x
მეტი
  • 08.01.2025
  • სტატია:139249
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512669
ლექსები სტალინზე
image

დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ლექსები ლენინზე თუ სტალინზე მე-20 საუკუნის თითქმის ყველა ცნობილ ქართველ პოეტს აქვს დაწერილი.( ზოგიერი მათგანი ჯიუტად უარყოფდა ამას, თუმცა "ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო", დღეს არქივის, ბიბლიოთეკის თუ ინტერნეტის დახმარებით ამის გარკვევა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს)მაგრამ არის მეორე მხარეც, როცა გიკვეთავდნენ, თანაც წითელი ტერორის და მასობრივი რეპრესიების ფონზე, ბევრი პოეტისთვის თავის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება იყო.(თუმცა ზოგჯერ მაინც უშედეგოდ)



***

სიმღერა ბელადზე




დარია თუ ავდარია,

ჩვენი გული მაგარია,

რადგან საჭე ცხოვრებისა

შენს მარჯვენას აბარია!

ნეტავი იმ მახარობელს,

შენი შობა ვინც ახარა,

ვინც პირველმა ამ ამბისთვის

პირზე ვარდი მიაყარა...

ჩვენს ქოხებში იზრდებოდი,

მთის ღონიერ ნიაღვარად,

დედამიწის სამკაულად,

ჩაგრულ ხალხთა წინამძღვარად...

ქუხილს ელვა წინ უძღვება

და შენ სახელს –– სიმხნე დიდი,

ზღვის ძირამდი ფესვი გადგი,

გზის პირამდი დროშას ჰშლიდი,

სარკინე ხარ შეუვალი,

ვაჟკაცობის მაგალითი;

მაგ სიმაგრის შემყურეთა,

არც ერთი მტრის არ გვაქვს რიდი!

დარია თუ ავდარია,

ჩვენი გული მაგარია,

ჩვენი მკლავიც მაგარია,

რადგან საჭე ცხოვრებისა

შენს მარჯვენას აბარია!


გიორგი ლეონიძე-1934წ.




***

“მხოლოდ მსოფლიო, გენიალურ ჰარმონიის აზრს

ვემსახურებით ჩვენი საქმით, ჩვენი კალმებით,

ის ჰარმონია დამკვიდრდება, ის ჰარმონია!

აი, პირველი: რითაც, სტალინ, მოგესალმებით!


მსახვრალი ხელი რომ არხევდა მსოფლიო აკვანს,

კაცობრიობა, ჯერ ყმაწვილი, მასში სტიროდა.

ძნელ არტახებში, უბოლოო წვასა და დაგვას

თან სდევდა დარდი მისწრაფებათ უნაპიროთა.


მაგრამ გაისმა მკაცრი ნანა სხვაგვარ ღრუბელის,

ძარღვდაჭიმული ნებისყოფა, სასტიკი ზიზღი!

ადამიანის, ბორკილიდან თავისუფალის -

დამკვიდრებისთვის დაიღვრება კვლავ ბევრი სისხლი.



ხუთ მეექვსედზე სიხარულით ნაპერწკლებს მატებს

ხმა გამარჯვების, ახალ დროშის, ახალ ლექსების,

ძველ დედამიწას, ძველს სიმღერებს, ძველს ფოლიანტებს

ახარებს შუქი დედამიწის ერთ მეექვსედის.



ყოველი ქვეყნის მშრომელების ბელადო: ვაშა.

სტალინთან გული საგულეში ჩვენ გვეგულება,

თხუთმეტმა წელმა საქართველოს გაურიჟრაჟა

სტალინისადმი სიყვარული და ერთგულება!



მხოლოდ მსოფლიო გენიალურ ჰარმონიის აზრს

ვემსახურებით და სტალინი ჩვენი ღონეა."


გალაკტიონ ტაბიძე 1936 წელი.







***

გორის გორაკებს, გორის ქუჩებს და გორის ბაღებს

შენი ბავშვობის ნაფეხური ისევ ატყვიათ,

თითქოს ეს გული მოფართქალე ჩიტის ბარტყია,

როცა ვუცქერი შენი ქოხის ღარიბულ თაღებს.

პატარა ქოხი დიდია, გორის ციხესთან ნაგები

ერთმანეთს გადაჰხვევიან ეს ძველი ამხანაგები.

