x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
„ასპროცენტიანად უნდა „დავბრედილიყავი“, ეს იყო სასწაულებრივი გადარჩენა“ - ლადო ბურდული
image

.

ცოტა ხნის წინ ლადო ბურდული მძიმე ავარიაში მოყვა. როგორც იმპერატორი სოციალურ ქსელში წერდა, სკუტერით კიდევ ერთხელ ჩახედა სიკვდილს თვალებში. მუსიკოსმა ამ ავტოსაგზაო შემთხვევასა და გადარჩენის დეტალებზე ჟურნალ თბილისელებთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა:


.
ლადო ბურდული: ეს ავარია, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. აღმართზე მოვდიოდი, ნორმალური სიჩქარით, მაგრამ მაინც რაღაც ისე არ გამოვიდა „ტორმუზთან“ დაკავშირებით და სახე საშინლად დავარტყი. შედეგად, ცხვირი ჩამომივარდა, პირდაპირი გაგებით, არ ვაჭარბებ, დავინახე, რომ ცხვირი სახეზე გადმომეშალა. ახლობელი აღმოჩნდა იქვე და მაშინვე საავადმყოფოში წამიყვანა. იქ ცხვირი გამიკერეს, სახის ძვლების მრავალჯერადი მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღმომაჩნდა. აქედან გამომდინარე, თითქმის ერთი თვეა, მთელ დროს სრულ სიმშვიდეში ვატარებ. ძველი ლექსები გავიხსენე, ძველი ტექსტები ამოვიღე და ვცხრილავ. ამ მიმართულებით ვმუშაობ და ამ დროს საკმაოდ ეფექტურად ვიყენებ. ათწლეულებია, ამის გაკეთება მინდა, მაგრამ სულ მეშინოდა, რადგან ამხელა ინფორმაციის დახარისხებას დიდი დრო სჭირდება. ახლა უკვე თითქმის ბოლოსკენ გავედი და ძალიან მიხარია.



– ცხვირისა და სახის დაზიანებებს რაც შეეხება, ყველაფერი რიგზეა?


– როგორც ექიმმა მითხრა, გადარჩენილი ვარ, რომ ნესტოებიც არ დაზიანდა. მიმაკერეს ჩემი ჩამოვარდნილი ცხვირი და ახლა მხოლოდ „შრამი“ მაქვს დარჩენილი. სხვათა შორის, მამაჩემსაც ჰქონდა ცხვირზე „შრამი“, მას ჩხუბის შედეგად დარჩა, მე – მოტოავარიიდან და მგონია, უკვე გენეტიკურად იქცა (იცინის). ჩემს თავს რომ ვუყურებ, სულ მამაჩემი მახსენდება.


– ის წამები როგორ გახსენდებათ, როცა ავარია მოხდა?


– ეს არ არის ჩემი პირველი ავარია. როგორ შეიძლება, ავარიებს შეეგუო, მაგრამ პირველი უფრო დიდი შოკი იყო. ის უფრო საშიშიც იყო, ასპროცენტიანად უნდა „დავბრედილიყავი“. ვიღაცამ გზა ჩამიჭრა, მე გავძახე, რას შვრები-მეთქი და ჩათვალა, რომ ვაგინებდი. კახეთის გზატკეცილზე გამომეკიდა და გზაში ჩხუბი დავიწყეთ. გააჩერე-მეთქი, ვეძახდი და უცებ წინ რომ გავიხედე, გაჩერებული „გრუზავიკი“ დავინახე. პირდაპირ მას შევასკდი მთელი სიჩქარით და ეგ იყო სასწაულებრივად გადარჩენა. ახლაც გადავრჩი, ექიმმა მითხრა, შეიძლებოდა, ცხვირსა და თვალზე სერიოზული ზიანი მიგეღოო, მანაც და მამაომაც ერთი და იგივე რამ მითხრეს, უფალს ძალიან უყვარხარო, მაგრამ პირველი ავარიის დროს მართლა სიკვდილს ჩავხედე თვალებში. მახსოვს ის წამები, როცა ვფიქრობდი, გადარჩენის შანსი არ არის, ახლა „დავიბრიდები-მეთქი“. დაჯახების დროს, ვიგრძენი, რომ მე და „გრუზავიკს“ შორის, რაღაც წინაღობა გაჩნდა, რამაც დარტყმის ძალა შეამცირა. არ მიყვარს მისტიკურ თემებზე საუბარი, მაგრამ იმ მომენტში ეს მთელი სიცხადით ვიგრძენი და ამან გადამარჩინა. ვინც ეს ყველაფერი თავის თვალით ნახა, მაშინვე მომვარდნენ და რომ დამინახეს, გაოცებულები მეკითხებოდნენ, ცოცხალი ხარო?! (იცინის). როცა ავდექი, მივხვდი, მკერდზე ძალიან ძლიერი დარტყმა მქონდა მიღებული. მერე გავიგე, რომ ნეკნები მქონდა გატეხილი. მოვიდა სასწრაფო და პოლიცია, ორივემ მიცნო, რეანიმაციაში გადამიყვანეს. ყველაზე მაგარი შოუ იქ იყო, კლინიკის კარი იხსნება, უნდა ჩამიყვანონ საკაცით და სანიტარი გოგონები სიხარულით და ჟრიამულით იძახიან, ლადო ბურდული მოიყვანესო. სხვათა შორის, ამჯერადაც, დაახლოებით, იგივე სიტუაცია იყო (იცინის).


