x
მეტი
  • 11.01.2025
  • სტატია:139329
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512679
"მართლა დაიჯერე, რომ ევროკავშირში შესვლაში მე გიშლი ხელს, ბაბუაჩემმა ვენახები გაანადგურა და ჩელიაბინსკში ცხოვრება მინდა? "ვასილ მაღალაფერიძე
image
ღია წერილი ყოფილ მეგობარს
image

ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის და, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ - რადგან, თურმე, ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს ვთხრით და “ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრას” ვუწყობთ ხელს.
image
უნდა გითხრა და გაგაწბილო, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, თუმცა, თანადასანქცირებულთაგან ყველას ვუდასტურებ პატივისცემას და, აქვე იმასაც გეტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა.
image
არც ამ დასანქცირების მომთხოვნ კონგრესმენებთან მაქვს პრეტენზია, რადგან, საკუთარ ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემების ფონზე, მაინც მოიცალეს და მათთვის სრულიად უცნობი ადამიანებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. ესე იგი, ასეთი ცხოვრების წესი აქვთ, ეს ჰგონიათ სწორი საქციელი და რა გაეწყობა?!
image
მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ერთი დაპატიჟებით სტუმრად არ მიდიან და თუ დამასანქცირებენ, აღარ ჩავალ მათთან და ეგ იქნება, თუმცა, ჩემს კარს ღიას დავტოვებ - საქართველოში სტუმარი ღვთისაა!
image
თუმცა, პატივცემულ კონგრესმენებს მოკრძალებით ერთს კი შევკადრებ, რჩევა ბატონი ჰოლდენ კოლფილდისთვის რომ ეკითხათ, დარწმუნებული ვარ, კატეგორიულად ურჩევდა, რომ ამ მოთხოვნისთვის ხელი არ მოეწერათ (თუ ვინმემ აქამომდე არ იცოდა - დასანქცირების მოთხოვნა, სინამდვილეში, საქართველოშია დაწერილი და კონგრესმენებმა მხოლოდ ხელი მოაწერეს).
ჩემო ყოფილო მეგობარო, ხომ გახსოვს, ბოლშევიკები რეპრესიებს, რითი ამართლდებდნენ?! ხალხის მტრები კომუნიზმის აშენებაში და ამქვეყნად სამოთხის დამყარებაში გვიშლიან ხელსო.
image
მაგიდის უჯრაში ბაბუის და დიდი ბაბუის განაჩენები მიდევს - ხალხის ნათელი მომავლის გუშაგებმა ამხილეს, რომ გურჯაანში ვენახებს ანადგურებდნენ, სანქციებიც გამოუწერეს და სიძე-სიმამრი ორ კვირის ინტერვალით დახვრიტეს. წვრილშვილიანი ოჯახი სახლიდან გამოყარეს და დედაჩემი და დეიდაჩემი ასე ხალხის მტრის იარლიყით გაიზარდნენ. ეს ჯოჯოხეთი უამრავმა ქართულმა ოჯახმა გამოიარა. კომუნიზმი კი რატომღაც არ აშენდა, არც სამოთხე დამყარდა, სამაგიეროდ წლების შემდეგ, ფარატინა ქაღალდი მოვიდა, შეგვეშალა, ტყუილად დაგვიხვრეტიაო.
image
ბაბუაჩემზე ვინც “დანოსი” დაწერა, ან სახლი უნდოდა მისი, ან - სამსახური, ან რაიმე ბოღმა ჰქონდა, იცოდა, რატომაც ასმენდა. ასეთები, ნათელი მომავლის აშენების საბაბით, ხან ეშაფოტზე ერეკებოდნენ ხალხის მტრებს, ხან გაზის კამერებში აგზავნიდნენ, ხანაც კედელთან აყენებდნენ - მათ ქონებას კი ინაწილებდნენ. ასეთების რაობა გარკვეულია, ფულს და გამორჩენას ელიან, მათ მიმართ კითხვა არა მაქვს.
მაგრამ, “დანოსჩიკი” მარტო ვერაფერს გახდებოდა, სხვებიც რომ არ ყოფილიყვნენ, რომელთაც თავი დაირწმუნეს, რომ ბაბუაჩემი ვენახებს ანადგურებდა, რადგან ასე აწყობდათ, ან შეეშინდათ, ან იქნებ, სულო ცოდვილო, ამ საქმიდან რაღაც ხეირს თავადაც ელოდნენ. ჰოდა, შერჩენილი სინდისის ნატამალი დაიმშვიდეს, ალბათ, რაღაცას აშავებდნენ, თორემ ტყუილად ხომ არ დააბრალებდნენო, ყოველი შემთხვევისთვის, ჩეკისტების მიერ აწიოკებული ოჯახიდან ქვაბი, ტაფა ან ტაშტი გააყოლეს ხელს და კომუნიზმის მშენებლობა განაგრძეს. დახვრეტილთა ცოდვა ამ სხვებზეც ისევეა, როგორც “თავად” დანოსჩიკებზე.
