x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
პოტსდამის კონფერენციის საინტერესო ეპიზოდი – დიდი გადანაწილება

image

პოტსდამის სესილიენჰოფის სასახლე გერმანიაში საბჭოთა ოკუპაციის ზონაში მდებარეობდა. სამი ლიდერის შესახვედრად ამ ადგილის შერჩევა უკვე რაღაცას მიანიშნებდა სტალინის სასარგებლოდ.
კონფერენციას უნდა განეხილა ევროპისა და მსოფლიოსათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. და მართლაც, ლიდერებმა შეიმუშავეს გერმანიის სამომავლო მართვის მექანიზმი საოკუპაციო ზონების მიხედვით (აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი), შეათანხმებს რეპარაციების გეგმები, განიხილეს გაეროს ფუძემდებლური პრინციპები, იმსჯელეს აღმოსავლეთ ევროპისა და გერმანიის ყოფილი მოკავშირეების ბედზე. საბჭოთა დელეგაციისთვის დიდი მიღწევა იყო პოლონეთის ახალი - აღმოსავლეთი და დასავლეთი სახელმწიფო საზღვრების აღიარება, რის შედეგადაც ამ ქვეყანამ გეოგრაფიულად დასავლეთისაკენ "გადაიჩოჩა". მაგრამ უთანხმოებათა რაოდენობა კონფერენციაზე აშკარად მეტი იყო. კერძოდ, ტრუმენისა და ჩერჩილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა სტალინის მცდელობა, დაეკანონებინა საბჭოთა გავლენა და მარიონეტული რეჟიმები აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში, მისი მოთხოვნა ბოსფორის ყურეზე საბჭოთა ბაზის შექმნის შესახებ, გერმანიის რურის რეგიონზე "ოთხეულის" მართვის იდეა და სხვა.

პოტსდამის კონფერენცია რამდენიმე საინტერესო ეპიზოდით შევიდა ისტორიაში. მაგალითად, ის ფაქტი, რომ კონფერენციის მსვლელობისას ჩერჩილი ლონდონში გაემგზავრა და იქ არჩევნებში დამარცხდა, ყველასათვის, განსაკუთრებით კი საბჭოთა დელეგაციისთვის, შოკის მომგვრელი უნდა ყოფილიყო. როგორ შეიძლება ომში გამარჯვებული პრემიერი ვინმეს გადაერჩია? ან საერთოდ, ვინ ჰკითხავს ამომრჩეველს, თუ ვის ეკუთვნის ხელისუფლება? ასეთი კითხვები სტალინსაც გაუჩნდებოდა და მის გარემოცვასაც.
თუმცა დიდი პოლიტიკური გროსმაისტერის - ჩერჩილის გვერდზე გადგომა სტალინის ინტერესებში არ იყო. ჩერჩილი აშკარად უფრო ღრმად და დროულად ხედავდა ევროპაში საბჭოთა საშიშროებას, ვიდრე ამერიკელი მოკავშირეები, რომლებსაც კრემლთან ურთიერთობის ნაკლები გამოცდილება ჰქონდათ. დღეს დასავლეთში უმეტესად გავრცელებული აზრის მიხედვით, ამერიკელებს ჩერჩილისთვის რომ დაეჯერებინათ და პოტსდამშივე ძალის პოზიციიდან გაეტარებინათ მოსკოვისათვის "წითელი ხაზი", სტალინი ვერ შეძლებდა აღმოსავლეთ ევროპაში თავისი გეგმების იმ მასშტაბით განხორციელებას, რაც მომდევნო წლებში მოახერხა, მით უმეტეს, რომ აშშ_ს უკვე გააჩნდა მეტად "დამაჯერებელი" არგუმენტი. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს კონფერენციის, ალბათ, ყველაზე ცნობილი და დღემდე მაინტრიგებელი ეპიზოდი.

