საზოგადოება „ისტორიის ახალ სახელმძღვანელოებში გიული ალასანია თუნდაც მცირე ადგილს დაიკავებს“ - მიხეილ სააკაშვილი 11 ნოემბერი, 17:51
,
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედას, გიული ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს. როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, გიული ალასანია ცდილობს, ფეხზე დააყენოს და მასთან საუბრისას მუდმივად იმეორებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ბრძოლა საჭიროა ბოლომდე.
სააკაშვილის თქმით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში გიული ალასანია მისთვის აკეთებს და რასაც უძლებს.
. „დღეს დედაჩემი, გიული ალასანია 78 წლის გახდა. დღესაც მისი დილა დაიწყება, ისევე როგორც იწყებოდა ბოლო ორწელიწად-ნახევარი, რაც კლინიკის საპყრობილედ გადაკეთებულ პალატაში გადამიყვანეს, დილით ადრე გაიღვიძებს, მომიმზადებს საუზმეს, რაც, როგორც წესი, მოიცავს ორ მოხარშულ კვერცხს, შვრიის ფაფას და ერთ მსხალს ან ვაშლს. . შემდეგ დაახლოებით ერთ საათს უხდება „ვივამედამდე“ გზის გავლას და აქ კი უხდება 45-50 წუთის ლოდინი, რაც შედგება ორჯერ გაჩხრეკისგან და შემდეგ „ზემდგომი ორგანოსგან“ 20-25 წუთი ნებართვის ლოდინისგან (რაც ხანდახან 1 საათამდე იწელება ხოლმე); შემდეგ შემოდის ჩემთან, ყოველთვის გაღიმებული, არ იმჩნევს, თუ ზოგჯერ შეუძლოდ არის, საკნის ზღურბლთან ტოვებს ყველანაირ წუხილს, რათა მე არაფერი შევამჩნიო და ცდილობს, თუნდაც მცირედი, მაგრამ კარგი ამბავი მომიტანოს. . ასევე ცდილობს, მაიძულოს, ფეხზე დავდგე, ცოტა ვივარჯიშო, თან მიყვება თავის სამეცნიერო კვლევებზე (ახლა განსაკუთრებულად ჩართულია შოთა რუსთაველის პიროვნებაზე ახალი სამეცნიერო ცნობების მოპოვებაში), უსწრაფესად გადის ხოლმე ეს დრო და შემდეგ მიეშურება თავის უნივერსიტეტში, სადაც აწყობს საერთაშორისო კონფერენციებს, ხვდება მკვლევრებს და სტუდენტებს. . ამის შემდეგ უნივერსიტეტის ბუფეტში ყიდულობს ჩემთვის ვახშამს და ისევ ერთსაათიანი გზის და თითქმის ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ შემოაღწევს ხოლმე ჩემთან. მთელი ეს დრო სულ მიმეორებს ხოლმე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ბრძოლა საჭიროა ბოლომდე და ამავე დროს, ამ ყველაფერს ხმამაღლა იმიტომაც ამბობს, რომ თვითონაც დაიჯეროს. ამასობაში დგება 6 საათი, ბოლო ვადა, რომლამდეც ის დაშვებულია და ბრუნდება სახლში პიკის საათის დროს, სადაც უკვე ელოდება ბევრი სხვა ადამიანი, რომელსაც ასევე სჭირდება ნუგეში და გამხნევება და რაც მესმის, ამასაც ახერხებს. ჩვენ ყოველთვის ახლოს ვიყავით ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მარტოხელა დედა მხვდებოდა ხოლმე ჯერ საბავშვო ბაღთან, შემდეგ – სკოლასთან და დავყავდი ინგლისურზე, იქიდან – კალათბურთზე, სადაც მთელ ვარჯიშს ესწრებოდა, შემდეგ – ფრანგულზე და მოგვიანებით – ესპანურზე და წყალბურთზე. საღამოობით კი საათობით მიკითხავდა მხატვრულ ლიტერატურას. . დავყავდი ხოლმე თავის სამსახურშიც, ისტორიის ინსტიტუტში, სადაც მისი თანდასწრებით ვსწავლობდი გაკვეთილებს, თვითონ კი პარალელურად ბევრს მუშაობდა, ასე რომ, 28 წლის ასაკში – 50 წლის წინ უკვე მეცნიერებათა დირექტორი იყო, რაც მაშინ ძალიან იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა. არდადეგებისთვის კი საგანგებოდ გადადებდა ხოლმე ფულს, რათა წავეყვანე ბორჯომში ან ეყიდა ახალი უცხოური თხილამურები, რათა მესრიალა ბაკურიანში. , ყოველთვის ვიცოდი, რომ ძლიერი იყო და ყველაფრის გადატანა შეეძლო, თუმცა რასაც ეს ბოლო წლები აკეთებს და უძლებს, ამან ჩემს ყველა მოლოდინსაც გადააჭარბა. რა თქმა უნდა, ჩემი პრეზიდენტობის დროს და განსაკუთრებით მერეც ბევრი ტალახი გადაასხეს, მაგრამ ამავე დროს ის არის განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, იმ ადამიანების დიდი სიყვარულით გარშემორტყმული, რომელთაც ხვდება ქუჩაში, მაღაზიებში და სხვა საჯარო ადგილებში. . დეტალურად გადმომცემს ხოლმე, ვინ სად გაუღიმა, რა თბილი სიტყვა უთხრეს, იმასაც კი, რომ ვიღაც კეთილი თვალებით უყურებდა, რომ სადღაც ფული ცოცხალი თავით არ გამოართვეს, მუდმივად მიმეორებს, რომ გარეთ ბევრ ადამიანს ვჭირდები. . მიყვება ჩემს შვილებზე – ნიკოლოზზე, რომელსაც თან ჰყვება, როცა კი თბილისში ჩამოდის თავისი მსოფლიო ტურნედან; ალისაზე, რომელთანაც საოცარი ორმხრივი სასიყვარულო კავშირი დაამყარა, ისე, რომ ალისა თვითონ ურეკავს დღეში რამდენჯერმე, როგორც საუკეთესო დაქალს და თავის ამბებს უყვება. და კიდევ ერთი – მთელი ეს პერიოდი, როცა ბევრჯერ ეჭვი გამჩენია, ვიდექი თუ არა სწორ გზაზე, გიული ყოველთვის მამხნევებდა და შთამაგონებდა, რომ სამშობლოს სიყვარული მაინც უპირველესია. . აკეთებდა და აკეთებს ამას ისტორიული მაგალითების მოშველიებით და როცა ეჭვი შემეპარება ხოლმე საკუთარ თავში ჩემი მიღწევებით დაწყებული ადრე ბავშვობიდან. მან მასწავლა, რომ ფული ბევრს არაფერს ნიშნავს და მთავარია წესიერება და საზოგადოების მსახურება. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოშორდა ამ წლებში, რომლებიც გაირკვა, რომ მხოლოდ გამორჩენის მიზნით იყვნენ მასთან, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნა და შეიძინა ბევრი უანგარო მეგობარი. . ჩვენთან გმირი დედის წოდებას ანიჭებდნენ იმ ქალბატონებს, ვისაც ყველაზე მეტი შვილი ჰყავს. გიულის ვყავარ ერთი შვილი, მაგრამ მინდა, თქვენ თვითონ განსაჯოთ, არის თუ არა, რასაც ის გადის, ნამდვილი გმირობა. ის დღეს ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორია, მაგრამ მოვა დრო და როცა სხვები დაწერენ ახალ სახელმძღვანელოებს, მგონი, სწორი იქნება, თუ იქ გიული ალასანია დაიკავებს თუნდაც მცირე, მაგრამ დამსახურებულ ადგილს. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო გიულიკო! უსაყვარლესო და უმაგრესო!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი. 117 შეფასება არ არის
|