ორივეს ქებას უმღერის ლიახვი დაუშრობელი...

პატარა გორი დიდია - დიდი სტალინის მშობელი.


ირაკლი აბაშიძე



***

„სტალინი ბათუმში“



მიწას კუპრი დასწოლია, ქარი ხეებს თელავს,

ელვა აფრქვევს ნაპერწკალებს, ხან ხმალივით ელავს


შეირყევა დედამიწა, ქარი გაშლის ფაფარს

და კივილით მოედება ქალაქს ბნელით ნაფარს.


ამ დროს კაცი გამოჩნდება, გზას უნათებს ელვა,

თითქოს შობა ქარიშხალმა, ზღვის მქუხარე ღელვამ.


რომ ხალხს ტანჯვით ღონემიხდილს, მტრებისაგან ნათელს,

მომავალში თავისუფლად მზე აფრქევევდეს ნათელს;


რომ მშრომელი ცხოვრების ხეს სხვებისთვის არ რგავდეს,

ქედი აღარ მოეხაროს. ადამიანს ჰგავდეს;


რომ სიცოცხლე უხაროდეს, ჰქონდეს გული ლაღი,

ეს ქვეყანა იყოს მარად ერთი დიღი ბაღი.


ცა დღა მიწა შეერთდება უთვალავი ძაფით,

მოვარდება ნიაღვარი, რაშზე უფრო სწრაფი.


გადალახავს მთებს და ბორცვებს, ბარსაც დაჰკრავს ტორებს,

დაეცემა თავზე ბათქით გუბეებს და ტბორებს.


ბოლოს შუქი აჭარის მთებს გაანათებს უცებ,

წვიმა წყდება, ზღვასაც გული ახლა მშვიდად უცემს.


რაჟდენ გვეტაძე


***

ნეტავი იმ მახარობელს,

შენი შობა ვინც ახარა,

ვინც პირველმა ამ ამბისთვის,

პირზე ვარდი მიაყარა.


რაჟდენ გვეტაძე


***

ბელადს

სხვა - სამშობლოში სამშობლოს ნატრობს,
მიწაზე დადის - არა აქვს მიწა,
ჩვენ კი, ბედნიერ სამშობლოს პატრონს,
შენი სახელი მიგვიძღვის ფიცად:

ზეცაში - მფრინავს, ბრძოლაში - მხედარს,
ვაჟკაცს - ზღვასავით გაშლილ ყანაში,
და ბავშვი, როცა შესცქერის დედას,
უსმენს და თითქოს სიზმარში ხედავს,
შენებრ მშობლიურ იავნანაში.

და როცა დილა, მთების ფიწალზე
ღრუბლის ბულულებს ლურჯად შეღებავს,
იგრძნობს სულდგმული დედამიწაზე
შენი გულის და ხელის შეხებას.

დგება ბალახი, აცახცახდება,
მოვარდნილ სითბოს წყალივით დალევს;
ტკბილი ოცნება ცხადად ახდება,
და შენი სახე ცაზე დახვდება
ქვეყნის პირველად გახელილ თვალებს.


ილო მოსაშვილი


***

საქართველოს საბჭოთა მწერლების მიმართვა ამხანაგ სტალინისადმი(ლექსად-მიყევით ბმულს)


ხალხი ლექსად ულოცავს სტალინს იუბილეს

imageimage
image


თუმცა არსებობს ლექსი, სადაც სტალინი მიწასთან არის გასწორებული, დაწერილი 1953 წელს, რა თქმა უნდა ბელადის გარდაცვალების შემდეგ.



***

ლექსი სტალინზე: “ინვექტივა-მონუმენტი”


I

სამყაროს რისხვა შენთვის ახია

და რისხვაც გითხარ მე, სიტყვის ლოთმა,

რამდენი ღერი თმისა გასხია,

იმდენი კაცის გამძიმებს ცოდვა.

წყეულო თავზე რამდენი თმა გაქვს,

იმდენი დედის გიღვრია ცრემლი,

შენი ქოჩორი ჩამოგავს ჯაგარს, –

შუბლს დასწოლია ვითარცა გველი.

შეკრული შუბლი შავი ხევია,

წარბნი გველნია, სავსე შხამითა,

ისინი არც კი შეირხევიან

გინდ გადაბრუნდეს ეს დედამიწა.

