პოლიტიკა სად შეხვდებიან ტრამპი და პუტინი? გუშინ, 15:47 რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა. პოლიტიკოსმა განმარტა, რომ მოსკოვი არ გაახმაურებს ამ ქვეყნების სახელებს, რათა გავლენა არ მოახდინონ შემდგომ მოვლენებზე. 22 დეკემბერს, არიზონას შტატში, ფენიქსში გამართულ მიტინგზე ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა სურვილი შეხვედროდა მას „რაც შეიძლება მალე“. ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას. თუმცა, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მედიას განუცხადა, რომ „შეხვედრისთვის არანაირი იმპულსები და წინაპირობები არ არსებობდა“. პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ დროს შეხვდეს ტრამპს და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ბევრი საკითხია განსახილველი. მათი პირველი შეხვედრა გერმანიაში 2016 წელს შედგა, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა მთარგმნელს ჩანაწერები წაართვა და მოსმენილის გასაჯაროება აუკრძალა. მოგვიანებით, ერთ-ერთ სადილზე, ტრამპი პუტინის გვერდით დაჯდა საკითხების განსახილველად - ისევ თარჯიმნებისა და ამერიკელი წარმომადგენლების გარეშე. ლიდერების მესამე შეხვედრა შედგა ვიეტნამში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა დაიჯერა პუტინის ბნათქვამი, რომ რუსეთი არ ერეოდა აშშ-ს არჩევნებში. შემდეგ ჰელსინკში გაიმართა სამიტი, სადაც მოლაპარაკებები მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით გაიმართა. ბოლო დროს ლიდერებმა ისაუბრეს 2019 წელს ოსაკაში G20-ის სამიტზე. პუტინთან მოლაპარაკებებისადმი ტრამპის მიდგომამ დემოკრატების კრიტიკა გამოიწვია. მისმა გადაწყვეტილებამ, დისკუსიის დროს არ ყოლოდა გვერდით პრესაში მრავალი კითხვა გააჩინა. ამ გასაიდუმლოებულმა შეხვედრებმა სპეცპროკურორის, რობერტ მიულერის ყურადღებაც მიიქცია, რომელიც იკვლევდა ტრამპის შესაძლო კავშირებს რუსეთთან. გარდა ამისა, კონგრესმა მოითხოვა თარჯიმნების დაკითხვა და მათი ჩანაწერების გასაჯაროება. თუმცა, საბოლოოდ ეს ყველაფერი საიდუმლოდ დარჩა. 161 1-ს მოსწონს
|