სხვა ნიკიტა ხრუშჩოვის პოლიტიკური პორტრეტი 10 აგვისტო, 1:06 ნიკიტა სერგეევიჩ ხრუშჩოვი დაიბადა 1894 წლის 5 (17) აპრილს კურსკის გუბერნიის სოფელ კალინოვკაში, გლეხის ოჯახში. ბავშვობაში მწყემსავდა საქონელს. ზამთარში დადიოდა სკოლაში, სადაც ისწავლა წერა-კითხვა, თუმცა დაწყებითი სკოლა არ დაუმთავრებია. 12 წლისა უკვე მუშაობდა ქარხანაში და დონბასის შახტებში. 1918 წელს ბოლშევიკური პარტიის წევრი გახდა. იგი სამოქალაქო ომის მონაწილეა. სამხედრო კომისრის _ ხრუშჩოვისათვის სამოქალაქო ომი დასრულდა ყუბანში. 1920 წელს არჩეულ იქნა მეშახტეთა უჯრედში პოლიტიკურ ხელმძღვანელად. 1921 წელს დონბასში გაიხსნა "დონტექნიკუმი". ტექნიკუმთან შექმნილ მუშფაკში სწავლა დაიწყო ნიკიტამ, თუმცა ვერც ეს სასწავლებელი დაამთავრა. ამას ხელი არ შეუშლია ერთ-ერთი რაიკომის მდივნად აერჩიათ.
20-იან წლებში რუსეთში, კერძოდ დონბასში მეშახტეები ცხოვრობდნენ ბარაკებში. აქ, უზნეობა და უკულტურობა იყო გამეფებული, რაც დამახასიათებელი იყო "მუშებად" ქცეული გლეხური ფსიქოლოგიისათვის. გუშინდელ გლეხებს არ შეეძლოთ ესარგებლად ქალაქის ტუალეტებითაც კი. მეშახტეებს არ ჰქონდათ დაბანის საშუალება, არ გააჩნდათ თეთრეული, გამეფებული იყო ლოთობა და აზარტული თამაშები. უკრაინის დელეგაციის წევრი ნიკიტა 1925 წლის დეკემბერში პირველად ჩავიდა მოსკოვში საკ.კპ. (ბ) XIV ყრილობაზე. სხვა უკრაინელ დელეგატებთან ერთად ის ტაშს უკრავდა სტალინს, რომელსაც პირველად ხედავდა. ხრუშჩოვი დააწინაურეს საოლქო ცენტრში. მისი მოღვაწეობის მასშტაბი სამხარეოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. დონეცკის ორგანიზაცია პარტიის წევრთა რიცხვით ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო კავშირის მასშტაბით. ენერგიული ბუნებით დაჯილდოებულმა ნიკიტამ უკრაინის პარტიული ორგანიზაციის საუკეთესო მუშაკის სახელი მოიპოვა. თუმცა აშკარად არ ჰყოფნიდა განათლება.
ასევე დარჩებოდა საშუალო დონის მუშაკად, რომ მისივე თქმით "ხელში არ ჩაეგდო ლატარიის ბედნიერი ბილეთი". 1928 წელს უკრაინის კპ ცკ (ბ) გენერალური მდივანი გახდა ს. კოსიორი. მან ხრუშჩოვი, როგორც გლეხის ოჯახში დაბადებული, მუშად ნამყოფი და არაინტელიგენტი გადმოიყვანა საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილედ. საგულისხმოა, რომ პარტიულ აპარატში დასაწინაურებლად უპირატესობა ეძლეოდათ იმ პირებს, ვისაც დაბალი ინტელექტი ჰქონდა. ცოტახანში ნიკიტას უკვე გამგის თანამდებობაზე ვხედავთ. 1929 წელს მოსკოვში გაიხსნა სამრეწველო აკადემია, სადაც მსმენელად ჩაირიცხა ხრუშჩოვი. აკადემიის პირველ ნაკადში ჩაირიცხა ნადეჟდა ალილუევა _ სტალინის მეუღლე. ის აირჩიეს პარტიული ჯგუფის ხელმძღვანელად. ნადეჟდასა და ხრუშჩოვს შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. ცოტამ თუ იცოდა, რომ აკადემიაში ტრამვაით მოსული ახალგაზრდა ქალი სტალინის მეუღლე იყო. ხრუშჩოვს ბედმა გაუღიმა, ის ხვდებოდა სტალინს, ყოფილა ოჯახურ სადილზეც ვიდრე ნადეჟდა ცოცხალი იყო... წინსვლას და გადარჩენას ანუ "ლატარიის ბედნიერი ბილეთის" აღებას ნიკიტა აღნიშნულ მოვლენას უწოდებდა.
1931 წელს ნიკიტა აირჩიეს მოსკოვის ბაუმანის რაიკომის პირველ მდივნად. 1932 წელს მოსკოვის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანია, ხოლო 1935 წლიდან მოსკოვის საოლქო პარტიული ორგანიზაციის პირველი მდივანი.
1938 წლის იანვარში ჯერ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი გახდა, მოგვიანებით უკრაინის კომუნისტთა ლიდერი. XVIII ყრილობის შემდეგ ნიკიტას საკავშირო ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად ირჩევენ. ომის პერიოდში იყო კიევის სამხედრო ოკრუგის სამხედრო საბჭოს წევრი. ჰქონდა გენერალ-მაიორის წოდება. ომის დროს მიიღო სუვოროვის მეორე ხარისხის ორდენი.
ხრუშჩოვმა ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ანგარიშსწორება დაიწყო მკვდარ სტალინთან. ნიკიტას კარგად ახსოვდა მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივნობის პერიოდში, ერთი ხის მოჭრის ნაცვლად, ქუჩის ნარგავების გაჩეხვის გამო როგორ სასტიკად დატუქსა სტალინმა... ისიც ახსოვდა, "აგროქალაქების" მშენებლობის პროექტისთვის დატუქსულ პატარა ბავშვივით მოზლუქუნე ნიკიტას "ჩემი პატარა მარქსი" რომ უწოდა და ისიც_როგორ დააბერტყა თავზე 1941 წლის ოქტომბერში ფაშისტების "მომლოდინე" და შიშს ატანილ ხრუშჩოვს ჩიბუხი. როდესაც ხრუშჩოვმა ომის დროს კიევის დაკარგვის შესახებ აცნობა, სტალინმა ჰკითხა: "თქვენ ადგილზე ნიჩბები თუ გაქვთ?" ნიკიტა იქვე მდგომ ფრონტის სარდალს დაეკითხა და სტალინს უპასუხა, რომ ნიჩბები აქვთ. "გამოართვით ნიჩბები ჯარისკაცებს და თქვენივე ხელით გაითხარეთ სამარე, უკრაინის გარდა, თქვენ სხვა ადგილი არ გაქვთ!" - მკაცრად უპასუხა სტალინმა და ყურმილი დაუკიდა.
სტალინისაგან ერთხელ უკვე შეწყალებული ხრუშჩოვის შვილი ლიონია ხრუშჩოვი, რომელმაც საბჭოთა თვითმფრინავი მტრის ზურგში დასვა და გერმანელების მხარეზე გადავიდა, წითელი არმიის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა. სტალინის ბრძანებით, სპეცრაზმმა მოღალატე მფრინავი მტრის ზურგიდან მოიტაცა და სამშობლოში დააბრუნა. ხრუშჩოვი დაჩოქილი ეხვეწებოდა სტალინს, ეჩუქებინა მისთვის შვილის სიცოცხლე. სტალინმა ჰკითხა:
- მეხვეწები, როგორც პოლიტბიუროს წევრი თუ როგორც მამა?
