სამეცნიერო სამეცნიერო ფანტასტიკა - მომავლის განჭვრეტის მცდელობა დღეს, 16:23 სამეცნიერო ფანტასტიკა.
ფანტასტიკური ლიტერატურა - ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გავრცელებული ჟანრია მსოფლიოში, მას უნარი შესწევს მკითხველი დროსა და სივრცეში ამოგზაუროს, გაამდიდროს ახალი გამოცდილებით და სააზროვნო მასალა მისცეს. ის საინტერესოა, როგორც კინოში, ასევე ლიტერატურაში და გაცილებით მეტია, ვიდრე ავტორის მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი. ფანტასტიკის დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ ავტორი არაფერშია შეზღუდული, შეუძლია შექმნას არნახული არსებებით დასახლებული საკუთარი სამყარო, სადაც ადამიანებისთვის უცხო და განსხვავებული კანონები მოქმედებს, სადაც ზებუნებრივი მოვლენები, კანონზომიერებას წარმოადგენს, სადაც ადამიანები ბუნების ძალებს აკონტროლებენ. ფანტასტიკურ ნაწარმოებებში ვერ შეხვდებით ჩვეულებრივ გმირებს, ხშირად ირღვევა რეალობის საზღვრები, მოთხრობილი ამბები დროს უსწრებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაწარმოები არარეალურია, პირიქით ის სიღრმისეულ რეალობას გამოხატავს. მკითხველი ხშირად სვამს კითხვას: რა შეიძლება მივიჩნიოთ სამეცნიერო ფანტასტიკად? სპეციალისტები იმ აზრზე თანხმდებიან, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა, როგორც ლიტერატურული ჟანრი, დაფუძნებულია: ახალ გამოგონებაზე, ბუნების ახალი კანონის აღმოჩენაზე, საზოგადოების ახალი მოდელის შექმნაზე და ა.შ.
ფანტასტიკის როლი კაცობრიობის განვითარებაში ის უკვე დიდი ხანია არ არის მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, არამედ ადამიანის ინტელექტისა და პროგრესის მასტიმულირებელი ძალაა. დღევანდელ რეალობაში, სადაც ზღვარი მეცნიერებასა და ფანტაზიას შორის სულ უფრო და უფრო სუსტდება, სამეცნიერო ფანტასტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს აზროვნების, წარმოსახვისა და ინოვაციების სტიმულირებაში. ბევრ გამოგონებას, რომელიც დღეს ბუნებრივი გვეჩვენება, საფუძველი სამეცნიერო ფანტასტიკურ წიგნებსა და ფილმებში ჩაეყარა. ის თანამედროვე მეცნიერებისა და ინჟინრების შთაგონების წყარო გახლავთ. ფურცელზე გადატანილი და მხატვრულად შელამაზებული კაცობრიობის ოცნებაა, მისი დამსახურებაა, რომ ახლა ადამიანები სერავენ კოსმოსურ სივრცეს, იკვლევენ წყალქვეშა სამყაროსა და ახლომდებარე პლანეტებს, სამეცნიერო ფანტასტიკამ კაცობრიობას ფანტაზიის უნარი გაუმრავალფეროვნა და პირდაპირი გავლენა მოახდინა მის განვითარებაზე. ზოგ ფანტასტიკურ ნაწარმოებში აღწერილი მოვლენები, ახლა უკვე რეალობაა, ამიტომ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ფანტასტები დროს უსწრებენ, ხოლო რაც დღეს ფანტასტიკური გვგონია, შესაძლოა, ოდესღაც სინამდვილედ იქცეს.
