სხვა ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები-(ნაწილი 12) 10 იანვარი, 13:36 ![]() – შენც მყავხარ გამოჭერილი, მიუბრუნდა თამაზი, - „უქარქაშო ხმლებში“ ერთ ადგილას გიწერია, გლეხის ქალი ცხრა შვილის აკვანს ერთდროულად არწევდაო. – მერე? – ღიმილი შეაცივდა სახეზე ლევანს. – რა მერე, შენ მაინც უნდა იცოდე, სტუდენტებში ტრიალებ. როცა დედას მეცხრე შვილი სააკვნე ჰყავს, პირველი შვილი ასპირანტის ასაკს გადაცილებულია და აკვანში რა დაატევდა.“ ***მამუკა ონაშვილი ჰყვებოდა: „ერთხელ ზურა დოიჯაშვილმა დამირეკა, რაღაც ვერ ვარო... მოკლედ, პროქტოლოგიური პრობლემა ჰქონდა და პროფესორ გელა მუხაშავრიასთან მივიყვანე. ზურა გასასინჯ პროქტოლოგიურ პოზაშია, მუხაშავრია სინჯავს. ამ პროცესს ერთ-ერთი პრაქტიკანტიც ესწრება და უყურებს, თან ვაშლს დიდი ხმაურით ჭამს. ზურამ პრაქტიკანტისკენ მიატრიალა თავი და უთხრა: – რა, ედემში ხარ?“ ***ნიკო ლეკიშვილი იგონებს: „თბილისის მერი რომ ვიყავი, ძალიან მძიმე პერიოდი იყო და ათასი რამ ხდებოდა. ერთხელაც შევიტყვე, რომ ქართლის დედის ძეგლი გაეძარცვათ. მივედი და რას ვხედავ, ძეგლს მთელი „აბშივკა“ შემოცლილი აქვს. ხე კი (თავიდან ხის დაიდგა და შემდეგ შემოსეს) დამპალია და სადაცაა, წაიქცევა. მოკლედ, ელგუჯა ამაშუკელს დაველაპარაკე. მან ძეგლის ჩამოსასხმელი ვარიანტი მიჩვენა და ახალი ქართლის დედა ჩამოვასხით. პოსტამენტი აშენდა და ინჟინერს ვუთხარი: ახალი ძეგლი ღამით დადგით და ძველი მერე მოხსენით, რომ თბილისი ქართლის დედის გარეშე არ დარჩეს-მეთქი. ამათ ახალი ძეგლი კი დადგეს, მაგრამ ძველი ძეგლის მოხსნა ვერ მოასწრეს და მთელი დღის განმავლობაში ორი ძეგლი იდგა. თურმე, იმ ადგილის სიახლოვეს გოგი დოლიძე და მისი ძმაკაცები ქეიფობდნენ. დილით სახლიდან რომ გამოსულან და ორი ძეგლი დაუნახავთ, „პახმელიაზე“ ერთ-ერთ მათგანს ეგონა, „ბელაია გარიაჩკა“ დამემართაო და ცუდად გახდა. ***ბუბა კიკაბიძე იხსენებს: „მოსკოვში საბჭოთა არმიის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი ტარდებოდა, საბჭოთა არმიის საკონცერტო დარბაზში. მე „რეროს“ ხელმძღვანელი ვიყავი, 80 კაცი მყავდა და ჩვენი გამოსვლის დრო რომ მოვიდა, ფინალის სიმულაცია მოვაწყვეთ და ჩვენი გამოსვლაც დაიწყო. მე რეზინისგან დამზადებული ბრეჟნევის ნიღაბი მქონდა, რომელიც მეგობარმა ჩამომიტანა უცხოეთიდან, ეს ნიღაბი გავიკეთე და ზურგით გავედი სცენაზე. რომ შემოვტრიალდი, დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მე ბრეჟნევივით დავუქნიე ხელი და კულისებისკენ გავემართე. შევედი თუ არა, ოთხმა სამოქალაქოსამოსიანმა ათლეტმა ქეჩოში ხელი ჩამავლო და ოთახში შემათრიეს, სადაც პატარა, ცუდთვალებიანი კაცი იჯდა. მან მითხრა: – რაც შენ გააკეთე, პოლიტიკური დანაშაულია, რადგან ჩვენი ქვეყნის ლიდერს დასცინეო. შენი სიმღერებიც მიყვარს, შენი ფილმებიც. სხვას შენს ადგილზე დავიჭერდი, მაგრამ, რომ დაგიჭირო, ცოლი მომკლავს. რადგან ჩემზე მეტად უყვარხარ. ეგ ნიღაბი დასაწვავიაო. – კარგი. მომეცით-მეთქი. – მე თვითონ დავწვავ, შენ კი აქედან გაეთრიეო“ "ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზების" წინა ნაწილები იხილეთ <<ამ ბმულზე>> 763 2-ს მოსწონს
|