x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
კვანძოვანი ჩიყვი - რა უნდა იცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ამ დაავადებაზე?
image


ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის პასუხისმგებელია სხეულში მიმდინარე მრავალი პროცესის რეგულირებაზე, მათ შორის, საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და რეპროდუქციული სისტემების გამართულად ფუნქციონირებაზე.


კვანძოვანი ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევაა. ამ პათოლოგიაზე მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია საუბრობს.


რა არის კვანძოვანი ჩიყვი და რით განსხვავდება ის სხვა სახის ჩიყვისგან?



კვანძოვანი ჩიყვი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში გვხვდება კვანძოვანი წარმონაქმნი ან წარმონაქმნები. კვანძის რაოდენობის მიხედვით, არსებობს ერთკვანძიანი ან მრავალკვანძიანი ჩიყვი. თუ ორგანო უბრალოდ გადიდებულია და არ აღინიშნება მასში კვანძები, მაშინ საქმე გვაქვს დიფუზურ ჩიყვთან.


კვანძოვანი ჩიყვის დროს კვანძები უმრავლეს შემთხვევებში კეთილთვისებიანია, თუმცა, იშვიათად ის შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეც იყოს.


რა არის კვანძოვანი ჩიყვის ძირითადი მიზეზები?


კვანძოვანი ჩიყვის ზუსტი მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია. ეს შეიძლება იყოს ავტოიმუნური თირეოიდიტი, რომელსაც ჰაშიმოტოს დაავადებასაც უწოდებენ. მას ზოგჯერ განაპირობებს იოდის დეფიციტი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, რადიაციული ზემოქმედება, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების მოხმარება და ა.შ


რა არის დაავადების შესაძლო სიმპტომები?


კვანძოვანი ჩიყვი, განსაკუთრებით თუ კვანძები მცირე და კეთილთვისებიანია, სრულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, დიდი ზომის კვანძებმა შეიძლება გამოიწვიოს შესამჩნევი შეშუპება კისერზე, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება. იმ შემთხვევებში, თუ კვანძები ჰორმონულად აქტიურია, პაციენტებს შეიძლება გამოუვლინდეთ ჰიპერთირეოზის სიმპტომებიც, როგორებიცაა წონის კლება, გულისცემის აჩქარება, ჭარბი ოფლიანობა, შფოთვის ან/და გაღიზიანებადობის მატება.


როგორ ხდება პათოლოგიის დიაგნოსტირება?


კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოსტირება ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კონტროლის დროს ხდება. ამ დროს ვაფასებთ კვანძის/კვანძების ზომას, სტრუქტურასა და სხვა მახასიათებლებს. თუ კვანძის სტრუქტურა და კიდეები არის არაერთგვაროვანი ან/და აღინიშნება ზომაში მატება, რეკომენდებულია კვანძის ბიოფსია, იმისათვის რომ გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნე.


ასევე, უნდა უნდა განვსაზღვროთ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციაც, რათა შევაფასოთ მისი ფუნქცია ორგანიზმში.


როგორ მკურნალობთ კვანძოვან ჩიყვს?


მკურნალობა დამოკიდებულია კვანძების ზომაზე, სიმპტომებსა და სტრუქტურაზე. თუ კვანძები მცირეა და კეთილთვისებიანი, 6 თვეში ერთხელ რეგულარული მონიტორინგი უნდა ჩატარდეს. უფრო დიდი კვანძებისთვის კი, აუცილებელია მკურნალობის დანიშვნა. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება დაინიშნოს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, ქირურგია და რადიოაქტიური იოდით თერაპია. კონკრეტულ შემთხვევებში, ასევე, გამოიყენება მინიმალური ინვაზიური პროცედურები, როგორებიცაა ეთანოლის ინიექცია ან თერმული აბლაცია.


R


0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0