x
მეტი
  • 13.10.2024
  • სტატია:137580
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511474
კორეის ომი და მისი დამანგრეველი შედეგები

image

1950-იანი წლების დასაწყისში კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ ჩვენში ცოტა რამ იციან. ჩემი თაობისათვის ეს უცნობი ომი იყო, რადგან საბჭოთა პროპაგანდა მის შესახებ პრაქტიკულად დუმდა. ამავე დროს, დასავლეთის სამყაროსათვის, განსაკუთრებით ამერიკელი ხალხისათვის, ეს კონფლიქტი არა მარტო მოულოდნელი, არამედ ბევრისათვის გაუგებარიც კი იყო. დამანგრეველი II მსოფლიო ომის შემდეგ აღარავის სურდა დაეჯერებინა, რომ კარს ახალი, შეიძლება კიდევ უფრო დიდი ხიფათი მოადგა.
1950 წლისათვის ვაშინგტონის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში ძირითადად უკვე საყოველთაო თანხმობა სუფევდა იმის თაობაზე, რომ საბჭოთა ექსპანსიის შეჩერება მხოლოდ ეფექტური "შეკავების პოლიტიკით" იყო შესაძლებელი. საკამათო მხოლოდ ის იყო, თუ რა მასშტაბითა და რესურსებით უნდა განხორციელებულიყო ეს პოლიტიკა. შესაძლო გამოწვევას ყველა ევროპის კონტინენტზე ელოდა.
მაგრამ კომუნისტურმა ბანაკმა "შეკავების პოლიტიკის" გამოცდა სრულიად სხვაგან – კორეის ნახევარკუნძულზე გადაწყვიტა. ამერიკის ომის შემდგომი პოლიტიკური და სტრატეგიული გეგმები არ ითვალისწინებდნენ ასეთი სახის ომის შესაძლებლობას. "ცივი ომის" ლოგიკამ აშშ და მისი მოკავშირეები ისეთ კონფლიქტში ჩაითრია, რომელიც გეოგრაფიულად იმ ეტაპზე არ ეთანადებოდა ვაშინგტონის სტრატეგიულ ინტერესებს.
საქმე ის გახლდათ, რომ კორეის ნახევარკუნძული 1910 წლის შემდეგ იაპონიის მიერ იყო ანექსირებული. მაგრამ, მოკავშირეთა გადაწყვეტილებით, II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კორეა ორ ნაწილად გაიყო 38-ე პარალელის გადაკვეთით, რაც გაეროს მიერ იქნა აღიარებული.

ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც 1948 წლამდე საბჭოთა ჯარების მიერ იყო ოკუპირებული, კორეის სახალხო რესპუბლიკა შეიქმნა. მას, კრემლის ხელშეწყობით, კიმ ირ სენი ჩაუდგა სათავეში. ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში კი პროამერიკული კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. შემდგომი მოვლენების შესახებ საბჭოთა ბელადები ასე გვმოძღვრავდნენ: "მსოფლიოში აშშ-ის აგრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ აშკარა გამოვლინებად იქცა ომი კორეაში. საბჭოთა კავშირი, რომელიც აქტიურად იცავდა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის ინტერესებს, თავიდანვე წინააღმდეგი იყო ამ ომისა, რომელიც ამერიკელმა აგრესორებმა გააჩაღეს კორეელი ხალხის წინააღმდეგ". ასეთი უტიფარი ტყუილის ავტორი საბჭოთა კავშირის "უცვლელი" საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკოა.

