x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
„როცა დიასა ჩემ გვერდითაა, თავს უფლებას ვაძლევ, მოვდუნდე და აღარ ვიყო მებრძოლ ქალობაზე ორიენტირებული“ – სალომე კაპანაძე
image

.

ინფლუენსერი და ბლოგერი სალომე კაპანაძე ფართო საზოგადოებამ პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო. მისი პირველი სასიყვარულო თავგადასავალი საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა და ამაში საზოგადოების დიდი როლიც იყო. თუმცა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. სალომე დაშორდა იმ ადამიანს, თავისი საქმიანობა განაგრძო, იყიდა საოცნებო ბინა, გაარემონტა და დიასას სახით, საყვარელი მამაკაციც ჰყავს გვერდით. ამბობს, რომ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობაზე ხმამაღლა საუბარს მოერიდება, თუმცა, ჟურნალ „თბილისელებს“ ინტერვიუში ეს ამბავი გაუმხილა.

.
სალომე კაპანაძე: საქმეში მიმართლებს, ამ მხრივ, იღბლიანი ვარ, რადგან ნულიდან დავიწყე ყველაფერი და გამიმართლა. მაგრამ, ჩემი დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არ მიმართლებს პირად ურთიერთობაში. პირად ურთიერთობებში ვგულისხმობ მეგობრობას, სიყვარულს... ვერ ვიტყვი, ამ მხრივ იღბლიანი ვარ-მეთქი.


– არასდროს გიფიქრია, ამ უიღბლობის მიზეზი საკუთარ თავში გეძებნა?

– როგორ არა. მაგრამ ესეც არასწორია, მხოლოდ საკუთარ თავში ეძებო უიღბლობის მიზეზები. მე რეალურად ვაფასებ სიტუაციას, ძალიან თვითკრიტიკული ვარ და პირველ რიგში, საკუთარ თავში ვეძებ მიზეზებს. მაგრამ, გამუდმებით ადანაშაულებდე საკუთარ თავს ყველაფერში, არასწორია. მოკლედ, რაღაცებში ვარ იღბლიანი, რაღაცებში - არა (იცინის).

– გავრცელდა ხმები, რომ შენ და დიასას შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო და ერთად ხართ. ეს სიმართლეა?

– ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა, რაც პროექტი დასრულდა, დაახლოებით, ერთი თვეა. ვხვდები, რომ ეს ადამიანი ჩემია. პირველი სასიყვარულო ურთიერთობიდან გამომდინარე, იმდენად საჯარო და მტკივნეული იყო ეს ყველაფერი, ვაპირებდი და სულ ვამბობდი, თუ ისევ ურთიერთობას დავიწყებ, რა უნდა მოხდეს, რომ საჯაროდ გამოვიტანო-მეთქი (იცინის). მაგრამ, ვფიქრობ, დამალვას აზრი არ აქვს. სანამ ჭორები აგორდება, მირჩევნია, სიმართლე ჩემგან გაიგოს საზოგადოებამ. „პრაიმ ჰაუსში“ მე და დიასამ მთელი ოთხი თვე ვიცხოვრეთ ერთ ჭერქვეშ, კამერებთან და ერთმანეთი ძალიან კარგად გავიცანით. ეს ოთხთვიანი ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება რომ დამთავრდა, მერე უფრო გავიაზრეთ და მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ძალიან ახლო ადამიანები ვიყავით. პროექტში საერთოდ სხვა ფიქრები, ემოციები და შეგრძნებები გაქვს, პირადი ურთიერთობისთვის რთულია, იქ მოიცალო. მოკლედ, პროექტში დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და იქიდან რომ გამოვედით, კიდევ უფრო გაღრმავდა და დღეს იმ ეტაპზე ვართ, დამალვას აზრი არ აქვს. კიდევ ვამბობ, არ ვაპირებდი გასაჯაროებას, მაგრამ ჭორებიდან გაგებულს სჯობს, ეს ამბავი და სიმართლე თავად გავამხილო. ენერგეტიკულად ჩემი ადამიანია, ერთი ხასიათის ვართ და დამთხვევაა, რომ ორივე 5 თებერვალს დავიბადეთ, „მერწყულები“ ვართ. თუ ასტროლოგიური კუთხით შევხედავთ, არც ისეთი მარტივი ურთიერთობა უნდა იყოს ჩვენ შორის, მაგრამ ხასიათები, ინტერესები ერთნაირი გვაქვს. თუმცა, ამ ურთიერთობაზე ბევრი საუბარი არ მინდა, რადგან ვაღიარებ, დისკომფორტს განვიცდი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე და ისევ და ისევ არ მინდა ხალხისა და საზოგადოების ჩარევა, ჩვენს ურთიერთობაზე რომ ცუდი გავლენა მოახდინოს. გავამხილე, მაგრამ ჩვენზე ბევრი საუბარი ნამდვილად არ მინდა.