ერთ-ერთი შესვენების დროს ტრუმენმა სტალინი გვერდზე გაიხმო და კოლეგიალურად ჩააყენა საქმის კურსში იმის შესახებ, რომ აშშ_მა რამდენიმე დღის წინ გამოცადა სრულიად ახალი ტიპის მასობრივი განადგურების იარაღი - ატომური ბომბი. ამ ლაკონურ ინფორმაციას მართლაც ატომური ბომბის ეფექტი უნდა ჰქონოდა. საბჭოთა ლიდერს ფაქტობრივად მიანიშნეს, რომ ამიერიდან მსოფლიოში სამხედრო_სტრატეგიული უპირატესობა აშშ_ს ეკუთვნოდა. სტალინს, რომელიც ყველაზე მეტად ძალას სცემდა პატივს, თავისი ადგილი მიუჩინეს, წინააღმდეგ შემთხვევაში...
სტალინმა თავაზიანად მადლობა მოახსენა პრეზიდენტს ინფორმაციისათვის და გამოთქვა იმედი, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკელები ამ იარაღს იაპონიის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ.
image
აშშ_ის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა კარგა ხანს მარჩიელობდნენ, მიხვდა თუ არა სტალინი, რა მასშტაბის ინფორმაცია მიაწოდა მას ტრუმენმა. რა თქმა უნდა, მიხვდა. უფრო მეტიც, ამის შესახებ მას უკვე კარგა ხანია ჰქონდა საბჭოთა დაზვერვის ინფორმაცია. როდესაც სამი კვირის შემდეგ აშშ_მა ატომური იარაღით ნაგასაკი და ჰიროსიმა გაანადგურა, რაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ერთჯერადი ბარბაროსობა იყო, სტალინმა შესაბამისი დასკვნა გააკეთა: "ძალთა ბალანსი დაირღვა. ეს დაუშვებელია". საბჭოთა სპეციალისტებს უნდა დაეჩქარებინათ მუშაობა ბირთვულ იარაღზე.
მიუხედავად ბირთვული უპირატესობისა, ტრუმენი კონფერენციაზე მაინც ცდილობდა შეენარჩუნებინა საბჭოთა კავშირთან სამოკავშირეო ურთიერთობა. ვაშინგტონში ესმოდათ, რომ ომის შემდგომ მსოფლიოში ახალი გავლენის სფეროების შექმნა და ძალთა ბალანსის პოლიტიკა კვლავ კონფრონტაციასა და დაპირისპირებას გამოიწვევდა.
იმ დროისათვის ტრუმენი საერთაშორისო საქმეებში ნაკლებად გამოცდილი პოლიტიკოსი იყო, რუზველტის დიდ ჩრდილში მას მხოლოდ სამი თვის მანძილზე მოუწია ვიცე-პრეზიდენტად მუშაობა. რუზველტთან შედარებით უფრო ხისტი ხასიათის მქონე ტრუმენს, ამ თვისებებისა და მის მიერ კრემლის მისამართით ადრე გაკეთებული უსიამოვნო განცხადებების გამო, ისედაც ეჭვიანი საბჭოთა ლიდერი კიდევ უფრო მეტი უნდობლობით უყურებდა. ამიტომ ტრუმენი ცდილობდა დაერწმუნებინა სტალინი აშშ_ის კეთილგანწყობასა და მეგობრობაში. როდესაც მოლაპარაკებათა ერთ-ერთი რაუნდის დროს სტალინის შეუვალ პოზიციაზე ტრუმენმა მკაცრი რეაგირება მოახდინა, მას სახელმწიფო მდივანმა იქცე დაწერილი პატარა ბარათი გადასცა: "გთხოვთ, ნუ აწყენინებთ სტალინს".

დღეს ეს რჩევა მართლაც ირონიულად ჟღერს. ამერიკელებს წელიწადზე მეტი დასჭირდათ იმის დასაჯერებლად, რომ სტალინის მოთაფვლა შეუძლებელი იყო. ომი დამთავრდა და სტალინი ახლა სხვა კატეგორიებით აზროვნებდა, მორალისა და კანონიერების მოთხოვნა მისთვის უცხო იყო. მას უკვე სხვა მოტივები ამოძრავებდა - მისი სტრატეგიული ამოცანა იყო ნებისმიერი გზით საბჭოთა იმპერიის გაფართოება. სტალინის რეჟიმსა და დემოკრატიულ დასავლეთს შორის ძირეული წინააღმდეგობები ომის პერიოდში მხოლოდ დროებით გადაიდო გვერდზე. ახლა, მშვიდობის დროს, დასავლეთთან დაპირისპირება საბჭოთა რეჟიმის შინაგანი, ორგანული მოთხოვნილებადა აუცილებლობა იყო.
პოტსდამის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, ანუ როგორც რუსები იტყვიან - "მშრალი ნალექი" - ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა გახლდათ, რასაც XX საუკუნის ყველაზე ხანგძლივი დაპირისპირება - "ცივი ომი" მოჰყვა.
II მსოფლიო ომის დასასრულს საბჭოთა ჯარს დაკავებული ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა (იუგოსლავიის და ალბანეთის გარდა), ასევე ავსტრია და აღმოსავლეთ გერმანია. ამ ქვეყნებში გამალებით მიმდინარეობდა ხელისუფლებაში კომუნისტების გაძლიერება, ან საერთოდ მათ მიერ ძალაუფლების უზურპაცია. საფრანგეთსა და იტალიაში კომუნისტური პარტიები რიგით მეორე პოლიტიკურ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. ასე რომ, სტალინი მეტნაკლებად კმაყოფილი უნდა ყოფილიყო იმით, თუ რაოდენ გაიზარდა საბჭოთა გავლენა ევროპული მიმართულებით. თუმცა ისიც ჭეშმარიტებაა, რომ მის ამბიციებს საზღვარი არ ჰქონდა. მისი აზრით, გერმანია მთლიანად საბჭოთა გავლენის სფეროში უნდა მოქცეულიყო.

