"ინი და იანი" ანუ რუსეთის მხარეს ხან ნებით და ხან იძულებით მებრძოლი მებრძოლების ბედი არასახარბიელოა
2 ნოემბერი, 19:34
ამ სურათს ინი და იანი დავარქვი, მიზეზს განმარტების გარეშეც მიხვდებით. ორივე რუსეთის არმიის სამხედროები არიან, რომლებიც უკრაინელებს ჩაუვარდა ტყვედ, როგორც ხედავთ არც შიშველ-ტიტველი არიან და არც ნაცემ-ნაბეგვი. აი უკრაინული კი სწრაფად აითვისეს, უფრო სწორედ კი უკრაინული სიტყვები რომლითაც მადლობას უხდიან იმ უკრაინულ დანაყოფს, რომელსაც ტყვედ ჩაუვარდნენ და საღსალამათი დატოვეს. მძიმე დანაკარგების დროს არაა იშვიათი შემთხვევა როცა ტყვეების აყვანაზე არავინ იწუხებს თავს და ადგილზევე ხდება მათი ლიკვიდაცია. მესმის, არაჰუმანური დამოკიდებულებაა, მაგრამ ომია და ომში ყველას ვერ მოთხოვ დაიცვას ომის კანონები როცა უახლოეს მეგობარს კარგავ ბრძოლის ველზე, ერთადერთი სურვილი გიჩნდება-რაც შეიძლება მეტი და მეტი მოწინააღმდეგის ლიკვიდაცია. პირადად, როცა მივხვდი, რომ მებრძოლიდან "მონადირედ" ხდებოდა ჩემი ტრანსფორმირება, დავდე იარაღი და წამოვედი უკრაინიდან.
ისე არავინ გაიგოს თითქოს მხოლოდ რუსეთის სამხედროები ან მათ მხარეს მებრძოლი უცხოელები იღუპებიან ან ბარდებიან ტყვედ, უკრაინის არმიის სამხედროები, უცხოელი მოხალისეები და დაქირავებულებიც იღუპებიან ან ბარდებიან ტყვედ. თუმცა, განსხვავება მაინც დიდია. თუ უკრაინული მხარე მაქსიმალურად ცდილობს დაღუპულის ან დაჭრილის გამოყვანას, რუსები ამაზე დიდად არ იკლავენ თავს. მეტიც, როცა მოლაპარაკებების შედეგად მათ სთავაზობენ დაღუპული და უკვე დაკრძალული მებრძოლების გასვენებას, ხშირად კატეგორიულ უარზე არიან. ხარკოვის მიმართულებაზე ერთ შეტაკებაში დაიღუპა 12 ნიგერიელი და ტყვედ ჩავარდა 3. აღმოჩნდა, რომ ნიგერიელები ქურდობისთვის და წვრილმანი ხულიგნობისათვის იხდიდნენ სასჯელს რუსულ ციხეებში, საიდანაც ციხიდან გაშვების და ნასამართლეობის მოხსნის პირობით წაიყვანეს ომში. ნიგერიელები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ყოფილი სტუდენტები აღმოჩნდნენ. რუსულმა მხარემ მათ გაცვლაზე უკრაინელ სამხედროებზე სასტიკი უარი განაცხადა. ხშირად უკრაინელი და უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელების, მათ შორის ქართველი მებრძოლების გაცვლაზე აცხადებენ სასტიკ უარს. ბიჭი 22 წლის მამუკა გაწერელია, რომელიც მარიუპოლის დამცველებთან ერთად ტყვედ ჩაბარდა რუსებს, სამუდამო პატიმრობა მისჯილი სასჯელს იხდის რუსეთის ყველაზე სასტიკ ციხეში "თეთრ გედში", სადაც ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულები იხდიან სასჯელს. ქართველმა მებრძოლებმა წერილით მივმართეთ უკრაინის გენშტაბს, გაცვლის პროგრამაში ჩაესვა გაწერელია. უკრაინელების პასუხი ასეთი იყო: "უკრაინის მოქალაქე არაა და არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია"! არა და ვერცერთი მოხალისე უკრაინაში ვერ მიიღებს იარაღს და სამხედრო ამუნიციას ორმხრივ კონტრაქტზე ხელისმოწერის გარეშე. შენი ქვეყნისთვის მოხალისედ იბრძოდა 22 წლის ბიჭი ყველაზე საშინელ ვითარებაში მარიუპოლში "აზოვსტალში" და მეუბნები, ჩემი მოქალაქე არააო, მიეცი მოქალაქეობა და ჩართე ტყვეთა გაცვლის პროგრამაში, ვინ გიშლის ხელს?
ეს ჯოჯოხეთი აარიდა ხელისუფლებამ საქართველოს, სწორედ ამათი დამსახურებაა თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში რუსული რაკეტები, რომ არ ცვივა. უზარმაზარი რესურსების მქონე რუსეთი უცხოელ მებრძოლებს აომებს დაპირებებით, მათი ლიკვიდაციის და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში კი ორმაგ პრობლემას იხსნის, არც მიცემული პირობის შესრულება უწევს და არც საკომპენსაციო თანხის გაცემა.