არქიტექტურა ტბეთის ტაძარი ისტორიულ შავშეთში 2024, 17 დეკემბერი, 0:20 ტბეთი – შავშეთის უმთავრესი სამწერლობო კერა, მძლავრი კათედრალი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე დიდ როლს ასრულებდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ტბეთის დიდებული ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ეს შესანიშნავი ძეგლი, ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა ააგო X საუკუნის დასაწყისში. ტბეთის ლიტერატურული კერის პირველი წარმომადგენელია კათედრალის პირველივე მღვდელმთავარი სტეფანე მტბევარი, IX-X საუკუნეთა მიჯნის მწერალი, რომელიც თავის დროზე დიდი სახელითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. 914–915 წლებში მან დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება „წამებაი წმიდისა მოწამისა გობრონისი, რომელი განიყვანეს ყველის ციხით", რომელშიც აღწერა ქართველ მამულიშვილთა ვაჟკაცური თავგანწირვა სამშობლოსათვის, ქართველი მეომრის გობრონის მოწამებრივი თავგადასავალი. X საუკუნეში ტბეთში მოღვაწეობდა ჰიმნოგრაფი იოანე მტბევარი. მისი ჰიმნები გვხვდება მიქაელ მოდრეკილის კრებულში, რაც საფიქრებელს ხდის, რომ 978–988 წლებში, როდესაც მიქაელი ქართული სასულიერო პოეზიის ძვირფას ქმნილებებს კრებდა, იოანე მტბევარი უკვე აღიარებული ჰიმნოგრაფი იყო. 46 3-ს მოსწონს
|