სინის მთა ქართველთა უშორესი სამოღვაწვო პუნქტია ახლო აღმოსავლეთში. იგი აღმართულია არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით სინის ნახევარკუნძულის სამხრეთ სექტორში (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში). იქვეა სხვა მთებიც: ეპისტიმიასი, ზერბალისა, ეკატერინესი და სხვ. აი ამ მთიანეთში, სინისა და ეპისტიმიის მთებს შუა პლატოზე, უფრო ზუსტად სინას მთის კალთაზე, 1528 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ეკატერინეს მონასტერი რომელმაც მრავალი მოღვაწე მიიზიდა. მიუხედავად იმისა, რომ სინას მთის ბუნება ერთობ მკაცრია, – ზამთარი იქ პირდაპირ აუტანელია, ბევრი ქრისტიანი მოწესე იქაურობას აფარებდა თავს და არ უფრთხოდა არც ბუნებრივ-კლიმატური პირობების სისასტიკეს და არც არაბი ბედუინების ძალადობას. ამის ახსნა ადვილია: ბიბლიური გადმოცემით, სინას მთა წმინდა ადგილი იყო, იქ თითქოს ღმერთი გამოეცხადა ებრაელთა წინამძღოლს მოსე წინასწარმეტყველს. ბუნებრივია, მოსეს მიერ ღვთის ხილვა მორწმუნე საზოგადოებრიობამ სასწაულად მიიჩნია, ხოლო სინას მთა წმინდა ადგილად.
პირველი ქრისტიანები სინას მთაზე უკვე მესამე საუკუნეში მოხვდნენ. მალე მათ ალექსანდრიიდან მიიტანეს წმინდა ეკატერინეს ნაწილები და დაასვენეს იმ მთაზე, რომელსაც დღემდე ეკატერინეს მთა ეწოდება. შემდეგ იქ მოწესენი მომრავლდნენ და გადმოცემით, კონსტანტინე დიდის (306–337) დედამ ელენემ ეგვიპტის პრეფექტს ააგებინა პატარა ტაძარი. იმის მიუხედავად, რომ თავდამსხმელებმა რამდენჯერმე დაარბიეს სინა და ამოწყვიტეს ბერმონაზონნი, იქაური კრებული მაინც იზრდებოდა, ამიტომაც VI საუკუნეში იქ მოზრდილი ტაძარიც აშენდა. ყველა მოგზაური თუ მეცნიერი, რომელიც კი სწვევია სინას, ერთხმად აღნიშნავს მთავარი ტაძრის ახლომახლო ეკლესია–სამწირველოების სიმრავლეს. ეს კი საფიქრებელს ხდის, რომ სინაზე ბერმონაზონთა დიდი კრებული მოღვაწეობდა. მართლაც, იქაურ სავანეში მრავლად მოღვაწეობდნენ ბერძნები, სირიელები, ქრისტიანი არაბები... მალე იქ ქართველებიც გაჩნდნენ.
თითო-ოროლა ქართველი სინას მთაზე უკვე VI საუკუნიდან ჩანს, მაგრამ, ცხადია, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ VI ან, თუ გნებავთ, VII–VIII საუკუნეებში ქართველებს სინას მთაზე თავიანთი კოლონია ჰქონდა. მსჯელობა ქართველ მოღვაწეთა ჯგუფების სინას მთაზე დამკვიდრებასა და იქ ქართული სათვისტომოს დაარსებაზე შეგვიძლია დავიწყოთ მხოლოდ IX საუკუნიდან, როდესაც არაბთა თავდასხმებით შეწუხებულმა ჩვენმა წინაპრებმა ნაწილობრივ დატოვეს პალესტინის სავანეები (საბაწმინდა, პალავრა) და შორეულ მხარეს, შედარებათ საიმედო თავშესაფარს მიაშურეს – სინის მთაზე დამკვიდრდნენ (სინას მთა, – ვითარცა შორეული პუნქტი, არაბთა ძალმომრეობას იმდენად არ განიცდიდა, მტრის თავდასხმისაგან შედარებით დაცული იყო).
