ისტორია მეორე მსოფლიო ომის საწყისი ეტაპი – ნაცისტების ტრიუმფი ევროპაზე 31 აგვისტო, 0:07 II მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ომი იყო. მან უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი მოიტანა, რომელმაც სერიოზულად დააფიქრა კაცობრიობა და სათანადო დასკვნები გამოატანინა, რომ მსგავსი მასშტაბის ომი მსოფლიოში აღარ უნდა განმეორდეს.
II მსოფლიო ომი ფაშისტურმა გერმანიამ დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთზე თავდასხმით. პოლონეთთან ომის სამზადისს გერმანია 1939 წლის აპრილიდან შეუდგა, როდესაც შემუშავდა ე.წ. "თეთრი გეგმა". ჯერ კიდევ 1939 წლის 22 მარტს ნაცისტებმა პოლონეთს მოთხოვეს მათთვის გადაეცათ დანციგი (გდანსკი) და ნება დაერთო პოლონურ კორიდორზე ექსპერიტორიალური უფლებით ავტოსტრადა და რკინიგზა გაეყვანა, რომლებიც გერმანიას აღმოსავლეთ პრუსიასთან დააკავშირებდა. აგვისტოს მიწურულში გერმანელმა ფაშისტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პოლონეთის მთავრობას ამ პრობლემის მოგვარება არ სურდა. სინამდვილეში კი ჰიტლერელები არ იღებდნენ ვარშავის წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილი იყო ამ საკითხების შესახებ ეწარმოებინა მოლაპარაკება.
ომის საბაბი გერმანელებმა მალე გამოძებნეს: გერმანიის საპატიმროებიდან შეარჩიეს სლავური გარეგნობის სისხლის სამართლის დამნაშავეთა ჯგუფი, რომელთაც გადააცვეს პოლონური სამხედრო ფორმა, მიიყვანეს პოლონეთის საზღვართან მდებარე გერმანულ ქალაქ გლაივიცში და დაახვრეტინეს ესესელებს, შემდეგ კი ცხედრები რადიოსადგურის შენობასთან დაალაგეს. 31 აგვისტოს ესესელებმა პოლონურ ენაზე რადიოთი წარმოთქმულ მოკლე სიტყვაში განაცხადეს, რომ გერმანიის წინააღმდეგ ომი უნდა დაეწყოთ, რამდენჯერმე გაისროლეს მიკროფონთან და წავიდნენ. გერმანიის ხელისუფლებმა შემთხვევის ადგილზე მოიწვიეს უცხოელი ჟურნალისტები და უჩვენეს დახოცილ პატიმართა ცხედრები, როგორც პოლონელთა "თავდასხმის" მამხილებელი დოკუმენტი. 12 საათის შემდეგ 1939 წლის 1 სექტემბერს 4:45 სთ_ზე გერმანიის არმია შეიჭრა პოლონეთში. პროვოკაციის გამომჟღავნების თავიდან ასაცილებლად მოგვიანებით ჰაინრიხ ჰიმლერის (ესესის რაიხსფიურერი) ბრძანებით დახვრიტეს გლაივიცის ინცინდენტის მონაწილე ყველა ესესელი.