image
მიბრძანდი საჯარო ბიბლიოთეკაში, გადახედე ოცდაათიანი წლების პრესას (მაშინ სოციალური ქსელები არ იყო) და ნახავ, როგორი აღტკინებით გმობენ ხალხის მტრებად შერაცხულ კოლეგებს, მეგობრებს, ნათესავებს და მშობლებსაც კი, რომლებიც ნათელი მომავლის მშენებლობაში უშლიან ხელს.
image
ოღონდ არ მითხრა, რომ დრო იყო ისეთი და რა უნდა ექნათო?! აგერ შენც ხომ დაიჯერე, თურმე ქვეყნის ღერძი გადავხარე, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს ვთხრი და ნათელი მომავლის მშენებლობაში გიშლი ხელს?!
image
პატივცემული კონგრესმენები არც შენ გიცნობენ და არც მე, სამაგიეროდ შენ დიდი ხანია მიცნობ, თუმცა, მაინც კონგრესმენებს დაუჯერე! კონგრესმენები ტყუილად ხომ არ დამაბრალებდნენ, ღერძი გადახარაო?! კონგრესმენები ხომ შეუმცდარნი არიან და თუ ისინი გეტყვიან, რომ ბომბეიმდე გვირაბამდე გვირაბს ვთხრი, სხვა რა გზა გაქვს, უნდა დაუჯერო. თუმცა, კონგრესმენებმა აქედან რა “დანოსის” წერილიც მიიღეს, იმას დაადეს რეზოლუცია და აწი მოგიწევს ამ “დანოსის” ავტორთა მეგობრობის ტვირთის ზიდვა.
image
თანაც რა კამფეტივით ბრალდებაა - “ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრა”, ამას მოფიქრება ხომ უნდოდა, ასეთ რამეს რომ დაგაბრალებენ, თავად უნდა დაიხალო ტყვია შუბლში?
image
“დანოსის” ავტორები სიხარულით დავლურს უვლიან, ეს რა ბედნიერი დღე გაგვითენდა, კონგრესმენებმა სანქციების დაწესება მოითხოვესო, იმედი აქვთ (სულ ტყუილად!!!), ის დრო დაბრუნდება, როცა დასმენა და კედელთან მიყენება ერთი იყო და აქედან ხეირს ნახულობდნენ?!
image
მათი რაობა გარკვეულია! საკითხავი ის არის, შენ რა დაგემართა?!
ჩემო ყოფილო მეგობარო, მიმოიხედე შენს ირგვლივ, ვის შეკვეთილ მუსიკაზე ცეკვავ, ადრე მათთან ერთად გავლის შეგრცხვებოდა?!
image
მართლა დაიჯერე, რომ ევროკავშირში შესვლაში მე გიშლი ხელს, ბაბუაჩემმა ვენახები გაანადგურა და ჩელიაბინსკში ცხოვრება მინდა? ასეთი სულელი რომ არ ხარ!? აბა კარგად დაფიქრდი, იქნებ კი არ დაიჯერე, არამედ თავი განზრახ დაირწმუნე, იმიტომ რომ ასეთი ქცევა მოდურად გეჩვენა, იმიტომ რომ ცოტა მიგაშინეს, თუ სულმა წაგძლია და რაიმე სარგებელსაც ელი. ასეა თუ ისე, “დანოსჩიკთა” თანამზრახველად იქეცი, მაქედან ვეღარ გამოხვალ!
image
აღთქმული სამოთხის მოლოდინში ერთხელ ხომ გამოგვიყენეს და ჯოჯოხეთი გამოგვატარეს და რამდენ ვერცხლად გიღირს გამოუცდელი ახალგაზრდების ისევ იმ ჯოჯოხეთში დაბრუნება. რამდენიმე კვირაღა დარჩა და ყველასთვის ნათელი გახდება, უკრაინული გზა რასაც მოუტანდა ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში ამ ახალგაზრდებს. ყველაფერი რომ გაცხადდება, მერე რას იტყვი, რა მექნა, დრო იყო ასეთიო?! დროს უკან ვეღარ დააბრუნებ, ვერც “დანოსებით” ააშენებ სამოთხეს და ნათელ მომავალს მომავალს და ვერც ევროკავშირში შეხვალ.
ეს მსოფლიო ალიაქოთიც გადაივლის, სანქციებიც და მაქციებიც ყველას დაავიწყდება, დავავიწყდებით იმ კონგრესმენებსაც, რომელთაც არც არასდროს ვხსომებივართ, სამაგიეროდ შენ არასდროს დაგავიწყდება “დანოსი” რომლის თანამონაწილეც ხარ.
image
P.S. ჩემო საბრალო ყოფილო მეგობარო, ყოველი შემთხვევისთვის ეგ სანქცია შუბლზე მიიკარი, სადმე რომ არ დაგეკარგოს!"-წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე.
0
264
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0