სინამდვილეში კი მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: 1950 წლის 25 ივნისს ჩრდილო კორეის ჯარმა გადაკვეთა 38-ე პარალელი და შეიჭრა სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე. კომუნისტებმა შეტევა ელვისებურად განავითარეს და 28 ივნისისათვის მათ უკვე სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული დაიკავეს. შეტევის შედეგად რამდენიმე დღეში მათ გადაკვეთეს მდინარე ხანგანი და სამხრეთ კორეის დივიზიები კიდევ უფრო უკუაგდეს. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ უახლოეს დღეებში კომუნისტები მთლიანად გააკონტროლებდნენ ნახევარკუნძულს. სხვათა შორის, იაპონიის 40-წლიანი ოკუპაციის შემდეგ ბევრი სამხრეთ კორეელისათვის ქვეყნის გაერთიანება მისაღები იყო ნებისმიერი ფორმით, თუნდაც კომუნისტური რეჟიმის მიერ. ასეთი განწყობილება ხელს უწყობდა ჩრდილო კორეელების საბრძოლო ქმედებას. ამ მომენტისათვის ჩრდილო კორეის არმია 130 ათას ჯარისკაცს ითვლიდა, ხოლო სამხრეთ კორეისა – 100 ათასს.
კიმ ირ სენის გამოწვევა ამერიკელებისათვის შოკის მომგვრელი იყო. ვაშინგტონში ჯერ კიდევ ვერ შეგუებოდნენ იმ აზრს, რომ ჩინეთი კომუნისტებმა ჩაიგდეს ხელში. მოსკოვი და მისი ახალი მოკავშირე – პეკინი ახლა უკვე აშშ-ის გავლენის სფეროს უტევდნენ.

ის, რომ ამ სამხედრო ავანტიურის უკან მოსკოვი იდგა, ვაშინგტონში ეჭვს არ იწვევდა. მართლაც, წლების შემდეგ გაირკვა, რომ სტალინმა თავიდანვე რამდენჯერმე უარყო კიმ ირ სენის წინადადება სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, რასაც მაო ძედუნი უჭერდა მხარს. მაგრამ, როგორც ჩანს, საბოლოოდ სტალინი დაარწმუნეს, რომ ამერიკელების წინააღმდეგ აზიაში მეორე ფრონტის გახსნა სტრატეგიულად მომგებიანი იყო და ამიტომაც მან მწვანე შუქი მისცა კორეელ კომუნისტებს. გარდა ამისა, კიმ ირ სენი დაბეჯითებით არწმუნებდა საბჭოთა ლიდერს, რომ იგი ომს სწრაფად და დიდი მსხვერპლის გარეშე მოიგებდა.
image
ვაშინგტონს რეაქცია მყისიერი იყო. იმავე დღეებში აშშის ინიციატივით მოწვეულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ჩრდილო კორეა აგრესორად გამოცხადდა. იმის გამო, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაეროში მიღებას ბლოკავდნენ, საბჭოთა ელჩი პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა უშიშროების საბჭოს სხდომებს. ამან ხელი გაუხსნა აშშ-ს მიეღო გაეროს მანდატი და სათავეში ჩასდგომოდა კორეაში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციას, რომელშიც მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.
გაეროს ძალების 70% აშშ-ის ჯარით იყო დაკომპლექტებული. ყველაზე დიდი ქვედანაყოფები – ქვეითთა ბრიგადები – კორეაში გაგზავნეს დიდმა ბრიტანეთმა და თურქეთმა.

უკვე 27 ივნისს პრეზიდენტმა ტრუმენმა უბრძანა შორეულ აღმოსავლეთსა და იაპონიაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალს გენერალ დუგლას მაკარტურს ქმედითი და სასწრაფო დახმარება აღმოეჩინა სამხრეთ კორეის არმიისათვის.
კომუნისტების შეტევის შესაჩერებლად 30 ივნისს აშშ-ის სარდლობამ იაპონიიდან კორეაში სასწრაფოდ გადაისროლა 3 დივიზია. ერთ-ერთი მათგანი ივლისის დასაწყისში თითქმის მთლიანად გაანადგურეს ჩრდილო კორეელებმა. აგვისტოს ბოლოსათვის ამერიკელებსა და სამხრეთ კორეელებს ნახევარკუნძულის მხოლოდ მცირე ნაწილი – "პუსანის პერიმეტრი" ეკავათ.