1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, საბჭოთა კავშირის მფლობელობაში გადავიდა კურილის კუნძულები, სახალინის ნაწილი და საზღვაო ბაზები მანჯურიაში. ასე რომ, საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთის მიმართულებითაც გაიძლიერა პოზიციები.
როგორც ჩანს, ყველაზე მეტად სტალინს გამარჯვებული საბჭოთა კავშირის სამხრეთის საზღვრები აფიქრებდა. ომის დასასრულის მოახლოებასთან ერთად ქართულ_საბჭოთა პრესაში გაჩნდა სამეცნიერო პუბლიკაციები, რომლებშიც ლაპარაკი იყო იმაზე, თუ როგორ მიითვისა თურქეთმა საქართველოს ტერიტორიები. გამოცდილი მკითხველისათვის ნათელი ხდებოდა, რომ საბჭოთა პროპაგანდა ნიადაგს ამზადებდა მნიშვნელოვანი სამხედრო_პოლიტიკური აქციისათვის. და მართლაც, მოსკოვმა კატეგორიულად მოითხოვა დასავლეთის მოკავშირეების თანხმობა საბჭოთა კავშირისათვის თურქეთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემა და ბოსფორის ყურეში საზღვაო ბაზის გახსნაზე, მაგრამ აშშ_ისა და დიდი ბრიტანეთისაგან ასეთივე მტკიცე უარი მიიღო. უფრო მეტიც, ახალშექმნილ გაეროში აშშ_მა დააყენა საკითხი ირანიდან საბჭოთა ჯარის გაყვანის შესახებ, რომელიც იქ მოკავშირეთა შეთანხმებით 1942 წლიდან იდგა. სტალინს ამ შემთხვევაშიც მოუწია უკან დახევა.
მაგრამ, საერთო ჯამში ომის წინანდელ მასშტაბებთან შედარებით, საბჭოთა იმპერია აშკარად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და კიდევ მეტ გაფართოებას ცდილობდა.
ბუნებრივია, ანალიზი და დასკვნების გაკეთება მოვლენებიდან 40 წლის შემდეგ იოლი საქმეა. მაშინ კი, 1945-46 წლებში, დასავლეთის ქვეყნებისათვის, უპირველეს ყოვლისა კი აშშ_ისათვის, მთავარი დილემა იყო. თუ რატომ ირღვეოდა სამოკავშირეო თანამშრომლობა სტალინთან და რა პოლიტიკა უნდა დაეპირისპირებინა ვაშინგტონს კრემლის ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ.
ყველაზე დამაჯერებელი პასუხი ამ კითხვაზე ვაშინგტონში მოსკოვიდან მიიღეს 1946 წლის თებერვალში. მისი ავტორი აშშ_ის საელჩოს თანამშრომელი ვინმე ჯორჯ კენანი იყო, რომელიც შემდგომ ცნობილი მოღვაწე გახდა. ახალგაზრდა დიპლომატის გაშიფრული ინფორმაცია ისტორიაში შევიდა როგორც "გრძელი ტელეგრამა". ფაქტიურად მან ჩაუყარა საფუძველი აშშ_ის სტრატეგიულ ხედვასა და პოლიტიკას მომდევნო ორმოცწლიანი "ცივი ომის" ეპოქისათვის.
საინტერესოა, რომ "გრძელ ტელეგრამას" გარკვეულწილად დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. ავტორის კონცეპტუალური მოსაზრებები ეყრდნობოდა კომუნისტურ_სტალინისტური რეჟიმის იდეოლოგიის ანალიზს, რის საფუძველზეც კეთდებოდა მთავარი დასკვნა იმის შესახებ, რომ გარეშე მტრების არსებობა ან რეჟიმის ორგანული მოთხოვნილება იყო. საბჭოთა კავშირისათვის აუცილებელი იყო გარეშე მტრის ხატი, რადგან ეს ამართლებდა ტოტალიტარულ რეჟიმს და მოსახლეობის მასობრივ დაშინებას, რომლის გარეშეც კრემლის ლიდერმა არც იცოდა და არც სურდა საკუთარი სახელმწიფოს მართვა. გარეშე მტრის ხატზე ლოცულობდნენ შპიონომანიის იდეოლოგები, მასზე ეწირებოდა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. კენანის ღრმა რწმენით, გულუბრყვილობა იყო აშშ_ის მხრიდან რაიმე დათმობაზე წასვლა იმის იმედით, რომ სტალინი დათმობითვე უპასუხებდა, რადგან კომპრომისების პოლიტიკა ომის შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო ინტერესებში აღარ შედიოდა. პირიქით, გარშემორტყმული ციხე_სიმაგრის ფილოსოფია მას სწორედ ახლა სჭირდებოდა.image
ასეთი მტრული გარემოცვის ფუნქცია მიუჩინა სტალინმა ახლა უკვე ყოფილ მოკავშირეებს - აშშ_სა და დიდ ბრიტანეთს, მთლიანად დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროს, ანუ ამერიკის ურთიერთობის გამწვავებას კრემლთან კენანი განიხილავდა როგორც საბჭოთა სისტემის აუცილებელ, ენდემურ თვისებას. იგი მიიჩნევდა, რომ მოსკოვის მტრულ განწყობას გარე სამყაროს მიმართ რუსეთის ისტორიაში ჰქონდა ფესვები. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ რუსი ხელმწიფეები აცნობიერებდნენ, რომ მათი ერთპიროვნული მმართველობა და საერთოდ, არქაული სახელმწიფო წყობა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებს. ამიტომ ისინი გაურბოდნენ დასავლეთთან პირდაპირ კავშირს იმის შიშით, რომ ასეთი ურთიერთობები თვალს აუხელდა რუს ხალხს თავის გაუსაძლის მდგომარეობაზე, განაწყობდა მათ ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომაც რუსი მმართველები გაცილებით კომფორტულად გრძნობდნენ თავს დახურულ სივრცეში, გარეშე "მტრულ სამყაროსგან" იზოლაციაში.
კენანი აკეთებდა უაღრესად საინტერესო პროგნოზს: კრემლის მომავალი მმართველები ერთ მშვენიერ დღეს მივიდოდნენ იმ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო ამ რეჟიმის შეცვლა. მიხეილ გორბაჩოვის საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელად არჩევამდე და ამ პროგნოზის აღსრულებამდე ორმოცამდე წელი რჩებოდა. "თუ კი კომუნიტური პარტიის ერთობა დაირღვევა, საბჭოთა რუსეთი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, უმალ ყველაზე სუსტ და უბადრუკ ქვეყნად გადაიქცევა" - წინასწარმეტყველებდა კენანი.

