x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138375
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512061
"ეხლა აზიელობა უფრო საბიაბრუო სახელია, ვიდრე თავმოსაწონებელი"-ილია ჭავჭავაძე
image8 ნოემბერი დიდი ილიას დაბადების დღეა, რომელიც ერმა წმინდანად შერაცხა, დღეს გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის ანალიტიკურ წერილს აზიაზე, თუ როგორ რა მიზეზით ჩამორჩა ევროპულ ცივილიზაციას.






აზია, რომელიც ერთს დროს მამამთავარი იყო ცივილიზაციისა, და რომელსაც დღესაც ევროპის მეცნიერნი ცივილიზაციის აკვანად ჰხადიან, დიდი ხანია ჩრდილშია მიმდგარი, და ეხლა თუ ვინმე ახსენებს, — ან იმისთვის, რომ როგორ და რა გზით გამოვწოვო მისი ხელუხლებელი სიმდიდრეო, ან იმისთვის, რომ ხელთ იგდოს მისი რომელიმე მხარე და ყურმოჭრილ ყმად იყმოს იმ მხარის მემკვიდრენი, ისევ — რასაკვირველია — გამოსაწოებლად და მოსაწველად. მეცნიერებით, ხელოვნებით, ხელოსნობით შეჭურვილმა და ძლევამოსილმა ევროპამ პირში ჩალა გამოავლო ამ მოხუცს ქვეყანას, რომელიც ერთს დროს მთელის ქვეყნის ბედის წარმატებას სათავეში ედგა, და ეხლა იმ ქვეყნის შვილობა, სად პირველ ფეხი აიდგა ცივილიზაციამ და საიდამაც მისი შუქი მთელს ცასაქვეშეთს პირველ მოეფინა, სამარცხვინოდ მიაჩნიათ უფრო, ვიდრე სასახელოდ. ეხლა აზიელობა უფრო საბიაბრუო სახელია, ვიდრე თავმოსაწონებელი.


ესეც უნდა მომხდარიყო. ისტორია და წარმატება იმისი-კი არ არის, ვინც მარტო თავის-თავის ავკარგიანობას შეჰხარის, ვინც მარტო დღევანდელობას — ავია თუ კარგი — ჰკმარობს, ვითარცა ხელშეუვალს რასმე ანდერძს მამა-პაპეულს, არამედ იმისია, ვინც მას არა ჰკმარობს — რაც დღეს არის, და ვისაც დღევანდელობა მარტო ხიდად მიუჩნევია ხვალისათვის და არა ბინად, საცა კაცმა თავი უნდა შეიკეტოს, როგორც სამუდამო სადგურში, სამუდამოდ გულზე ხელ-დასაკრებად და მოსასვენებლად. ტყუილად-კი არა სთქვა ტურგენიევმა, რომ ეს ქვეყანა ტაძარი-კი არ არის, საცა კაცი უნდა ჰლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და ჰმუშაობდესო.



ისტორია და წარმატება — მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპიელი, და ბურთი და მოედანიც იმას დარჩა. იგია დღეს გამგებელი ქვეყნიერობისა, იგია დღეს ქვეყნის უღლის მწეველი და იგივეა ქვეყნის სიკეთის მკრეფავი და პატრონიცა. ამა ქვეყნის მადლის თაფლსა მარტო ევროპიელიღა იღებს ქვეყნის სკისაგან, რომელსაც ხან იქით უბრუნებს პირს, ხან აქეთ, იმისდა მიხედვით, როგორც და საითაც უჯობს, რადგანაც ამისათვის ბარიც ხელში აქვს და ნიჩაბიც, ესე იგი, მეცნიერება და მხნეობა, ჭკუა და ხელი. ამ მეცნიერებასა და მხნეობას, ამ ჭკუასა და ხელს ამოქმედებს დაუღალავი წყურვილი ხვალის უკეთესობისა და მწვავი უკმარობა დღევანდელობისა. ამ ორ გრძნობათაგან წარმოსდგება ის ძლევამოსილი წინმსვლელობა, ის დიადი წარმატება, რომელიც ყარამანსავით ყაფის მთას მხრებზედ დაიყენებს, რომ ქვეშ ჯარმა მშვიდობით და უწყინარად გაიაროს.