15-25 სექტემბერს ამერიკელების მიერ განხორციელებული სამხედრო შეტევა ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაბედული და წარმატებული სტრატეგიული ოპერაცია. კერძოდ, მაკარტურმა საზღვაო დესანტი გადასხა ინჩხონის რაიონში, რომელიც ფრონტის ხაზს იქით 250 კმ-ში მდებარეობდა. ალყაშემორტყმულმა ჩრდილო კორეელებმა დიდი დანაკარგი განიცადეს, მათ თითქმის მთლიანად გაუნადგურეს არტილერია და ტექნიკა. კომუნისტებმა სასწრაფოდ უკან დაიხიეს.
თავბრუდამხვევი წარმატების მისაღწევად მაკარტურმა გასცა თავისი ცნობილი ბრძანება ჩრდილო კორეის შეიარაღებული ძალების სრული განადგურების შესახებ. ოქტომბრის ბოლოსათვის გაეროს კოალიციამ დაიკავა ჩრდილო კორეის დედაქალაქი ფხენიანი, ხოლო მოწინააღმდეგის ჯარი ჩინეთის საზღვართან მთიან რაიონებში გაიფანტა.
image
შექმნილ ვითარებას მოსკოვიდან შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს. ეს პოლიტიკური კრახიც იყო და სამხედრო მარცხიც, რადგან ჩრდილო კორეელები არა მარტო საბჭოთა იარაღით იბრძოდნენ, არამედ მათ ეხმარებოდნენ საბჭოთა მფრინავები, არტილერისტები და სამხედრო სპეციალისტები. აშშ-ის მიმართ ულტიმატუმების კორიანტელი მიდიოდა პეკინიდან, მაგრამ ვაშინგტონში ამ მკაცრ განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. უფრო მეტიც, მაკარტური მიიჩნევდა, რომ ჩრდილო კორეის დამარცხებას შეიძლება სიტუაცია შეეცვალა ჩინეთშიც, სადაც ჩან კაიშის რევანშის საშუალება მიეცემოდა.
და სწორედ მაშინ, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები გამარჯვებისა და შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზა­დებოდნენ, ისინი მოულოდნელად მასირებული ცეცხლის შუაგულში აღმოჩნდნენ – ომში 300-ათასიანი ჩინეთის სახალხო არმია ჩაერთო. უძლიერესი შეტევის შეჩერება გაეროს ძალებმა დიდი დანაკარგებისა და პრაქტიკულად სრული რეზერვის ხარჯზე შეძლეს, მაგრამ მომდევნო წლის იანვარში მათ მაინც მოუწიათ უკან დახევა და ახლა კვლავ ჩინელებისა და ჩრდილო კორეელების ერთობლივმა არმიამ დაიკავა ქალაქი სეული.

ამ კრიტიკულ ვითარებაში ტრუმენის ადმინისტრაციაში, როგორც ჩანს, ატომური იარაღის გამოყენებაზეც კი ფიქრობდნენ, მაგრამ ვითარების გაანალიზებამ აიძულა ვაშინგტონი კატეგორიულად უარი ეთქვა გადაწყვეტილებაზე, რომელიც უთუოდ საბჭოთა ანალოგიური რეაქციისა და, საერთო ჯამში, ბირთვული დაპირისპირების ტოლფასი იყო. მოგვიანებით ამერიკელებმა ავიაციისა და ფლოტის უპირატესობის ხარჯზე შეძლეს მოწინააღმდეგის უკუგდება და ფრონტის ხაზის გამაგრება 38-ე პარალელის გასწვრივ.

1952 წლიდან კორეის ომი სამხედრო თვალსაზრისით ჩიხში აღმოჩნდა, რადგან ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა. ამგვარად, მხარეები ომამდელ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. ამერიკელები აღარ გეგმავდნენ ფართომასშტაბიანი ოპერაციების განხორციელებას, რაც ფაქტობრივად გენერალ მაკარტურის გადაყენებით დადასტურდა. ახლა ისინი ღირსეულ მშვიდობიან გამოსავალზე ფიქრობდნენ, კომუნისტები კი კატეგორიულად არ თანხმდებოდნენ სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე.
image
ვითარება 1953 წელს სტალინის სიკვდილმა განმუხტა. იმავე წლის 27 ივლისს ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას. ხელშეკრულების მთავარი "ზედამხედველი" აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი გახდა. ეს შეთანხმება დღესაც ძალაშია.
კორეის ნახევარკუნძული დღეისათვის ცივი ომის ყველაზე სამაგალითო პირმშოა. მას 38-ე პარალელზე "დემილიტარიზებული ზონა" ჰყოფს, რომლის ორი მხრიდან კორეელები თოფის სამიზნეებით ათვალიერებენ ერთმანეთს. მძიმე დღეში მყოფ, მსოფლიოსაგან იზოლირებულ ჩრდილო კორეას ახლა უკვე "უკვდავი ბელადის" – კიმ ირ სენის შვილი, "ამომავალი მზე" კიმ ჩენ ირი მართავს. სამხრეთ კორეა კი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფოა, მისი უსაფრთხოების გარანტი ამერიკის შეერთებული შტატებია.
ამგვარად, კორეის ომი, ერთი შეხედვით, "ყაიმით" დასრულდა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სისხლისღვრას შეეწირა 36 ათასი ამერიკელი, 600 ათასამდე ჩინელი და 2 მილიონამდე კორეელი.