– თქვენ კი ცოტა ზარალდებით, მაგრამ სამაგიეროდ, სამედიცინო პერსონალის გულებს ახარებთ...


– ასე გამოდის (იცინის). ახლაც ერთმა ქალბატონმა, ოღონდ თავადაც პაციენტმა, რომ დამინახა, გადაირია, ლადო, შვილო, რა დაგემართა, ჩემი მდგომარეობა სულ დამავიწყდაო. არადა, მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ფილა დასცემია და როგორი დასავიწყებელია?! ჩემზე მძიმე მდგომარეობაში იყო. მერე გოგოები მოვიდნენ, ფოტო გადავიღოთო და ამ ჩამოვარდნილი ცხვირით და დალურჯებული სახით, არ ვიქნები მაინცდამაინც კარგი სანახავი, მერე გადავიღოთ-მეთქი (იცინის). მოკლედ, ძალიან გაუხარდათ ჩემი იქ ყოფნა (იცინის). მხოლოდ ჩემი ცოლი იყო შეწუხებული, გარეთ იდგა და არ უშვებდნენ. არ იცოდა, რა ხდებოდა და ნერვიულობდა, მაგრამ მერე რამდენიმე წუთით შემოუშვეს და დამშვიდდა.


პირველი ავარიის დროს ძალიან ბევრი დაზიანება და პრობლემა მქონდა, სიცოცხლის გადარჩენაზე იყო საქმე და მე ამ დროს, ვკითხულობდი ჩემს ზურგჩანთას, რომელშიც შუშის ჭიქები მეწყო და მაინტერესებდა, ის ხომ არ დამტვრეულა (იცინის). ექიმები მეუბნებოდნენ, ჭიქები კი არა, შეიძლება შენ ვერ გადარჩე, რა დროს ეგ არისო (იცინის). არადა, ეს ჭიქები განსაკუთრებით მიყვარს. მერე ერთი ქალბატონი მოვიდა და მითხრა, ნუ გეშინია, ჭიქები გადარჩაო. მივხვდი, რომ იმ საავადმყოფოში, მარტო მე და ის ქალი ვიყავით ერთნაირ სიხშირეზე – ორი ერთნაირად არანორმალური (იცინის). მერე საავადმყოფოში წოლის პერიოდში, იმდენი „მაკატავეს“ ეტლით, კაბინეტიდან კაბინეტში, თან ისეთმა სიმპათიურმა გოგონებმა, ვამბობდი, ბავშვობაში არ „ვუკატავებივარ“ „კალიასკით“ მშობლებს ამდენი-მეთქი (იცინის). ჩემს ცოლს ტელეფონით რომ ვუთხარი მომხდარის შესახებ, ეგონა, როგორი ხმაც მქონდა, ისე გამოვიყურებოდი. რომ მოვიდა და ეტლით დამინახა, მერე მიხვდა, რაც ხდებოდა.


– იქაც ხომ მხიარულად გხვდებიან და თქვენც არ უჩივით ხასიათს, მიუხედავად მდგომარეობისა...


– ბავშვობაში მივხვდი, თუ სიკვდილია, სჯობს, ღიმილითა და სიმღერით, ვიდრე ტირილითა და ცრემლებით (იცინის). საერთოდ, ვცდილობ, მძიმე წუთებში თავს შემოვუძახო. მაშინაც ვიცინოდი და ვმხიარულობდი.


ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები, როცა შეიძლებოდა, „დავბრედილიყავი“, ვიგრძენი, რას განიცდიან ამ დროს ადამიანები, როგორი უძლურები არიან და როგორ ნანობენ იმას, რისი გაკეთებაც უნდოდათ და არ ან ვერ გააკეთეს, ფიქრობენ შეცდომებზე და ასე შემდეგ. ამდენზე ფიქრს იმ წამებში ვერ მოასწრებ, მაგრამ მერე, როცა გადარჩები, ბევრი აზრი მოგდის გონებაში და დროც გაქვს ამაზე საფიქრელად (იცინის).