მანამდე კი, კენანის აზრით, ომი საბჭოთა კავშირთან არ იყო გარდაუვალი, მაგრამ საჭირო იყო ახლებური ხედვა და მოქმედება. იმის შესახებ, თუ რა სახის პოლიტიკა უნდა შეემუშავებინა აშშ_ს საბჭოთა ექსპანსიის მიმართ, კენანმა მომდევნო წელს განაცხადა თავის ასევე ცნობილ ანალიტიკურ პუბლიკაციაში, სწორედ იქ გაიჟღერა სიტყვამ "შეკავება", რომელიც მომდევნო ათეული წლების მანძილზე ვაშინგტონის პოლიტიკის საკრალურ ცნებად იქცა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, საბჭოთა სპეცსამსახურებმა მოიპოვეს კენანის "გრძელი ტელეგრამა" და სტალინს აახლეს. მან კი ანალოგიური ტელეგრამის მომზადება ვაშინგტონში საბჭოთა ელჩს დაავალა. ელჩ ნოვიკოვის გამოგზავნილ ინფორმაციაში, საბჭოთა იდეოლოგიისათვის დამახასიათებელი სტილით, გაანალიზებული იყო აშშ_ის საგარეო პოლიტიკა, "რომელიც გამოხატავდა ამერიკის მონოპოლისტური კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელ იმპერიალისტურ ტენდენციებს". ელჩი ირწმუნებოდა, რომ აშშ_ის მთავარი მიზანი მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა იყო, რაშიც მას დიდი ბრიტანეთი ეხმარებოდა, მაგრამ აშშ-ინგლისის თანამშრომლობა ხასიათდებოდა დიდი შინაგანი წინააღმდეგობებით, რის გამოც შორს არ იყო ის დღე, როდესაც ვაშინგტონსა და ლონდონს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბებოდა.
თუ კი ახალგაზრდა დიპლომატის ანალიზმა სერიოზულად დააფიქრა ვაშინგტონი მოსკოვის მიმართ ახალი პოლიტიკის თაობაზე, დასავლეთის ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსის - ჩერჩილის "განგაშის" ზარმა" საბოლოოდ დაარწმუნა პრეზიდენტი ტრუმენი სასწრაფო მოქმედების აუცილებლობაში.
imageრკინის ფარდა

1946 წლის 6 მარტს აშშ_ში ვიზიტად მყოფმა ჩერჩილმა მისურის შტატის ქალაქ ფულტონში წარმოთქვა სიტყვა, რომელიც საბჭოთა კავშირში უმალ დასავლეთის მიერ "ცივი ომის" გამოცხადებად აღიქვეს.
"შტეტინიდან ბალტიის ზღვაზე და ტრიესტამდე ადრიატიკის ზღვაზე, - მთელი კონტინენტის გადაკვეთით ევროპაში დაეშვა რკინის ფარდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დედაქალაქები, რომელთა ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის, ფარდის იქითა მხარეს აღმოჩდნენ. ვარშავა და ბერლინი, პრაღა და ვენა, ბუდაპეშტი და ბელგრადი, ბუქარესტი და სოფია - ეს მშვენიერი ქალაქები და მათი მოსახლეობა... საბჭოთა გავლენის სფეროში მოექცა. ეს გავლენა სხვადასხვა ფორმით მჟღავნდება, მაგრამ მას თავს ვერავინ აღწევს. პირიქით, ეს ქვეყნები სულ უფრო მეტად ექვემდებარებიან არა მხოლოდ მოსკოვის კონტროლს, არამედ მის პირდაპირ ზეწოლას... დამიჯერეთ, ძალიან ცოტა დრო გვრჩება, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მოვლენების თავისთავადი განვითარება და იმ წუთის ლოდინი, როდესაც რაიმეს შეცვლა უკვე გვიან იქნება".