ჰიტლერელებმა პოლოეთის წინააღმდეგ დაძრეს 1.6 მილიონი ჯარისკაცი და ოფიცერი, 2800 ტანკი, 6000 ქვემეხი და 2000 საბრძოლო თვითმფრინავი. პოლონელებმა ვერ მოასწრეს მობილიზაცია, რადგან საფრანგეთისა და ინგლისის მთავრობებმა, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჰკარგავდნენ იმედს, ჰიტლერელებთან მოლაპარაკების თაობაზე, თავიანთი წარმომადგენლების საშუალებით 2 დღით გადაადებინეს მობილიზაციის გამოცხადება. 1 სექტემბრისათვის პოლონეთის შეიარაღებული ძალები, რომელიც თავის რიგებში აერთიანებდა 1 მილიონ ჯარისკაცსა და ოფიცერს, აღჭურვილი იყო უმეტეს წილად მოძველებული ტექნიკით. ჰიტლერელებმა პოლონეთის წინააღმდეგ დაიწყეს ერთდროული, კონცენტრირებული შეტევა მორავიიდან, სილეზიიდან, პომერანიიდან და აღმოსავლეთ პრუსიიდან შემხვედრი მიმართულებებით ვარშავაზე. გერმანიის მოძრავი შენაერთების სწრაფმა წინსვლამ და ავიაციის ძლიერმა საჰაერო დარტყმებმა ფაქტობრივად ჩაშალეს პოლონეთის არმიის მობილიზაცია და სამხედრო_სატრანსპორტო გადაზიდვები. უკვე 8 სექტემბერს გერმანელთა მოწინავე ნაწილები გამოჩდნენ ვარშავის მისადგომებთან, 20 დღის განმავლობაში, 28 სექტემბრამდე, გერმანელების წინააღმდეგ გმირულად იბრძოდა პოლონეთის დედაქალაქის გარნიზონი და მოსახლეობა, მაგრამ სექტემბრის შუა რიცხვებიდან პოლონეთის არმიამ როგორც ერთიანმა ორგანიზებულმა ძალამ არსებობა შეწყვიტა. გერმანიის თავდასხმის პარალელურად 17 სექტემბერს აღმოსავლეთის მხრიდან პოლონეთში შეიჭრა საბჭოთა არმია, პოლონეთის დახმარების საბაბით და განლაგდა მდინარეების ვისლას, ნარევისა და სანის მიმართულებით, როგორც ეს მოლოტოვ_რიბენტროპის პაქტით იყო გათვალისწინებული. მოხდა პოლონეთის შუაზე გაყოფა. ეს ნათლად გამომჟღავნდა მაშინ, როდესაც პოლონეთთან ომის დამთავრებისთანავე საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ჯარებმა ერთობლივი სამხედრო აღლუმი ჩაატარეს ქალაქ ბრესტში. 28 სექტემბერს დაიდო გერმანია - საბჭოთა კავშირის ახალი ხელშეკრულება, ახალი საზღვრების შესახებ. გერმანიამ ლიტვა საბჭოთა კავშირს გაუცვალა პოლონური მიწების ნაწილში. 4 ოქტომბერს 5 კვირიანი თავგანწირული ბრძოლის შემდეგ პოლონელებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს. პოლონეთზე სწრაფი სამხედრო გამარჯვების შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი "ელვისებური ომი", ანუ "ბლიცკრიგი", რომელიც გერმანიის სამხედრო ტაქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა 1941 წლის მიწურულამდე.
გერმანიის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრი იოზებ გებელსი აღნიშნავდა: "ფიურერმა პოლონელებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. პოლონელები უფრო ცხოველები არიან, ვიდრე ადამიანები, პრიმიტიულები და უფორმონი, საღი აზროვნების ნატამალი არ გააჩნიათ, მათი მმართველი ფენა ღვთაებრივი არიული რასის ქვედა ფენებთან შერევის უჯიშო ნაყოფია. ფიურერი არ აპირებს პოლონელების ასიმილაციას. ჰაინრიხ ლომს რომ დაეპყრო აღმოსავლეთი, შედეგად მივიღებდით სლავურ გერმანელებს, დღეს უკეთესად გვაქვს საქმე, ჩვენ უკვე ვიცით რასობრივი მემკვიდრეობის კანონები და შეგვიძლია სათანადოდ მოვიქცეთ".
პოლონეთის მთავრობამ ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში რუმინეთს შეაფარა თავი, შემდეგ კი საფრანგეთში, ქალაქ ანჟერში გენერალ ვლადისლავ სიკორსკის ხელმძღვანელობით შეიქმნა პოლონეთის ემიგრანტული მთავრობა.
ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობები, ცხადია, შეაშფოთა შექმნილმა ვითარებამ. 1939 წლის 3 სექტემბერს დილის 11 საათზე ინგლისმა, ხოლო იმავე დღეს, საღამოს საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს გერმანელებს. გერმანიას ომი გამოუცხადა ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და ინდოეთმაც. ცოტა მოგვიანებით 10 სექტემბერს - კანადამაც. ყოველივე ამის შესახებ კი ჰიტლერი აცხადებდა: "ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი იომებენ".