მილიონები მაგ შუბლს ჰმონებენ,

ხალხი მის რისხვას ვეღარ იცილებს,

ეგ ნაოჭები მე მაგონებენ:

წვრილად დახლართულ გველის ნაწილებს.

შუბლის ნაოჭნი გველის წიწილებს

ჰგვანან, – მათ წარბი – გველი ეთავსა

და მჯერა: – მალე ყველა იწივლებს:

ადამის ძეთა ამოწყვეტასა…


II

ჩაღრმავებული შენი თვალები

ვულკანებია ჯოჯოხეთისა,

უცხოა მათთვის რამ შებრალება,

უცხოა მათთვის ცრემლის წვეთიცა…

მშვიდად უმზერენ ხალხთა წამებას

თვალები შენი, – ჩვეულნი გარყვნას,

მათ შეუძლიათ შეუწყნარებლად

ასე უმზირონ სამყაროს წარღვნას.

მაგ თვალებს ძალუძს რომ გადიტანონ

სოდომის ჭვრეტა განუწყვეტელი;

ეგ მზერა მოჰგავს ასპიტ პიტალოს,

მისთვის უცხოა აზრი კეთილი.

თვალში გველები

შუბლზე გველები,

წარბნიც გველები – გველებს ეთვისა

შენი ყურები არის ხვრელები

იმ დამეხილი ჯოჯოხეთისა.

შენი ყურები სატანის მოდგმის, –

არის ხვრელები ლუციფერისა,

რომელთაც ძალუძთ შენივე ხოტბის

მშვიდად მოსმენა, – სხვა არაფერი.

ხოლო ტუჩები, შხამით ნაცვრევი,

უმალ მაგონებს ურჩხულის ტუჩებს,

რომ ღაღადებენ ხალხთა დაქცევის

და წყევლის სიტყვას არსმენილს, უჩვევს…


III

შენ დააბნელე მსოფლიო თალხით,

მზეს მოერკალე კუპრის ღრუბლებად,

თავისუფლება წაართვი ხალხებს

და თავისუფლად ფიქრის უფლებაც.

შენ ხალხი ისე მოაშთე ტანჯვით,

რომ თვით ხოტბასაც, შენს მიმართ, კრძალვით

გამოთქვამს იგი,

აჟრჟოლებს ტანში, –

უღვთოდ დამეხილს უხეში ძალით.

შენ ზეცის შვიდივ კარი დარაზე,

ხალხს ჯოჯოხეთის დაეცი მეხი,

რაც წმინდა იყო ამ ქვეყანაზე

შელახე უღვთოდ, გათელე ფეხით,

შენ უბოროტეს დემონის ჯუფთი

მკრეხელობ ურცხვად, ზვავად, თავნებად.

შენ უწმინდესი ტაძრები უფლის

გადააქციე ცხენის თავლებად.

კლდეც უგრძნობელი, შენ ააკვნესე

და შენმა შხამმა მთებიც მონავსა,

მიკვირს ვით იტანს პლანეტა ესე

მაგ სისაძაგლეს გაუგონარსა!

ბარი სისხლისგან მთლად იწრიტება,

მოლნიც მოცვარა სისხლისა მცვრევამ,

ჰაერი რად არ დაიშრიტება

ან ზეცა რად არ ჩამოიქცევა…

რად არ შეუდგა ქვეყანას ჟამი,

რად არ იქცევა ნეტავ ქედები –

შენგან დაღვრილი ამდენი შხამით,

რაც დააზღვავე შენივ ქმედებით…

მდინარეთ დარად უვრცეს ზღვებს ერთვის

ხალხთა სისხლისა და ცრემლის ჩქერი;

ადამის ძეთა სიცოცხლე შენთვის

არის უბრალო გაფრენა მწერის.

შენ ხალხებს ზაკვის აუცერ ხვითო

და ორპირობა საქვეყნოდ გათქვი,

ო, ნუ იფიქრებ გწყევლიდე ვითომ, –

შენ წყეული ხარ შენივე საქმით.

შენ წყეული ხარ შენივე აზრით,

შენ ბოროტების კიდემდე მიხვედ,

შენ ეს ქვეყანა მონების ბაზრად

შენ ეს ქვეყანა აქციე ციხედ.