სინას მთაზე ქართველთა მრავალრიცხოვანი კრებული ყოფილა (ამას რამდენიმე ქართული ეკლესიის არსებობაც ადასტურებს). იქაურ ქართველებს უშურველად ეხმარებოდნენ საქართველოს მეფე–დიდებულები თუ სასულიერო მოღვაწენი, დავით აღმაშენებელმა იქ ეკლესიაც კი ააშენა. როგორც ი. ჯავახიშვილი შენიშნავს, დავითს კარგად ესმოდა, რომ სინას მთაზე ტაძრების მშენებლობა არა მარტო წმინდა სარწმუნოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, არამედ ამავე დროს ეს მთელ მახლობელ აღმოსავლეთში და დასავლეთის ქრისტიან ხალხთა შორის საქართველოს პოლიტიკურ სახელგანთქმულობასაც უწყობდა ხელს და საერთაშორისო სფეროში საქართველოს დიდი ხვედრითი წონის გამოხატულება იყო.
ქართველთა დახმარება სინასადმი რომ ძალზე დიდი და მრავალფეროვანი იყო, ამას თვალნათლივ ადასტურებს „მოსახსენებელი და მატიანე პატიოსნისა წმიდისა მონასტრისა, ღმრთისა დამყარებულისა სინისაი“ – სინის მთის ქართველთა მონასტრის სულთა მატიანე, როგორც მას ჩვეულებრივ უწოდებენ. მის შესავალში ვედრებაა მონასტრის კრებულისადმი, რათა არ მოიშალოს ქვემოთ ჩამოთვლილ პირთა მოხსენიება, შემდეგ დასახელებული არიან, ის პირები (ხშირ შემთხვევაში ქრონოლოგიური, ნათესაური და წოდებრივი პრინციპით, რომელთაც თავიანთი დახმარება-შეწირულებით ან საერთოდ მრავალმხრივი საქმიანობით მოხსენიება დაიმსახურეს. იქ იხსენიებიან მეფეები, დედოფლები, დიდებულები, მღვდელმთავრები, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე საეკლესიო პირები და ა, შ.
შეუძლებელია სულთა მატიანეში მოხსენიებულთაგან ყველა მივიჩნიოთ სინას მონასტრის დამხმარედ, მაგრამ, ამასთანავე, საფიქრებელია, ბევრი მათგანი ქართულ სათვისტომოს მართლაც დაეხმარა და მატიანეში სახელის შეტანა ამით დაიმსახურა. სინელი ქართველები დიდად აფასებდნენ თანამემამულეთა ზრუნვას და ყოველთვის მადლიერების გრძნობით იხსენიებდნენ თანამოძმეთ, შორეულ მხარეშიც არ ივიწყებდნენ მშობლიურ მიწაწყალს და მშობელ ხალხს, დღენიადაგ იღვწოდნენ ეროვნული კულტურის გასამდიდრებლად და ამასთანავე, გულმხურვალედ ლოცულობდნენ „ქართლისა მშვიდობისა, საზღვართა განმაგრებისა, მეფეთა და მთავართა დაწყნარებისა, მტერთა გარემიქცევისა, ტყუეთა მოქცევისა, ჟამთა დაწყნარებისა და ქრისტეანობისა დამტკიცებისათვის“.
ქართველი მოღვაწენი XV საუკუნიდან აღარ ჩანან სინას მთაზე. მაჰმადიანთა მომძლავრებისა და საქართველოს სახელმწიფოებრივ–პოლიტიკური და ეკონომიკური დაუძლურების შედეგად სამშობლოდან დახმარებამ იკლო, ქართული კოლონია დასუსტდა; ახალი მწიგნობრული კერების დაწინაურების შედეგად მისი მნიშვნელობა დაეცა, ამან გამოიწვია ქართული სათვისტომოს გადაშენება. მიუხედავად ამისა, თითო-ოროლა ქართველ მოღვაწეს სინაზე შემდეგ ხანაშიც ვხვდებით. მაგალითად, XVI საუკუნის დამდეგს „მრავალითა საქონლითა“ მივიდა იქ ათაბაგთა სახლის წარგზავნილი ამბროსი, 1747 წელს მროველი მღვდელმთავარი ქრისტეფორე თუმანიშვილი, იმავე საუკუნის 80-იან წლებში იონა გედევანიშვილი და სხვ.
სინას მთის ქართულ სიძველეთა შესწავლა ჯერ კიდევ გასულ საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო. აქ, პირველ ყოვლისა, უნდა მოვიხსენიოთ პ.უსპენსკი, რომელმაც გაიცნო სინას სავანის ქართული ხელნაწერები და სხვა სიძველენი, ყურადღება მიაპყრო ფსალმუნს (პაპირუსზე), რომლის ორი ფურცელი წამოიღო კიდეც (ამჟამად ეს ფურცლები სანქტ-პეტერბურგის მ.სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება).