ყველაზე მაგრად დამაფიქრა წამებში რეალობის ცვლილების შესაძლებლობამ. სადღაც მიდიხარ, შენი გეგმები გაქვს, თავი – ფიქრებით არის გამოტენილი და უცებ, რეანიმაციაში ხვდები, სადაც შენ გვერდით ადამიანები იღუპებიან. ამას რომ ვუყურებდი, შოკირებული ვიყავი, როგორ წამებში აღმოვჩნდი სხვა სამყაროსა და რეალობაში. ეს ყვეალაზე სტრესულია და უფალმა ყველა დაგვიფაროს ამისგან.


უშუალოდ შეჯახების მომენტში გონებაში ერთი სიმღერა დამიტრიალდა – „მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს...“ უცებ საოცრად უძლური ხდები მისტიკური ძალის წინაშე, აცნობიერებ, როგორი უსუსური ხარ და თურმე, მართლა წამია ადამიანის ცხოვრება.


– იმწუთას უფრო განიცდით ხოლმე მსგავს შემთხვევებს თუ ყველაფერი რომ ჩაივლის, მერე?


– გახსოვთ ძველი ტელევიზორები, ხელით რომ უნდა გადაგერთოთ არხიდან არხზე? საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. მეც ჩემი თავი სულ კარგ ტალღაზე მიყენია. ძალიან მიჭირს, რომ ბოღმა გავხდე. რამდენჯერ მოუყენებია ადამიანს შეურაცხყოფა და ამაზე სულ მეცინებოდა. ახალგაზრდობაში ოდნავადაც კი არ მეშლებოდა ნერვები, პირიქით, ვიცოდი, თუ ვინმე შეურაცხყოფას არ მაყენებდა, ესე იგი, არასწორად ვცხოვრობდი, არასწორად ვაზროვნებდი. იმდენად არასწორი საზოგადოება იყო ჩემ ირგვლივ, ნამდვილად არ ველოდი, რომ ვინმეს თვალში „ჯიგარი“ ვიქნებოდი და არც მინდოდა ასე ყოფილიყო.


ბავშვობიდანვე რთულად გამოვდიოდი წყობიდან, ვვარჯიშობდი, ენერგია მქონდა, იდეები და ყოველთვის ძალიან მიჭირდა, ვიღაც ნაბოზვრების არხზე გადავრთულიყავი. ვიღაც რომ თავს დაგესხმება, რაღაცას გატკენს, ხომ შესაბამისად უნდა უპასუხო, მაგრამ ჩემთვის რთული იყო, მისთვის ისე მეპასუხა, როგორც იმსახურებდა. მერე მეწყებოდა შიდა ბრძოლები, მისი მოკვლა მინდოდა და საერთოდ, ყველაფერი, სულ ვეჩხუბებოდი ჩემს თავს, რატომ იმ მომენტშივე არ გაეცი საკადრისი პასუხი-მეთქი?! მერე ღრმა ანალიზი გავაკეთე და მივხვდი, რომ ძალიან მიჭირს მისნაირი „პროჭი“ გავხდე და ისეთივე პასუხი გავცე ადამიანს, როგორიც ის თავად არის. ბევრჯერ უნდა გადავრთო ჩემი მხიარული და ბედნიერი არხიდან თავი მის უბედურ და ბინძურ არხზე, რომ მისნაირი ტიპი გავხდე და შესაბამისი სიტყვები ვუთხრა. ასაკში რომ შევედი, კიდევ უფრო გამიჭირდა გადართვები. თურმე, ძალიან ეხმარება ადამიანებს ქრისტიანობა. ხვდები, რომ ადამიანებს, უბრალოდ, უნდა აპატიო.


ასეთ მომენტებშიც, როცა სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ყველაფერი რომ ჩაივლის, მერე უფრო აკეთებ ანალიზს და უკეთ ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ფრთხილად ყოფნა. მე არ მივეკუთვნები საზოგადოების 90 პროცენტს, იმ უმცირესობაში შევდივარ, ვინც, როცა რამე დაემართება, თითებს სხვისკენ არ იშვერს. ცუდი თუ დამემართება, მიზეზს საკუთარ თავში ვეძებ. თუ ვინმე მართლა თავს არ დამესხა, ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებ. ამიტომ მოხდა ჩემი ევოლუცია სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად, თუმცა, სამწუხაროა, რომ ამას ახლანდელი თინეიჯერები ვერ ხედავენ და უმადურობას ავლენენ.


– თქვენი და სკუტერის მეგობრობა გრძელდება?


– ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე საშიში ქალი იყო და მაშინ უნდა დამენებებინა მათზე ფიქრისთვის თავი (იცინის). სკუტერი ჩემი მეგობარია, ძალიან მიყვარს. ჩემი უნიკალურობა ისაა, რომ შიშით შეიძლება, მაგრად შემეშინდეს, მაგრამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ეს ვერასდროს დამაბრკოლებს. შიში რაც არ უნდა ძლიერი იყოს, როცა მიზანი მაქვს, მისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ამჯერადაც ასე იქნება, რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება.


0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0