.
კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა და ბრალი დაუმძიმდა. გამოიკვეთა, რომ ბრალდებული თანაცხოვრების დროს კესარია აბრამიძეზე მუდმივად ძალადობდა. ამის შესახებ ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბექა ჯაიანს ბრალდება დაუზუსტდა - კერძოდ, სისტემატურად ცემის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ბრალდების მიხედვით, ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.
.
26 წლის ჯაიანს გამოძიება კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას ედავება. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მოსამართლემ 20 სექტემბერს შეუფარდა.
.
კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, დიდ დიღომში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. მალევე დააკავეს ბექა ჯაიანი. გავრცელდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, რის მიხედვითაც დანაშაულის დროს ჯაიანმა კესარიას სახლში სულ რამდენიმე წუთი დაჰყო და შემდეგ სირბილით დატოვა შენობა.
.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
.
პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი გენდერული იდენტობიდან გამომდინარე აყენებდა შეურაცხყოფას გარდაცვლილს, რაც, მისივე თქმით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება. ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოში, სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
.
„მაშინ, როდესაც ბრალდების მხარემ კვალიფიკაციად განსაზღვრა გენდერის ნიშანი და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, ეს გამომდინარეობს ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიდან. გარდაცვლილის მეგობრების, მეზობლების მიერ არის მოწოდებული, ჩვენებებით არის დადასტურებული ის ინფორმაცია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბექა ჯაიანი გენდერის ნიშნით და გენდერული იდენტობიდან გამომდინარე აყენებდა შეურაცხყოფას გარდაცვლილს [კესარია აბრამიძეს]. ეს მოხდა არა მხოლოდ დანაშაულის ჩადენის დროს, არამედ, მანამდეც, რაც ამ ეტაპზე, დადასტურებულია ჩვენებებით“, - თქვა პროკურორმა.
.
პროკურორის ცნობითვე, ბრალდებულმა ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ კესარია აბრამიძე ტრანსგენდერი ქალი იყო, ამავდროულად, მისივე სიტყვებით, მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობისა და სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, „რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის, ისე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი“.
.
„მისი მოთხოვნა იყო გარდაცვლილის მიმართ, რომ ეს ინფორმაცია [ურთიერთობის შესახებ] არ გასაჯაროებულიყო“, - თქვა პროკურორმა.
მისივე თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, ტაქსით გაემგზავრა. გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლის ჩვენებით დასტურდება, რომ ბექა ჯაიანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.