- როგორც მამა, _ იყო პასუხი.
- რა ვუთხრა იმ მამებს, რომლებმაც სამი და ოთხი შვილი ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაკარგეს, ნუთუ ისინი მამები არ არიან?
პოლიტბიურომ განიხილა ხრუშჩოვის შვილის შეწყალების საკითხი, მაგრამ ლიონია ხრუშჩოვი ერთხმად იქნა მიჩნეული ქვეყნის მოღალატედ და სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი ძალაში დარჩა. 1946 წელს ხრუშჩოვმა თავის ცხოვრებაში პირველად იმოგზაურა საზღვარგარეთ ინკოგნიტოდ გენერლის ფორმით. სპეციალისტების ჯგუფთან ერთად ის ეწვია ავსტრიას, უნგრეთსა და აღმოსავლეთ გერმანიას, სადაც რეპარაციების საკითხი წყდებოდა. 1947 წელს ნიკიტა უკრაინის კპ ცკ-ის პირველ მდივნად ინიშნება, 1949 წელს კი უკვე მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანია. მის მოღვაწეობაში დაიწყო ახალი ეტაპი. ამავე დროს პარალელურად ის ხდება საკ. კპ (ბ) ცკ მდივანი. სტალინი ბოლო თვეებში იმდენად დაუახლოვდა მას, რომ თავის 70 წლის საიუბილეო სხდომაზე იუბილარის მარჯვენა ხელი გადახვეული იყო მაო ძედუნზე, ხოლო მარცხენა ხრუშჩოვზე.
სტალინის სიკვდილის შემდეგ კომპარტიის ყრილობას განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ ჩვენშიც და უცხოეთშიც. შეიცვლება რაიმე საბჭოთა კავშირში? ასეთი იყო მთავარი ინტრიგა. ყველა ელოდა ცვლილებებს, მაგრამ რაც კრემლში მოხდა, ბირთვული ბომბის აფეთქების ტოლფასი იყო.
სტალინის ერთგული დელეგატებისა და პარტიული ნომენკლატურის წინაშე სპეციალურ დახურულ სესიაზე სიტყვით გამოსულმა ხრუშჩოვმა დაუნდობელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ახლახან გარდაცვლილი მსოფლიო პროლეტარიატის ლიდერი. მან ემოციურად ისაუბრა სტალინის "პიროვნების კულტზე", მასობრივ რეპრესიებზე, მარქსიზმ-ლენინიზმის პრინციპების უხეშ დარღვევებზე... დელეგატები საკუთარ ყურებს არ უჯერებდნენ!
ფაქტია, რომ 1956 წლის 25 თებერვალს ხრუშჩოვმა სასწორზე დადო თავისი პოლიტიკური კარიერა და პირადი ბედი, რადგან პარტიული ხელმძღვანელობის უმრავლესობა სტალინის დანაშაულთა გამოაშკარავების წინააღმდეგი იყო. ისინიც ხომ ხრუშჩოვთან ერთად, ამ დანაშაულების მონაწილენი იყვნენ!
ასეთი გაბედული, ემოციური და, ამავე დროს, გაუაზრებელი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ხრუშჩოვს შეეძლო. პოლონეთის კომპარტიის ლიდერი ბოლესლავ ბიერუტი ყრილობის შემდეგ მოსკოვშივე გულის შეტევით გარდაიცვალა. ხრუშჩოვის "საიდუმლო მოხსენება" ერთხანს პრესაში არ იბეჭდებოდა, მაგრამ ტექსტმა მაინც გაჟონა დასავლეთში და იქ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია.
რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ კომუნისტური პარტიები დასავლეთის ქვეყნებში, მათი ავტორიტეტი საგრძნობლად შეირყა. კომუნისტური ალბანეთის ლიდერმა ენვერ ხოჯამ ხრუშჩოვს რევიზიონისტი უწოდა და საერთოდ გვერდზე განუდგა საბჭოთა კავშირს. მაგრამ მოსკოვისათვის საერთაშორისო თვალსაზრისით ყველაზე ავის მომასწავებელი მაო ძედუნის მომდურება იყო, რომელმაც არ გაიზიარა კრემლის ახალი პოლიტიკა. პეკინსა და მოსკოვს შორის დიდი განხეთქილება იწყებოდა. "პრავდაში" გამოქვეყნდა სტატია ჩინური გაზეთის "ჟენმინ ჟიბაოს" ფურცლებიდან, სადაც აღნიშნული იყო, რომ სტალინის დამსახურება უფრო მეტია, ვიდრე მისი შეცდომები, და მრავალი მათგანი გასათვალისწინებულია, რამდენადაც ისინი ამდიდრებენ პროლეტარიატის დიქტატურის ისტორიულ გამოცდილებას, პარტიულ წრეებში სტატიის ავტორად მაო ძედუნს მიიჩნევდნენ.
მიღებული მოსაზრების თანახმად ყრილობაზე ხრუშჩოვის გამოსვლა გადამწყვეტი ეპიზოდი გახდა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. აიღო რა ხელში ინიციატივა ნიკიტამ დარტყმა მიაყენა სტალინის ისეთ თანამებრძოლებს, როგორიც იყვნენ მოლოტოვი, კაგანოვიჩი, მალენკოვი, ვოროშილოვი, მიქოიანი; რომელთა ყოფნა ცკ პრეზიდიუმში ხელს უშლიდა. მოხსენებით ხრუშჩოვმა გუშინდელ "ბელადებს" ნიადაგი გამოაცალა, მოამზადა მათი ხელისუფლებიდან მოცილება. ყველაზე ცუდ დღეში პატარა საქართველო აღმოჩნდა. ხრუშჩოვის პიროვნული ზიზღი სტალინის მიმართ საქართველოსაც გადასწვდა. ექსცენტრულმა ნიკიტა სერგის ძემ არაერთხელ მოიხსენია აუგად "ბელადის სამშობლო", რაც უარყოფითად განაწყობდა ქართველების მიმართ მთელ საბჭოთა პარტიულ და სახელმწიფო აპარატს.
XX ყრილობის დასრულების შემდეგ, სულ ორიოდე კვირაში, თბილისში 9 მარტის სისხლიანი დღე დადგა. სამწუხაროდ, მსოფლიომ მაშინ ვერაფერი გაიგო ამ ტრაგედიის შესახებ, რომლის მთავარი შემქომედი ხრუშჩოვი იყო.
1956 წლის 30 ივნისს სკკპ ცკ დადგენილებაში "პიროვნების კულტის შესახებ", ხრუშჩოვმა უკან დაიხია. დადგენილება და მისი შინაარსი, ასევე ფორმულირებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა XX ყრილობაზე წაკითხულ მოხსენებასთან შედარებით. ახლა საჯარო გამოსვლებში ნიკიტა აღნიშნავდა, რომ სტალინი იყო უდიდესი რევოლუციონერი და მარქსისტ-ლენინელი და პარტია არ მისცემს უფლებას "კომუნიზმის მტერებს სტალინის სახელის შესაბღალავად".
XX ყრილობაზე "ბომბის აფეთქებას" მყისვე დეტონაციები მოჰყვა აღმოსავლეთ ევროპაში.
პირველი პოლონეთი იყო. ეს ქვეყანა, მართალია, საბჭოთა კავშირმა გაათავისუფლა გერმანელი ფაშისტებისაგან, მაგრამ შემდეგ თვითონ აღმოჩნდა ახალი დამპყრობლის ხელში. პოლენელები ითხოვდნენ ქვეყნიდან საბჭოთა ჯარის გაყვანას. განსაკუთრებით შეურაცხყოფილად გრძნობდნენ ისინი თავს იმის გამო, რომ თავდაცვის მინისტრად მოსკოვმა პოლონელებს საბჭოთა მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი დაუნიშნა. იგი წარმოშობით პოლონელი იყო, მაგრამ მხარდაჭერით ამ ქვეყნის სამხედროებშიც კი არ სარგებლობდა.