ფანტასტიკის მცირე პრეისტორია ახლა თავად სახელწოდების ეტიმოლოგიასაც შევეხოთ, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ფანტაზი - ძილის ღმერთის ჰიპნოსის შვილი და მორფეუსის ძმაა, ოლიმპოში ის ილუზიებს განაგებდა, სწორედ ბერძნულმა ღვთაებამ დაუდო სათავე სიტყვა „ფანტაზიას“, რომლიდანაც მოგვიანებით წარმოიშვა „ფანტასტიკაც“. (Phantastike (ბერ.) - წარმოსახვის ხელოვნება.) ბერძნული მითოლოგიის ღვთაებები.
ფანტასტიკურ ჟანრს აქვს უფრო ღრმა ფესვები, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზღაპრის გავლენას, რომელიც უძველესი სამყაროდან, დღევანდელობამდე ცივილიზაციასთან ერთად მოვიდა. პირველი ფანტასტიკური ნაწრმოები „გილგამეშის ეპოსი“ ჩვენს წელთაღრიცხვამდე XVIII-XVII საუკუნეში დაიწერა, ის ტიპიური ფენტეზია, რომელიც მოიცავს ხუთ ლეგენდას უძველესი შუმერული მართველი გილგამეშის შესახებ. XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში, შუა საუკუნეებისგან სრულიად განსხვავებული შესაძლებლობები გამოჩნდა, რაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების შედეგი იყო. გაჩნდა განსხვავებული ტიპის ფანტასტიკური ნაწარმოებები, სადაც მოქმედება მეტწილად მომავალში მიმდინარეობდა.
სამეცნიერო ფანტასტიკა ჩინეთში 2007 წელს ჩინეთში გაიმართა სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი ფესტივალი, რომლის ჩატარება ადრე კატეგორიულად იკრძალებოდა, ფესტივალს ცნობილი ინგლისელი მწერალი ნილ გეიმანი ესწრებოდა. ის დაინტერესდა თუ რატომ შეიცვალა კომუნისტურმა პარტიამ შეხედულება და დართო ფესტივალის ჩატარების ნება? განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა სამეცნიერო ფანტასტიკა ჩინეთში დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო. 81-თე საერთაშორისო სამეცნიერო ფანტასტიკური ფესტივალი, რომელსაც 2023 წლის 21 ოქტომბერს ჩინეთმა უმასპინძლა.
როგორც გაირკვა ჩინელ ხალხს მუდამ აწუხებდა ერთი რამ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უამრავ მაღალტექნოლოგიურ გაჯეტს აწარმოებდნენ, უმეტესი მათგანი სხვა ქვეყნებში იყო გამოგონილი და შედარებით დაბალი ხარისხით გამოირჩეოდა. ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ინოვაციური კომპანიების წამყვანი თანამშრომლების უმეტესობა, როგორიცაა Google ან Apple, გაიზარდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ლიტერატურაზე. ნილ გეიმანი ბრიტანელი მწერალი ფანტასტი.
ამის შემდეგ ჩინეთში ჟანრისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. ჩინელი მწერალი ფანტასტი ჩენ ციუფენი, რომელიც დასავლეთში ცნობილია სტენლი ჩენის სახელით დარწმუნებულია, რომ ჩინეთის ტექნოლოგიური წინსვლა სამეცნიერო ფანტასტიკით დაინტერესებამ განაპირობა. ჩენ ციუფენი (სტენლი ჩენი) ჩინელი მწერალი ფანტასტი.
ის ამბობს - „გააცანით ბავშვებს ფანტასტიკა და არ იფიქროთ, რომ ეს ზღაპრებია. ესაუბრეთ მათ სერიოზულად თანამედროვე სამყაროსა და მისი პერსპექტივების შესახებ. განიხილეთ პოტენციური გლობალური პრობლემები, რომლებმაც შეიძლება მრავალი წლის შემდეგ იჩინონ თავი. გააცანით მათ მეცნიერების თანამედროვე მიღწევები: - გენური ინჟინერიის როლი სასიკვდილო დაავადებების მკურნალობაში, მოსალოდნელი კატასტროფების აღმოფხვრის თანამედროვე მეთოდები, ესაუბრეთ წყალქვეშა და კოსმოსური სივრცის კვლევაზე... იმისათვის, რომ ხვალ უკეთესი სამყარო გვქონდეს, დღეს ამისთვის ნიადაგის მომზადებაა საჭირო.“
ფანტასტიკა ქართულ ლიტერატურაში მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა ქართული ფანტატიკის პირველი ნიმუშები, ალექსანდრე აბაშელის “ქალი სარკეში’’ და ივანე ყიფიანის “ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ’’, რომელმაც ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკას ჩაუყარა საფუძველი. პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკური რომანების კრებული.
