x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჯოჯოხეთი დედამიწაზე"-ჟურნალისტ ერეკლე ცოცანიძის შოკისმომგვრელი მოგონებები გლდანის ციხეზე

image

ჟურნალისტის და პოეტის ერეკლე ცოცანიძის მოგონებები გლდანის ციხეზე.

“2012 წელს, გლდანის საპყრობილეში გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა. კადრებზე წამება იყო ასახული. მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში, გლდანის მერვე დაწესებულებაში მოვხვდი, მიზნად დავისახე, დეტალებში მომეყოლა საზოგადოებისთვის, თუ რა პირობებში უხდებოდათ პატიმრებს ცხოვრება. მე გიამბობთ ყველაფერს პირდაპირ და შეულამაზებლად, სახელებითა და გვარებით, წუთებითა და წამებით და თქვენ პირველები გაიგებთ სიმართლეს, რომელიც აქამდე არ იცოდით.



გამეღვიძა...
ჯერ ისევ ბნელა....
ფიქრი ამეკვიატა.
დღეს ხომ პირველი სასამართლო მაქვს?!
ჩუმად ავდექი... არ მინდა, ვინმე შევაწუხო.
გავემზადე.
სანთელი ავანთე და ლოცვა წავიკითხე.
კონტროლიორმა თავი შემოყო.
- ცოცანიძე, გღვიძავს?
- კი, მზად ვარ.
- კარგი, დაგიძახებ.
ცოტა ხანში კარი გაიღო.
გასვლის წინ კობამ დამიძახა, ღმერთი შენსკენო და გავედი.
აბანოში შემიყვანეს. იქ კიდევ რამდენიმე ადამიანი დამხვდა. გაგვჩხრიკეს... მწკრივში დაგვაყენეს, ხელები უკანალზე დაგვალაგებინეს და წაგვიყვანეს.
პირველ სართულზე შეგვკრიბეს ყველა, ვინც სასამართლოზე მიდის.
გვარები ამოიკითხეს და ეზოში გაგვიყვანეს.
ვიგრძენი, თუ როგორ მეტკინა ფილტვები... რამ მატკინა და, სუფთა ჰაერმა. მთელი თვეა, სუფთა ჰაერი არ მღირსებია.
ხარბად ვსუნთქავ.
ვიცი, მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდება ყველაფერი ეს.
ადმინისტრაციის კორპუსში ნაცნობი სიმყრალე ვიგრძენი.
“ფუქსები”...
დიდი ავტოფარეხი, ჩამორთმეული სიგარეტი და პირველად ნანახი ციხის ღია კარი.
ავტომობილში სკამები თითქმის არ არის... ერთმანეთს ვასწრებთ, დავინახოთ, თუ რა ხდება გარეთ.
გომბორის ქედს ჩავდივართ...
აგერ, სეროდანი, პანტიანი, თეთრი წყლები.... შუამთა... ჩემი შუამთა...
ბურთი ყელში იჭედება - როგორ მომნატრებია აქაური ბუნება და ჰაერი.
შუამთის ცნობილ წყაროს ჩავცდით. შემდეგ, ცნობილი ხეივანი.
ულამაზესი ბუნება.
თელავი - ეს ცალკე განზომილებაა, ყველგან ფუსფუსია, მუშაობა, რეაბილიტაცია და მომწონს, მომწონს და ჯერ არ ვიცი, რომ თელაველებს სანანებელი გაუხდებათ ეს „აღმშენებლობა“.
სასამართლოში გვერდიდან შეგვიყვანეს.
დაბლა, მიწურში ჩაგვიყვანეს. ნესტის სუნი დგას.
ისევ იგინება ბადრაგი - სიჩუმისკენ მოგვიწოდებს. არადა, მაქსიმალურად დაბალ ხმაზე ვსაუბრობთ.