1883 წელს სინას ეწვია ა.ცაგარელი. ის იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა სინას მთის ქართულ ხელნაწერთა კოლექცია და წარმოაჩინა სინა, როგორც ძველი ქართული კულტურის კერა. ა. ცაგარელი ზამთრის სუსხიან დღეებში ათვალიერებდა და სწავლობდა სინას ქართულ ხელნაწერებს, ეძებდა მათ სენაკებსა და სარდაფებში, ძველი ეკლესიების ნანგრევებში. მან ნახა და აღწერა 92 ხელნაწერი. ამასთანავე, მან არამხოლოდ აღწერა სინური ხელნაწერები და კატალოგი გამოაქვეყნა, თუმცა ამითაც უდიდესი სამსახური გაუწია ქართულ მეცნიერებას, არამედ შენიშნა და გამოყო სინას მთის ქართველთა შემოქმედებითი მუშაობის განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდი – X საუკუნე.
ახალი ეტაპი სინას მთის ქართული კოლონის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლის ისტორიაში დაიწყო მას შემდეგ, რაც სინას ეწვივნენ ნ. მარი და ი. ჯავახიშვილი (1902 წელს). მათ სრულად და ზუსტად აღწერეს იქაური ხელნაწერები, დაბეჭდეს ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ანდერძ-მინაწერი, გამოაქვეყნეს არაერთი თხზულება. ნ. მარისა და ი. ჯავახიშვილის წვლილი სინაზე დაცული ქართული ორიგინალური თუ თარგმნილი ძეგლების პუბლიკაციაში ერთობ დიდი და განსაკუთრებულია. სახელდობრ, ნ. მარმა გამოაქვეყნა „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, იოანე მინჩხის საგალობელი, ფილიპეს ლექსი, „წამებაი წმიდისა მოწამისა პროკოპისი“ და სხვა, ი. ჯავახიშვილმა იოანე მინჩხის ჰიმნები, „წამებაი წმიდის ეგნატი ანტიოქელ პატრიარქისაი“, „კრებაი თთუეთაი წელიწდისათაი, ეფრემ ასურის „სწავლანი“, აპოკრიფები და სხვა.
1950 წელს სინაზე იყო ბელგიელი ქართველოლოგი ჟ. გარიტი, რომელმაც გამოაქვეყნა 38 ხელნაწერის აღწერილობა, აგრეთვე, რამდენიმე ძველი ქართული ძეგლი. 1956 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკისაგან შეიძინა სინას მთის ქართულ ხელნაწერთა მიკროფილმები. ქართველმა მეცნიერებმა ინტენსიურად დაიწყეს ამ მასალის შესწავლა, უკვე გამოქვეყნდა არაერთი ძეგლი და სინურ ხელნაწერთა აღწერილობის რამდენიმე ტომი; მუშაობა გრძელდება.
სინას მთის ქართულ სიძველეთა შემსწავლელებმა გაიცნეს და აღწერეს ქართული სავანის უაღრესად მდიდარი წიგნსაცავი, რომელიც გაოცებას იწვევს თავისი მრავალფეროვნებით. მათვე გამოავლინეს სინას ქართველ მოღვაწეთა მაღალ წიგნიერ კულტურაზე მეტყველი ფაქტიც, ნათელყვეს, რომ X საუკუნეში სინელ ქართველებს არა მხოლოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ, არამედ სპეციალური სამკითხველო დარბაზი, გულდასმით შედგენილი ხელნაწერი წიგნების ნუსხა და ერთგვარი კატალოგიც კი. რასაკვირველია, სინას ქართული წიგნსაცავი მხოლოდ ადგილზე დამზადებული ხელნაწერებით არ მდიდრდებოდა, მას ემატებოდა წიგნები პალესტინის ქართული კერებიდან. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სინას ქართული ხელნაწერების კოლექციაში დაცულია როგორც საკუთრივ სინაზე დამზადებული ხელნაწერები, ისე სხვა ქართული სავანეებიდან შესული წიგნებიც.