1939 წლის შემოდგომაზე საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ფინეთს, რის გამოც იგი ერთთა ლიგის რიგებიდან გარიცხეს. ფინელი ხალხის შეუპოვარი წინააღმდეგობისა და ინგლისის მხრიდან აქტიური დახმარების გამო საბჭოთა კავშირმა ფინეთის სრული ოკუპაცია ვერ შეძლო, თუმცა ფინეთს წაართვა კარელიის ყელი, ვიბორგის მხარე, ლადოგის ტბის ჩრდილო_დასავლეთი სანაპირო და მურმანსკთან მდებარე ნახევარკუნძული პეჩეგა. ასევე ხანკოს ნახევარკუნძულზე სამხედრო_საზღვაო ბაზის შექმნის უფლება მოიპოვა. პოლონეთი კი გერმანელებმა ნაცისტური იდეოლოგიისა და რასობრივი პოლიტიკის საცდელ პოლიგონად გადააქციეს. ჰიმლერის პირველი ინსპექციის შემდეგ, საავადმყოფოებიდან გამოყარეს მოხუცები და უნარშეზღუდული ადამიანები. ბავშვთა სახლებში დაიწყეს ბავშვთა გადარჩევა, "რასობრივად უვარგის" ადამიანებს (მათ შორის ბავშვებს) ხოცავდნენ ან სამედიცინო ექსპერიმენტებისათვის იყენებდნენ, ოსვენციმსა და მაიდანეკში შეიქმნა საკონცენტრაციო ბანაკები, გერმანელებმა დააპატიმრეს 15 000 ინტელექტუალი, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი ბანაკებში გაამწესეს. 1939 წლის ბოლოს, ევროპაში ყველაზე დიდ - პოლონეთის ებრაულ თემს უბრძანეს გადასახლება სპეციალურად მათთვის აშენებულ გეტოში. გეტო გარე სამყაროსაგან იზოლირებული, კედელშემოვლებული დასახლება იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ებრაული თვითმმართველობა ნაცისტების მეთვალყურეობით.
საბჭოთა კავშირთან მოსაზღვრე პოლონეთის ტერიტორიას საბჭოთა არმია აკონტროლებდა. საბჭოთა კავშირმა აქ ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე ეს ტერიტორია შეუერთდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, ასევე დაკანონდა ბელორუსიის საბჭოთა კავშირთან მიერთება. საბჭოთა უშიშროებამ ხელისუფლებისათვის პოლიტიკურად მიუღებელი, ორ მილიონამდე ადამიანი გადაასახლა გულაგებსა და შუა აზიის რესპუბლიკებში. ინგლისისა და საფრანგეთის მხრივ გერმანიისათვის ომის გამოცხადებას რაიმე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედების დაწყება არ მოჰყოლია. 1939 წლის დეკემბრისათვის მოკავშირეებმა გერმანია_საფრანგეთის ფრონტზე მხოლოდ 1500 კაცი დაკარგეს. ფრანგულ ისტორიოგრაფიაში ეს პერიოდი "უცნაური ომის" სახელწოდებით შევიდა. ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობებს არ შეუცვლიათ მიუნხენური კურსი, თანაც იმედოვნებდნენ, რომ ჰიტლერი იარაღს დასავლეთის ნაცვლად აღმოსავლეთით მიმართავდა, მაგრამ ისტორიამ დაადასტურა, რომ ისინი ცდებოდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთადერთი პოლიტიკოსი ვინც თავიდანვე იზიარებდა დასავლეთში ჰიტლერთან მოლაპარაკების უპერსპექტივობას, უინსტონ ჩერჩილი იყო.
გერმანიამ კარგად ისარგებლა შესვენებით და 1939 წლის ოქტომბრიდან შეუდგა ამჯერად უკვე "ყვითელი გეგმის" განხორციელებას, რაც ითვალისწინებდა საფრანგეთის წინააღმდეგ ელვისებურ ომს, თუმცა სანამ "დააჩოქებდა ინგლისს და გაანადგურებდა საფრანგეთს" ჩრდილოეთის ფლანგის განმტკიცებისა და მოხერხებული სამხედრო_საზღვაო ბაზების შექმნის მიზნით, 1940 წლის გაზაფხულზე გერმანიამ დაიწყო "ვეზერზე სწავლების" სახელწოდებით შემუშავებული გეგმის განხორციელება, რომელიც გულისხმობდა სკანდინავიის ქვეყნების დაპყრობას. 1940 წლის 9 აპრილს, გამთენიისას დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის მცხოვრებნი ძრავების მძლავრმა გუგუნმა გამოაღვიძა.