პოლიციამ დაკავებული ჩამოიყვანა. ნაცნობი სახეა - ჩემი მეზობელი ბიჭია. ჩემზე პატარაა, მაგრამ ერთად გავიზარდეთ. ერთმანეთს პატივს ვცემთ. გაუკვირდა, აქ რა გინდაო. რა ვიცი, ასეც ხდება-მეთქი. ვუთხარი, ჩემებს გააგებინე, იქნებ, სიგარეტი მოგვაწოდონ-თქო.
მერე დავითას, ჩემს „პადელნიკს“ მოაკითხა ახლობელმა - აქ მანდატურად მუშაობს.
ულუფა გავხსენით - ორი ნაჭერი პური, ცოტა ბრინჯი. ორი სოსისი და ერთი ცალი ვაფლია. კიდევ - წვენი. ეს არის მთელი დღის საჭმელი.
საათები საუკუნეებად მეჩვენება.
- ცოცანიძე-როსტომაშვილი, ავდივართ, - დაიძახა ბადრაგმა.
ავედით სასამართლო დარბაზში. სხდომა გაიხსნა. ჩემმა ადვოკატმა დათოსას გადაულაპარაკა, წელიწადნახევარიო. ყურში ცუდად მომხვდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. გავხედე დარბაზს. დედაჩემი მარტო ზის.... ნაცნობს ვერავის ვხედავ, დათოს მშობლების და ახლობლების გარდა. გული დამეწვა. გამიკვირდა, მზია და მისი ოჯახი რომ არ არის. ვერც შოთიკოს ვხედავ, ვერც - სოფოს, ვერც - სანდროს...
მოსამართლე კითხვებს სვამს. დათო პასუხობს. მოყვა ყველაფერი, რაც მოხდა. მეც იგივე ვუთხარი. მოსამართლემ იკითხა, თუ ყველაფერი ასე იყო, ეს კაცი აქ რატომ ზისო და ჩემსკენ გამოიხედა. პროკურორმა უპასუხა, მაგასთან შეხვდნენ, თანამონაწილეები არიანო.
სხდომა სამი კვირით გადაიდო.
დედაჩემის თვალებზე ცრემლები დავინახე და გული დამეწვა.
მანქანა სასამართლოს ეზოდან გამოვიდა.
დავინახე, დედაჩემი მარტო დგას და მანქანას უყურებს. მინდა, სულ წამით გაჩერდეს მანქანა, მაგრამ სულ ტყუილად.
ისევ გლდანი, ისევ “ფუქსები”. “ფუქსში” ერთ პატიმარს გამოყოლილი სიგარეტი უპოვეს. დადგა გინების და წიხლების კორიანტელი. რიგ-რიგობით ზუზუნებენ ხელკეტები, ურტყამენ ყველას, ვინც მოხვდებათ... ღრიალებენ, იგინებიან... ისევ ურტყამენ, პატიმრებს ცხვირ-პირიდან სისხლის გასდით... ორი კაცი დაბლა გდია და სულს ვერ ითქვამს... ახლა წიხლებით შესდგნენ. ვბღავივართ. სისხლის სუნით გაიჟღინთა ყველაფერი. ნახევარი საათის მერე ჩაწყნარდნენ, გავიდნენ გინებ-გინებით.
ძლივს მივაღწიეთ “კამერებამდე”.
შევედი...
ოფიცერმა დაიძახა, დაწოლილი არ დაგინახოთ არც ერთი, სანამ შუქი არ ჩაქრებაო.
სიმწრისგან და ტკივილისგან ცრემლები წამომივიდა.
ტკივილმა მთელი ღამე არ დამაძინა.
დილით ძლივს ჩამოვფორთხდი საწოლიდან.
საჭმელი ბიჭებმა აიღეს. არ მიჭამია, მთელი დღეა, რადიოს ვუსმენ. არც წაკითხვა მინდა, არც - წერა.
ნერვები საშინელ მდგომარეობაში მაქვს - მაკანკალებს.
კბილმა ყრუდ დამიწყო ტკივილი. ოფიცერი ყოველ ხუთ წუთში იხედება. ყოველ 5 წუთში ფეხზე უნდა ვიდგეთ - ადექი-დაჯექი, მონოტონურად, რობოტულად, თითქოს მანქანები ვართ და არა - ადამიანები. ოფიცერი მთელი დღე გინებით დადის დერეფანში. ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე და სულ წამით მოვეშვით. მოვეშვით და კარზე წიხლის მორტყმის ხმაც გაისმა.