1956 წლის გაზაფხულზე პოლონეთში მუშათა გაფიცვები დაიწყო. გაფიცულთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა, იყო მსხვერპლი. პოლიტიკური კრიზისი მალე პოლონეთის მმართველ კომუნისტურ (პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტია) პარტიასაც მოედო, რომლის შიგნითაც ბიერუტის სიკვდილის შემდეგ ლიდერობისათვის ბრძოლა მიმდინარეობდა. შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო პოლონეთის მუშათა პარტიის ცკ-ის VIII პლენუმზე ხრუშჩოვი ოფიციალური მიწვევის გარეშე ჩავიდა ვარშავაში.
აეროდრომზე დახვდნენ ოხაბი, ჯერ განთავისუფლებული და პარტიის ცკ-ის შემადგენლობაში კოოპტაციის წესით შეყვანილი გომულკა, ცირანკევიჩი, ზავადსკი და სხვ. თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე ნიკიტა მუშტით დაემუქრა პოლონელ ხელმძღვანელებს და პირველად საბჭოთა გენერლებს მიესალმა. ოხაბმა გაბედა და სახალხოდ მისცა შენიშვნა ხრუშჩოვს: "პოლონეთის დედაქალაქში ჩვენ ვართ უფროსები და მსაპინძლები, ამიტომ არ გვჭირდება წარმოდგენის მოწყობა". შემდეგ იყო "სისხლიანი შემოდგომა" უნგრეთში.
ხრუშჩოვის ფენომენზე ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ ბევრი დარჩა სათქმელიც. როდესაც ნიკიტა იწყებდა ლაპარაკს, თვითონაც არ იცოდა რით და როგორ დაამთავრებდა. თავის "ორატორულ ხელოვნებას" პირველად მეუღლესთან სცდიდა. როგორც ჩანს, ცოლი ერთ-ერთი მისი კონსულტანტი იყო.
ხრუშჩოვი თავს იწონებდა, რომ ახლოს იყო საზოგადოების ყველა ფენასთან. 1959 წლის ზაფხულში სოჩაში დასვენების დროს წერილი მიიღო ორჯერ ნასამართლევი ყოფილი ქურდისაგან. ქურდი ჩიოდა, რომ სამსახურს ვერ შოულობდა, თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა წესიერი ცხოვრება დაეწყო. ნიკიტამ წერილის ავტორი მიიწვია აგარაკზე, ესაუბრა და დარწმუნებულმა, რომ მასზე სათანადო ზეგავლენა მოახდინა სამსახური უშოვა და ბინაც მიაღებინა. მოგვიანებით ამ "ინიციატივის" გავლენით, რაზეც ხშირად ლაპარაკობდა სახელმწიფოს მეთაური, კავშირის მასშტაბით დაიწყო დიდი კამპანია: ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლებ პატიმრებს ათავისუფლებდნენ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებიდან, რასაც მძიმე შედეგები მოყვა.
ნიკიტა ხშირად ასახელებდა მწერალ ვინიჩენკოს, რომელიც მემარჯვენე ესერი იყო და ანტისაბჭოთა მოღვაწედ ითვლებოდა. როგორც ჩანს, მან ახალგაზრდობაში წაიკითხა მისი ნაწარმოები და არც იცოდა ზუსტად ავტორის ბიოგრაფია. ინტელიგენციასთან გამოსვლის დროს ხრუშჩოვი ყვებოდა აღნიშნული მწერლის მოთხრობის "პატარა პინას" შინაარსს. მოთხრობაში აღწერილია, თუ როგორ სხედან ციხის კამერაში შვიდნი... როგორ აკეთებენ მიწისქვეშა ხვრელს. გააკეთეს ხვრელი, პირველი ვინ გაძვრება? ხომ საშიშია! ყველაზე დიდი საშინელება მოელის მას, ვინც პირველი გაძვრება. არავის არ უნდა პირველი გაძვრეს. კამერაში არის ყველაზე პატარა, შეუმჩნეველი, წყნარი პატიმარი. რომელსაც ეძახდნენ "პატარა პინას" და, აი, შესთავაზეს მას: "პინა გაძვრება პირველი", და პინა გაძვრა პირველი, მე ვიქნები მეთაური: შენ ესა და ეს გააკეთე, შენ ესა და ეს..." და გახდა მათი უფროსი. და, აი, მეც პატარა პინა ვარ, _ განაცხადა ხრუშჩოვმა, მე ვარ თქვენი მბრძანებელი.
ამ გამოსვლის შემდეგ დასავლეთში ნიკიტას დაარქვეს პატარა პინა. ხრუშჩოვი ამის გამო განაწყენდა, შეიძლება იმიტომ, რომ მან გვიან გაიგო, პინა პინკუსია, ებრაული სახელი. როცა ხრუშჩოვი მოხსნეს, დასავლეთ გერმანულმა ჟურნალმა "შტერნმა" ამ მოვლენას ნახევარი ნომერი მიუძღვნა. იგი იხსნებოდა ხრუშჩოვის უზარმაზარი პორტრეტით, რომლის ზემოთ ეწერა: "პატარა პინა" აღარ არსებობს".
ხრუშჩოვი, როგორც თვითდაჯერებული ადამიანი, თვლიდა, რომ ყველაფერი იცოდა. ერთერთ მიტინგზე მან თქვა: "მარქსის იდეა_ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თუკი ღორის ქონს წავუსვამთ, კიდევ უფრო კარგი იქნება". ბუნებრივია, ნორმალურ ადამიანს თავში არაფრით მოუვა აზრად, რომ მარქსის იდეებზე შეიძლებოდა ღორის ქონის წასმა.
განსაცვიფრებელი იყო ხრუშჩოვის სურვილი, ელაპარაკა ხელოვნებაზე ისე, რომ მისი სრულებით არ ესმოდა. ცდილობდა აეხსნა, რაა ლამაზი და რაა უშნო. რა არის მხატვარი, რომელიც მიისწრაფვის კომუნიზმისაკენ. "აი როგორი ცუდია ერნსტ ნეიზვესტნი". და ბოლოს იპოვა, იპოვა და ძალიან გაუხარდა. იგი ამბობს: "აი, რას ჰგავს თქვენი ხელოვნება: კაცი რომ შევიდეს საპირფარეშოში, ჩაძვრეს ხვრელში და იქიდან შეხედოს, რაა მის ზემოთ, როცა ხვრელზე ვიღაც ზის. აი ესაა თქვენი ხელოვნება, აი, თქვენი პოზიცია, ამხანაგო ნეიზვესტნი, თქვენ ხვრელში ზიხართ!"
ნიკიტას ინტელექტს მკაფიოდ გამოხატავს ერთი მაგალითი, როდესაც კრემლის დარბაზში გამოსვლისას 650 ადამიანის წინაშე ტრიბუნაზე მდგომმა, დარბაზის ბოლო რიგს მიმართა: "თქვენ, რაო, რა კბილები დაგიკრეჭიათ! თქვენ, სათვალიანო "აჩკარიკ", აი, იქ, ბოლო რიგში, წითელპერანგიანო! რას იკრიჭებით! გვაცადეთ, თქვენც მოგისმენთ, თქვენი ჯერიც მოვა!"