აქციე ციხედ თუჯის თაღებით

და ადენ ტყვეთა სისხლის უხვ წყაროს,

შენ თავკაცების წმინდა წაღები

მოხადე ხალხებს, მხეცო უწყალოვ!

შენ თავკაცების მწვედ გამწირველი

ტანჯულ ხალხს ხდიდი მართალთა წაღებს,

რომ ყოფილიყავ თავად პირველი,

რომ დაგეოკა ეგ სიამაყე.

რა დაგაოკებს, რა შეგაჩერებს,

ხალხს ვით შეხორცდეს ჭრილობის შრენი…

ძარცვავ თვალდათვალ და თან გვაჯერებ,

რომ ხალხისათვის სიკეთეს შვრები.

და ხალხთა თავზე აწვდილ დიდ მახვილს

ვინ შეაგებოს ხმალი თუ ჩადრი…

ხოცავ თვალდათვალ და თან იძახი,

რომ ხალხისათვისს წყალობას სჩადი.

IV

ძალა ხელთა გაქვს, ვის რასა ჰკითხავ, –

სიტყვას ჭეშმარიტს ხარჯავ თუ არა,

სტყუი თვალდათვალ, მაგრამ ვინ გითხრას,

რომ შენ წყეულო, ხარ მატყუარა.

დიახ, ხელთა გაქვს ყველა უფლება

და ვინც იშიშვლებს სიმართლის ხანჯალს,

მყის მოგუდავენ ჭორის ღრუბლებით,

თან მილიონებს მიცემენ ხანძარს.

ღაწვს არ დაგიწვავს შენა სიწითლის,

ცრუ არც ნამუსის ქენჯნას გრძნობ ოდნავ,

თუმცა რა უნდა შენთან სინიდისს, –

სიმართლედ გიჩანს თვით შენი ბოდვაც.

შენ ჯოჯოხეთის შავო ნაცარო, –

ნუთუ ვერასდროს მოგაშთონ წლებმაც,

მზად ხარ: სამყარო თავს ანაცვალო,

რომ მიაღწიო დიდების მწვერვალს.

ეს კიდეც შესძელ შენ უეჭველად

და ტირანთ ღმერთზე ხარ ასჯერ მეტი,

მაგ ბოროტებით ო, გველო ჭრელო,

თავად დაიდგი შენ მონუმენტი.

შენ მონუმენტი თვალმიუწვდენი

თავად დაიდგი სიავის შმორით

და იმავ ძეგლთან პლანეტა ჩვენი

ჩანს, როგორც მზესთან ვარსკვლავი შორი.


V

რამდენი ღერი თმისა გასხია,

იმდენი დედის გამძიმებს ცრემლი,

სამყაროს რისხვა შენთვის ახია

და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის.

შენ აქ მიწიერს იქმნი პარადიზმს,

ეგ შვება ფსკერზე შავ სისხლს ილექავს,

იყავ წყეული აწ და მარადის

ეგ მიწა გექცეს ტანჯვის დილეგად.

ხალხთა მძლე რისხვით აგევსოს ჯამი,

გაგიწყდეს ჟამი შერიგებისა,

ოდეს დადგება ჟამი განკითხვის,

როს წარუდგები უფალ-იესოს,

რათა სასჯელი ტანჯვის, განკითხვის

მოგეზღოს მხეცო უსაზიზღრესო!


VI

შავ აეშაგთა, შავთა მსტოვართა

ხარ შავ ხროვაში გამოკიდული,

შენდა საქებრად ცრუ ხელოვანთა

შენ ააყეფე ხმა მოსყიდული.

ხოლო ნამდვილი მუზა ჩაჰკალი,

ციხეს მიეცი მგოსნები ხალხის,

რომ ვეღარ ეთქათ სიტყვა მართალი, –

თუ ვით წვავს ერებს სახმილი ალხი,

დაიცა შენი ჯერიც დადგება, –

აღიმაღლებენ დევნილნი სიტყვას

და მათი ლექსის მძლე აზათქება

არც შენ დაგინდობს, არ გაგიკითხავს.

ო, მათი რისხვის სიტყვამრავლობა

გულზე დაგასობს ფოლადის ფიწალს

და ლექსი ეტყვის შთამომავლობას

თუ რა არგუნე შენ დედამიწას.


