საზოგადოება "იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის შვილი ღიად ლესბოსელი ქალია"- რას წერს "პრაიდის" დირექტორი დღეს, 9:47
"თბილისი პრაიდის" დირექტორი, თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის ქალიშვილთან, ალექსანდრა (ლექსი) რუხაძის ორიენტაციასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის შვილი, ალექსანდრა (ლექსი) რუხაძე ღიად ლესბოსელი ქალია. თავად ამერიკის მოქალაქე, ლექსი ამერიკელ ქალთანაა ქორწინებაში, 2022 წლიდან.
ლექსი რუხაძე და მისი ცოლი, ჯილიან სიმორი ერთმანეთს პრესტიჟულ ქალთა კოლეჯში, Wellesley-ში სწავლისას შეხვდნენ, ჯერ კიდევ 2014 წელს. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ისინი აქტიურად ცდილობენ შვილის ყოლას/აყვანას.
სავარაუდოდ ლექსი ნაკლებად ადევნებს თვალს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას. ნეტა თუ იცის, რომ მამამისის კისერზეა საქართველოში ანტი-ლგბტ განწყობების გაღვივება, ქვიარ ადამიანების (მათ შორის ჩემი) დემონიზება, მოძალადეებისთვის მსუყე ლუკმის მიწოდება, ულტრა-მემარჯვენე, პრო-რუსული და ფაშისტური რიტორიკის ყოველდღიურობად ქცევა. ნეტა თუ ესმის, რომ საქართველოში საყვარელ ქალთან ქორწინებაში კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით გადარჩენის რეჟიმში იქნებოდა როგორც ღიად ლესბოსელი ქალი, ან კი წლობით მოუწევდა საკუთარი იდენტობის მალვა და შიშში ცხოვრება. იმედი მაქვს, მალე გავიგებთ ლექსის ისტორიას და მის დამოკიდებულებას ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წამახალისებელი, საქართველოს რუსეთის გზაზე დამყენებელი მამის მიმართ.
მანამდე კი, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რამდენად ამორალურია რეჟიმის პროპაგანდა. "ოცნების" მთავარი პროპაგანდისტები მზად არიან, საკუთარი შვილის მსგავსი ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტონ, იმ იდენტობის გამო, რაც მათ არ აურჩევიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსული ავტორიტარული ხელწერა ავალდებულებთ ასე.
არადა ირაკლი რუხაძეს შეეძლო ნათელ მხარეს ყოფნა. შეეძლო ამაყი მამა ყოფილიყო და ეთქვა, რომ დიახ, მისი შვილი ლესბოსელია და ეს ჩვეულებრივი ამბავია. შეეძლო ემხილებინა, რომ ჰომოფობია და ტრანსფობია რუსული პოლიტიკური იარაღია საქართველოში დემოკრატიის წინააღმდეგ.
მაგრამ სიხარბე და ძალაუფლების წყურვილი არჩია შვილის მხარეს დგომას. ამიტომ მიწევს ამ პოსტის წერა მამაზე, რომელიც შვილის მსგავს ადამიანებს მტრის ხატად აქცევს და ვინ იცის, გრძელვადიანად შეიძლება მასაც იმეტებს სიძულვილით სავსე გარემოსთვის". - წერს თამარ ჯაყელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
|