სხვა ფინანსური განათლება - სახელმწიფოს გადარჩენის და მისი სწორად განვითარების ქვაკუთხედი. დღეს, 19:16 „ერის აყვავება ეფუძნება მისი ყოველი მოქალაქის ფინანსურ კეთილდღეობას.“ სწორედ ამ სიტყვებით იწყება ეკონომიკური ლიტერატურის კლასიკად აღიარებული ჯორჯ სამუელ კლეისონის წიგნი-ბესტსელერი „ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში.“
თუ გიფიქრიათ რა აფერხებს ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ისეთი ცხოვრებით იცხოვრონ, რომელზეც ოცნებობენ? ... ეს არის უფულობა. დიახ ბატონებო! ფულის არქონა ან მისი მწვავე დეფიციტი არის ადამიანების მატერიალური პრობლემების სათავე, რომელიც შემდგომში კიდევ სხვა უამრავ პრობლემასაც წარმოშობს.
და რა არის ადამიანების უფულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი? ... ეს არის არასწორი ფინანსური განათლება, უფრო ხშირ შემთხვევებში კი საერთოდ ფინანსური გაუნათლებლობა. სწორედ ეს არის განმსაზღვრელი იმისა თუ რატომ ღარიბდებიან, თუ რატომ ექცევიან ვალების ჭაობში და იქიდან თავს ვეღარ აღწევენ.
ფინანსურ განათლებას ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ეზიაროს და ამ საჭირო უნარ-ჩვევებს ოჯახში უნდა იღებდეს. მაგრამ ოჯახში სამწუხაროდ არც უფროსი თაობა ზოგადად, მშობლები, ბებიები და ბაბუები არ გამოირჩევიან შესაბამისი უნარებით და მომავალ თაობასაც საჭირო ფინანსურ ცოდნასაც ვერ გადასცემენ.
კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა ჩვენს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში. იგი მოძველებულია, გაცვდა, შესაბამისად თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს ვეღარ პასუხობს. ბავშვს საშუალო სკოლაში ასწავლიან უამრავ საგანს, ასობით ფორმულას მათემატიკაში, ფიზიკაში, გეომეტრიაში, ქიმიაში და ა.შ. მაგრამ მათი უმრავლესობა უკვე ზრდასრულ ასაკში ცხოვრებაში გამოუსადეგარია და არც არასდროს დასჭირდება. სკოლაში ხომ არავინ ასწავლის მოზარდს ფულის ელემენტარულ კანონებს, ფულის მართვას, გამომუშავებას, დაგროვებას, სიმდიდრედ გადაქცევის საბაზისო წესებს. ყოველივე ამის გამო ახალგაზრდა ფინანსური კუთხით ცხოვრებაში აბსოლუტურად მოუმზადებელი დგამს პირველ ნაბიჯებს და შესაბამისად მისი ნაბიჯებიც უმეტეს წილად წარუმატებელია. არადა ჩვენი მატერიალური ყოფა წარმოუდგენელია ფულის გარეშე. ფულთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების არქონა ეს იგივეა, რაც ავტომობილის მართვის ცოდნის გარეშე მისი ტარება. ასეთი ადამიანი კი უბრალოდ განწირულია, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევა და მარცხი პრაქტიკულად გარდუვალია. და მაინც ღრმად მწამს და მჯერა, რომ გამოსავალი არის შესაბამისი ფინანსური განათლების მიღება, ფულთან დაკავშირებული პრაქტიკული მეთოდების შესწავლა-დაუფლება. ეს კი ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. ფინანსური განათლების მიმართულებით კი ერთ-ერთი საუკეთესო, მარტივად გასაგები და პრაქტიკული ღირებულების წიგნი ნამდვილად არის ჯორჯ სამუელ კლეისონის წიგნი-ბესტსელერი „ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში.“ აღნიშნული წიგნი ჩემს მიერ ითარგმნა, გამომცემლობა „საგა“-მ დაბეჭდა 2021 წელს და დღესაც დიდი ინტერესით ეცნობა მკითხველთა ფართო აუდიტორია. ეძიეთ და იკითხეთ სასარგებლო წიგნები. 17 შეფასება არ არის
|