საზოგადოება „ოპოზიციას, ოპომედიას და სხვა სტრატკომებს თუ რამის შეცვლა უნდათ, საკუთარი თავით დაიწყონ“ - შოთა დიღმელაშვილი დღეს, 19:10
.
“2022 წლის 3 ივლისს, რიგი მიზეზების გამო, აქციას სწორი გაგრძელება ვერ მოვუძებნეთ – 20 ივნისს მოვიდა 100 ათასზე მეტი, 3 ივლისს 70-ზე ნაკლები, ღამე არავინ დარჩა ერთი ასეულის გარდა და კანცელარია ვერ დაიბლოკა.”- წერს აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი, რომელიც 2022 წლის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და წამყვანი იყო. ის საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც მაშინდელი მუხტი დაიკარგა.
“მეორე დღეს, პოლიტიკოსებმა და მათმა აქტიურმა მხარდამჭერებმა გამოიშვირეს თითი და თქვეს, რომ ხელში გვეჭირა ქვეყნის მომავალი და გავუშვით. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიშვირეს თითი და თქვეს, რომ 20 ივნისის წარმატება ყველასი იყო, 3 ივლისის წარუმატებლობა კი მხოლოდ ჩვენი და ენჯეო ფორმატებიდან მოგვკვეთეს. . ოპოზიციურმა მედიებმა გამოიშვირეს თითი და თქვეს, რომ ეთერებში არ უნდა ვიყოთ და სრულ მედიაბლოკადაში მოგვაქციეს. წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ “სირცხვილიამ” აიღო. პირადად კი ჩავთვალე, რომ დაუმსახურებლად ვიყავი ამ მოვლენების ავანგარდში, ზედმეტი ავიღე თავზე, ვიღაცები უკეთ შეძლებდნენ და წავედი, ადგილი გამოვათავისუფლე. . თითგამოშვერილები ერთად გაუძღვნენ პროცესებს, რისგანაც ერთი ხელჩასაჭიდი გამარჯვებაც არ დარჩენილა. ამ პერიოდში იმედის ნათელი სხივი ისევ თვითორგანიზებული ჯგუფები იყვნენ. თუმცა ამდენი კონტრპროდუქტიული კამპანიის და წარუმატებელი აქციის შემდეგ, არც პასუხისმგებლობას იღებს ვინმე რამეზე, არც რაიმე ტიპის თვითრეფლექსიით კავდება. . მოკლედ, ოპოზიციას, ოპომედიას და სხვა სტრატკომებს თუ რამის შეცვლა უნდათ, საკუთარი თავის შეცვლით უნდა დაიწყონ. დროა პატარა სოულსერჩინგით (სულის ძიებით) დაკავდნენ და პირველ რიგში თვითონ მოგვცენ იმ დემოკრატიული ცვლილებების მაგალითი, რომელზეც ამდენს საუბრობენ.”– წერს შოთა დიღმელაშვილი. . აქვე იმასაც დავამატებდი, რომ როცა საჭირო იყო, სირცხვილიამ პარლამენტის სხდომაც ჩაშალა - ცოტა ხალხის მიუხედავად, რის გამოც მდინარაძემ “ბიოტერორისტებად” გამოაცხადა. ამ “ტერაქტზეც” აიღო სირცხვილიამ პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობაში არავის დეპუტატის იმუნიტეტი არ იცავდა – აღნიშნავს აქტივისტი.' . ვფიქრობ, ოპოზიციამ უკვე უნდა დაიწყოს ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება, რომელიც სულ რამდენიმე თვეშია. ეს დრო მალე გავა და მკვდრის წვალებას ცხოვრებაში ერთხელ გრძელვადიანი პროცესის დაგეგმვა ერჩივნოთ.
(ვიღაცა იკითხავს, არჩევნებს რაღა აზრი აქვსო, მაგრამ არჩევნებში 70/30 რეალური მხარდაჭერა ვერ აკუმულირდება ოპოს სასარგებლოდ, მაშინ სხვა გზებიც წინასწარ განწირულია)
.
ამასთანავე, საჭიროა, საზოგადოების აქტიური წევრები საინიციატივო ჯგუფებად დაიქსელონ, დიდი აქციები ცოტა ხნით დაივიწყონ და წინააღმდეგობის პატარა, მაგრამ რეზონანსული და კრეატიული აქტებით განაგრძონ გზა მომდევნო მომენტუმამდე, რომელიც აუცილებლად დადგება.
.
ოპო მედიების ნაწილს დიდი ალბათობით ფინანსური პრობლემები შეექმნება, თუმცა ინტერნეტარხებზე გადაწყობაა საჭირო, პატარ-პატარა პოდკასტ სტუდიებით, რომელიც სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს დაფარავს. ჩვენებური “ლეგასი მედია” უნიჭო რეალიტი შოუდ არის ქცეული, იდიოტური სარედაქციო ქენსელ-პოლიტიკით, რომლის რეიტინგი არ აისახება აქტიურ მხარდაჭერაში
ყველაზე მეტად ახლა მემარცხენე ჯგუფების გაძლიერების იმედი მაქვს - მხოლოდ ისინი არიან ახლა იმ პოზიციაში, რომ გრასრუტ პროტესტის გაღვივებისთვის აუცილებელი შინაარსები აწარმოონ. პოლიტიკა ადამიანებს აინტერესებთ, ხოლო პოლისი - ეხებათ.
.
როცა საამისო ემოციური ფონი ჩამქრალია, აქციის მომზადებას სჭირდება რამდენიმედღიანი მოსამზადებელი სამუშაო. ასე ჰაი-ჰარალეზე აქცია დავნიშნე და ხალხი გამოვიდა - არ ხდება.
კარგი მაგალითია 2022 წლის 20 ივნისის პროევროპული აქცია - ამ დროს არანაირი ემოციური წინაპირობა არ არსებობდა, თუმცა ბრიფები ერთი თვით ადრე დაიწერა, საინფორმაციო კამპანია დაიწყო ორი კვირით ადრე, რომელიც მოიცავდა როგორც სატელევიზიო, ისე ინტერნეტ კონტენტს და სხვადასხვა ინტერესჯგუფებთან ცოცხალ ურთიერთობას.
იმავე დღეებში, პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, თავად დაენიშნა იგივე შინაარსის აქცია - არა პარლამენტთან, არამედ ევროპის მოედანზე და 20 ივნისის აქციის გაუქმება ითხოვა - ეს ყოველივე საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე - რაზეც თავაზიანი უარი მიიღო.
.
საბოლოოდ პრეზიდენტის მიერ ზუსტად 20 ივნისის წინ ჩანიშნულ აქციაზე მივიდა რამდენიმე ათეული ადამიანი და ელჩები, ხოლო 20 ივნისის აქციაზე მომსვლელთა რაოდენობამ პირველად უახლეს ისტორიაში 100, 000 ადამიანს გადააჭარბა. არა და ის პრეზიდენტმა ჩანიშნა, დიდ პრესკონფერენციაზე სასახლიდან დაანონსდა. ეს კი “სირცხვილიამ” შეზღუდული მედია და სხვა რესურსებით.
აი, ამხელა მნიშვნელობა აქვს მომზადებას, კარგად დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიას და ინტერესთა ჯგუფებთან ცოცხალ ურთიერთობას.
.
98 შეფასება არ არის
|