ქალაქის ქუჩებში მწკრივებად მოემართებოდა გერმანელთა ტანკები, ქალაქის ცა კი მოფენილი იყო თვითმფრინავებით. ბევრი დანიელი, რომლებიც ველოსიპედებით მიემართებოდნენ სამუშაოზე გერმანელთა ჯარების შუაგულში აღმოჩნდნენ. ისინი გაოგნებულნი იყურებოდნენ, ზოგმა ისიც კი იფიქრა, კინოგადაღება ხომ არ მიმდინარეობსო. სულ მალე დანიის მეფემ კაპიტულაცია გამოაცხადა. იმავე დღეს გერმანიის ჯარები გადასხდნენ ნორვეგიის ნავსადგურებში ოსლოდან ნარვიკამდე. ნორვეგიაში გერმანელთა სწრაფ გამარჯვებას ხელი შეუწყო ნაცისტთა კარგად ორგანიზებულმა დაზვერვამ. ნორვეგიის სუსტმა არმიამ და ჩრდილოეთ ნორვეგიაში გადასხმულმა ინგლის_საფრანგეთის მცირერიცხოვანმა ჯარებმა, რომლებმაც ფაქტიურად ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს გერმანელებს. უკვე 1940 წლის 8 ივნისს მოკავშირეთა ჯარები ნორვეგიიდან გამოიყვანეს. დანიაში შენარჩუნდა მონარქია, ნორვეგიაში კი ნაცისტებმა მთავრობის მეთაურად დასვეს ვიდკუნ კვისლინგი. შვედეთმა შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი, ნორვეგია რაიხსკომისარიატად გადაკეთდა, თუმცა ჰიტლერის ბრძანებით შეუნარჩუნდა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი. 1940 წლის ზაფხულისათვის ნაცისტური არმია კარგად მოემზადა დასავლეთზე შეტევისათვის. იგი ითვალისწინებდა ნიდერლანდებში შეჭრას, სახმელეთო ოპერაციების წარმოებას საფრანგეთში და საჰაერო ოპერაციებს ბრიტანეთის ფლოტის გასანადგურებლად.
ნიდერლანდები გერმანელებმა 18 დღეში დაიკავეს. მალე მას მიჰყვა ბელგია და ლუქსემბურგი. 800 კილომეტრიან დასავლეთის საზღვარზე შვეიცარიიდან ჩრდილოეთის ზღვამდე ჰიტლერელებმა თავი მოუყარეს 136 (მათ შორის 10 სატანკო და 7 მოტორიზებული) დივიზიას, საერთო ჯამში 3.3 მილიონ კაცს, 2600 ტანკს, 25 000 ქვემეხს და 3800_ზე მეტ თვითმფრინავს. მოკავშირეებს დაახლოებით იმდენივე დივიზია ჰყავდათ, რამდენიც გერმანელებს, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, მათი ძალები არასწორად იყო განლაგებული და ვერ უზრუნველყოფდა სტრატეგიულად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებების უსაფრთხოებას. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არ იქნა გაზიარებული საფრანგეთის სამხედრო მინისტრის მოადგილის, გენერალ შარლ დე გოლის სწორი სამხედრო სტრატეგია, რომელზეც ის ფრანგებს ჯერ კიდევ 30_იანი წლების დასაწყისიდან მიუთითებდა. გერმანული სარდლობა კარგად და მოხერხებულად იყენებდა ბრძოლის ისეთ ფაქტორებს, როგორიც იყო მოულოდნელი თავდასხმა და შეტევის მაღალი ტემპი. მოწინააღმდეგის ზურგში ასევე წარმატებით მოქმედებდა ჰიტლერელთა მიერ წინასწარ შექმნილი "მეხუთე კოლონები".
ბენილუქსის ქვეყნების დაპყრობამ ინგლისში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რასაც მოჰყვა ნევილ ჩემბერლენის გადადგომა პრემიერ მინისტრის პოსტიდან. 1940 წლის 10 მაისს ინგლისის კოალიციურ სამხედრო კაბინეტს, რომელშიც შევიდნენ კონსერვატორები, ლეიბოლისტები და ლიბერალები, XX საუკუნის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, უინსტონ ჩერჩილი ჩაუდგა.