- ადექით, თქვე ყ...ბო, რა მოგივიდათ, დედის ტ...ის გაჩენა გინდათ? თქვენი სულები მო..ყან. ახლა ფეხზე დადექით და არ დაგინახოთ დასხდეთ, სანამ მე არ გეტყვით!
ავდექით...
ოფიცერი შემოიხედება, გაიცინებს და გაივლის...
გავიდა ერთი საათი, ორი... მთელი დღე. შემოწმებამდე არ დავმსხდარვართ. მხოლოდ გელა დაჯდა - ავადმყოფია და მოხუცი. ამიტომ დასვეს. შემოწმებაზე რომ გავედით, ვიკითხეთ, შეიძლება თუ არა, დავსხდეთო და დამცინავი ღიმილით მივიღეთ თანხმობა.
რადიო ჩავრთეთ. “კვირის რეპორტაჟია” “მაესტროზე”, განმეორებით. გამეცინა, ჩვენი სიუჟეტია ბურებზე, სიუჟეტი, რომელმაც აქამდე მომიყვანა. საკუთარი ხმა მეცნო...
ღამემ მშვიდად ჩაიარა.
დილაა...
ოფიცერი შეიცვალა თუ არა, კონტროლიორმა დამიძახა. არა, ეს ადვოკატი არაა.
- სად მეძახიან, ნეტა?
- ოფიცერთან შედი, - მოისმა ზურგს უკან.
შევედი. ასე, 25 წლის კაცი დამხვდა.
- ცოცანიძე შენ ხარ?
- დიახ, ბატონო ოფიცერო (ასეთია მიღებული ფორმა).
- მერე, შენ ვინ გტ..ს, ვის ჩამოასახლებენ საქართველოში, შენს ტრა..ზე ვერ დაეტევი? არ იცი, რომ ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს ქვეყნის წინსვლისთვის აკეთებს (როგორც ჩანს, “მაესტროზე” გასულ სიუჟეტს უყურა)? გამომყევი!
აბანოს მიმართულებით წამიყვანა. შევედი.
- რა დედის ტ..ნა გინდა, შე ყ..ო, - თქვა და ქამრიდან პოლიეთილენის მილი ამოიღო. მილმა გაიზუზუნა და ჩემს ბეჭებზე დაეშვა. სული შემიგუბდა. სიტყვებს ვეღარ ვარჩევ... იგინება და მთელი ძალით მირტყამს. დავეცი. სული შემიგუბდა.
- ადექი, - მესმის არაადამიანური ბღავილი.
ფერდში წიხლი მომხვდა.
- ადექი, შენი დედა...
ვერ ვდგები. გული იჯერა ცემით და თავი დამანება.
ძლივს ავდექი. საკანში შევლასლასდი და დავჯექი. წამოწოლა მინდა - უფლება არ მაქვს.
ფიქრმა წამიღო: რა მინდა ამ ცხოვრებისგან? ვინ ვარ და, საერთოდ, აქ რატომ ვარ?
დღეს გავიგე, რომ პატიმართა განსაკუთრებული კატეგორია არსებობს. მათ „ქათმებს“ ეძახიან. მათთან კონტაქტი და გამარჯობის თქმაც კი სირცხვილად ითვლება. იყო დრო, როცა პატიმრებს კატეგორიებად, ქურდული სამყაროს ავტორიტეტები ჰყოფდნენ. ახლა ეს ფუნქცია ციხის ადმინისტრაციამ შეითავსა. მას შეუძლია, უცებ გაწიროს პატიმარი. საერთოდ, აქ ადამიანებს საქონელივით ექცევიან. ე.წ. „ქათმები“ ჩვეულებრივ პატიმრებთან ვერ იცხოვრებენ. მათ ცალკე სართული აქვთ გლდანის მერვე დაწესებულებაში. ადმინისტრაცია “პადერშკას” აძლევთო, ამბობენ ბიჭები. თურმე, ყველა “შავ საქმეს” მათ აკეთებინებს.