1962 წლის დეკემბერში ლენინის მთების დარბაზში ხელოვნების მუშაკებთან შეხვედრის დროს სადილის შემდეგ, როცა შესვენება გამოცხადდა ყველა მიაწყდა საპირფარეშოებს. პირველი შესვენებისას საპირფარეშოები არ გაუმიჯნიათ, შემდეგ დაყვეს: ნაწილი მთავრობისათვის, ნაწილი _ ყველა დანარჩენებისათვის. პირველ შესვენებაზე ყველა ნებისმიერ საპირფარეშოში შედიოდა. და აი, ალოვიც შევიდა საპირფარეშოში, დადგა პისუარის რიგში; ხალხი ბევრია, დგას, უცდის და უცებ უკნიდან ესმის ხმა: "მიბრძანდით ნიკიტა სერგის ძევ, მიბრძანდით". მოიხედა უკან_ხრუშჩოვი დგას, ყველა ეპატიჟება პისუარისაკენ, ასე ვთქვათ, ადგილს უთმობენ. ხრუშჩოვი კი: "ნუ წუხხართ, ვიდგები". ალოვი ჭოჭმანობს: "რა ქნას? _ ფიქრობს, _ დაუთმოს ადგილი? მლიქვნელობაა. არ დაუთმოს_ესეც უხერხულია". ნიკიტა კი უკან დგას, ხვნეშის, ერთი ფეხიდან მეორეზე ინაცვლებს.
ვიდრე ალოვი ყოყმანობდა, პისუარი განთავისუფლდა. მან გადაწყვიტა პრინციპული ყოფილიყო: არა, ჯერ მე, ხრუშჩოვმა მოიცადოს. დადგა პისუართან, მაგრამ, ალბათ მღელვარების ნიადაგზე ინსტრუმენტი არ ამუშავდა. დგას, დგას_არ შეუძლია დაწყება. უკნიდან გრძნობს ხრუშჩოვის სუნთქვას, ხედავს გაბოროტებულ სახეებს, რომლებიც მას მისჩერებიან: აი, უსინდისო, დგას პისუართან და არაფერს აკეთებს, ხრუშჩოვსაც არ უშვებს. ბოლოს მოახერხა, დაამთავრა ოპერაცია, გვერდით გამოვიდა და ხრუშჩოვმა მაშინვე დაიკავა მისი ადგილი.
ნიკიტას საერთოდ ყოველთვის სურდა რაიმე შეეცვალა. აგარეკზეც კი, სადაც ყოველ კვირას იმყოფებოდა საწერ მაგიდას ადგილს უცვლიდა. ეკატერინე მესამედ წოდებული კულტურის მინისტრი ფურცევა, რომელსაც ხალხური გადმოცემა უმაღლეს ხელისუფალთა საყვარლად მიიჩნევს, 1957 წელს ხრუშჩოვის მოხსნის მცდელობის დროს ფავორიტის გვერდში იდგა. მაგრამ შემდეგ "გადაიყვარეს". გამოიყვანეს პრეზიდიუმისა და ცკ-ის შემადგენლობიდან. სახლში მისულმა ვენები გადაიჭრა. გადაარჩინეს და დაუბრუნეს ძველი პრივილეგიები.
1961 წელს _ XXII ყრილობაზე, როგორც მისი მონაწილენი, ასევე პარტია, ხალხი უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდნენ. ხრუშჩოვმა თავდაპირველად საანგარიშო მოხსენების წაკითხვას მოანდომა ოთხი საათი. შესვენების შემდეგ კიდევ სამი საათი "მჭევრმეტყველებდა". ასეთი რამ ლენინისა და სტალინის დროს არ არსებობდა. როგორც ჩანს ხრუშჩოვის დროიდან დამკვიდრდა საშინელი ტრადიცია: ლიდერის ავტორიტეტი განისაზღვრებოდა მის მიერ წარმოთქმული სიტყვების რაოდენობით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხრუშჩოვი საერთოდ იყო ლაპარაკის დიდი მოყვარული და ყბედი. ის ფაქტორბივად არავის აძლევდა ლაპარაკის საშუალებას. ინტელიგენცია მას უწოდებდა "ივანუშკა სულელს", "მესიმინდეს", "ყბედს".
საინტერესოა, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს მტკიცება, რომ თითქოს, ხრუშჩოვს ქართველების აყრა და შუა აზიაში გადასახლება უნდოდა? ამ საკითხზე შემდეგ მოგონებას გვთავაზობს დევი სტურუა: 1962 წლის ზაფხულის ერთ დღეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის კაბინეტში დავყოვნდი. საღამოს რვა საათი იქნებოდა, რომ აწკარუნდა ტელეფონის აპარატი "ვჩ". მჟავანაძემ ყურმილი აიღო. რამდენიმე წამის შემდეგ ის გაფითრდა, მანიშნა, მომიახლოვდიო და ყურმილი ისე შეატრიალა, რომ მეც გამეგო, რას ელაპარაკებოდნენ. იმ წამსვე ვიცანი ხრუშჩოვის ხმა (ის იმ დროს ბიჭვინთაში ისვენებდა).
– თურქეთთან შეერთება მოინდომეთ? _ ღრიალებდა ხრუშჩოვი. მე ჩავჩურჩულე მჟავანაძეს, ეთქვა ხრუშჩოვისათვის, რომ ქართველებს ისტორიულად არ შეეძლოთ ჰქონოდათ რაიმე განსაკუთრებული სიმპატიები თურქების მიმართ, ვინაიდან თურქებმა ძალით დაისაკუთრეს საქართველოს ერთი მესამედი, რომ ისინი ჟლეტდნენ ქართველებს და ა. შ. მჟავანაძემ ეს ყველაფერი უთხრა ხრუშჩოვს, მაგრამ ამაოდ. _ "ვაგონი პოდადიმ, ვისელიმ ვას ვსეხ კჩერტოვოი მატერი!" - დაიღრიალა ხრუშჩოვმა და ყურმილი დააგდო.
საქმე შემდეგში იყო. თურმე, ხრუშჩოვს, რომელიც ბიჭვინთაში ისვენებდა, აჩვენეს მის სახელზე დაწერილი წერილი ვიღაც კორეელი იუნის. ეს იუნი, თითქოსდა, მკურნალობდა წყალტუბოში. ჰოდა ეს "მითიური" იუნი ატყობინებდა ხრუშჩოვს, რომ ქართველებთან საუბრისას მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მათ აქვთ სურვილი შეუერთდნენ თურქებს და სხვა ამგვარი აბდაუბდა. იუნს "მითიური" ვუწოდე იმის გამო, რომ ასეთი ავადმყოფი თუ დამსვენებელი წყალტუბოში არ აღმოჩნდა, იმისდა მიუხედავად, რომ გენერალ-პოლკოვნიკ ინაურის უწყებამ საგულდაგულოდ "გაცხრილა" საქართველოს ეს სამკურნალო კურორტი. ეს წერილი საკმაოდ უხეში და მარტივი პროვოკაცია იყო.
ამ გამოხდომის აქტიური პროტესტის გარეშე დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ისევ აწკრიალდა "ვჩ" _ კვლავ ხრუშჩოვია. მას ვეღარ იცნობდით. ბოდიში მოუხადა მჟავანაძეს, თქვა, რომ ოდნავ (?!) გაცხარდა, რომ იუნის წერილი "ვიედენნოგო იაიცა ნე სტოიტ" და სხვა ამგვარი რამ. შემდეგ ხრუშჩოვმა მიიწვია მჟავანაძე ბიჭვინთაში.
