საქართველო ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი დღეები - 31 დეკემბერს პირველი პრეზიდენტის გარდაიცვალა 2024, 31 დეკემბერი, 12:21 1993 წლის დეკემბერში დევნილ ზვიად გამსახურდიას სულ უფრო უძნელდებოდა მიმალვა სამთავრობო რაზმებისგან, თუმცა წინადადებაზე დაბრუნებულიყო ჩეჩნეთში, უარზე იყო, სამეგრელოს მთებში გადაადგილებისას, სიცივემ, წამლების და სანიტარული პირობების უქონლობამ უარყოფითად იმოქმედა პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და მის თანმხლებ პირებზე, როგორც პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი იხსენებს, დეკემბრის შუა რიცხვებში ისინი იმყოფებოდნენ სოფელ ჯიხაშკარში, შემდეგ კი ბოლოს რამდენიმე დღე დაჰყვეს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. ძველი ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში იმყოფებოდა სულ 7 ადამიანი, მასპინძელი მეუღლით და შვილით, ზვიადი, გუგუშვილი და პრეზიდენტის ორი პირადი მცველი.-რობინზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე. 1993 წლის 31 დეკემბერს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მეორე სართულზე ეძინათ ერთ ოთახში, ხოლო მეზობელ ოთახში პირად დაცვას, როგორც გუგუშვული იხსენებს 00: 30 წუთზე გააღვიძა გასროლის ხმამ და გვერდით დაინახა გამსახურდია, რომელსაც საფეთქლიდან სისხლი მოსდიოდა, ხოლო ხელში პისტოლეტი ეჭირა. გამსახურდიას გარდაცვალების ამბავი ოფიციალურად 5 იანვარს გახდა ცნობილი, თუმცა იმ პერიოდში ბევრს არ ეჯერა, რომ გამსახურდია გარდაიცვალა, სანამ მისი ნეშტი ოფიციალურად არ იპოვეს 15 თებერვალს. სახლის პატრონის განცხადებით პრეზიდენტმა თავი მოიკლა, ამასვე ამტკიცებს დღემდე პრემიერი ბესარიონ გუგუშვილი: " მე რომ ზვიად გამსახურდიასკენ მივიხედე, პისტოლეტის ლულიდან ჯერ კიდევ ბოლი ამოდიოდა. მეტიც, ჩვენ რომ ზვიად გამსახურდიას მივუახლოვდით, ლოგინის მეორე მხრიდან, მიცვალებულის სხეული ჯერ კიდევ მოძრაობდასავით, აი, სპაზმი, რომ ნელ ნელა დუნდება. სწორედ, ამიტომ იყო, რომ რობინზონი ეცა და ხელიდან გამოგლიჯა პისტოლეტი, იმიტომ, რომ იმას შეეშენდა, რომ ის კიდევ გაისროდა." გამსახურდიას დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი და დაცვის წევრი ბაჩუკი გვანცელაძეც დარწმუნებულნი არიან, რომ ეს თვითმკველობა იყო. თუმცა გამასახურდიას სიკვდილიდან ცოტა ხანში ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ გამსახურდია მოკლეს. 2009 წელს დაიწყო საპარლამენტო გამოძიება, რა დროსაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ გამოთქვა მკვლელობის კიდევ ერთი ვერსია-მოწამვლა, მისი თქმით გამსახურდია სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში უარს ამბობდა ჭამაზე, სვამდა მხოლოდ ჩაის და უჩიოდა მუცლის ძლიერ ტკივილებს. ამასვე ადასტურებს გუგუშვილი, მისი თქმით გამსახურდიას ჰქონდა მუცლის ტკივილი და გაუვალობა, აგრეთვე აწუხებდა პროსტატიტი, თუმცა ოყნაზე უარი განაცხადა.
2018 წლის მარტში რუსთავი -2-ის ეთერში გამსახურდიას პირადი მცველი ბადრი გოგელაშვილი პირველი პრეზიდენტის სიკვდილის ახალ ვერსიაზე ალაპარაკდა. ბადრი ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში უკვე მოკლული მიიყვანეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს.თუმცა საიდან იცის ეს ბადრიმ უცნობია, რადგან იგი ამ დროს გროზნოში იმყოფებოდა და პირადად არ მოსწრებია ამ ფაქტს.
საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის ამონარიდი ჟურნალ „ზავტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში: " სახელმწიფო მეთაურს მოვახსენე, ზვიად გამსახურდია ალყაში მყავს-მეთქი. მან თქვა: ზვიად გამსახურდია მე ცოცხალი არ მჭირდებაო. რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, რომ ზვიადი მოკლეს, მის მკვლელობაში თანხა იყო გადახდილი და, რაც მთავარია, შემსრულებლები, რომლებმაც ამის შესახებ იციან, მზად არიან ჩვენება მისცენ გამოძიებას… ავთო იოსელიანმა, მახსოვს, გააკეთა განცხადება, ჩვენ ვაკონტროლებთ მის გარემოცვას და გარემოცვის გარემოცვასო… ვინ გაისროლა, ეს უკვე დეტალია, მაგრამ პირველი გარემოცვის გარეშე ის ამას ვერ გააკეთებდა“. თუმცა მიმალვაში მყოფი იგორ გიორგაძის ნათქვამი გასაგები მიზეზების გამო ნაკლებად სარწმუნოა. 2009 წლის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც სათავეში ედგა ექს-პრეზიდენტის უფროსი ვაჟი კოკო გამსახურდია, ორთვიანი კვლევის შემდეგ, როემლიც 8 ტომს შეიცავდა ვერც დაადასტურა და ვერც უარყო თვითმკვლელობა ან მკვლელობა. 2011 წლის იანვარში დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დაასკვნა, რომ ეს იყო მკვლელობა, 2015 წელს პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით. ძიება დღესაც გრძელდება, როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, "გამოძიება წინ არ წასულა" საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოვლინდა გამოძიების არაერთი ხარვეზი და საყურადღებო გარემოება, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა/შეეძლო მოეხდინა საქმის შედეგებზე: - გამოძიება დაიწყო 1994 წელს, თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსში არარსებული კვალიფიკაციით - „საქმე გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე“. საქმე მკვლელობად დაკვალიფიცირდა მხოლოდ 21 წლის შემდეგ, 2015 წელს; - ცხედარი ისე გადაასვენეს 1994 წლის 17 თებერვალს ქალაქ გროზნოში3, რომ სიკვდილის მიზეზის დადგენისა და სხეულზე არსებული სხვა შესაძლო დაზიანებების აღმოჩენის, მათი ხანდაზმულობისა და განვითარების მექანიზმის დადგენის მიზნით ექსპერტიზა არ ჩატარებულა; - სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა ზვიად გამსახურდიას გვამზე 1993 წლიდან 2007 წლამდე არ ჩატარებულა. ჩატარდა მხოლოდ 2007 წელს რუსეთის ფედერაციაში. თუმცა, შორს წასული გვამური მოვლენების (რბილი ქსოვილების არარსებობა) გამო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ დადგინა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები; - 1993 წლის 31 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ არ მოხდა შემთხვევის ადგილის დაცვა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღების მიზნით. ასევე არ მომხდარა გვამის დათვალიერება; - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან გონივრულ ვადაში, როდესაც ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კრიტიკული აუცილებლობა იყო, არ მომხდარა საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის შემდეგი ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება: 1. ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდან გასროლილი ტყვიითაც გარდაიცვალა გამსახურდია 2. ტყვიის გულა და მასრა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ცხედრის გაკვეთასა და ექსპერტიზაზე კატეგორიული უარი პირადად გამსახურდიას ქვრივმა მანანა არჩვაძემ თქვა. ჩეჩნეთის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტის გროზნოში გადასვენების კომისიის თავჯდომარე ზელიმხან იანდარბიევმა განაცხადა: „გამსახურდიას ოჯახი თავის თავზე იღებს მომხდარის ვერსიების ინტერპრეტაციაზე პასუხისმგებლობას. რამდენადაც იგი კატეგორიულად უარს ამბობს სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზაზე......Семья на себя берет ответственность за толкование версии случившегося – если они сами отказываются категорически от судебной экспертизы." 2018 წლის 3 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. ძველ ხიბულაში კარლო ღურწკაიას სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ თავის სიციცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2018 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას საქმეს ხანდაზმულობა გასდიოდა, რას იმას ნიშნავდა, რომ საქმე საბოლოოდ დაიხურებოდა, რის გამოც პრეზიდენტის ვაჟებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობა გამოაცხადეს მოთხოვნით, გაგრძელდეს გამოძიება. მაშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მიმართა თხოვნით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაიზარდოს. ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კი განაცხადა, აუცილებელია, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება გაგრძელდეს. "გამსახურდიას ცხედარზე საქართველოს მხარეს არ ჩაუტარებია სასამართლო სამედიცინო ქიმიური ან სხვა რელევანტური ექსპერტიზები, შესაბამისად, არ არის უტყუარად დადგენილი მის სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა, ასევე დაუდგენელია გამსახურდიას ხელზე დენთის წვისა და სხვა სროლის პროდუქტების არსებობა, რომელსაც მაღალი ალბათობით შეიძლება დაედასტურებინა ან გამოერიცხა თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიებას არ აქვს უტყუარად დადგენილი, რომ საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად ის ის იარაღია, რომლითაც განხორციელდა გასროლა ზვიად გამსახურდიას მიმართ, “- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დაკარგულია უამრავი ნივთმტკიცება, (იარაღი? ბოლომდე დაუდგენელი), მასრა, ტყვია, თეთრეული და სხვა, რაც დაეხმარებოდა გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში, ასე რომ ეს საქმე დიდი ალბათობით სამუდამოდ გამოუძიებელი დარჩება. პრეზიდენტ გამსახურდიას აღსასრულის მე-20 წლისთავზე, ბესარიონ გუგუშვილის წიგნი „მკვლელობის დაკვეთა“ გამოვიდა ბესარიონ გუგუშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ხსნის თუ რატომ დაარქვა წიგნს „მკვლელობის დაკვეთა“. „ამ წიგნის მთავარი მიზანი არის ვამხილო სიცრუე, რომელიც უზარმაზარ ჩანჩქერად იღვრება. ეს ერთი და მეორე - მინდა დავანახო ხალხს, რომ სიკვდილის დამკვეთი შევარდნაძე კი არ არის... სიკვდილის დამკვეთია თვითონ საზოგადოებრიობა... ქართულ საზოგადოებას უნდა რომ ზვიადი იყოს მოკლული! არ უნდათ იმათ, რომ ზვიადმა თავი მოიკლა, იმათ უნდათ ზვიადი იყოს მოკლული, იმათ ესიამოვნებათ რომ ზვიადი თუ ნაწამები იქნა. აქ არის ქვენაგრძობებზე ლაპარაკი. ამ წიგნით ვეუბნები მე ხალხს, რომ თქვენ ხართ სიკვდილის, მკვლელობის დამკვეთები და რახან მკვლელობის დამკვეთები ხართ, მკვლელები ხართ!." ამავე წიგნში ბესარიონ გუგუშვილი წერს: „მრწამსი „ზვიადი თავს არ მოიკლავდა“, კარგა ხანია კერპთაყვანისმცემლურ სარწმუნოებად იქცა“ 203 2-ს მოსწონს
|