დღეს რამაზის წერილი მოუვიდა სახლიდან. მთელი საათი უყურებდა. კითხულობდა, როგორც მივხვდი, რამდენიმეჯერ გადაიკითხა და პასუხის დაწერა დაიწყო. რამაზი მაგრად ხატავს. ხშირად ამბობს, ეს სასჯელი ჭკუის სასწავლებელია ჩემთვისო. ალალი ბიჭია. მუშაობდა, კარგი შემოსავალი ჰქონდა. მერე, ძმაბიჭებს აჰყოლია და ნარკოტიკი გაუსინჯავს. ერთხელ, ორჯელ, სამჯერ, მეოთხედ აფთიაქის კართან პოლიცია დახვედრია, ჩამოურთმევია წამლები, რაც ამ საზიზღარი სითხის დასამზადებლადაა საჭირო და გაუშვია. წერამ აიტანა, ეტყობა - სხვა აფთიაქში მისულა და, თუ სწორად მახსოვს, ვერც მოუსწრიათ გაკეთება, პოლიცია რომ დაადგათ.
- მეტჯერ აღარ გავაკეთებ ამ სისულელეს, - ამბობს.
მეც ავიღე კალამი და ფურცელი, ავიღე და დავწერე:
დაიღალა ჩემი სული,
სად წავიღო ხორცი,
აღარა მაქვს ნებისყოფა,
არც - ნერვები მოცდის.
როცა გტკივა, გინდა სითბო,
როცა გასცემ უხვად,
როცა გინდა, მზემ ხეს უთხრას,
როგორ ძლიერ უყვარს.
როცა გინდა გვერდში გყავდეს
მეგობარი ერთი,
როცა გშია სიყვარული
და სინაზეს ეტრფი.
როცა უკვე აღარ იცი,
რა და რატომ ხდება,
როცა არ ჭრის აღარც ფიცი,
გამქრალია ვნებაც.
იტყვი, ფიცი მაინც მწამსო,
თუმც მაკვირვებს ბოლო,
როცა სიტყვას მართალს ითხოვ,
სიტყვას მართალს მხოლოდ.
ისევ გათბობს თვალთა მზერა,
ვეღარ ხედავ მზის სხივს,
როცა ხვდები, კარგავ ძვირფასს.
უმისობა გიჭირს.
ყველაფერი როცა ასე აიკრიფა მძივზე,
მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ -
ცის ბინადრად იქცე.
ზუსტად ასეთია ამ წუთებში ჩემი სულიერი მდგომარეობა. ერთი რამის მეშინია: მოვახერხო და არ შევიშალო.
ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე.
რამდენიმე კვირამ გაიარა... მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა... დღეს ისევ სასამართლო მაქვს. ისევ ჩავედით, ისევ დედაჩემი, ახლა უკვე - ჩემი დაც, რამდენიმე ნაცნობი სახე. ისევ გადაიდო, რას შვრებიან-მეთქი, - ვკითხე ადვოკატს. წელიწადნახევარს ითხოვენ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამდენი ხანი არ მოგიწიოს მანდ ყოფნაო, - მითხრა ირმამ.
საღამოს, რადიოში მოვუსმინე, თელავის ცენტრში ძველი თეატრი, თურმე, რეაბილიტაციას შეეწირა. გული დამწყდა, თვალწინ გამიელვა ბავშვობის წლებმა, რომელიც ამ კედლებში გავატარე, სხვადასხვა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი. თელავი საქართველოში უძველესი თეატრით ამაყობს - თეატრის პირველი დასი კრწანისის ბრძოლას შეეწირა, ერეკლეს მეომრები იყვნენ, ბრძოლით დაღლილ ჯარს ამხნევებდნენ სიმღერით. სწორედ ასეთი კულტურის მქონე ქალაქში დაუნგრევიათ ძველი თეატრის შენობა. ამ კედლებში დღეს კულტურის სახლი ფუნქციონირებდა, რადგან თელავის თეატრს ულამაზესი შენობა აქვს. როგორც ხდებოდა, გაყიდეს დაანგრიეს და ვინ იცის, რა დამხვდება იმ ადგილას მას შემდეგ, როცა მშობლიურ ქალაქს დავუბრუნდები.