ხრუშჩოვი მშვენიერ გუნებაზე გახლდათ. სადილის წინ ნიკიტა და მჟავანაძე ცურაობდნენ ბიჭვინთის განთქმულ აუზში. ეს აუზი, გარდა სხვა ღირსშესანიშნაობისა, გამოირჩეოდა იმით, რომ კარგ ამინდში ღილაკზე ხელის დაჭერით ზღვის მხარეს იხსნებოდა კედელი და იქმნებოდა ილუზია, რომ ცურავდი ღია ზღვაში.
დღის სამი საათი სრულდებოდა, როცა მოირბინა (პოლიტბიუროს მაშინდელი დაცვის სამმართველო) უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა ზახაროვმა და ხრუშჩოვს უთხრა: _ ნიკიტა სერგეევიჩ! მორის ტორეზი მეუღლითურთ თავისი რეზიდენციიდან გამოვიდნენ და აქეთ მოემართებიან. ეს რეზიდენცია კი აუზიდან 500-600 მეტრითაა დაშორებული. მჟავანაძე სასწრაფოდ ამოვიდა აუზიდან და გასახდელში მიიმალა. ხრუშჩოვი კი, ვითომც არაფერი მომხდარიყოს, დაცურავდა თავისი კორპის რგოლით, თითქოსდა ზახაროვის სიტყვები არც გაეგონოს. რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ მორის ტორეზი და მისი მეუღლე. ფრანგი კომუნისტების ხელმძღვანელი გამოწყობილი იყო ღია ფერის კოსტიუმში, მის მეუღლესაც ელეგანტური კაბა ეცვა. შეწუხებული ზახაროვი ეუბნება ხრუშჩოვს: _ ნიკიტა სერგეევიჩ, ტორეზი და მისი მეუღლე უკვე აქ არიან. როგორც იქნა, ხრუშჩოვმა ინება წყლიდან ამოსვლა. მას ეცვა სატინის შავი ტრუსები, მუხლამდე რომ წვდებოდა. ასეთებს ჩვენში "ფოხნებს" ეძახიან. სრულიად სველი, ისე რომ კორპის რგოლი არ მოუხსნია, ხრუშჩოვი დაიძრა მორის ტორეზის და მისი მეუღლის მიმართულებით. სველმა ტრუსებმა გამოკვეთა ხრუშჩოვის ქვედა ტანი. ერთი სიტყვით, სურათი ძალიან არაორდინარული იყო. რომ იტყვიან, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ ყოფილიყო. რა გაეწყობოდა! უხერხული გრძნობებისა და სირცხვილის დამღალავი შეგრძნებით გავყევით ხრუშჩოვს.
როცა კოხტად მორთულებმა მორის ტორეზმა და მისმა მეუღლემ სველი, შავი სატინის ტრუსების ამარა ხრუშჩოვი დაინახეს, თანაც კორპის რგოლით შემოსალტული, შეცბნენ, ალბათ, თვალებს არ დაუჯერეს. მაგრამ, როცა ამ კოლორიტულმა "ზმანებამ" მათ თავისი ხელი გაუწოდა, მიხვდნენ, რომ ზმანება კი არა, სავსებით რეალური ხრუშჩოვი იყო.
ყოველი ახალი "ბელადი" ეკონომიკის მდგომარეობასაც ახალი თვალით უყურებდა. მაგალითად, 1953 წლის ცკ სექტემბრის პლენუმმა აღიარა სტალინური აგრარული პოლიტიკის სრული კრახი, ითქვა, რომ პოლიტიკურმა ძალადობამ გლეხობაზე გამოიწვია სოფლის ძალების პარალიზება. კომუნისტებმა უარი განაცხადეს გლეხობის მიწაზე მიმაგრების პრაქტიკაზე. გარკვეული შედეგები ამ ნაბიჯებს ცოტა ხნით მართლაც ჰქონდა. მაგრამ ისევ მოიწადინეს განეცვიფრებინათ მსოფლიო "ისტორიული სასწაულის" რეალიზების სურვილით.
50-იანი წლების ბოლოს იწყება სოფლის მეურნეობის "კომუნისტური წმენდა", დაჩქარებული მოძრაობა "იდეალისაკენ", რაც გამორიცხავდა პირადი დამხმარე მეურნეობის "ტრივიალურობას". ამერიკის შერცხვენის საშუალებათა ბეჯითად ძიებაში ნიკიტა ხრუშჩოვმა ბრძანება გასცა ყოველგვარი უარის აღკვეთით შეესყიდათ კოლმეურნეებისაგან მთელი რქოსანი პირუტყვი.
ასეთი ადმინისტრაციული გზით მან შესძლო საზოგადო მფლობელობაში გადაეყვანა რამდენიმე მილიონი სული საქონელი. მაგრამ სიცივეების დადგომასთან ერთად გამოირკვა, რომ კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები მზად არ იყვნენ მათ დასაბინავებლად და გამოსაკვებად და გარკვეული ნაწილი დასაკლავი გახდა. მას შემდეგ აღარ დარჩა სოფლად აღარც ძროხა, აღარც ხბო. ან გავიხსენოთ საბედისწერო დადგენილება ცხენების შესახებ: ისინი გამოაცხადეს მუქთამჭამელებად, სხვისი საკვების მიმტაცებებლად, რომლებიც არცხვენდნენ სოციალისტურ რუსეთს უაზრო ჭიხვინითა და ურმის ჭრიალით. მაგრამ აქ საქმე მარტო "ურმის ჭრიალში" როდი იყო. რომელიღაც კარის ლაქიამ ჩაურჩულა ხრუშჩოვს ყურში, რომ თუ დაკლავდნენ რამდენიმე მილიონ ცხენს, ამით უამრავი საკვების ეკონომიას გასწევდნენ და ამას დაემატებოდა მუქთად გაჩენილი უდიდესი რაოდენობის ცხენის ხორცი. ახალი ტყავი ქამრებისა და ფეხსაცმლის ლანჩისათვის!
და მართლაც, აიკრძალა ცხენებისათვის საკვების მიცემა, ისინი ამოიღეს ყველა სახის სააღრიცხვო ბარათებიდან, ანუ გამოაცხადეს კანონგარეშედ და კოლმეურნეობები, სურდათ მათ თუ არ სურდათ, იძულებულნი გახდნენ გაესტუმრებინათ ცხენები სასაკლაოზე.
ახლა დეკორატიული ქალაქები? ხდებოდა ხოლმე, რომ ასეთი თეატრალური ცხოვრებისათვის ადამიანებს ძალით, მილიციის დახმარებით მიერეკებოდნენ ღობის ძირში მიდგმული საერთო ტუალეტიანი მრავალბინიანი სახლებისაკენ, ამასობაში კი მიტოვებული სოფლები არაპერსპექტიულად ცხადდებოდა, ეზოებს ძეძვი ედებოდა, რადიოს ბოძები ირყეოდა, ჭები იქცეოდა.
სტალინისაგან განსხვავებით, ხრუშჩოვი ბევრს მოგზაურობდა ქვეყანაში. ადგილობრივი ხელისუფლება საგანგებოდ ემზადებოდა ნიკიტას შესახვედრად. მაღაზიებში შემოჰქონდათ ფართო ასორტიმენტის საქონელი სიუხვის მოსაჩვენებლად, ოღონდ პროდუქტები არ იყიდებოდა, რათა გიგანტური რიგები არ გაჩენილიყო. სოფლის მეურნეობის უბადლო "მცოდნე" ხრუშჩოვი მოითხოვდა საკვები ბალახისა და საკვები კულტურების ნაცვლად დაეთესათ საფურაჟე და შაქრის ჭარხალი. საფურაჟე ჭარხალს კი ღორებს აჭმევდნენ. დიახ, იმას, როგორც ღორებს, ისე აჭმევდნენ ჩვენს სამხედროებს გერმანიაში ომის დროს.