XX საუკუნის 30_იან წლების პირველ ნახევარში გერმანიის საზღვრებზე ფრანგებს აგებული ჰქონდათ სიმაგრეები, რომელსაც საფრანგეთის იმდროინდელი სამხედრო მინისტრის, მაჟინოს სახელის მიხედვით, "მაჟინოს ხაზი" ეწოდებოდა. იგი იწყებოდა შვეიცარიიდან და წყდებოდა ლუქსემბურგთან, რადგან საფრანგეთის სარდლობა აბსოლუტურად არასწორად ვარაუდობდა, რომ არდენების დანაწევრებული რელიეფი და სუსტად განვითარებული საგზაო ქსელი, არ მისცემდა საშუალებას გერმანელებს განეხორციელებინათ მასობრივი სატანკო შეტევა ლუქსემბურგზე, ხოლო უფრო ჩრდილოეთით, გერმანიის საზღვრის გასწვრივ გადიოდა ბელგიელთა გამაგრებული ხაზი, რომელიც გერმანელების ჩრდილოეთიდან თავდასხმის შემთხვევაში, ფრანგებს შეეძლოთ გამოეყენებინათ.
1940 წლის 10 მაისს, დილის 5 საათსა და 30 წუთზე ბენილუქსის ქვეყნებზე დაწყებული შეტევის დროს, გერმანელთა ძირითადმა სატანკო დაჯგუფებამ სწორედ ლუქსემბურგზე გავლით დაძლია არდენები და გადალახა მდინარე მაასი ქალაქ სედანის რაიონში. 12 მაისს გერმანელებმა ქალაქი სედანი აიღეს. 21 მაისს გერმანელთა ტანკები გავიდნენ ლამაშის სანაპიროზე, ქალაქ აბევლის ჩრდილო_აღმოსავლეთით, ალყაში მოექცა ბელგიის არმია, თითქმის მთელი ინგლისის საექსპედიციო კორპუსი და ფლანდრიაში მოქმედი ფრანგული დივიზიები. 28 მაისს ბელგიის ჯარებმა იარაღი დაყარა, 2 ივნისამდე კი დიუნკერკის რაიონიდან დიდ ბრიტანეთში ევაკუირებულ იქნა 340 000 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 90 000 ფრანგი ჯარისკაცი და ოფიცერი. ევაკუირებული სამხედრო შენაერთების თითქმის მთელი შეიარაღება და მისი მატერიალური ნაწილი გერმანელებმა იგდეს ხელთ.
5 ივნისს გერმანელთა ჯარებმა დაიწყს შეტევა პარიზის მიმართულებით. 10 ივნისს რეინოს მთავრობა პარიზიდან ტურში გაიქცა. იმავე დღეს საფრანგეთის წინააღმდეგ ომში ჩაება იტალია. 14 ივნისს გერმანელები პარიზში შევიდნენ. ჩერჩილის მთავრობამ, ცხადია გაითვალისწინა მოკავშირის უმძიმესი მდგომარეობა და გამოვიდა წინადადებით ინგლისისა და საფრანგეთის ურღვევ კავშირად გაერთიანების შესახებ, ერთიანი მოქალაქეობით, კონსტიტუციით, პარლამენტით და საერთო მთავრობით. ინგლისის პოლიტიკურ ხელმღვანელობას და მის მეთაურს ამით სურდათ ხელი შეეშალათ საფრანგეთის კაპიტულაციისთვის, მაგრამ ჩერჩილის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. საფრანგეთის მთავრობის წევრთა უმრავლესობამ უარყო მისი წინადადება და რეინო გადადგა. მთავრობის ახალმა მეთაურმა 84 წლის მარშალმა პეტენმა დაზავება სთხოვა ჰიტლერს, მიუხედავად ამისა ფრონტის მთელ რიგ უბნებზე ფრანგი ჯარისკაცები და ოფიცრები მედგრად განაგრძობდნენ თავდაცვას. მათ ბრძოლას არაფრთოვანებდა შარლ დე გოლის მოწოდება ფრანგული წინააღმდეგობის გაგრძელების შესახებ. დე გოლი ლონდონში მოლაპარაკებას აწარმოებდა ინგლისის თანამშრომლობის შესახებ.