ეს დღეც გაილია.
შემდეგი და, ალბათ, საბოლოო სასამართლო 1 სექტემბერს ჩანიშნეს.
სასამართლოზე მე და დათო ერთად მივყავართ. სინდისი მქენჯნის: რომ არა მე, მას, ალბათ, არც შეეხებოდნენ. ყველაფრის მიუხედავად, დათოსთან დამნაშავე ვარ და ამას ვაღიარებ.
***
თელაველი სასამართლოზე წაიყვანეს... საღამოს ველოდები - იქნებ, რამე ახალი ამბავი მოიტანოს ქალაქიდან. იქნებ, ვინმე ნაცნობს გადაეყარა სასამართლოს აშმორებულ საკნებში.
გავაცილე და ქალაქი მომიკითხე-მეთქი ვუთხარი. მერე, ლოცვა წავიკითხე და საჭმელი ავიღე.
საშინლად ცხელა - ყველაფერი ჩახუთულია, უჰაერობაა. კორპუსზე ახალი ოფიცერია, ჩუმადაა, არც ხშირად იყურება...
სამი ნათურიდან ერთ-ერთი გადაიწვა. კობამ იდეა წამოაყენა, დღეს ლოგინები ავჩეჩოთო. ეს აქ მთელი რიტუალია, რიტუალი, რომლის დასრულების შემდეგაც, შვებას გრძნობ, ოღონდ - მხოლოდ რამდენიმე საათით. საწოლზე ლეიბი თითქმის არ იგრძნობა იმდენად თხელია, თითქმის რკინებზე ვწევართ. ლეიბში რაღაც ნამჯასავით მასაა ჩაყრილი. ასე, კვირაში ერთხელ, ავიღებთ ამ ლეიბს და ავჩეჩავთ ნამჯას, მერე, გადავახვევთ ზეწარში. მართალია, საგრძნობლად ვიწროვდება, მაგრამ, მეორე დილამდე მაინც ვწევართ მოსვენებით.
რამაზმა წერილი დაწერა და “სოციალს” გაატანა. ცოტა ხნის შემდეგ, კარის ღრიჭოში რომ გაიხედა, დაინახა, თუ როგორ კითხულობდნენ ოფიცერი და “სოციალი” პატიმრების დაწერილ წერილებს გაგზავნამდე. თუ რამე ისეთი დაწერე, რაც აქედან არ უნდა გავიდეს, ასე, ორი კვირა ვერ ადგები ფეხზე, ისე გცემენ, ეს მინიმუმია, მაქსიმუმი კი, კარცერია, მერე “კარანტინი” და კამერის შეცვლა.
დღეს მთელ “კამერას” რატომღაც ფაღარათი დაგვემართა - როგორც ჩანს, რაღაცამ მოწამლა პატიმრები.
წამალი დაარიგეს. მაღაზიაც მოვიდა, ჟელე ჭურჭლისთვის, საპონი, საპარსები, სიგარეტი და რაც მთავარია, პრესა. როცა პრესა მოდის, ასეთი წესი გვაქვს, ჯერ სათითაოდ დავათვალიერებთ, მერე, გადავანაწილებთ და დავიწყებთ კითხვას. ეს არის ჩვენი კონტაქტი გარე სამყაროსთან. დღეს მოსულ თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში თუშეთში მომხდარ ფაქტზე წერია: თუშებს, თურმე, ორი ჰომოსექსუალი უცხოელი მდინარეში გადაუყრიათ გადაბმულები. ფიცხი ხალხი ვართ თუშები, მაგრამ არც სტუმარ-მასპინძლობა გვეშლება, ან როგორ გაიგეს მათი ორიენტაცია, სხვა რამეშია საქმე, არ მგონია, ეს სიმართლე იყოს, ამბის გამხმაურებელი აბუქებს, ალბათ-მეთქი, გავიფიქრე.
