ჩოგბურთი ისტორიული სკანდალი:როგორ ათქმევინეს უარი ალექსანდრე მეტრეველს ეთამაშა სამხრეთ აფრიკელ ჩოგბურთელთან 2 ნოემბერი, 10:00 2 ნოემბერს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე სახელოვან და საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს, ალექსანდრე მეტრეველს, მსოფლიოს მე-9 ჩოგანს, (ერთადერთს სსრკ-ს ისტორიაში, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში მოხვდა)საქართველოს 1966 წლის წლის საუკეთესო სპორტსმენს და 12 გზის საბჭოთა კავშირის №1 ჩოგბურთელს. დღეს მოგითხრობთ ერთ უცნობ ისტორიას, სადაც პოლიტიკამ და სპორტმა გზები გადაკვეთეს. 1964 წელს ალექსანდრე მეტრეველი კორტზე არ გავიდა სამხრეთ აფრიკელი ჩოგბურთელის წინააღმდეგ. მოდით თანმიმდევრობით მივყვეთ რა მოხდა. პოლიტიკა ხშირად ერეოდა სპორტში და მათ შორის ჩოგბურთშიც. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ხელისუფლებისა და ბობოლების ზეწოლით თამაშის წესები იცვლებოდა და სპორტსმენების უფლებები ირღვეოდა. 1960-1970-იან წლებში საბჭოთა ჩოგბურთელებს აიძულებდნენ უარი ეთქვათ და ბოიკოტი გამოეცხადებინათ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებისათვის. 1964 წლის ივნისში, 19 წლის ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი მოიხსნა უიმბლდონის ტურნირიდან, რათა აერიდებინა მე-3 წრის მატჩი სამხრეთ აფრიკელ ეიბ სეგალთან. საბჭოთა სპორტსმენის ქმედებამ უზარმაზარი სკანდალი გამოიწვია. გაზეთები სავსე იყო სათაურებით: „მას უბრძანეს მოხსნილიყო შეჯიბრებიდან“, „ საბჭოთა ჩოგბურთის ვარსკვლავს ურჩევნია თამაშიდან მოიხსნას, ვიდრე სამხრეთ აფრიკელთან ითამაშოს“. The New York Times-ის გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა: ”საბჭოთა ჩოგბურთელის ქმედებას, რომელიც განხორციელდა სსრკ-ს მიერ ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ხუთი წლის თავზე, მოჰყვება სერიოზულ შედეგები, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეანელოს საბჭოთა კავშირის ძალისხმევა, გახდეს ჩოგბურთში წამყვანი ძალა.“ შენიშვნაში ნათქვამი იყო, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ უიმბლდონის 78-წლიან ისტორიაში პირველი პოლიტიკური სკანდალის პროვოცირება მოახდინა, როდესაც მეტრეველს სეგალთან მატჩის გამოტოვება უბრძანა. „საბჭოთა ჩოგბურთელი ამტკიცებდა, რომ ეს იყო „მისი პირადი გადაწყვეტილება“, რომელიც იმედოვნებდა, რომ აღიქმებოდა როგორც „ზნეობრივი პროტესტი სამხრეთ აფრიკის მთავრობის წინააღმდეგ, აპარტეიდის პოლიტიკის გამო“, - აღნიშნული იყო New York Times-ის სტატიაში. საინტერესოა, რომ უნგრეთმაც საბჭოთა კოლეგების მაგალითს მიბაძა და თავის ჩოგბურთელს, იშტვან გულიაშს უბრძანა, უარი ეთქვა სეგალთან წყვილთა თამაშში. უფრო მეტიც, გულიაშმა ალალად აღიარა, რომ იგი მოქმედებდა თავისი ქვეყნის სპორტის სამინისტროს მითითებით. უიმბლდონის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა: ”საბჭოთა ჩოგბურთელები მხოლოდ ხუთი წლის განმავლობაში იყვნენ მოწინავენი ჩოგბურთში - და უკვე შექმნეს ერთადერთი პოლიტიკური პრობლემა ტურნირის ისტორიაში. შეჯიბრის მენეჯერებს შეუძლიათ მომავალში უარი თქვან საბჭოთა მონაწილეებზე, თუ ასეთი განცხადებები და ნაბიჯები გაგრძელდება“. All England Lawn Tennis Club-ის პრეზიდენტმა, რომელიც აწყობს უიმბლდონს, ჰერმან დევიდმა განაცხადა, რომ „სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს. ეს მდგომარეობა უკიდურესად სამწუხაროა“. სამხრეთ აფრიკელი ჩოგბურთელების ბოიკოტის ამბავი ამით არ დასრულებულა. საბჭოთა სპორტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მათ აღარ სჭირდებოდათ ასეთი გახმაურებული სკანდალები. ბოლოს და ბოლოს, ასეთმა დემარშებმა შეიძლება გამოიწვიოს დისკვალიფიკაცია. ამიტომ, ჩოგბურთელებს დაევალათ, რომ სამხრეთ აფრიკელ მოთამაშეებთან შეხვედრებს ყოველმხრივ მორიდებოდნენ, ოღონდ ეს გააკეთონ ფრთხილად და ეშმაკურად. მაგალითად, სამხრეთ აფრიკელთან შესაძლო მატჩის წინ ერთი წრე წააგონ. ეს ხდებოდა როგორც ინდივიდუალურ შეჯიბრებებში, ასევე დევისის თასზე. მაგალითად, 1966 წელს საბჭოთა ნაკრები იტალიის ნაკრებს ბოლონიაში ეთამაშებოდა. მოსკოვში სპორტის მესვეურებმა ჩვენი გუნდის ლიდერს, მეტრეველს უბრძანეს მოედანზე არ გასულიყო. ეშინოდათ, მეტრეველი თუ ითამაშებდა, სსრკ-ის ნაკრები იტალიელებს მოუგებდა და მერე იმავე სამხრეთ აფრიკის გუნდს შეხვდებოდა. საბჭოთა ჩოგბურთელებს აკრძალული ჰქონდათ ჩილელებთან თამაშიც. ჩოგბურთელ შამილ ტარპიშჩევის თქმით, საბჭოთა ჩოგბურთელებს ჩილელებთან შეხვედრის უფლება რომ მიეცათ, მაშინ ჩვენს სპორტსმენებს უკვე შეეძლოთ დევისის თასის მოგება: „მაშინ დევისის თასის ფინალში იტალიის გუნდს ვმასპინძლობდით. ( საკუთარი კედლები 5-7 პროცენტიან უპირატესობას იძლევა, რაც ხშირად წყვეტს მატჩის ბედს). 100%-ით თქმა შეუძლებელია, მაგრამ 1976 წელს ჩვენ გვქონდა ფინალში გასვლის და მოგების რეალური შანსი, რადგან იგივე კორნეხო და როდრიგესი თამაშობდნენ ჩილეს ნაკრებში, რომლებიც სამი წლის წინ კუბაში დავამარცხეთ. 329 2-ს მოსწონს
|