1961 წელს საგარეჯოში ყოფნისას ნიკიტა სიმინდის "მოყვანის საიდუმლოებას" უხსნიდა ქართველ გლეხებს. გიორგიწმინდელმა ვანო ჭიაბერაშვილმა ვეღარ მოითმინა და აყვირდა: "_ რეებს არახუნებს, რო არახუნებს, ეგ ჯოჯო, მაშ მაგან უნდა მასწავლოს, "საჩერქეზოში" როგორი სიმინდი მომყავს, რად მინდა მაგის ლაილაის რომ ვისმენ აქ, მაგან უნდა მასწავლოს ჭკუა?"
რიაზანის "გამოცდილება", რომლის მიხედვითაც თვლიდნენ, რომ მოკლე დროში შეიძლებოდა
სამჯერ გაზრდილიყო ხორცის წარმოება აღმოჩნდა ავანტიურა და რიაზანის პარტიის საოლქო კომიტეტის მდივანმა ლარიონოვმა თავი მოიკლა.
მსოფლიოს მომავლისათვის მნიშვნელოვანი იყო XX ყრილობაზე კომპარტიის მიერ გაცხადებული ქვეყნის საგარეო კურსის ახალი პრინციპი _ კაპიტალისტურ სამყაროსთან "მშვიდობიანი თანაარსებობა".
ამიერიდან ომი სოციალისტურ და კაპიტალისტურ სამყაროებს შორის ფატალურ აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა. დაუნდობელი კლასობრივი ბრძოლის იდეოლოგიით გაჟღენთილი საბჭოთა საზოგადოებისათვის ეს თეზა საკმაოდ ჰუმანურად ჟღერდა, მას დასავლეთშიც მიესალმნენ. თუმცა ამ სწორ იდეას მომავალ წლებში თავად ხრუშჩოვმა გადაუსვა ხაზი თავისი ავანტიურიზმით.
ხრუშჩოვმა თავისი მმართველობის დასაწყისიდანვე დაიწყო "სიურპრიზების მირთმევა" დასავლეთისათვის. მისი პირველი შეხვედრა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელებთან 1955 წელს შედგა ჟენევაში. ეს სამიტი გარკვეულწილად აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის დუაიტ ეიზენჰაუერის პრეზენტაციაც იყო.
სამიტზე მწვავე დიალოგი გაიმართა ნატოს თაობაზე, რომელსაც საბჭოთა კავშირი თავის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ბლოკად მიიჩნევდა, დასავლეთი კი _ მშვიდობის გარანტად. ყველასათვის მოულოდნელად, საბჭოთა ხელმძღვანელმა წამოაყენა წინადადება. საბჭოთა კავშირის ნატოში გაწევრიანების შესახებ.
"რამდენიმე წუთის მანძილზე დასავლეთის დელეგაციები გაოგნებული დუმდნენ, _ იგონებს გრომიკო _ ეიზენჰაუერს გაკვირვებისაგან კისერი კიდევ უფრო დაუგრძელდა. იგი დალესს მიუბრუნდა და მასთან დაიწყო პრივატულად საუბარი. პრეზიდენტის სახეზე გაქრა მისთვის ჩვეული ღიმილი, რომელიც ასე ეხმარებოდა მას ამომრჩეველთა მოხიბვლასა და მათი ხმების მოპოვებაში. ამ წინადადებაზე პასუხი ვერც ჟენევაში და ვერც შემდგომ ვერ მივიღეთ. იგი "ნოხის ქვეშ ამოდეს".
ბოლშევიკურ ბრახაბრუხს შეჩვეულმა ნიკიტა სერგის ძემ ევროპელების თავაზიანობა და საუბრის რბილი სტილი მათ სისუსტედ ჩათვალა და ჟენევიდან მოსკოვში დაბრუნებულმა თავის თანამებრძოლებს განუცხადა: "იმპერიალიზმი სუსტდება და ისტორიული მომენტი ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს" _ ო. გდრ-ს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი იყო ვოლვებერი, რომელსაც დაუპირისპირდა ხრუშჩოვი. ამის გამო ვალტერ ულბრიხტმა მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა.
დაპირისპირების მიზეზი კი შემდეგში იყო: ვოლვებერმა საბჭოთა კავშირის სუკ-ის მაშინდელ თავმჯდომარეს სეროვს გაუმხილა, რომ გდრ-ს ხელმძღვანელობაში პროდასავლური ნიშნები იკვეთებოდა, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობასთან. სეროვმა აღნიშნული საუბრის შინაარსი აუწყა ხრუშჩოვს. ნიკიტამ კი ერთ-ერთ სადილზე შეხვედრის დროს ულბრიხტს შენიშვნა მისცა: _ რატომ აჩერებთ თანამდებობაზე სახელმწიფო უშიშროების ისეთ მინისტრს, რომელიც ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას თქვენი პარტიის შიგნით იდეოლოგიურად განსხვავებულ შეხედულებებზე? ეს ხომ ბერიასა და მერკულოვის ტრადიციების გაგრძელებაა, რომელთაც ვოლვებერი ხვდებოდა ორმოციან წლებში მოსკოვში ჩამოსვლის დროს.
ულბრიხტი მიხვდა, რაც უნდა გაეკეთებინა და მაშინვე მოხსნა მინისტრი "ანტიპარტიული ქცევების" გამო. მოგვიანებით ვოლვებერი "ხანძრის დროს" დაუღუპა. ამერიკაში ვიზიტით რამდენჯერმე მყოფი ხრუშჩოვი თვლიდა, რომ ამ ქვეყანას ძირფესვიანად იცნობდა. მისი სიურეალისტური ვიზიტების შესახებ უამრავი რამ დაიწერა და ითქვა. განსაკუთრებით საინტერესოა ნიკიტას პირადი თარჯიმნის ვიქტორ სუხოდრევის მოგონებები, რომელიც მშვენიერი იუმორით აღწერს ნიკიტას ექსტრავაგანტულ ისტორიებს. მაგალითად, ნიუ-იორკში ხრუშჩოვმა სასტუმროს აივნიდან მხურვალე იმპროვიზებული სიტყვით მიმართა გაოცებულ გამვლელ-გამომვლელებს, რითაც განსაკუთრებით ჟურნალისტები გაახალისა. პირდაპირ ტელეეთერში ცნობილ ჟურნალისტთან დევიდ სასკანიდთან მან ისეთი შოუ მოაწყო, როგორიც ამერიკელებს არც დაესიზმრებოდათ. ჟურნალისტის მოკრძალებულ კითხვას, უპერსპექტივო ხომ არ იყო აშშ-ის გაკომუნისტების საბჭოური მცდელობა, ნიკიტამ მრისხანე ტირადა მიაყოლა: "იმის მაგივრად, რომ მე მისმინოთ, თქვენ პროვოკაციულ კითხვებს მისვამთ და თვლით, რომ მე ძაღლი ვარ და მთვარეს ვუყეფ. არა, მე ძაღლი კი არ ვარ, არამედ უდიდესი სახელმწიფოს ხელმძღვანელი!"
უკვე გაღიზიანებულმა ჟურნალისტმა საბჭოთა ლიდერს შემდეგნაირად მიმართა: "თუ შეიძლება ნუ გვკმენთ, თქვენ ჩვენ გვიკმინეთ". ნიკიტამ უპასუხა: "არა, ეს თქვენ გვკმენთ". უ-2-ის შემოსვლა იყო თქვენი კბენა. აქ საუბარია 1960 წლის 1 მაისს სვერდლოვსკთან ამერიკული მზვერავი-თვითმფრინავის "ჩამოგდებაზე", რასაც კონფრონტაცია მოჰყვა დასავლეთთან. იმავე წლის 1 ივლისს კოლის ნახევარკუნძულზე ჩამოაგდეს ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი რბ-47.