ცნობილია სინის მთის ქართული კოლექციის ხელნაწერები, რომლებიც იქაურ წიგნად ფონდს შეემატა იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან, გეთსიმანიიდან, კაპპათიდან, გოლგოთიდან, კალიპოსიდან, პალავრიდან და ა.შ. განსაკუთრებით ბევრი წიგნი შეემატა სინას საბას ლავრიდან. საკმარისია დავასახელოთ 864 წლის მრავალთავიდან იოანე-ზოსიმეს ხელნაწერები. ცხადია, სხვა სავანეთა მოღვაწეებს სინას მთისთვის ყველა წიგნი მხოლოდ იქაური ბიბლოთეკის გამდიდრების მიზნით არ შეუწირავთ. როგორც აღვნიშნეთ, არაბთა მძლავრობისა და ქრისტიანთა შევიწროების შედეგად პალესტინის სავანეთა ბევრმა ქართველმა ბინადარმა შორეულ სინაზე უკეთესი თავშესაფარი ჰპოვა და თავისი ხელნაწერებიც იქ მიიტანა.
ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლა ცხადყოფს, რომ მწიგნობართა ახალმისულმა ჯგუფმა უნებლიეთ შეწყვეტილი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა სინას სავანეში განაგრძო. სინას ქართული ხელნაწერებიდან ბევრი ამჟამადაც ადგილზეა, ზოგი კი თბილისში, სანქტ-პეტერბურგში, პრაღაში, გრაცში, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებსა და სხვაგან. სწორედ სინას მთის ქართული ხელნაწერების შესწავლამ წარმოაჩინა სინელ ქართველთა ლიტერატურული ინტერესები და მათი გონებრივი ჰორიზონტის სიფართოვე; ცხადყო, რომ სინას სავანე, სადაც ჩქეფდა ლიტერატურულ-შემოქმედებითი ცხოვრება, ქართული კულტურის ჭეშმარიტად დიდებული კერა იყო.
როგორც აღვნიშნეთ, თითო-ოროლა ქართველი სინაზე უკეე VI საუკუნიდან ჩანს, მაგრამ ქართული სათვისტომო იქ მხოლოდ IX საუკუნეში დაარსდა, ამიტომ საუბარი სინელ მოღვაწეებსა და სინას ქართულ წიგნსაცავზე შეგვიძლია დავიწყოთ მხოლოდ IX საუკუნის მეორე ნახევრიდან. აქ ერთხელ მოყვანილი იყო ძვირფასი კრებული – 864 წლის მრავალთავი, რომელიც მაკარი ლეთეთელმა შესწირა სინას წიგნსაცავს. იგი პირველი წიგნია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ სინას ქართული სავანის ბიბლიოთეკიდან. რადგან უადრესი არაფერია ცნობილი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით იმ ხანაში იწყება ქართველთა მწიგნობრულ–საგანმანათლებლო მოღვაწეობა სინაზე და მაკარი ლეთეთელსაც შესანიშნავი ძღვენი მიურთმევია ახალფეხადგმული კერისათვის.
მაკარი ლეთეთელი ერთადერთი შემწირველი არ ყოფილა. ახალ სავანეს სხვებმაც შესწირეს წიგნები. მაგალითად, მიქაელ ფანასკერტელმა იოანე საფარელს დაამზადებინა და სინას შესწირა პალავრული კრებული (968 წ.), იოანე კუმურდოელმა (X ს.) თეოდორე წყუდელელს „წმიდისა მთისა სინისათვის“ გადააწერინა „სვიმეონ სალოსის ცხოვრება“ და სხვ. ქართული კულტურის მძლავრ კერად სინა ძირითადად X საუკუნეში იქცა. ამ პერიოდში გაიმალა იქ მრავალმხრივი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც არსებითად პალესტინის (მეტწილად საბაწმინდის) ქართული მწიგნობრული ტრადიციების გაგრძელება იყო.