1940 წლის 22 ივნისს კომპიენის ტყეში, იმავე სალონ_ვაგონში, რომელშიც 1918 წლის 11 ნოემბერს, მარშალმა ფოშმა თავისი მოთხოვნები უკარნახა პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ გერმანიის დელეგაციას, საფრანგეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კაპიტულაციის პირობებს. დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო საფრანგეთის არმიის დემობილიზაცია, მისი შეიარაღება უნდა გადასცეოდა გერმანიას. განაიარაღეს საფრანგეთის ფლოტიც, რომლის ძირითად ნაწილს თავი მოუყარეს ტულონში. საფრანგეთის ჩრდილო ნაწილი მთლიანად ოკუპირებულ იქნა გერმანიის ჯარების მიერ, მის სამხრეთ, არაოკუპირებულ ნაწილში შეიქმნა პეტენის მარიონეტული რეჟიმი. პეტენმა თავის რეზიდენციად აირჩია საკურორტო ქალაქი ვიში. ვიშის მარიონეტული რეჟიმი ჰიტლერს ესაჭიროებოდა, როგორც გარანტია, რომ საფრანგეთის უდიდესი კოლონიური იმპერიის რესურსები და ტულონში თავმოყრილი ფრანგული ფლოტი, არ იქნებოდა გამოყენებული ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ.
1940 წლის 24 ივნისს საფრანგეთის მთავრობამ ხელი მოაწერა დაზავებას იტალიასთანაც.
საფრანგეთის ტრაგედიამ ინგლისი კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო. მთავრობის გარკვეული ნაწილი კანადაში გადასვლის შესაძლებლობასაც კი განიხილავდა, მაგრამ ჩერჩილი უკომპრომისო ბრძოლის მომხრედ რჩებოდა. მან 1940 წლის 13 მაისს თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უახლოეს წლებში ინგლისელ ხალხს არაფერი შეგვიძლია შევთავაზოთ, გარდა "სისხლის, შრომის, ოფლისა და ცრემლებისა". 22 მაისს ჩერჩილის მთავრობამ მიიღო საგანგებო უფლებები - გაეწია კონტროლი ქონებაზე, სამეწარმეო საქმიანობაზე, შრომასა და ერის მთელ ცხოვრებაზე. გერმანიის სარდლობა შეუდგა ახალი საბრძოლო გეგმის შემუშავებას, ამჯერად უკვე დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. გეგმას დაერქვა "ზღვის ლომი". დაიწყო ნამდვილი მეკობრეობა დიდი ბრიტანეთის საზღვაო კომუნიკაციებზე. 1939 წლის სექტემბრიდან 1941 წლის ივნისამდე გერმანელებმა ჩაძირეს 2000_ზე მეტი სავაჭრო ხომალდი, მათ შორის 1500_მდე ინგლისის, რაც დიდი ბრიტანეთის ფლოტის 1/3_ს შეადგენდა. გერმანია ცდილობდა ინგლისის საზღვაო მარწუხებში მოქცევას. გერმანიის ავიაციამ დაიწყო მასიური დაბომბვა ლონდონის, ბირმინგების, მანჩესტერის და სხვა ინდუსტრიული ცენტრების. გერმანელებმა დაანგრიეს სამხედრო მრეწველობის ერთ_ერთი ცენტრი ქოვენთრი. მიუხედავად ამისა ნაცისტებმა ბრიტანეთის კუნძულებზე გადასვლა ვერ მოახერხეს, რადგან არ გააჩნდათ სამხედრო_საჰაერო ძალების საგრძნობი უპირატესობა. ინგლისის წინააღმდეგ მოქმედებდა 1500_მდე ბომბდამშენი და 1000_მდე გამანადგურებელი. ინგლისელებს ბომბდამშენების ნაკლები რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ გერმანელებს სჭარბობდნენ გამანადგურებლებში, როგორც რიცხობრივად, ისე ტაქტიკურ_ტექნიკური მანევრების მიხედვით. ამასთანავე ინგლისში უკვე მოქმედებდა რადიოლოკაციური დანადგარები და რადგან საჰაერო ბრძოლები ბრიტანეთის კუნძულებზე ხდებოდა, გერმანელებისგან განსხვავებით ინგლისელები კარგავდნენ ძირითადად თვითმფრინავებს, მათი მოწინააღმდეგეები კი თვითმფრინავებთან ერთად მფრინავებსაც. ინგლისელებმა სწრაფად გადაიყვანეს საავიაციო მრეწველობა სამხედრო ყაიდაზე და 1940 წელს გერმანელებთან შედარებით ერთნახევარჯერ მეტი საბრძოლო თვითმფრინავი გამოუშვეს, მაგრამ სახმელეთო ჯარებისთვის საჭირო სხვა შეიარაღების წარმოებაში ინგლისი გერმანიას ჩამორჩებოდა.
