ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ წინააღმდეგობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და არ გამორიცხავს რომ არსებული უთანხმოება მათ ხალხის მოსაჩვენებლად გადაწყვიტონ:
"თქვენ თუ გგონიათ "ოცნებასა" და ეკლესიას შორის რაიმე წინააღმდეგობა არსებობს, რადგან ეკლესიას მათი დაუფიქრებელი ზეთავაზება ქრისტიანობის სახრლმწიფო რელიგიად გამოცხადრბის შესახებ, არ მოეწონა, ძალიან ცდებით.
დაილაპარაკებენ და მოიფიქრებენ რაიმე ფორმას, როგორ მოაჩვენონ ხალხს, რომ ხელისუფლება ეკლესიაზე ზრუნავს.
არ იდარდოთ, მალე მოგვახსნებენ ერთობლივ იდეას."- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ ხელისუფლება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს, რასაც ეკლესია კატეგორიულად არ ეთანხმება.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს, შესაძლოა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სურვილი იყოს. თეოლოგები და სასულიერო პირები კი ფიქრობენ, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ეკლესიის დაასუსტებს და არა პირიქით.
25 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაიმეორა სამი დაპირება, რასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში შეასრულებს და თქვა, რომ არსებობს მეოთხეც, „ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე ვაცნობებთო“.
სარწმუნოების ხსენებამ გააძლიერა ეჭვი, რომელიც მედიას და ექსპერტებს გაუჩნდათ, რომ საუბარია სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადების იდეაზე.
28 აგვისტოს კი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ აღარ დამალა, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქოს მსგავსი რამ მართლაც შესთავაზა, რასაც მან „თავაზიანობის აქტი“ უწოდა და დაამატა, რომ ინიციატივის ზუსტ ფორმულირებასთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება.
„საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი“, - დაწერა 28 აგვისტოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა. როგორც მთავარეპისკოპოსი აღნიშნავს, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან ესაჭიროება თავად სახელმწიფოს.
"საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი.
ის, რომ საქართველოში ეკლესია არ წარმოადგენს სახელმწიფო-სახელისუფლებო დაქვემდებარების ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სტრუქტურას, ინსტიტუციას, ეს განპირობებულია პირველ რიგში ეკლესიის ბუნებიდან. ამასთანავე, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან ესაჭიროება თავად სახელმწიფოს, ქვეყნის პოლიტიკური და სხვა გარემოებით შექმნილი კრიზისის დროს იქ, სადაც სახელმწიფოსთვის ან ხელისუფლებისთვის შესაძლოა კარი დაიხუროს. ამიტომ, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი არის შეცდომა.
თუ გამიზნული განაცხადია, სხვა არაფერს მიეახლება გონება, თუ არა ეკლესიის ინსტიტუციური განადგურებისა და სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობიდან გადახვევის ვერაგულ და ამავდროულად მდარე ჩანაფიქრს, რაც მხოლოდ საქართველოსა და მისი ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეც-სამსახურების პროექტს შეიძლება წარმოადგენდეს. ან კიდევ სამომავლო დიქტატურისა თუ ავტორიტარიზმის მომასწავებელ უბედურებას“- ვკითხულობთ მეუფე ზენონის პოსტში.