განათლება ილია ჭავჭავაძის ამაგი სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის შენარჩუნების საკითხში 4 ნოემბერი, 0:46 ოთხმოციან წლებში ილიას უხდება დიდი ბრძოლის წარმოება ქართული ენის უფლებების დასაცავად სკოლებში, კავკასიის სასწავლო ოლქის «უმაღლესმა ხელისუფლებამ განიზრახა ერთი კალმის მოსმით სრულიად გაძევება ქართული ენისა სკოლებიდან. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა იანოვსკიმ 1881 წელს გაატარა კიდეც სათანადო ღონისძიება სახალხო სკოლებში. ილია სასტიკად შეებრძოლა. იანოვსკისა და მისი დამქაშების სასკოლო პოლიტიკას წერილებში, რომლებიც ილიამ უძღვნა ამ საკითხს „ივერიისა“ და „დროების“ ფურცლებზე, ილია ნიღაბს ხდის ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკის მთელ სიმახინჯეს. „ჩვენ რომ ეგრე” დაჟინებით და უკან-დაუხევლად ვთხოულობთ დედაენისათვის სრულს და დაუბრკოლებელს გზას სასწავლებელში, ეგ მარტო დედა-ენის სიყვარულით არ მოგევდის, – წერდა ილია, ვთხოულობთ და ვნატრულობთ იმიტომაც, რომ უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია. იმავე ოთხმოციან წლებში ცარისტულმა ხელისუფლებამ სხვა მხრივაც მოიტანა იერიში ქართველ ხალხზე. თვითმპყრობელობის აგენტები შეეცადნენ ზიანი მიეყენებინათ ქართველი ხალხის ეროვნული მთლიანობისათვის იმით, რომ განიზრახეს ქართული ენის განდევნა სამეგრელოს სკოლებიდან და ნაცვლად მთელი ქართველი ხალხის საერთო ზოგადი ქართული ეროვნული სალიტერატურო ენისა ადგილობრივი კუთხური დიალექტის შემოღება როგორც სკოლაში, ისე ეკლესიაში.
1884 წლის 11 იანვარს იმავე ცნობილი იანოვსკის ხელმოწერით გამოცემულ იქნა საგანგებო დადგენილება ქართული ენის აკრძალვის შესახებ სამეგრელოს სკოლებში. მტრების ამ ვერაგულ განზრახვას მედგარი წინააღმდეგობა გაუწია სამეგრელოს ხალხმა. ხალხის აღშფოთებული პროტესტისა და ერთხმივი წინაააღმდეგობის შედეგი იყო, რომ მტრები იძულებულნი გახდნენ ხელი აეღოთ თავის განზრახვაზე. ამ ბრძოლაში საქართველოს მტრებთან ზურგს უმაგრებდა საქართველოს ამ მხარის ხალხსა და მის მოწინავე ძალებს ილია და ილიასთან ერთად მთელი დასი მოღვაწეებისა, მათ შორის პირველ რიგში დიმიტრი ყიფიანი და აკაკი წერეთელი. თვითმპყრობელობის მოსყიდული აგენტი თადა აშორდია ერთ თავის საიდუმლო „დონოსში“ ატყობინებდა კაეკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველს იანოვსკის: "В сенакском дворянской училище собираются почти ежемесячно: Димитрий Кипиани, которого уже выселили, Илья Чавчавадзе, Акакий Церетели и другие, и решают вопрос, как возмутить народ против циркуляра от 11 января 1884 года" „სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში თითქმის ყოველთვიურად იკრიბებიან დიმიტრი ყიფიანი, რომელიც უკვე გადაასახლეს, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და სხვები, და არჩევენ საკითხს, თუ როგორ ააღელვონ ხალხი 1884 წლის 11 იანვრის ცირკულარის საწინააღმდეგოდ“ (ე. ი. ქართული ენის სამეგრელოს სკოლებში აკრძალვის შესახებ). ილიამ 1885 წელს მოიარა სამეგრელო. ილია “უდიდეს აღფრთოვანებას გამოსთქვამდა იმ მედგარი წინააღმდეგობის გამო, რომელიც საქართველოს ამ მხარემ ხალხის მტრებს გაუწია. წყარო: პავლე ინგოროყვას – ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი 64 1-ს მოსწონს
|