ჩერჩილის აზრით, საჭირო იყო უახლოეს მომავალში აშშ_ისა და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული კავშირის შექმნა, ხოლო შემდგომ ეტაპზე - ამ ალიანსთან თავისუფალი ქვეყნების მიერთება.
ამგვარად ჩერჩილი, რომელმაც 1930_იან წლებში პირველმა გააფრთხილა მსოფლიო გერმანიის ნაცისტური რეჟიმის საფრთხის შესახებ, ახლა კაცობრიობას ტოტალიტარიზმის საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. როგორც შემდეგ ისტორიამ დაგვანახა, ჩერჩილი ამჯერადაც სწორი აღმოჩნდა. და თუ კი მეორე მსოფლიო ომს მესამეც არ მოჰყვა, ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ ჩერჩილის დამსახურებაა, რომელსაც 1946 წელს დაუჯერა თავისუფალმა სამყარომ.
და მართლაც, პრეიდენტმა ტრუმენმა მიიღო სტალინის გამოწვევა და 1946 წლის მარტშივე გამოაცხადა ახალი დოქტრინა - "შეერთებული შტატების პოლიტიკა იმ თავისუფალი ადამიანების დასაცავად, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ შეიარაღებული უმცირესობების ან გარეშე ძალების მიერ დაპყრობის მცდელობებს". იმავდროულად აშშ_მა, დიდი ბრიტანეთის მოთხოვნის საპასუხოდ, სამხედრო და ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინა საბერძნეთსა და თურქეთს. სამიოდე თვის შემდეგ კი აშშ_ის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოაცხადა ევროპის ეკონომიკური და სოციალური აღორძინების გეგმა, რომელსაც ფეხზე უნდა დაეყენებინა ომის შედეგად გაჩანაგებული და დანგრეული კონტინენტი. მარშალის სიტყვებით, ეს გეგმა "მიმართული იყო არა რომელიმე ქვეყნის ან დოქტრინის წინააღმდეგ, არამედ შიმშილის, სიღარიბის, უიმედობის და ქაოსის წინააღმდეგ".

მომდევნო წლებში მარშალის გეგმის ფარგლებში აშშ_მა ევროპის ქვეყნების აღორძინებისათვის 13 მილიარდ დოლარამდე გამოყო, რაც მაშინდელი კურსით ასტრონომიული თანხა იყო. ამ დახმარებამ მოკლე ვადაში ევროპა ფეხზე დააყენა და დასავლეთ ევროპის ინტეგრაციასაც ჩაუყარა საფუძველი.
ჰენრი კისინჯერის აზრით, მხოლოდ ისეთ იდეალისტ, ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელ ქვეყანას, როგორიც შეერთებული შტატებია, შეეძლო მხოლოდ საკუთარ თავზე ეტვირთა გლობალური ეკონომიკური აღორძინების პროგრამა. სწორედ ასეთი ქვეყნის სამომავლო ხედვამ უზრუნველყო ამერიკელების მიერ ამ ვალდებულების აღება, რამაც ისინი "ცივ ომში" საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.
image
ომით გაჩანაგებული საბჭოთა ეკონომიკის აღორძინება სტალინმაც გასაოცარი სისწრაფით შეძლო. 1950-იანი წლების დასაწყისისთვის სამრეწველო პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი აღდგენილი იყო, რაც გარკვეულწილად გერმანიიდან წამოღებული რეპარაციების ხარჯზე ხდებოდა. სტალინმა საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირებაც კი მოახერხა. ეს, ბუნებრივია, მოსახლეობის კმაყოფილებას იწვევდა.
მას შემდეგ, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნების აღორძინებისათვის აშშ-მა მარშალის გეგმა შეიმუშავა, საჭირო გახდა შექმნილიყო მექანიზმი ამ სახელმწიფოთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ფუნქცია ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ – ნატომ იტვირთა.
1948 წლის დასაწყისში კომუნისტური ექსპანსიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საბერძნეთი, აპრილში კი მოსკოვმა დაიწყო ბერლინის ბლოკადა. ივნისში კომუნისტებმა სახელმწიფო გადატრიალება განახორციელეს ჩეხოსლოვაკიაში, რომელიც აქამდე პლურალისტულ სისტემას ინარჩუნებდა. დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოება განსაკუთრებით შეაშფოთა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის დამაარსებლის ვაჟის იან მასარიკის ძალადობრივმა სიკვდილმა.