სამწუხაროდ ჟანრმა ქართველ მკითხველთა შორის ფეხი ვერ მოიკიდა, მაშინ, როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში იზრდება და ვითარდება, ჩნდება ახალი ქვეჟანრები, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: კიბერპანკი, პოსტაპოკალიპტიკა, ჰორორი და ფენტეზი, საქართველოში ფანტასტიკის ჟანრზე გაზრდილ მკითხველთა ძალიან ვიწრო წრე და თითზე ჩამოსათვლელი ფანტასტი გვყავს. თუმცა ბოლო ხანს ფანტასტიკურმა ნაწარმოებებმა ნელ-ნელა დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე ქართველ მკითხველთა შორის.
რატომ უნდა წაიკითხონ სამეცნიერო ფანტასტიკა სკოლაში? სამეცნიერო ფანტასტიკა არ გვზღუდავს არსებული ცხოვრების წესითა და ნორმებით. მაშ, რატომ არ შედის სასკოლო ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკა? იმიტომ რომ მის შესახებ მცდარი მოსაზრებებია გავრცელებული, არასერიოზულ ჟანრად მიიჩნევენ. სინამდვილეში სამეცნიერო ფანტასტიკა საშუალებას გვაძლევს ნაცნობ გარემოს ახლებურად შევხედოთ, განსხვავებულად დავინახოთ ხვალინდელი დღე. ის ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და ამავე დროს, მოითხოვს რაციონალურობასა და ლოგიკას. სხვა რომელი გაკვეთილი შეძლებს მსგავსი უნარ-ჩვევები გამოუმუშავოს მოსწავლეებს? დღეს ჩვენს ირგვლივ ყოვლდღიურად ჩნდება ახალ-ახალი ინოვაციური სტარტაპები, რომელთა დანიშნულებაა ორიგინალური იდეების ძიება. აქვე იბადება კითხვა როგორ ვასწავლოთ ახალგაზრდა თაობას მსგავს იდეებზე მუშაობა? როგორი პირობები შევუქმნათ, რომ ინოვაციამდე მივიდნენ? ვის გაუჩნდება ფუტურისტული იდეები? თუ სკოლის მოსწავლეებს არქაული, კლასიკური ლიტერატურით ვკვებავთ, როგორ მოვთხოვოთ მათ მომავალს პროგრესულად შეხედონ და ინოვაციური იდეები გამოთქვან? კარგი იქნებოდა დასაწყისისთვის საჯარო სკოლებში სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთა კლუბები ჩამოყალიბებულიყო, სადაც მოსწავლეები კვირაში ერთხელ ან ორჯერ რამდენიმე საათით შეიკრიბებიან, ერთმანეთს გაიცნობენ, წაიკითხავენ სხვადასხვა მწერლების ნაწარმოებებს, გაცვლიან ინფორმაციას, ნახავენ ფილმებს, იკამათებენ, განიხილავენ, დაგეგმავენ კლუბის მომდევნო აქტივობებს და პროგრესულ მომავალსაც უფრო მომზადებული შეეგებებიან. მსგავსი დილემის წინაშე ინგლისელი მწერალი ფანტასტი ტერი პრატჩეტიც აღმოჩნდა, როგორც თავად ავტორი ყვება, ერთმა სკოლის მასწავლებელმა, მოსწავლეებთან სასაუბროდ დაპატიჟა, რათა სკოლის დირექტორისთვის დაემტკიცებინა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი მორალურად საეჭვო, უმნიშვნელო და ესკაპიზმის მცდელობა არ იყო. ტერი პრატჩეტი ბრიტანელი მწერალი ფანტასტი.