1940 წლის სექტემბერში გერმანიის სარდლობამ "ზღვის ლომის" გეგმის განხორციელება გაურკვეველი დროით გადადო, მან უკვე ერთგვარი პროპაგანდისტული ხასიათი შეიძინა, რასაც გერმანია ინგლისის მთავრობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოსახდენად იყენებდა.
ამერიკის შეერთებული შტატები ომის პირველ ეტაპზე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, მაგრამ 1939 წლის ნოემბრიდან ინგლისისა და საფრანგეთისათვის იარაღის მიყიდვა დაიწყო. საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ ამერიკის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა დაიწყეს მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთთან. ამით, ცხადია, ინგლისიც იყო დაინტერესებული. 1940 წლის 2 სექტემბრის შეთანხმებით დიდმა ბრიტანეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს 99 წლის ვადით იჯარით გადასცა 8 სამხედრო_საზღვაო და სამხედრო_საჰაერო ბაზა ნიუფაუდლენდში, ბერმუდის, ბაჰამისა და იამაიკის კუნძულებზე. ასევე ინგლისის სხვა სამფლობელოებში დასავლეთ ნახევარსფეროში. სამაგიეროდ ინგლისელებმა ამერიკელებისაგან მიიღეს შედარებით მოძველებული სისტემის 50 ნაღმოსანი, 20 სატორპედო კატარღა, 150 თვითმფრინავი და 250 000 შაშხანა. როდესაც ინგლისის ფინანსური შესაძლებლობანი ამოიწურა აშშ_ს კონგრესმა 1941 წლის 11 მარტს მიიღო კანონი მისთვის სესხის ან დროებითი იჯარის სახით (ლენდ ლიზი) მიეწოდებინა შეიარაღება, სურსათი და ნედლეული. ამ კანონის საშუალებით აშშ_მ დიდი დახმარება აღმოუჩინა ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოებს.
ფაშისტური აგრესიიდან დასავლეთ ნახევარსფეროს დაცვის შესაძლებლობებს აძლიერებდა აშშ_ს პრეზიდენტ რუზველტის განკარგულებით, ატომური ბომბის შექმნისათვის დაწყებული სამუშაოები და 1940 წლის ზაფხულში კონგრესის მიერ გამოყოფილი 5 მილიარდი დოლარი სამხედრო მშენებლობისა და შეიარაღების სრულყოფისათვის.
ფაშისტური გერმანიის მიერ საფრანგეთისა და ნიდერლანდების დაპყრობის შემდეგ, რომელთაც უდიდესი კოლონიები გააჩნდათ სამხრეთ_აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის აუზში, იაპონია შეეცადა დაუფლებოდა ამ სამფლობელოებს. ინდო_ჩინეთსა და სამხრეთის ზღვებში წარმატებული აგრესიისათვის და ინგლის_ამერიკის წინააღმდეგობის დაძლევისათვის მილიტარისტულ იაპონიას ჰიტლერული გერმანიის დახმარება ესაჭიროებოდა. ფაშისტური ბლოკის განმტკიცების მიზნით, 1940 წლის 27 სექტემბერს, ბერლინში, გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს "სამთა პაქტს", შეიქმნა სამხედრო აგრესიული ბლოკი ბერლინი_რომი_ტოკიო, პაქტის მონაწილეებმა აშკარად განაცხადეს, მსოფლიო ბატონობისა და ახალი წესრიგის შესახებ ევროპასა და აზიაში. 1941 წლის 6 აპრილს გერმანია თავს დაესხა იუგოსლავიას და რამდენიმე დღეში მოახდინა ამ ქვეყნის ოკუპაცია. ჰიტლერელებმა დააქუცმაცეს იუგოლავია, სლოვენია შეუერთეს გერმანიას, სერბია და ხორვატია გამოაცხადეს "დამოუკიდებელ" სახელმწიფოებად, ხოლო დანარჩენი მიწები გაუნაწილეს თავიანთ მოკავშირეებს - იტალიას, უნგრეთსა და ბულგარეთს. აქვე ავღნიშნავთ იმასაც, რომ "სამთა კავშირის" მომხრედ გამოდიოდა რუმინეთიც.