ხრუშჩოვის განსაკუთრებული განრისხება იმან გამოიწვია, რომ ამერიკის მხარემ, უსაფრთხოების მოსაზრებებით, უარი უთხრა მას საბავშვო "დისნეილენდის" დათვალიერებაზე. ვიზიტი კინაღამ ჩაიშალა. ერთ-ერთ დიდ თავყრილობაზე ნიკიტამ პირდაპირ მიახალა შეკრებილ ელიტარულ საზოგადოებას: "ჩვენ თქვენ დაგმარხავთ!" გაოგნებულ ამერიკელებს პირიდან ბუტერბროდები გადმოუცვივდათ. საბჭოთა დიპლომატია კარგა ხანს ცდილობდა ამ იდიოტობის დეზავუირებას იმ კონტექსტით, რომ ამხანაგი ხრუშჩოვი, თითქოს ბუკვალურად კი არ გულისხმობდა ამერიკის დამარხვას, არამედ სოციალისტური სისტემის უპირატესობაზე მიუთითებდა. ამის გამო საბჭოთა დელეგაცია დააჯარიმეს 10 ათასი დოლარით წესრიგის დარღვევისათვის.
ნიკიტა მაინც წამდაუწუმ ემუქრებოდა იმით, რომ აჩვენებდა მათ "Кузкину Мать"-ს (რასაც ვერაფრით ვერ თარგმნიდნენ ინგლისურად), იწუნებდა ამერიკულ არქიტექტურას, ჰოლივუდის კინოვარსკვლავების ჩაცმულობას და ა.შ. შოუ-ბიზნესით განებივრებულ ამერიკელებს ნიკიტას ეს სიგიჟეები საოცრად მოსწონდათ. ყველა შტატის გუბერნატორი და ქალაქის მერი თავისთან ეპატიჟებოდა საბჭოთა ლიდერს. მათ იცოდნენ, რომ ნიკიტას განსაკუთრებით სიმინდის მოსავლიანობის პრობლემა აინტერესებდა, ამიტომ ყველა ამ თემას ებღაუჭებოდა. ბუნებრივია, საბჭოთა ლიდერს მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტ ეიზენჰაუერთან. მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა ბერლინის კრიზისი იყო, რომელიც კვლავ ძალას იკრებდა. სადაზვერვო ინციდენტის გამოსასწორებლად და პატივისცემის ნიშნად ამერიკელებმა ხრუშჩოვი კემპ-დევიდში მიიწვიეს, რაც ნიკიტამ თავიდან სასტიკად იუარა. რას ნიშნავს, ამხელა კაცს რაღაც ფერმაში მეპატიჟებიანო? მას შემდეგ, რაც ხრუშჩოვს აუხსნეს, თუ რას ნიშნავდა ეს, იგი პრეზიდენტს უკვე ინგლისურად (საშინელი რუსული აქცენტით) მიმართავდა როგორც მეგობარს _ "მაი ფრიენდ". მაგრამ, როგორც კი ნიკიტას სიყვარულის მოზღვავება გაუნელდებოდა, მაშინვე ივიწყებდა მეგობრობას: "Тоже мне май френд нашелся! Откуда ты взялся и на хрен мне сдался!"
1960 წლის სექტემბერში თბომავალ "ბალტიკით" ნიკიტა ნიუ-იორკში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო გაეროს გენერალური ასამბლეის XV სესიის მუშაობაში. ის თითქმის ათჯერ გამოვიდა ტრიბუნაზე. მაგრამ ის, რაც სესიაზე მოხდა, არც მანამდე და არც მერე არავის უნახავს. მას რაღაც არ მოეწონა ფილიპინების დელეგატის გამოსვლიდან.
ნიკიტა პროტესტის ნიშნად, ფეხებს აბაკუნებდა იატაკზე და მუშტებს ურტყამდა მაგიდას, რასაც საბჭოთა დელეგაციის სხვა წევრებიც იმეორებდნენ. ფილიპინების წარმომადგენელს მან "ამერიკელების მარიონეტი" უწოდა და თანაც საჯაროდ დაამატა, "შეიძლება იგი ცუდი ადამიანი სულაც არ არის, მაგრამ აშკარად თავისი პატრონების დავალებას ასრულებსო". ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "სისხლიანი რეჟიმის" წარმომადგენლად მონათლა. განსაკუთრებით განარისხა ნიკიტა სესიის სხდომის თავმჯდომარის, ირლანდიელი ბოლანდის საქციელმა, რომელიც ცდილობდა აელაგმა ხრუშჩოვის უმსგავსოებები: "აჰა, მაშ თქვენც მხარს უჭერთ იმპერიალიზმისა და ფაშიზმის ამ ვიგინდარა მსახურს?! მოვა დრო და ირლანდიელი ხალხი ჩამოიცილებს თქვენნაირ იმპერიალისტ მჩაგვრელებს." როდესაც ხრუშჩოვის შეჩერება გაეროს გენერალურმა მდივანმა სცადა, ნიკიტამ ეს სასტიკად გაიკვირვა: "როგორ, თქვენც ჩემი წინააღმდეგი ხართ? მე ხომ მოსკოვში გიმასპინძლეთ და ნავითაც გაგასეირნეთ!?"
ნიკიტამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც 1964 წლის მაისში ეგვიპტეში ყოფნის დროს, ეგვიპტის უმაღლესი ჯილდოს მიღების შემდეგ გამალ-აბდელ ნასერსა და ვიცე-პრემიერ ამერს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები და ლენინის ორდენები გადასცა. ნასერი და ამერი მეორე მსოფლიო ომის დროს არა მარტო გამოვიდნენ ინგლისის წინააღმდეგ, არამედ შესაძლებლად სთვლიდნენ ჰიტლერის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ამ დროს ეგვიპტეში კომპარტია ღრმა იატაკქვეშეთში იმყოფებოდა, მრავალი კომუნისტი დევნასა და წამებას განიცდიდა.
რა ხდებოდა ამ დროს ქვეყნის შიგნით? ხრუშჩოვის ინიციატივით სტალინის ნეშტი მავზოლეუმიდან გამოასვენეს და ახალ კუბოში ჩაასვენეს, ნიკიტასვე ბრძანებით, გენერალსიმუსის მუნდირს ექვსი დიდი და თორმეტი პატარა ოქროს ღილი ააჭრეს და თუნუქის ღილები დააკერეს, ოქროს სამხრეები და გმირის ოქროს ვარსკვლავიც ბუტაფორიით შეუცვალეს კაცს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ნახევარ მსოფლიოს მართავდა. ამ შემთხვევაში ძალაუნებურად გაგახსენდება რუსი ფილოსოფოსის ალექსანდრე ზინოვიევის სიტყვები: "მკვდარი ლომის ჩაწიხვლა ვირსაც კი ძალუძს".
1961 წელს სკკპ XXII ყრილობაზე მიღებულმა პარტიის ახალმა პროგრამამ 80-იანი წლების დასაწყისისათვის საზოგადოებას კომუნიზმის დადგომა აღუთქვა. ხრუშჩოვმა საანგარიშო მოხსენებაში სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგების წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება. მაგრამ რა... პარტიის ახალი პროგრამის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ 1962 წელს ფასები გაიზარდა ხორცზე, ხორცის პროდუქტებზე, რძეზე. დადგა 1962 წელი _ ქვეყანა განიცდის პროდუქტების სერიოზულ ნაკლებობას. გაჩნდა გრძელი რიგები პურისა და რძის შესაძენად. დაიწყო "უცხო" ქვეყნებიდან ხორცის შემოტანა.
