"ქართულ პარტიაში" იმედოვნებენ, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც ახალ დაკომპლექტებულ პარლამენტში შეიქმნება ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს გადახედავს.
პარტიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, ლია კამლაძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი იმ 167 ადამიანს შორის მოხვდა, რომლებიც "ჰელსინკის ჯგუფმა" პოლიტმატიმრებად სცნო.
რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებას, კამლაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ საუბარი ლიდერთან არ ჰქონია. ოქრუაშვილი სამომავლოდ საკუთარი გეგმების შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს მანამდე კი "ქართული პარტია" საქმიანობას განაგრძობს.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.