საზოგადოება
"ე, ბიჭო, ვისი საქმე კეთდება ახლა ამით?"- რას წერს მერაბ მეტრეველი
15 აგვისტო, 17:22
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აგვისტოს ომის თემის კვლავ გააქტიურებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"დადგა აგვისტო და ხელისუფლებამ კვლავ დაიწყო საუბარი, ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, თან იმუქრებიან, მრტო საუბრით კი არ შემოვიფარგლებით, გამოძიებას ჩავატარებთო. ე, ბიჭო, 12 წელია ხელისუფლებაში ხარ, თუ რამე იყო გამოსაძიებელი, აქამდე გექნა? მაგრამ მერე ყოველი არჩევნების წინ რას დაპირდებოდნენ ხალხს?
წარმოიდგინეთ, რუსეთი ახლა შეჭრილია უკრიანაში, ცდილობს უკრიანის დაპყრობას, გაქნებული ომია, მთელი ცივილიზებული სამყარო უკრიანისკენაა და ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ 2008 წელს ყველაფერი საქართველოს მაშინდელი ხელისულფების ბრალი იყო და ეს უნდა გამოიძიოს. უფრო მეტიც, მარტო სააკაშვილის ბრალი კი არ იყო, არამედ ის ვიღაცის დაკვეთას ასრულებდა დასავლეთიდან.
ანუ აწვებიან ვერსიას, რომ ომი სააკაშვილმა ამერიკის დავალებით გააჩაღა. ვისი საქმე კეთდება ახლა ამით? ამის მერე ვიღაც დაუძახებს ამათ რუსეთუმეებს და ეწყინებათ. მე მომწერენ, ბოლო დროს სულ ხელისუფლებას რატომ აკრიტიკებ, ოპოზიცია სულ დაგავიწყდაო. მე კი არ დამავიწყდა, უბრალოდ, ისეთებს შვება ხელისუფლება, ოპოზიციისთვის ვიღას ცხელა?!"– ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის პოსტში.
ყოფილი ხელისუფლების მისამართით - აგვისტოს ომთან დაკავშირებული ბრალდებები ადრეც ისმოდა, მაგრამ ახლა, აგვისტოს ომის მე-16 და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მე-12 წელს - „ბრალდებულების“ წრე გაფართოვდა.
ექსპერტების შეფასებით, „ოცნების“ საყვედურები შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას სცდება, საგარეო ვექტორს უკავშირდება და ზუსტად ემთხვევა დასავლეთის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის ძირითად მესიჯებს, რაც „დამაზიანებელია ქართული სახელმწიფოსთვის“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 8 აგვისტოს მივიდნენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაუმეორა, რომ - 2008 წლის აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულის გამოძიება - მტკიცე გადაწყვეტილებაა, ხოლო ეს საკითხი ახლა იმიტომ წამოიჭრა, რომ სასამართლო პროცესებზე - სტრასბურგსა და ჰააგაში - „ხელისუფლების ძალისხმევით“ გამარჯვება უკვე მიღწეულია.