.

ერთს გეტყვით, არ არსებობს, სადმე წავიქცე და არ წამოვდგე, ისევ არ გავაგრძელო გზა და არ ვიბრძოლო. ამდენი ხნის განმავლობაში, ხომ მოვდივარ მებრძოლი და ძლიერი ქალის სახელით, რომელიც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ დიასას გვერდით, თითქოს მოვდუნდი. ჩემს თავს უფლებას ვაძლევ, როცა ის ჩემ გვერდითაა, ცოტა ხნით მოვდუნდე, ვიყო მშვიდად და აღარ ვიყო ძლიერ და მებრძოლ ქალობაზე ორიენტირებული. კარგია, ქალი რომ ძლიერია, მაგრამ იღლები და ხვდები ამ სიძლიერესთან ერთად, ბედნიერიც უნდა იყო. ძლიერ ქალს ცოტა ხნით მოდუნებისა და მოშვების საშუალებაც გინდა და კარგია, რომ ამის საშუალება მომეცა. დიასას გვერდით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ვდუნდები და ვხვდები, რომ ირგვლივ სიმშვიდე და სიწყნარეა. არ ვიცი, ხვალ რა მოხდება, წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ დღეს ბედნიერი ვარ, კარგად ვარ და მშვიდი პერიოდი მაქვს.

– ეს წელი შენთვის სასიამოვნოდ დაიწყო. გარდა იმისა, რომ შენ გვერდით საყვარელი მამაკაცი გამოჩნდა, ასევე, აიხდინე დიდი ხნის ოცნება და საკუთარი, ახალი სახლიც გაქვს.

– დიდი ხანია, ვგეგმავდი სახლის ყიდვას და ეს ოცნებაც ავიხდინე. ბავშვობაში, ოცნებაში როგორ სახლსაც წარმოვიდგენდი, ზუსტად ისეთია. სხვათა შორის, ამაზეც გავრცელდა ჭორი, მაგრამ დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობდი, ვაგროვებდი ფულს, ნამდვილად მე ვიყიდე და არავის უჩუქებია. ჩემი ოცნების სახლიც მაქვს და რაც მთავარია, მაქვს საკუთარი, ცალკე გარდერობის ოთახი, რომელიც სულ მინდოდა, მქონოდა. სახლი ისე მოვაწყვე, როგორც მე მინდოდა, ჩემი გემოვნებით. ზოგადად, სულსწრაფი ვარ, რასაც ვიტყვი დღეს, დღესვე მინდა. სახლი დღესვე და ახლავე ვერ გამოვიდოდა, მაგრამ უსწრაფეს დროში გავაკეთე რემონტი, ავეჯიც შევიძინე და გადავედი საცხოვრებლად. ორი თვე დამჭირდა და ყველაფერი ჩემს გემოზე გავაკეთე – ბევრი განათებით, ღია ტონალობაში, კრემისფერი და ოქროსფერი დეტალებით. მიყვარს ნათელი ფერები და არ გადავტვირთე ზედმეტი დეტალებითა და ავეჯით. ძალიან მომწონს ჩემი ახალი სახლი, თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ. რომ შევდივარ ჩემს საოცნებო ბინაში და კარს მივიკეტავ, ამაყი ვარ, ვხვდები, რომ მაგარი გოგო ვარ, ჩემი შრომითა და წვალებით მივაღწიე იმას, რაც მინდოდა. ჩემი სიძლიერე ისაა, რომ არ ვჩერდები, არ ვიხედები უკან, არ ვყოვნდები ერთ ადგილას, სულ წინ მივდივარ. ბინა ჩემი ოცნების ნაწილი იყო და ესეც ავიხდინე. გული მწყდება, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ შეიძლება, ახალგაზრდა გოგომ, მარტომ, თავისი შრომით შეიქმნას საკუთარი ბედნიერება, აიხდინოს სურვილები. მანქანაა თუ სახლი, ყველაფერს ვიღაცას აწერენ, თითქოს სხვამ მიყიდა ან მაჩუქა. ამაზე გული მწყდება.

– ალბათ, ეს იმიტომ რომ დღევანდელ დროში ახალგაზრდა გოგომ დამოუკიდებლად იყიდო მანქანა, ბინა და აიხდინო სურვილები, ცოტა რთულია.