ჩეხოსლოვაკიის ტრაგედია იყო ის ბოლო წვეთი, რამაც დააჩქარა ნატოს შექმნა. ამ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის ფუძემდებლურ აქტს – ვაშინგტონის ხელშეკრულებას – 1949 წლის 4 აპრილს მოაწერეს ხელი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილო ამერიკის 12 სახელმწიფოს ლიდერებმა.
ნატოს წინაშე ორი მთავარი ამოცანა იდგა: აშშ-დასავლეთ ევროპის სტრატეგიული კავშირის შექმნა და დასავლეთ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ნატოს დაარსებამდე მსოფლიოში არაერთი სამხედრო ბლოკი შექმნილა, მაგრამ მათგან ნატოს განასხვავებდა ფასეულობათა სისტემა, რაც პრინციპულად ახალი მოვლენა იყო მე-20 საუკუნის მსოფლიოსათვის. "ვაშინგტონის ხელშეკრულების" პრეამბულაშივე ხაზი ჰქონდა გასმული, რომ ალიანსის დამფუძნებლებს მტკიცედ ჰქონდათ განზრახული დაეცვათ თავიანთი ხალხების თავისუფლება, დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული საერთო მემკვიდრეობა და ცივილიზაცია, პირადი თავისუფლება და კანონის უზენაესობა. ამგვარად, ალიანსი განაცხადს აკეთებდა თავის ზნეობრივ უპირატესობასა და ფასეულობათა პრიმატზე.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დემოკრატიული პრინციპების თვალსაზრისით, ნატო ამ სამყაროს სულ მთლად უმანკო ჩასახვის შედეგად არ მოვლენია, რადგან ალიანსის დამაარსებელ ქვეყნებს შორის იყო პროფაშისტური პორტუგალიაც. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ ცივი ომის პოლიტიკური რეალიზმი დროდადრო აშკარად ჩაანაცვლებდა აშშ-ის იდეალისტურ ფილოსოფიას.
image
"ვაშინგტონის ხელშეკრულების" უმთავრესი დებულება ჩამოყალიბდა მე-5 მუხლში, რომელშიც ნათქვამია, რომ "შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ ან რამდენიმე მხარეზე ევროპაში ან ჩრდილო ამერიკაში განხილული იქნება როგორც აგრესია ყველას წინააღმდეგ", ანუ დევიზი "ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის" ნატოს მთავარ ლოზუნგად იქცა.
ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, თუ საიდან მოელოდნენ ნატოს წევრი ქვეყნები შესაძლო აგრესიას. აშშ-ის სენატში ამ საკითხის განხილვისას სენატორმა კონელიმ ისიც კი განაცხადა, რომ `ალიანსი იყო არა ტიპიური სამხედრო კავშირი, არამედ კავშირი ომის წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ სსრკ-ის დასახელება აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენდა, რამეთუ მხოლოდ იგი უქმნიდა რეალურ საფრთხეს დასავლეთის ცივილიზაციას.
პოლიტიკური მანიპულაციების გროსმაისტერმა სტალინმა, როგორც ჩანს, სწორად ვერ ამოიცნო ამერიკელების ფსიქოლოგია და ვერ გათვალა მათი შესაძლო რეაქცია კრემლის აგრესიასა და ექსპანსიონიზმზე. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გული აიცრუა კრემლზე, უკან დასახევი გზა აღარ ჩანდა. ვაჭრობისა და კომპრომისების დრო დამთავრდა. ახლა ვაშინგტონი ფსონს აკეთებდა ან საბჭოთა სისტემის შეცვლაზე, ან მის დაშლაზე. შესაძლოა ერთზეც და მეორეზეც... შედეგი იყო მარშალის გეგმა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და დასავლეთის სამხედრო გაძლიერება, რაც სტალინის ინტერესებში არ უნდა ყოფილიყო.

პერსპექტივაში კრემლისათვის დიდი საფრთხის მატარებელი იყო ძალადობრივი გზით საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროს გაფართოებაც, რადგან აღმოსავლეთ ევროპაში გაბატონება მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სხვა რესურსებს ითხოვდა. ამ ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმები მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა, რაც სოციალური და პოლიტიკური კრიზისების მომასწავებელი იყო. წინ იყო ბერლინის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის და პოლონეთის მოვლენები, ასევე მრავალი სხვა.
საბჭოთა იდეოლოგები ცივი ომის გამომწვევ მიზეზებს თავისებურად ხსნიდნენ:
"ფაშისტური რეჟიმის დამარცხების შემდეგ დღის წესრიგში დადგა ახალი ევროპის მშენებლობის საკითხი, რომლის მთავარი მიმართულებები პოტსდამის კონფერენციის გადაწყვეტილებებით იყო განსაზღვრული. მაგრამ აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გარკვეულმა ძალებმა გადაწყვიტეს დახურული სამხედრო ბლოკის – ნატოს შექმნა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული. აგრესიული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დაარსებას წინ უსწრებდა დასავლეთის ხმაურიანი პროპაგანდისტული კამპანია "კომუნისტური აგრესიისა" და ნატოს "თავდაცვითი ხასიათის შესახებ".
1949 წლის მაისში ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული საოკუპაციო ზონების გაერთიანების შედეგად შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რაც სტალინმა დასავლეთის აშკარა გამოწვევად მიიჩნია. მან ნატოსა და გფრ-ის შექმნას 1949 წლის 29 აგვისტოს ყაზახეთის უდაბნოში ატომური ბომბის გამოცდით უპასუხა. ამით სტალინი კმაყოფილი ჩანდა. მისთვის მთავარი ხომ ძალთა ბალანსის შენარჩუნება იყო. დასავლეთში მოსკოვის კვლავ ეშინოდათ. მაგრამ რაღაც მაინც ძირეულად შეიცვალა.
image"დიდი გადანაწილების" ჰუმანიტარული შედეგები

