საზოგადოება
"მაგრად ტეხავს, არის რაღაცეები, რასაც ვერ გაატარებ, სირცხვილია…"- რამ აღაშფოთა ზაზა შენგელია
15 სექტემბერი, 18:38
"ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლი, მერაბ დვალიშვილის შონ ო'მალისთან გამართული ორთაბრძოლის პირდაპირ ეთერში არ გაშვების გამო "Setanta Sports Georgia"-ს აკრიტიკებს. შენგელიას თქმით, ადამიანებს ასეთი მნიშვნელოვანი ორთაბრძოლისთვის ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიერ მობილურით გადაღებული ვიდეო ფრაგმენტებით ან რუსული ლინკების საშუალებით არ უნდა ეყურათ:
"თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: როცა Setanta Sports Georgia ხარ და ამხელა მოვლენა ხდება, შვიდი წლის წინ ამერიკაში არალეგალად წასული, მშენებლობაზე მუშად მომუშავე ქართველი კაცი, ლას-ვეგასის “სფეროს” დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ორთაბრძოლას მართავს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, მსოფლიოში ისეთ მასობრივად პოპულარულ სახეობაში, როგორც UFC-ია, და მთელი საქართველო ღამეს თეთრად ათენებს და ამ დღეს ელოდება, კეთილი უნდა ინებო, ადგე, გადაიხადო ის თანხა, რასაც ითხოვს სატელევიზიო ჩვენების უფლებამფლობელი და ხალხს მისცე ორთაბრძოლის ნორმალურად ყურების და გულშემატკივრობის საშუალება. თუ ფული არ გაქვს (რაშიც ეჭვი მეპარება), ადექი და სპონსორები მოიზიდე, თუ მაგის ერთი ადგილიც არა გაქვს, crowd funding გამოაცხადე და ხალხი შეგიგროვებს ფულს.ნახევარმა საქართველომ რუსული ლინკებით უყურა ორთაბრძოლას და ნახევარმა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მობილური ტელეფონებით, მადლობა მათ ამისათვის. უბრალოდ მაგრად ტეხავს, არის რაღაცეები, რასაც ვერ გაატარებ, სირცხვილია… – წერს ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო'მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა. ღონისძიება "სფეროს" სახელით ცნობილ არენაზე ჩატარდა. დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.
ცნობისთვის, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.