საბჭოთა პროპაგანდამ, ბუნებრივია, კორეის საზავო ხელშეკრულება აგრესორ იმპერიალისტებზე მშვიდობისმოყვარე კომუნისტური ბანაკის დიდ გამარჯვებად მონათლა. მოსკოვში მიაჩნდათ, რომ პეკინთან საბრძოლო დამოყვრება ჩინეთ-საბჭოთა კავშირის დიდი სტრატეგიული ალიანსის პირველი აუცილებელი გამოცდა იყო. თუმცა დასავლეთში არც ის გამოეპარათ, რომ კორეის კონფლიქტმა ბზარი წარმოშვა მოსკოვსა და პეკინს შორის, რადგან სტალინი აშკარად ხედავდა, რომ მაოს ტრიუმფალისტური პროგნოზები არ გამართლდა. საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში საბჭოთა კავშირი აშკარად აგრესიის მომხრედ გამოიყურებოდა.

რაც შეეხება ვაშინგტონის ადმინისტრაციას, კორეის ომმა მას ნათლად დაანახა, რომ შეკავების პოლიტიკას ამიერიდან არა მარტო ევროპული განზომილება უნდა ჰქონოდა, არამედ გლობალური მასშტაბიც. ამიტომ მომდევნო ორი წლის მანძილზე აშშ-მა გაასამმაგა თავისი სამხედრო ბიუჯეტი და მნიშვნელოვნად გააძლიერა ნატოს თავდაცვისუნარიანობა. ნებისმიერ შემთხვევაში, კორეის ტრაგედია იმის მომასწავებელი იყო, რომ ცივი ომი ბევრ ამგვარ სიურპრიზს უმზადებდა კაცობრიობას.

1952 წლის 1 ივნისს აშშ-მა გამოცადა მასობრივი განადგურების ახალი სახეობა – წყალბადის ბომბი, რომლის დამანგრეველი პოტენციალი ბევრად აღემატებოდა ჩვეულებრივი ბირთვული იარაღისას. მომდევნო წლის 12 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა საკუთარი წყალბადის ბომბი შუა აზიის უდაბნოში გამოცადა. ახალმა იარაღმა უდიდეს სივრცეზე, მიწაზე და მი­წის ქვეშ გაწყვიტა ყველა ცოცხალი არსება, გადაწვა მცენარეები, რადიაციით მოწამლა ზღვა და ხმელეთი. პატარა შეცდომა და ასეთივე პერსპექტივა ელოდა ადამიანებს რკინის ფარდის ორივე მხარეს. მაგრამ, ყველასათვის გასაოცრად, გაჩნდა შეგრძნება იმისა, რომ დაპირისპირებული ბანაკების არსენალებში ასეთი იარაღის არსებობა საერთაშორისო სტაბილურობის გარკვეულ გარანტიებსაც ქმნიდა. ერთი მხარის განადგურება მეორე მხარისათვის თვითმკვლელობის ტოლფასი ხდებოდა, ანუ საუბარი იყო თანასწორობაზე ურთიერთგანადგურებაში.
ამრიგად, ერთმანეთის ცხოველური შიში საყოველთაო მშვიდობის საფუძველი ხდებოდა. აი, უგუნურობის ასეთ ზღვარს მიაღწია კაცობრიობამ მე-20 საუკუნის შუა ხანებში!

წყარო: ზურაბ აბაშიძის ლიტერატურა: ცივი ომი – წარსული თუ დღევანდელობა
0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0