რამ დაჰმართა ეს ამბავი აზიას? რამ დაუხუთა მუხლი მსვლელობისა და ერთს დროს წინმავალი ქვეყანა, ეხლა ასე უკან რამ დააყენა? იმან თუ — რომ თავისი საკუთარი ძარღვები დააწყდა, თავისი საკუთარი საგზალი წინმსვლელობისათვის შემოაკლდა, თუ სხვა რამ მიზეზმა მოსჭრა სულიერი და ხორციელი მუხლი, — ამის გამოძიებას ჩვენ არ შევუდგებით. ეს-კი აშკარაა, რომ მისი წარმატება შესდგა, შეჩერდა, და აზია დღევანდელს დღეს ანგარიშში მოსატანი არ არის, როცა ქვეყნის წინმსვლელობაზე ვლაპარაკობთ. ამასთან აზიის უბედურება ის იყო, რომ ეს შედგომა, შეჩერება, თითქო ვერ იგრძნო, ვერ იცნო, — პირიქით, რაცა ჰქონდა, სასულიერო თუ სახორციელო, იმას დასჯერდა და თავმოწონებული შეჰხაროდა, თითქო იმაზე უკეთესი სხვა აღარა ეგულება-რაო ქვეყნიერობაზედ. ამით კმაყოფილმა თავი ცალკე შეიკეტა და გარედამ აღარ მიიკარა არც ამაყვავებელი შუქი მზისა, არც გამაცოცხლებელი სიო. ამ ყოფაში ჩავარდა ჩინეთი, მისი მიმყოლი იაპონია, რომელთაც არავინ აღარ მიიკარეს და ამისათვის მაგარი ზღუდე შემოავლეს თავის არემარეს. თითქმის ამ ტყუილს თავმოწონებასა და კმაყოფილებას მიეცა სპარსეთიცა, საცა სასულიერო წოდებამ მოსლემინებისამ შეჰკრა და შეჰბოჭა გონება და გული მთელის ერისა და თვალები აუბა იმდენად, რომ თავისზედ უკეთესს სხვას არავის ჰხადიდა.


დღეს, ესე ნებიერად და ტყუილ თავმოწონებით ყოფნა შეირყა თითქმის მთელს აზიაში. აზიამ თვალდათვალ დაინახა უპირატესობა ევროპისა, იგრძნო, რომ ევროპა გაცილებით წინ წასულია, უფრო მდიდარია, უფრო ბედნიერია, უფრო ბევრის სიკეთისა და მადლის მპყრობელია, უფრო ძალოვანი და ღონიერია, და აქამომდე დაკეტილი კარი თავისის ქვეყნებისა ცოტად თუ ბევრად გაუღო ევროპას, რომ იქაურმა მზემ თავისი შუქი ცოტად თუ ბევრად აქაც მოაწვდინოს. ასე იქცევა დღეს ჩინეთიცა, იგი ჩინეთი, რომელიც ყველა სხვა ქვეყნებზე უფრო ძლიერ ეურჩებოდა ევროპიდამ შუქის შემოსევას და მოფენას და სადაც დღესაც ეს ახალი მიმართულება შიშითა და კრძალვით ფეხს იკიდებს ცოტ-ცოტად და ფრთხილად, რადგანაც იქაური ერის უფროს-ერთობა მაინც ურჩობს და ჰთაკილობს სხვისაგან ჭკუის სწავლებას, სხვის ცივილიზაციას, სხვის ავკარგიანობას.


იაპონია ამ მხრით უფრო გაბედულად ირჯება. მისი ახალი ხელმწიფე დიდი მომხრეა ევროპის განათლებისა და ჰლამის დაუცხრომელად — ყოველისფერი, ნამეტნავად მმართველობა და გამგებლობა ქვეყნისა, ევროპის წესსა და რიგს შეუფეროს. დღეს იაპონიას ბევრი ევროპიულად განათლებული, ევროპაშივე სწავლამიღებული ახალგაზრდობა ჰყავს. შინაც დიდად მოცადინენი არიან სწავლისა და განათლებისათვის. მწერლობა, ცოტად თუ ბევრად, ფრთაასხმულია და გავრცელებული, და ვინ იცის, — იქნება იაპონიამ პირველი მესვეურობა გაუწიოს აზიას ევროპის ცივილიზაციის ზედმოქმედების ქვეშ წარსამატებლად და განთიადმა განათლებისამ თავისი სხივოსანი შუქი პირველ იქიდამ მოჰფინოს მთელს აზიასაცა. ამბობენ, იაპონელი ამისათვის არც ნიჭს არის მოკლებული და არც უნარსაო.


არც სპარსეთი დარჩა უიმისოდ, რომ ევროპის ცივილიზაციისათვის კარი არ გაეღო. ეხლანდელის შაჰის მეფობის დროს ბევრს ძველს ჩვეულებას, რომელიც სულსა და ხორცს სპარსეთისას ასე თუ ისე ჰხუთავდა, კბილი მოეჭრა. შაჰმა, რომელმაც რამდენჯერმე მოიარა ევროპა, ბევრს რასმეზე აახილა თვალი და დაინახა თავის ქვეყანაში ბევრი უმსგავსობა და შეუფერებლობა. იგი სცდილობს ბევრი რამ ძველი განსდევნოს, ბევრი რამ ახალი შემოიღოს. ამისათვის იგი თურმე არც იმის წინაშე უკუდგებაო, რომ თავისი ნება-უფლება შეიხუთოს, თუ ამას მოითხოვს ქვეყნის სიკეთე და ბედნიერება. ამ ახალს მოძრაობაზე სპარსეთისაზედ უფრო ვრცლად საჭიროა საუბარი და ამიტომაც შემდეგისათვის გადავსდეთ.




"აზია წინათ და ეხლა"-ტფილისი, 16 დეკემბერი, 1889 წ.

0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0