განსაკუთრებული ძალით გაჩაღდა ორიგინალურ-შემოქმედებითი საქმიანობა. ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდში თხზავდა დიდებულ ჰიმნებს გამოჩენილი ქართველი მწერალი იოანე მინჩხი. სრული და სახით გამოვლინდა იოანე-ზოსიმეს შემოქმედებითი ნიჭი. უკვე აღვნიშნეთ, რომ იოანე-ზოსიმე ადრე საბას ლავრაში მოღვაწეობდა. როგორც ჩანს, შემდეგ ის სინაზე გადავიდა და იქ განაგრძო კულტურულ-ლიტერატურული საქმიანობა, კერძოდ, შეადგინა კრებულები, დაამზადა ხელნაწერები, აღადგინა და განაახლა ძველი ნუსხები სახელდობრ, გადაწერა „სახარებანი საცისკრონი წმიდათა კვირიაკეთანი", (977 წ), სახარება (978 წ.), „მამათას სწავლანი“ (979 წ.), კრებული, რომელშიც შესულია სახარების ორი თავი, „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, „კალანდაი, თქმული ეზრა წინაისწარმეტყუელისაი“ და სხვა. ძეგლები (979 წ.), „განგებანი და განწესებანი მოძღუართა მიერ მართლმორწმუნეთა, რომელსა ჰყოფენ იერუსალემს“ (982 წ.), კრებული, რომელშიც სვიმეონ მესვეტის, საბა ასურისა და სხვათა „წამება-ცხოვრებასთან“ ერთადაა ქართული ენის სადიდებელიც (982–983 წწ), იაკობის ჟამისწირვა (965 წ.), „მცირე იადგარი“ (987 წ.) და სხვ.
ცნობილია არაერთი ხელნაწერი, რომელიც იოანე-ზოსიმემ სინაზე შემოსა, სახელდობრ, ასკეტიკური კრებული (973 წ), სახარების საკითხავები (977 წ), „სვიმეონ მესვეტის ცხოვრება“ (980 წ.), „სვიმეონ სალოსის ცხოვრება" (981 წ.), 864 წლის მრავალთავი (981 წ.), „განგებანი და განწესებანი მოძღუართა მიერ მართლმორწმუნეთა, რომელსა ჰყოფენ იერუსალემს“ (982 წ), „მამათა ცხოვრება“ (983 წ), ხანმეტი ლექციონარი (983 წ.), „საკითხავი პოვნისათვის... ჯუარისა“ (986 წ.) და, სხვ. იოანე-ზოსიმე სინის მთის ქართული სამწერლობო კერის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია.
X საუკუნეშივე მოღვაწეობდა სინაზე ქართველ მწიგნობართა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. იქ იყვნენ მწერლები კალიგრაფები, ხელნაწერთა დამზადების ინიციატორები, წიგნების მმოსველები. მაგალითად, მიქაელ კათამონელი, მიქაელ ფანასკერტელი, იოანე კუმურდოელი, თეოდორე წყუდელელი, კვირიკე მიძნაძორელი, ეზრა ქობულეანისძე და სხვანი (მიქელ კათამონელმა ააკინძინა და შეამოსვინა ხანმეტი ლექციონარი, მიქაელ დეკანოზმა ხელნაწერები დაამზადებინა იოანე-ზოსიმეს, კვირიკე მიძნაძორელმა – იოანე-ზოსიმესა და ეზრა ქობულეანისძეს, კვირიკე სოხასტრელმა გადაწერა სამოციქულო, „მამათა ცხოვრება", იოანე ოქროპირის "სწავლანი", ბასილ ხუცესმონაზონმა – საგალობელთა კრებული. იმავე პერიოდში მოღვაწეობდნენ სინაზე სხვა ქართველი მწიგნობრებიც – გიორგი, მიქაელი, გაბრიელი, კვირიკე და ა.შ. მათი თავდადებული შრომით შეიქმნა ის მდიდარი წიგნსაცავი, რომელიც უკვე მოვიხსენიეთ. ამჯერად მხოლოდ იმას დავუმატებთ, რომ სწორედ ამ კოლექციამ შემოგვინახა მრავალი ქართული ორიგინალური ძეგლი (ფილიპეს, იოანე მინჩხის, იოანე-ზოსიმეს, იოანე ბოლნელისა და სხვათა თხზულებანი), მანვე შემოგვინახა სასულიერო-საეკლესიო ხასიათის (ჰაგიოგრაფიული, ასტრონომიული, ასკეტიკური) კრებულები. ამ მასალის გათვალისწინებით ერთობ სრულად წარმოჩნდება სინის ქართული სავანის როლი ეროვნული კულტურის განვითარების ისტორიაში, ნათლად ვლინდება, რომ სინას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი მწერლობისათვის.
სინის მთის ქართველ მოღვაწეებს კავშირ-ურთიერთობა ჰქონდათ არაბულ-ქრისტიანულ სამყაროსთან. ქართულ-არაბულ კულტურულ-ლიტერატურელ ურთიერთობას ადასტურებს რამდენიმე ფაქტი, სახელდობრ, სინას ქართულ ხელნაწერთა კოლექციას შემოუნახეს კვალი არაბული დამწერლობისა. ჩანს, არაბულ სამყაროში მოხვედრილმა ქართეელებმა შეისწავლეს როგორც არაბული ენა, ისე დამწერლობაც. სინას მთის ქართულ ხელნაწერებში ხშირად გვხვდება არაბული მინაწერები, რომელთა ავტორები ზოგჯერ აღნიშნავდნენ ხელნაწერის სინის მონასტრისადმი კუთენილებას, ხშირად კი წყევლა-კრულვას უთვლიდნენ მის მიმტაცებელთ;
ცნობილია ქართული ხელნაწერები რვეულების არაბული ნუმერაციით (სიტყვებით), მოღწეულია არაბული ანბანი ქართველთათვის – თითოეული არაბული ასო განმარტებულია, ახსნილია ქართული შესატყვისით; გვხვდება არაბული ხელნაწერები რვეულებისა და ფურცლების ქართული ნუმერაციით, რაც საფიქრებელს ხდის ქართველთა მონაწილეობას არაბულ-ქრისტიანულ მწიგნობრობაში. ქართველ მოღვაწეებს კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტი და ურთიერთობა ჰქონდათ საკუთრივ ქრისტიანი ხალხების წარმომადგენლებთან, სახელოვან ქრისტიანულ ლიტერატურასთან, რასაც მოწმობს თარგმანების სიმრავლე. არაა ინტერესს მოკლებული ის ფაქტიც, რომ ქართულ ხელნაწერებს აქვთ ბერძნული პაგინაცია, ხოლო ბერძნულს ქართული, ქართული ტექსტების სათაურები და ცალკეული სიტყვები დაწერალია ბერძნული ასოებით (ან პირუკუ) და ა.შ.
სინას მთის ქართული კოლონია მწიგნობრულ საქმიანობას განაგრძობდა XI საუკუნეშიც. ჩვენთვის ცნობილია ამ ხანის არაერთი მოღვაწე – იოანე სინელი, რომელმაც გადაწერა ისაკ ასურის "სწავლანი“ და სხვა ძეგლები, მიქაელ „უცბად მჩხრეკალი“, რომელმაც გადაწერა სახარება, გიორგი მანაველი, რონელმაც წიგნსაცავს შესწირა „ექვთიმე დიდის ცხოვრება“ და ა.შ. მოღწეულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელნაწერი. მართალია, თავისი ძალითა და მასშტაბით ეს ხანა წინა საუკუნეს ვერ შეედრება, მაგრამ გარკვეულ ინტერესს მაინც იწვევს. გვიანი ხანის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწეა ელიაყოფილი ელისე ჩადანისძე, რომელიც მონაწილეობდა ხელნაწერთა დამზადებაში. ცალკე უნდა დავასახელოთ „მოსახსენებელი და მატიანე პატიოსნისა წმიდისა მონასტრისა ღმრთისა დამყარებულისა სინისაი", რომელიც ზემოთაც დავიმოწმეთ. ამ დიდად საყურადღებო ძეგლის ძირითადი ფენა ელისე ჩიდანისძეს გადაუწერია.
1981 წელს ა.შანიძემ გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნა წერილი ასეთი სათაურით. „ქართული მანუსკრიპტები (ძველი ხელნაწერების აღმოჩენა სინას მთაზე)“, მხცოვანმა მეცნიერმა გვაუწყა, რომ გერმანელი ქართველოლოგის ასფალგის ცნობით, სინის ერთერთი მონასტრის წინამძღვარს ფილოთეას მესამე სირიულ სიმპოზიუმზე (დასავლეთ გერმანიაში) განუცხადებია სინაზე უცნობი ქართული ხელნაწერების აღმოჩენის შესახებ. ქართველმა მოღვაწეებმა ინახულეს სინას მთის წმინდა გიორგის ეკლესიის სამალავში აღმოჩენილი ხელნაწერები, რომელთაგან ზოგიერთი ქართულია. ვიმედოვნებთ, ახლად აღმოჩენილი ხელნაწერების გაცნობით და შესწავლით კიდევ უფრო სრული და ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება სინას ქართულ სავანეზე, კიდევ უფრო ზუსტად გაირკვევა მისი მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიაში.
წყარო: ლევან მენაბდე – ძველი ქართული კულტურის კერები