1950 წლისათვის ევროპის "დიდი გადანაწილება" პრაქტიკულად დასრულდა. "რკინის ფარდის" გამოღმა დარჩენილი სამყაროს ახალი ბინადრები მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდებოდნენ. ბევრი მათგანისათვის მშვიდობა მხოლოდ პირობითობა იყო. მართლაც, ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ!
ბევრს სჯეროდა, რომ ეს კაცობრიობის ისტორიაში ბოლო ომი იქნებოდა. ისიც სჯეროდათ, რომ სტალინი გამარჯვებულ და ნატანჯ ხალხს აღარ მოაბრუნებდა ტრაგიკული 1930-იანი წლებისაკენ. ხედავდნენ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ მიდიოდა, ამიტომ იმედიანად იყვნენ, მაგრამ, ამავე დროს, ისიც კარგად იცოდნენ, რომ არავის ნდობა არ შეიძლებოდა, რადგან ჩეკას კვლავ დიდი ყურები და გრძელი ხელები ჰქონდა. შიგადაშიგ ისევ ამხელდნენ მოღალატეებს, ახლა უკვე ამერიკის და ინგლისის ჯაშუშებს, ციხეები ისევ სავსე იყო ახლობლებითა და უცნობებით.
ნაცისტური ბანაკების საბჭოთა ტყვეები ახლა საბჭოთა გულაგებში აღმოჩნდნენ. რადგან სტალინი ყველა ტყვეს მოღალატედ მიიჩნევდა, ტრაგიკული ბედი ეწია ასიათასობით საბჭოთა არმიის დეზერტირსა და მათ, ვინც ბედის უკუღმართობის გამო ფაშისტური არმიის რიგებში აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, სამხედრო ტყვეების შესახებ არც ჩერჩილს ჰქონდა უკეთესი აზრი: "სამხედრო ტყვე ის ადამიანია, რომელიც ყოველნაირად ცდილობს შენს მოკვლას და როდესაც ეს მას არ გამოუვა, გემუდარება, რომ შენ არ მოკლა იგი".
1944 წელს იალტის კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად დასავლელმა მოკავშირეებმა საბჭოთა სამხედრო ტყვეები იძულებითი წესით საბჭოთა კავშირს გადასცეს. ეს ხალხი და ხშირად მათი უდანაშაულო ოჯახის წევრები პირდაპირ ეტაპებით ახლა არქტიკული ზონის საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში გაამწესეს. მათი უმრავლესობა იქვე დაიღუპა, ბევრმა კი ევროპაშივე დაასრულა ცხოვრება თვითმკვლელობით.