– მარტივი არ არის დღევანდელ დღეს სახლი და მანქანა დამოუკიდებლად იყიდო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, დღეს გადავწყვიტე და დღესვე ვიყიდე, ასე არ ყოფილა. ამ ყველაფრისთვის წლების განმავლობაში ვაგროვებდი ფულს და ამ შრომის ფასს რომ ვერ ხვდებიან და ჩემში ვერ ხედავენ, სწორედ ამაზე მწყდება გული. თუმცა, იმ ადამიანებმა, ვინც ჩემ გვერდითაა, ზუსტად იციან, როგორი შრომის ფასად დამიჯდა ოცნებების ახდენა. ქმრისგან, მამისგან, საყვარელი მამაკაცისგან თუ მეგობრისგან ნაჩუქარი ძალიან კარგია... ეჩუქებინათ, უარს არ ვიტყოდი, მაგრამ არ უჩუქებიათ (იცინის). ყოველთვის და ყველგან ვიტყვი, რომ რაც მაქვს, ჩემი წვალებითა და შრომით მაქვს. დიდი ხნის ოცნების შემდეგ მოვედი დღევანდელობამდე და არა სხვისი დახმარებებითა და ჩუქებებით.

– მიუხედავად იმისა, რომ ასაკით დიდი არ ხარ, საკმაოდ რთული პერიოდები გამოიარე. როგორ დაძლიე სირთულეები, წინაღობები, ბარიერები, შეურაცხყოფები, ნეგატიური დამოკიდებულებები და ვინ იდგა ამ დროს შენ გვერდით ერთგულად?

– გააზრებული მაქვს, რომ ასეთ დროში ვცხოვრობთ, სოციალური ქსელების პერიოდია და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს – მშვიდად ცხოვრობდე, დაიძინო, გაიღვიძო და შენს თავს საშინელება მოხდეს, თუნდაც ერთი ვიდეოთი ან ფოტოთი. ან ერთი ჭორით ან ამბით. მე ეს გააზრებული მაქვს, რადგან ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი გასაჯაროებული მაქვს სოციალურ ქსელში, ძალიან პირადულს თუ არ ჩავთვლით. ეს ჩემი არჩევანია და შესაბამისად, ნეგატივისგანაც არ ვარ დაცული. მზად ვარ, რომ თითოეულ ჩემს ნაბიჯს შეიძლება, განხილვა მოჰყვეს. რაც შეეხება გვერდით დგომას, რთულ პერიოდებში ისევ ჩემი თავი დამეხმარა და შემდეგ ის ადამიანები, ვინც იმ პერიოდში იყვნენ ჩემ გვერდით.

– იყვნენ რატომ? აღარ არიან?

– სამწუხაროდ, მეგობრებისგან ღალატის მსხვერპლი ხშირად გავმხდარვარ და ამაზე ძალიან მწყდება გული. ამიტომ ვთქვი ინტერვიუს დასაწყისში, მიმართლებს საქმეში და არა ურთიერთობებში-მეთქი. ღალატი მეგობრებისგან არაერთხელ ყოფილა, თუმცა მიპატიებია, არ ჩამიდია გულში. პატიება კი შემიძლია, მაგრამ ადამიანზე ერთხელ თუ ჩავიქნიე ხელი, მერე მასთან ვეღარ მექნება ურთიერთობა. მოკლედ, ვპატიობ, მაგრამ ურთიერთობებს ვწყვეტ. ძალიან მიმნდობი ვარ და ჩემში ეს თვისება არ მომწონს. ზოგადად, შუალედის დაჭერა არ შემიძლია – ან ჩემია ადამიანი, ან – არა. ზოგადად, ხომ ამბობენ სხვის მაგალითზე სწავლობენ ჭკუასო... მე – პირიქით, ჩემს მაგალითზე მირჩევნია ჭკუის სწავლა. უბოროტო ადამიანი ვარ, მჯერა კარმის და თუ რამე ნეგატიური გავიფიქრე, იმწუთას შიში მიპყრობს და ჩემს თავს ვტუქსავ: რას აკეთებ, სალომე? ხომ იცი, უკან მოგიბრუნდება! მჯერა, რომ რასაც გააკეთებ, უკან გიბრუნდება. ამიტომ, ვექცევი სხვას ისე, როგორც მინდა, მე მომექცნენ. ყოველი დღე, წამი და წუთი გაწერილი მაქვს, არცერთი დღეს არ ვტოვებ გეგმის გარეშე. რის გაკეთებასაც ვგეგმავ, ფურცელზე მაქვს ჩამოწერილი. ახლა სტაბილურად ვარ, თუმცა მაქვს რაღაცები დასალაგებელი და იმედია, ესეც დალაგდება და ეს ოცნებებიც ამიხდება. დღეს თამამად შემიძლია, ვთქვა, ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი გეგმები რომ შესრულდება, მერე უბედნიერესი ვიქნები.

ნონა დათეშიძე - თბილისელები

0
169
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0