამსახურმა ანუ Agenzia delle entrate-მ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრმა, წარმოშობით ქართველმა ქალმა მიმართა ფისკალური კოდის, იგივე Codice fiscale-ს მისაღებად. მათ ყველას ევროკავშირი წევრი ქვეყნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ, კერძოდ კი, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიტვის საბუთები, რომლებიც იტალიაში ცხოვრებას და მუშაობას არ კრძალავს. სამართალდამცველების ცნობით, თავდაპირველად, ამ ყალბი პირადობებით, ეს ადამიანები უდინეს შემოსავლების სააგენტოში ამზადებდნენ ფისკალურ კოდს და შემდეგ, სხვა რეგიონებში გადადიოდნენ სამუშაოდ. ჩხრეკა ჩატარდა შემდეგ ქალაქებსა და მათ პროვინციებში: უდინე, გორიცია, ბოლცანო, ბელუნო, ვენეცია, ტურინი, ვარეზე, პისტოია, ფლორენცია, პრატო, ლატინა, ლეჩე. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ამოიღო 36 ყალბი დოკუმენტი. სამართალდამცველებმა დააკავეს 19 პირი (6 პორდენონეში, 4 ვენეციაში, 3 ბოლცანოში, 2 პისტოიაში, 1 ვარეზეში, 1 ბელუნოში, 1 ლეჩეში და 1 ლატინაში). 17 პირი გათავისუფლებულია. გამოძიება ვარაუდობს, რომ საქმე ეხება კარგად ორგანიზებულ სქემას, რომლის მიხედვითაც ყალბი დოკუმენტების დამზადება საზღვარგარეთ ხდებოდა და შემდეგ მიეწოდებოდათ მსურველებს, 600 ევროს სანაცვლოდ. გამოძიება მიმდინარეობს ყალბი დოკუმენტების ავტორების ვინაობის დასადგენად. 91 2-ს მოსწონს
|