უამრავი შეცდომა ჰქონდა ნიკიტას საგარეო ვაჭრობაშიც. ფაქტია, რომ 10 წლის მოღვაწეობის პერიოდში ნიკიტა არამარტო არ შეხვედრია საგარეო ვაჭრობის მინისტრს პატოლიჩევს, საერთოდ ტელეფონითაც არ დაურეკავს. მართალია ქვეყნის მოსახლეობაში ხრუშჩოვის პოპულარობა დაეცა, მაგრამ სწორედ 1962-1963 წლებში გაიზარდა იდეოლოგიური, აგიტაცია-პროპაგანდისტული კამპანია მისი განდიდებისათვის.
დაცემული სტალინის პიროვნების კულტის ნაცვლად ხრუშჩოვის კულტი მკვიდრდებოდა. ყველგან შეიძლებოდა წაგეკითხად ნიკიტაზე, როგორც "უდიდეს ლენინელზე" და "მშვიდობისათვის მებრძოლზე". მისი პორტრეტით იწყებოდა სასკოლო სახელმძღვანელოები. ფოტოები და პორტრეტები თითქმის ყოველდღე იბეჭდებოდა. ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ჩვენი ნიკიტა სერგის ძე". ასეთ ვითარებას შეიძლებოდა კიდევ უფრო დაეკნინებინა ნიკიტა, მაგრამ ის არავითარ რეაგირებას არ გამოხატავდა.
1964 წელს 9 თვის განმავლობაში, 135 დღე ნიკიტამ საზღვარგარეთ მოგზაურობაში გაატარა. ამით ისარგებლა პარტიული ელიტის ჯგუფმა, რომელსაც ა. შელეპინი ხელმძღვანელობდა მოემზადებინა ნიკიტას ხელისუფლებისგან ჩამოცილება.
"შეთქმულები" კონსპირაციის მიზნით იკრიბებოდნენ ყველაზე უჩვეულო ადგილებზე. უფრო ხშირად სტადიონზე ფეხბურთის მატჩის დროს. განსაკუთრებულ როლს აკუთვნებდნენ სუკ-ის ხელმძღვანელს _ სემიჩასტნის. მის ამოცანას შეადგენდა ხრუშჩოვის დაცვის წევრთა შეცვლა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სკკპ ცკ მეორე მდივნის ბრეჟნევისა და თავდაცვის მინისტრის რ. მალინოვსკის მიმხრობას.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით 13 ოქტომბერს დილით ნიკიტამ აგარაკზე მიიღო ფრანგი მინისტრი. ამ დროს კრემლიდან დარეკა ბრეჟნევმა და ნიკიტას გასაკვირად პლენუმის მოწვევა აუწყა. ასევე, დაელაპარაკა მალინოვსკი. ნიკიტა მიხვდა, რომ საქმე კარგად არ იყო. სკკპ ცკ პრეზიდიუმის სხდომაზე დასასწრებად ბიჭვინთიდან, სადაც მიქოიანთან ერთად ისვენებდა მოსკოვში ჩამოფრინდა. ნიკიტას აეროდრომზე დახვდა, მხოლოდ სუკ-ის თავმჯდომარე სემიჩასტნი და დაცვის ახალი თანამშრომლები. ამიტომაც იყო წარუმატებელი მფრინავთან მოლაპარაკების ცდა თვითმფრინავი კიევში დაესვა.
სკკპ ცკ პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდა 22 წევრი. მათ გარდა მინისტრები: გრომიკო და მალინოვსკი, ასევე საოლქო კომიტეტის რამდენიმე მდივანი. ნიკიტას მთელი რიგი ბრალდებები წაუყენეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ხრუშჩოვის დაცვა, მხოლოდ მიქოიანმა გაბედა. პირველ მდივნად აირჩიეს ბრეჟნევი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ კოსიგინი.
14 ოქტომბერს გაიხსნა სკკპ ცკ პლენუმი. მოხსენებით გამოვიდა სუსლოვი. მან აღნიშნა, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ნიკიტამ ხელში აიღო მთელი ძალაუფლება, რომელსაც ბოროტად იყენებდა. ქვეყნის ყველა წარმატებას და მიღწევას საკუთარ დამსახურებად თვლიდა. არაფრად აგდებდა პრეზიდიუმის წევრებს, შურაცხყოფას აყენებდა, მათ აზრს არ ითვალისწინებდა. პრესაში წერდნენ სისტემატიურად ხრუშჩოვის "დამსახურებაზე".
1963 წელს ცენტრალურ გაზეთებში 120-ჯერ იყო გამოქვეყნებული ნიკიტას პორტრეტი, ხოლო 1964 წელს 9 თვის განმავლობაში _ 140-ჯერ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ სტალინის პორტრეტი წელიწადში მხოლოდ 10-15 ჯერ იბეჭდებოდა პრესაში. ხრუშჩოვმა შემოიკრიბა ნათესავები და ჟურნალისტები და, მხოლოდ მათ რჩევებს ისმენდა. პოლიტიკურ პროცესებში ჩართო ოჯახის წევრები. ის ყველაზე მეტად ითვალისწინებდა შვილების _ სერგეისა და რადას აზრებს. ნიკიტამ 40-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა, მაშინ, როცა სტალინი არ გადიოდა მოსკოვიდან და კრემლიდან. მას თავი მიაჩნდა ყველა დარგის სპეციალისტად. ცკ-ის მიერ მომზადებულ მრავალ მასალას საკუთარი სახელით აქვეყნებდა.
ხრუშჩოვის უტაქტობაზე მეტყველებს, როდესაც იაპონელებთან საუბარში მაო ძედუნს "ძველი კალოში" უწოდა, რაც ცნობილი გახდა ჩინეთის ხელმძღვანელობისათვის. ხრუშჩოვის დაცემა საოცარი სიმშვიდით მიიღო ქვეყნის მოსახლეობამ, ხშირ შემთხვევაში ძალიან უბრალოდ. დასავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოში პოპულარულ ფიგურად დარჩა. ცალკეული ქვეყნების ლიდერები და მოღვაწეები ჩამოდიოდნენ მოსკოვში და აცხადებდნენ სურვილს ნიკიტასთან შეხვედრაზე. მათ უხსნიდნენ, რომ ნიკიტა ავადაა. მაგრამ ეს არ შეიძლებოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო. დაცემის პირველ დღეებში ნიკიტა ტელეფონით მხოლოდ მიქოიანს ესაუბრებოდა.
"პენსიაზე" გასვლის შემდეგ ერთ დროს უძლიერესი დიქტატორი საათობით იჯდა სავარძელში, ხშირად ცრემლიანი თვალებით. როდესაც მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში დირექტორმა ცნობისმოყვარეობის გამო ჰკითხა ნიკიტას შვილიშვილს: "რას აკეთებს ნიკიტა სერგეის ძე?" _ მოწაფემ უპასუხა: "პაპა ტირის". ხრუშჩოვი გარდაიცცვალა 1971 წლის 11 სექტემბერს, მაგრამ მისი პოლიტიკური სიკვდილი უფრო ადრე განხორციელდა _ 1964 წლის ოქტომბერში, როდესაც გაანთავისუფლეს პარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელობიდან "ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის" გამო.
ჟურნალ "შტერნის" შეფასებით ხრუშჩოვი იყო "თანამედროვეობის ყველაზე ენაწყლიანი პოლიტიკური მოღვაწე, ისე წავიდა სცენიდან, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს".
წყარო: ავთანდილ სონღულაშვილის ლიტერატურა – ისტორია და თანამედროვეობა 200 1-ს მოსწონს
|