VII

შენ ყველა ყრმაში შენ მონას ეძებ

და ყოველ საღ აზრს ახშობ და სდევნი,

მაგრამ იცოდე: თაობა ესე

ხვალ მესაფლავე იქნება შენი.

შენ სიმართლისთვის ყველა მორკინალს

აწამებ, აშთობ, ატყვევებ, დევნი…

შენი მკლავები არის ბორკილი, –

ხუნდი ვეება თვალმიუწვდენი.

რაიცა გველი ამა პლანეტას,

შემოხვევია და ხარბად სალტავს,

თან მაინც კიდე ეცოტავება

ესე მსოფლიო სამეფო ტახტად.

გულხარბო შენთვის ცოტაა, ვერ გღლის

შენივე ცოდვა აზრმიუწვდენი,

შენ უდიდესი აიგე ძეგლი,

ძეგლი ცოდვისა, – ზღვა სისხლისმდენი.

ძეგლი სიმკაცრის, ძეგლი ვამპირის,

ძეგლი სიკვდილის თოვლად მთოველი,

სადაც ყოველი ნაკვთი გაჰყვირის: –

მხოლოდ მე! მხოლოდ ჩემთვის ყოველი!


VIII

შენ მიუჩინე ჯაშუშად ძმა ძმას,

უღვთოდ გაყიდა შვილი მშობელმა,

ქმარი ცოლს უწნავს სიკვდილის თასმას,

დამ და დაახრჩო დაუნდობელად –

და ისიც რისთვის? – ლუკმისთვის მარტო,

რადგან ხალხს პურად არგუნე ქატო.

არარს კალამი, არც სიტყვა სხარტი

მთელი სისრულით რომ გამოგხატოს.


IX

შენ მხეცის მხრებით უკუნი მოგაქვს,

ჰკოცნი უკუნის შავ ხმალს ხეტარზე.

შენი ფეხები ორ ურჩხულს მოგავს,

რომ აბოტებენ ამ პლანეტაზე.

მათი ტვირთის ქვეშ მზის შუქი კვდება,

კლდე ვეღარ უძლებს ქუსლებს ტიტანურს.

მე მიკვირს მიწა როგორ არ სკდება,

რომ შენ ურჩხულო, თან ჩაგიტანოს.

ნაბანო ზაკვის ფოლორც ემბაზში,

ხარ ბელზებელი მწვედ შენიღბული

მთელი სამყაროს ბოროტებაზე

უბოროტეს არს ეგ შენი გული.

იგი ქვესკნელის მინოსს ეძმება

და არის მასზეც ათასჯერ მეტი,

აბა, მე სად მაქვს იმის შეძლება

ჩამოვქნა სიტყვით სატანის სვეტი.

შენ თვით დახატე შენი ხატება,

შენივე სიტყვით, შენივე საქმით,

რომ ძეგლი იგი, შემდეგ, ხალხებმა,

მოსრან, – მიწიდან ქვესკნელში დანთქმით.

შენ ჯოჯოხეთის ხარ ხელოვანი,

შენ მართლაც დიდი აიგე ძეგლი,

ცრემლით და სისხლით სახელოვანი

შენ ხალხთა ყოფას ქელავ და ჯექნი.


X

აწ ჟამმა დაჰკრა, დადექ, იუდავ,

იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა

და ხალხს, წარღვნას რომ მიჰქადდი მუდამ, –

დღეს თვით შენ მიხველ სახრჩობელასთან.

იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა,

ჩაჰკალ იმედი შველა-დახსნისა.

დღეს შენ თვით მიხველ სახრჩობელასთან

და უკან მოგყვა წყევლა ხალხისა.

შენთვის სამყაროს ახია რისხვა

და რისხვაც გითხარ მე – სიტყვის ლოთმა

რამდენი ღერი გასხია თმისა,

იმდენი დედის გამძიმებს ცოდვა,

სამყაროს რისხვა შენთვის ახია

და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის,

რამდენი ღერი თმისა გასხია,

იმდენი დედის გიღვრია ცრემლი.

დრო დადგა, აღსდგა ახლა სამყარო

და შენი ხუნდიც იხსნის ტვირთებსა,

ჩაძაღლდი მხეცო, გაუმაძღარო,

შენთვის არავინ არ ატირდება.


გაბრიელ ჯაბუშანური


მსგავს თემაზე:ქართული ლექსები ლენინზე-ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

0
215
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0