საზოგადოება
"მის ვიდეოებზე სომხური სიმღერების დადება სცდება წითელ ხაზს"- ვისზე საუბრობს ნათია ფანჯიკიძე
19 ოქტომბერი, 8:52
ფსიქოლოგი და ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი, ნათია ფანჯიკიძე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის "ეროვნების" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ხაზარაძის მიმართ "შაყირის" ტალღა, მის ვიდეოებზე სომხური სიმღერების დადება და პიროვნულად არასაკმაოდ მომწიფებულ მოქალაქეებში აზრის ჩატენა, რომ სომხური ეროვნება დამამცირებელია, სცდება წითელ ხაზს.
ოსებს, რომლებიც რუსებს შეეკრნენ, ქართველები დახოცეს და სახლებიდან გამოყარეს, ბოდიში უნდა მოვუხადოთო – ამ განცხადებას მშვიდობის ნამეტანი მოყვარე მთავრობის მომხრეები კბილებით იცავდნენ და მოძმეთაშორისი სიყვარულის პიედესტალიდან ტუქსავდნენ “გლობალური ომის პარტიელებს”.
ახლა იგივე ხალხი ცოტა მაინც დაფიქრდით, საქართველოს სომეხ მოქალაქეებს, რომლებიც იმდენივე საუკუნეა ჩვენი მოსახლეობა არიან, რამდენი საუკუნეც ჩვენვე ვართ, მოწმენდილ ცაზე აყენებთ შეურაცხყოფას, თითქოს მათი ეროვნება მასხარად ასაგდები იყოს და მეტიც, კომპრომატსაც კი წარმოადგენდეს.
თავისთავად ხომ კატასტროფაა ეს, მაგრამ კიდევ უფრო მასშტაბურად რომ აღვიქვათ საფრთხე, – სწორედ ასე ინაღმება ველი. შეგახსენებთ, სომხეთთანაც გვაქვს საზღვარი და ამ საზღვრისპირზე სომეხი მოსახლეობა ჭარბობს ქართულს. არა ქართველი ხალხი, რომელიც ნამდვილად ჰარმონიულად თანაცხოვრობს სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობასთან, არამედ, ხელისუფლებები ქმნიან ფონს და “დოკუმენტურ მასალას”, თუ როგორ იჩაგრება სხვა ერი ამ ქვეყანაში. ძალაუფლების სიხარბეს ყველაფერი როგორ უნდა შეეწიროს?"- ვკითხულობთ ნათია ფანჯიკიძის პოსტში.