ტერი პრატჩეტმა სკოლის მოსწავლეებს ასე მიმართა, - „ახალგაზრდისათვის ფანტასტიკა და ფენტეზი საუკეთესო საზრდოა. მასში სრულად არის წარმოჩენილი - ადამიანური ცხოვრების მორალური კოდი, სამყაროში არსებული წესრიგის შეგრძნება და შიგა და შიგ უზარმაზარი მწვანე მონსტრები“. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი ნოველისტი, ჰილბერტ კით ჩესტერტონი, კრიტიკოსების თავდასხმის ობიექტი ზღაპრების წერის გამო გახდა. მისი შემოქმედების კრიტიკაზე მან ასე უპასუხა: „ზღაპრებს იმიტომ ეწინააღმდეგებიან, რომ ისინი ბავშვებს დრაკონების შესახებ უამბობენ. მაგრამ ბავშვებმა მათ შესახებ ისედაც იციან. ზღაპრები უბრალოდ ასწავლიან ბავშვებს თუ როგორ დაამარცხონ დრაკონები“. ჰილბერტ კით ჩესტერტონი ბრიტანელი ნოველისტი.
ფანტასტიკური ლიტერატურა დღევანდელ საქართველოში ქართული წიგნის ბაზრის კვლევის თანახმად 2024 წლის ყველაზე წაკითხვადი წიგნების ხუთეულებში სამეცნიერო-ფანტასტიკური ან ფენტეზის ჟანრის ვერც ერთ ნაწარმოებს ვერ იპოვით. ამ ტიპის ლიტერატურის მკითხველთა რაოდენობა მაინცდამაინც დიდი რომ არ არის, ისიც მეტყველებს, რომ საქართველოში მხოლოდ 9 პროცენტი კითხულობს სამეცნიერო ფანტასტიკას. სახელგანთქმული ავტორების ყველაზე გახმაურებული ფენტეზი ან სამეცნიერო ფანტასტიკური რომანები შედარებით მცირე ტირაჟით გამოიცემა და არც ისე კარგად იყიდება. მაგალითად, „სულაკაურის გამომცემლობამ“ აიზეკ აზიმოვის „დასაბამის“ სერია ორი ტომის გამოცემის შემდეგ შეწყვიტა; უცნობია, გააგრძელებს თუ არა გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ფრენკ ჰერბერტის „დიუნის“ დანარჩენი ტომების გამოცემას; ასევე არ ჩანს „მხედვარის“ შემდგომი ტომები, ციკლი სულ რვა წიგნს მოიცავს, ქართულ ენაზე კი მხოლოდ სამი წიგნი ითარგმნა. გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ დაწყებული სტივენ კინგის „ბნელი კოშკის“ სერია, საბოლოოდ, გამომცემლობა „პალიტრამ“ დაასრულა, ისიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. რა თქმა უნდა, ზოგმა შეიძლება ყველაფერი წიგნების ფასს დააბრალოს, მაგრამ ის, რომ მსგავს გამოცემებში 15-20 ლარის გადახდის მსურველთა რიცხვი ხშირად რამდენიმე ასეულ ადამიანს არ აღემატება, დასანანია. თანამედროვე ამერიკელი მწერალი მერისა მეიერი საკმაოდ ცნობილია თავისი ნაწარმოებებით, „პალიტრა“ პირველი გამომცემლობა იყო, რომელმაც მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოების „მთვარის ქრონიკების“ სერიის ბეჭდვას შეუდგა, თუმცა მხოლოდ სამი ტომი გამოსცეს - „სიდნერი“, „სკარლეტი“ და „ქრეისი“, სერიის მეოთხე ტომი უკვე რამდენიმე წელია არ გამოსულა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „მთვარის ქრონიკები“ კიდევ რამდენიმე წიგნს მოიცავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი მკითხველი ამ სერიის ვერც გაგრძელებას და ვერც დასასრულს იხილავს. ბოლო ხანს ქართულ სამწერლობო ასპარეზზე გამოჩნდა როგორც მკითხველის ასევე ავტორების ახალი თაობა, რომლებიც ინტერესდებიან სამეცნიერო ფანტასტიკით და მას სულაც არ მიიჩნევენ არასერიოზულ ჟანრად. ეს იმის მანიშნებელია, რომ მიუხედავად ქართველი მკითხველის ამ ჟანრისადმი ინფანტილური დამოკიდებულებისა, ის მაინც ჯიუტად განაგრძობს განვითარებას და ალბათ ახლო მომავალში ბევრ საინტერესო ნაწარმოებს ვიხილავთ. ყურადსაღებია ახალი გამომცემლობა „მედუზას“ მოღვაწეობა, მისი გუნდი უპირატესობას სამეცნიერო ფანტასტიკურ ნაწარმოებებს ანიჭებს, ამ მოკლე ხანში მათ რამდენიმე არაჩვეულებრივი ნაწარმოები შემატეს ჟანრის მოყვარულთ, ისეთები როგორიცაა: ურსულა ლე გუინის „ზეცის ჩარხი“, ართურ კლარკის „შეხვედრა რამასთან“, დაიანა უინ ჯონსის „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“ და ა.შ. და ბოლოს, მინდა თქვენი ყურადღება ერთ თანამედროვე ქართველი ავტორის კრებულზე გავამახვილო, რომელიც ერთმანეთისგან მკვეთრად განხვავებულ ორ ფანტასტიკურ ნაწარმოებს აერთიანებს - „მარიონეტი“ და „სიკვდილმისჯილი“. ის გაწბილებულს არ დატოვებს ჟანრის მოყვარულთ. თანამედროვე ქართველი ავტორის სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებების კრებული.
„მარიონეტი“ პოსტაპოკალიპტური სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანია: ატომურმა ომმა დედამიწის მოსახლეობის 70 პროცენტი იმსხვერპლა, გადარჩენილები დეგრადაციის პირას დგანან, ელემენტარული საარსებო პირობებისთვის ყოველ დღე უწევთ ბრძოლა, ყველგან განუკითხაობა, კრიმინალი და ფინანსური კრიზისი მძლავრობს, რაც კატასტროფულად ზემოქმედებს საზოგადოების მცირე მასაზე. დედამიწელები ადამიანობას ჰკარგავენ. ამ ფონზე მთავარი გმირი, ცდილობს არამიწიერი არტეფაქტით დედამიწის რეალობა უკეთესობისკენ შეცვალოს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერს ფატალურ შედეგამდე მივყავართ. „სიკვდილმისჯილი“ ასტეროიდების სარტყელში მდებარე სატუსაღოზე მოგვითხრობს, სადაც სასიკვდილო განაჩენს ელის მთავარი გმირი, რომელიც იმ დონემდეა სასოწარკვეთილი, რომ საიდუმლო ექსპერიმენტში მონაწილეობას თანხმდება, თუმცა არ იცის რა შედეგს გამოიღებს ექსპერიმენტი, არ იცის რას უმზადებს ბედისწერა, არ იცის სადამდე მიიყვანს სასოწარკვეთა, არ იცის ჩადენილი დანაშაულის რეალური მიზეზი. წინამდებარე კრებული კლასიკური ფანტასტიკის ტრადიციებს აგრძელებს და იმედია მცირე წვლილს მაინც შეიტანს თანამედროვე ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
10 შეფასება არ არის
|