საზოგადოება
"იმედია, ხვდებით ეს რას ნიშნავს"- რას წერს ელისო კილაძე
2 იანვარი, 8:54
ჟურნალისტი, ელისო კილაძე სახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის მიერ, მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ირაკლი რუხაძე ჭკვიანი და ფრთხილი კაცია!
მისი ინტერვიუ არაა შემთხვევითი ემოცია!
თქვა ის რაც თქვა-გააზრებულად, ზუსტი აქცენტებით და პოზიციით ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ !
ჯერ დახურულ შეხვედრაზე, მერე საჯაროდ
იმედია, ხვდებით ეს რას ნიშნავს"– ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა რომ მისი არჩევა შეცდომა იყო. ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრისას განაცხადა.
"მე თუ მკითხავთ ბევრად უკეთესი იქნებოდა იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე, რომ ის ფანტასტიკური კანდიდატია და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს. ბედნიერები ვიქნებით ოთხი თუ ხუთი წლის შემდეგ რომ ეს კაცი იყო არჩეული.
შესაძლოა უფრო უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ისეთი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე “ხალხის ძალა”, ესეც ვთქვი [შეხვედრაზე]. როცა ამხელა ეგზისტენციური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებთ მმართველ პარტიას რას და როგორ აკეთებს", – განაცხადა ირაკლი რუხაძემ "იმედთან" საუბრისას.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მიერ არჩეული ახალი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცი პარლამენტის შენობაში გაიმართა. ხანმოკლე ცერემონიას არცერთი უცხოელი ელჩი არ დასწრებია. მმართველი პარტიის თქმით, ისინი პარლამენტის შენობაში სივრცის სიმცირის გამო არ მიიწვიეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა მათი ახალი მთავარსარდლის ფიცის დადებას. ინაუგურაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. ტრადიციის დარღვევით, პარლამენტის პლენარულ დარბაზში მხოლოდ ქართული დროშები იყო გამოფენილი, ხოლო ევროკავშირის დროშები არსად ჩანდა.