ვაჟას ვკითხულობ - „ალუდა ქეთელაური“ ხომ მსოფლიო კლასიკაა. მთავარი გმირის ხვედრმა ჩამაფიქრა: იბრძოლა და დაკარგული სოფელს დაუბრუნა, მტრის ვაჟკაცობაც აღიარა და სოფელმა მოიკვეთა. საზოგადოება ბრბო იყო და ასეა დღესაც დიდი ნაწილი, თავის დოგმებსა და ჩარჩოებს რომ გიწესებს, თავისუფლებას რომ გართმევს...
„ვერ დააფასეთ ალუდა მაშინ,
მკლავი არ მოსჭრა მტერს, მაგრამ ვაჟკაცს,
ასობით წელმა დაკეტა კარი,
გული მწყდება, რომ დღეს ისევ აქ ხართ!“
უცებ, თავისით, სულამოუთქმელად მოვიდა, ყელში მომაწვა და ფურცლის ნაგლეჯზე თითქმის ჩემს მიუკარებლად დაიწერა.
თელაველი სასამართლოდან მოიყვანეს. უხასიათოდაა - არ აქვს კარგი სიტუაცია, ზედმეტ კითხვებს არ ვუსვამთ.
დღეც გაილია.
დილით ოფიცერი შემოვიდა და გაგვაფრთხილა, ამის მერე საკანში ერთ კაცზე მეტი არ ვნახო, სიგარეტისთვის ჰქონდეს მოკიდებული, თუ მაინც და მაინც ვერ ითმენთ, შედით საპირფარეშოში და იქ მოწიეთო.
გაკვირვებულები დავრჩით, მაგრამ მეტი რა გზაა - უნდა დავემორჩილოთ. ალბათ, ცოტა ხანში სუნთქვასაც რიგრიგობით მოგვთხოვენ.
დღეს ტელეფონებია - ისევ სირბილით გასვლა და რამდენიმე ცდა აქვთ ბიჭებს. ჰო, მართლა, აქ არც ტელეფონია უფასო - “კამერა” ყიდულობს სპეციალურ ბარათებს, “მონოს” მსგავსს და ამ ბარათებიდან თვეში მხოლოდ ორი ზარის “გაკეთება” შეგიძლია, ორ კვირაში ერთხელ, ისიც - სამი წუთი. მე დარეკვა მას შემდეგ მომიწევს, რაც უკვე მისჯილი ვიქნები. დარეკვაც და წერილის გაგზავნაც და უკვე დღეებს ვითვლი... დაჰკრას ჩაქუჩი მოსამართლემ - მერე ხომ პაემანიც მექნება, ჩვენებს ვნახავ.
დღეები რჩება განაჩენის გამოტანამდე.
***
კონტროლიორმა ჩემი გვარი დაიძახა. მივედი.
- ამანათია, დროით გაამზადე, თუ რამე უნდა გაატანო.
ამოვალაგე ახალი ტანსაცმელი. ძველები ჩავაწყე, ხელი მოვაწერე და გავატანე.
- შესაძლოა, ადვოკატთანაც დამიძახონ, - ვუთხარი ბიჭებს და მართლაც, უკვე მეორედ მოისმა ჩემი გვარი. გავემზადე, გავედი და ირმას შევხვდი. საბოლოო განაჩენი ვიცი - წელიწადნახევარი ციხე, სამწელნახევარი პირობითი და კიდევ ერთი გამოსასწორებელი.
„საღოლ პრაკურორ!“ - გამიელვა გულში, - ამ მუხლით ხომ, სხვა შემთხვევაში, მაქსიმუმი ექვსი თვე იქნებოდა.
მაშინვე დათო ვიკითხე, არც მას შეეხო შეღავათი. - ზუსტად იგივე სასჯელი არგუნეს.
უნდა შევეგუო, მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქრო, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც 15-20 წელი ან, სულაც, უვადო პატიმრობა აქვთ, მათ რაღა უნდა თქვან?!
მართალია, ჩვენი ბრალიც განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ სასჯელი სასჯელია!