რადგანაც ინგლისის მდგომარეობა ძალიან რთული იყო, ფაშისტური სახელმწიფოები ფიქრობდნენ, მისთვის დარტყმა მიეყენებინათ აფრიკის ტერიტორიაზე. ამ გეგმის განხორციელებას იტალია შეუდგა. 1940 წლის ზაფხულში იტალიის ჯარებმა დაიპყრეს ბრიტანეთის სომალი, სუდანისა და კენიის ნაწილი, შეიჭრნენ ეგვიპტის ტერიტორიაზე, მეტი იტალიამ ვერ შეძლო. ინგლისმა შეინარჩუნა ნილოსის შესართავი და სუეცის არხი.
1940 წლის ბოლოს ინგლისის ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, იტალიელები განდევნეს ეგვიპტიდან და დაიკავეს ლიბიის დიდი ნაწილი, იტალიის ერითრეა, სომალი და ეთიოპია; იტალიელები განდევნეს აგრეთვე კენიიდან და სუდანიდან. ამგვარად ფაშისტურმა იტალიამ, რომელმაც დაკარგა ყველა თავისი სამფლობელო აღმოსავლეთ აფრიკაში და ჩრდილო აფრიკიდან განდევნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თხოვნით მიმართა ჰიტლერს - მისთვის დახმარება გაეწია. 1941 წლის დასაწყისში ლიბიაში გადასხეს გერმანიის ქვეითი ჯარის, ტანკებისა და თვითმფრინავების გარკვეული რაოდენობა. აფრიკაშია იტალია_გერმანიის ჯარების სარდლობა გერმანელ გენერალს - ერვინ რომელს დაევალა, რომელმაც შეძლო ინგლისელთა განდევნა ლიბიიდან და ეგვიპტეში შეიჭრა, მაგრამ მიღწეული წარმატებების განვითარება ვეღარ მოახერხა, მის განკარგულებაში მყოფი იტალია_გერმანიის ჯარი ნილოსის შესართავთან შეტევისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა, მაგრამ II მსოფლიო ომის ბედი აქ არ წყდებოდა. გერმანია თავის მთავარ ძალებს თავს საბჭოთა კავშირის საზღვრებთან უყრიდა. ჰიტლერს გადაეწყვიტა, რომ დიდ ბრიტანეთთან ომის დამთავრებამდე ელვისებური შეტევით დაემარცხებინა საბჭოთა კავშირი, რომელზეც თავდასასხმელად მან შეიმუშავა ე.წ. "ბარბაროსას გეგმა", რომელსაც სახელი "რომის საღვთო იმპერიის" იმპერატორ, ფრიდრიხ ბარბაროსას პატივსაცემად ეწოდა. იგი იყო ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმის კოდური სახელწოდება.
ორ ფრონტზე ომის თავიდან აცილების მიზნით 1941 წლის მაისში ჰიტლერელებმა სცადეს შეთანხმებოდნენ ინგლისის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს. ჰიტლერის მოადგილე რუდოლფი, თვითმფრინავ გამანადგურებლით სასწრაფოდ ჩაფრინდა ინგლისში, პარაშუტით დაეშვა გავლენიან არისტოკრატ, ლორდ ჰამილტონის მამულთან და ინგლისის მთავრობის წარმომადგენლებთან ანტისაბჭოთა მოლაპარაკების დაწყება სცადა. მაგრამ ინგლისის მთავრობას ზავის გაგონებაც კი არ სურდა. ჰესის მისიამ კრახი განიცადა. ჰიტლერი გაემიჯნა ჰესს და იგი შეშლილად გამოაცხადა.
ფაშისტური გერმანიის შეიარაღებისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრი ალბერტ შპეერი, რომელსაც ნიურნბერგის პროცესზე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თავის მოგონებებში ჰიტლერზე წერს: "1941 წლის 21 ივნისს, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის წინა დღეს, ჰიტლერმა ბერლინში, თავის ბინაში მიმიწვია და სადილის შემდეგ ლისტის "პრელუდიებიდან" რამდენიმე ტაქტი დააკვრევინა: "ამ მელოდიას უახლოეს ხანში ხშირად გაიგონებთ, რადგან ეს იქნება რუსეთზე ჩვენი გამარჯვების ნიშანი, ეს მელოდია ფუნკმა შეარჩია, თქვენ თუ მოგწონთ? სულ მალე იმდენი გრანიტი და მარმარილო გვექნება, რამდენიც თქვენს გულს გაუხარდება". გერმანიას კი ასეთი "გასეირნება", საბჭოთა კავშირში ნამდვილად არ ელოდა.
60 1-ს მოსწონს
|