დავბრუნდი საკანში. დავჯექი ჩემთვის და ბურთი ყელში მომაწვა.
მხოლოდ საკუთარ თავზე ვჯავრობ - როგორ გავები, როგორ მოვახერხე.
ნერვები მეშლება.
გადავწყვიტე, აღარ ვინერვიულო იმაზე, რასაც არ ეშველება.
საშინელი ამბავი გავიგე: წინანდალში ორი ახალგაზრდა მოკლეს. ერთ-ერთი სამხატვრო აკადემიის საკმაოდ წარჩინებული სტუდენტი ყოფილა. სტუდენტები ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კუდ-ის თანამშრომელმა დახოცა. რადიო მთელი დღეა ამ თემაზე ლაპარაკობს. ისიც თქვეს, რომ მკვლელი უკვე დაკავებულია. გამოდიან მეზობლები, მეგობრები და დახოცილი ბიჭების წესიერებაზე საუბრობენ. კიდევ ორი ადამიანი მიემატა ვაზაგაშვილს, გვირგვლიანს, რობაქიძეს, გურამ შარაძეს... განსხვავება ერთია: ამ შემთხვევაში, სახელმწიფო მანქანამ ვერ შეფუთა და მოუწია დამნაშავის დაკავება.
ისევ ამეკვიატა საკუთარ ქალაქზე ფიქრი, ისევ გადამრია მონატრებამ. ისევ შემომიტია დეპრესიამ.
თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე ჩემი ეზო, სახლი და ის ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც მაკლია.
ახალი კონტროლიორია სართულზე, დავინახეთ და გაგვაცია - იმხელაა, მაგის მუშტი მტერს მოხვდა. ისე, კონტროლიორები არ აქტიურობენ ჩვენს დასჯაში, რამდენიმეს გარდა. ვხვდები, რომ აქაც მუშაობენ წესიერი ადამიანები, რომლებსაც სხვების ტანჯვა-წამების ყურება სულაც არ ანიჭებთ სიამოვნებას. მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვიგებ: რატომ მოდის წესიერი ხალხი აქ სამუშაოდ? ის ხომ სისტემის ნაწილი ხდება?
დღეს ისევ ახსენეს პატიმრების წამება რადიოში, ისევ ახსენეს გეგუთი და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მორგი. ვუსმენდი და არ ვიცოდი, რომ რაღაც დროის შემდეგ, საკუთარი თვალით სწორედ მეთვრამეტე დაწესებულების მორგს ვნახავდი.
ნეტავ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ყოფა. ჩემზე არა, ზოგადად, ყველა პატიმარსა და სისტემაზე ვამბობ.
„ჯოჯოხეთი დედამიწაზე!“ - ამეკვიატა ეს ფრაზა, ამეკვიატა და გადავწყვიტე, რაც შეიძლება, ღრმად ჩავიხედო ამ ჯოჯოხეთის გულში, რაც შეიძლება, მეტი გავიგო და რომ გავალ, აუცილებლად მოვუყვე ყველას ის, რასაც აქ ვნახავ. იქნებ, კიდევ გამოჩნდნენ ჩემნაირი ადამიანები და რაც უფრო მეტი მოვყვებით, რაღაც ძვრა მოხდება, რაღაც შედეგი მაინც დადგება, თორემ ძალიან მალე ეს ციხე კი არა, შეიძლება, ერთი დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფო გახდეს, შეშლილი ადამიანებით, რომლებიც ვერასოდეს დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. არადა, დღეს ხომ ციხეებში ახალგაზრდების უპრეცედენტო რაოდენობაა - ერის გენოფონდია დატყვევებული.
ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე, როგორ მოვიდა ათი საათი.
ახლა დაიძახებენ, შუქი ჩაქრაო და ჩამოივლიან კამერებს.
„ვინც არ ჩააქროს, ბოზი იყოს!“ - დაიძახა ახალმა კონტროლიორმა და იმ ღამეს ჩამოვლა არ ყოფილა. არხეინად დაჯდა თავისთვის განკუთვნილ ოთახში...

0
280
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0