რაღა შორს მივდივართ, საფრანგეთში მცხოვრები რამდენიმე ქართველი ემიგრანტის ოჯახი ომის შემდეგ იმდენად მოიხიბლა სტალინის დემოკრატიული კონსტიტუციით, რომ საბჭოთა საქართველოში გადაწყვიტა დაბრუნება. აკი ურჩევდნენ კიდეც მათ საბჭოთა ემისრები: "ჩამობრძანდით და თუ არ მოგეწონებათ აქაურობა, უკან გაბრუნდებითო". ნანატრი საქართველოს მაგივრად მათ ყაზახეთის სტეპებში ამოყვეს თავი, საიდანაც მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა (ბუნებრივია, საფრანგეთში მათ აღარავინ გაუშვებდა). რა თქმა უნდა, არც ისინი დაინდეს, ვისაც უცხოეთში ჰყავდა ახლობელი.
სტალინმა კარგად იცოდა, რომ ომში გამარჯვებული ხალხი სახიფათო იყო. უფრო სახიფათო კი ის ჯარისკაცები იყვნენ, რომლებმაც ევროპა ბრძოლით გაიარეს და კოპწია ქალაქების კეთილდღეობა იხილეს. სტალინი არ ენდობოდა არც ამ ხალხს და არც ამ სამხედროებს, თუმცა მათთვის არც ეპითეტებს იშურებდა და არც ჯილდოებს.
რიბენტროპ-მოლოტოვის საიდუმლო შეთანხმების შედეგად 1939-1941 წლებში ბალტიისპირეთის პატარა ქვეყნებში საბჭოთა ოკუპაციას მასიური რეპრესიები მოჰყვა. ყველაზე მინიმალური მონაცემებით ამ პერიოდში შინსახკომის მიერ ფიზიკურად განადგურებულთა და გადასახლებულთა რაოდენობამ 125 ათასს გადააჭარბა. მათ შორის იყვნენ ყოფილი მთავრობისა და მათი ოჯახების წევრები. 1941-1944 წლებში გერმანელმა ფაშისტებმა დაიპყრეს ბალტიისპირეთი და ახლა მათ დაიწყეს რეპრესიები იმ პირთა მიმართ, ვინც საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობდა. ნაცისტებმა ასევე დააპატიმრეს 10 ათასამდე ადგილობრივი ებრაელი და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაგზავნეს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქ დაიღუპა.
image
1944 წლიდან ბალტიისპირეთის კვლავ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ამ მცირერიცხოვან ქვეყნებს რეპრესიების მესამე ტალღამ გადაუარა. 1949 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება "ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან კულაკების, მათი ოჯახის წევრების, ბანდიტებისა და ნაციონალისტების დეპორტაციის შესახებ". 1953 წლამდე ბალტიისპირეთიდან 200 ათასამდე ადამიანი გაასახლეს, აქედან 75 ათასი გულაგებში აღმოჩნდა, ანუ, დეპორტირებული იქნა საერთო მოსახლეობის თითქმის 10%. იმავდროულად ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებიდან მოსახლეობის, უმთავრესად რუსების, ჩასახლება.
ომის ბოლოს საბჭოთა კავშირის მიერ დაკავებული სხვა რეგიონებიდანაც მასობრივი დეპორტაციები განხორციელდა. მოლდოვიდან, ანუ ყოფილი ბესარაბიიდან, შუა აზიასა და ციმბირში გაასახლეს დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანი. კალინინგრადის ოლქში, ანუ ყოფილ აღმოსავლეთ პრუსიაში, ადგილობრივი გერმანული მოსახლეობა თითქმის მთლიანად რუსებმა ჩაანაცვლეს. აღარაფერს ვამბობთ ყირიმიდან გასახლებულ თათრებზე, ვოლგისპირელ გერმანელებზე, ჩრდილო კავკასიიდან დეპორტირებულ ჩეჩნებზე, ინგუშებზე, ყარაჩაელებზე, საქართველოს ძირძველი მხარიდან – მესხეთიდან გადასახლებულ 90 ათასამდე მუსლიმური სარწმუნო­ების ადამიანზე (ისინი ეთნიკურად ძირითადად ქართველები იყვნენ). საერთო ჯამში მათმა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

მშვიდობა ტრაგიკული აღმოჩნდა მილიონობით აღმოსავლეთ ევროპელისათვის. გერმანელი ფაშისტების მხეცობაზე უამრავი რამ ითქვა და დაიწერა, თუმცა ეს თემა, ალბათ, დღემდე არ არის ამოწურული. თითქმის არაფერია ცნობილი იმ ბარბაროსობაზე, რაც გერმანელების წინააღმდეგ განხორციელდა ომის შემდეგ. როგორც სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა დაასკვნეს 1944 წელს იალტაში, მომავალი მშვიდობიანი ევროპისათვის აუცილებელი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების `გაწმენდა~ ეთნიკური გერმანელებისაგან. და მართლაც, 1945–47 წლებში ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, პოლონეთსა და იუგოსლავიაში საცხოვრებელი ადგილებიდან ძალით აყარეს და გერმანიაში გაასახლეს 7 მილიონამდე ეთნიკური გერმანელი. უამრავი მათგანი დეპორტაციის დროს გზაში გარდაიცვალა.
დრამატული შედეგები გამოიღო პოლონეთის საზღვრების შეცვლამაც. სტალინის ძალისხმევით ამ ქვეყნის აღმოსავლეთი ტერიტორიები საბჭოთა კავშირს გადაეცა, ხოლო პოლონეთს დასავლეთით გერმანიის ნაწილი ერგო. მოსახლეობის ეთნიკური ქვეყნების "შესაბამისობაში მოყვანის" მიზნით 1, 5 მილიონი პოლონელი ახლა საბჭოთა ტერიტორიიდან პოლონეთში გაასახლეს, ხოლო პოლონეთის ახალ საზღვრებში აღმოჩენილი 500 ათასი უკრაინელი საბჭოთა კავშირს "დაუბრუნეს". ეთნიკური ჯგუფები "გაცვალეს" ასევე ჩეხოსლოვაკიამ და უნგრეთმა, უნგრეთმა და იუგოსლავიამ.
ეს იყო ევროპის ისტორიაში მოსახლეობის ყველაზე დიდი ძალადობრივი მიგრაცია.

ებრაელთა ის მცირე რაოდენობა, რომელიც ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა და ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სახლებს დაუბრუნდა, კვლავ ანტისემიტიზმს შეეჩეხა. 200 ათასამდე ებრაელი იძულებული გახდა ან ახალშექმნილ ისრაელის სახელმწიფოში, ან ოკეანის მიღმა გადასახლებულიყო. ამგვარად, აღმოსავლეთი და ცენ­ტრალური ევროპა ფაქტიურად "გაიწმინდა" ებრაელებისაგან, რომლებიც აქ საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ.
მაგრამ მშვიდობა ებრაელებს არც ისრაელში ელოდათ. 1948 წელს დიდი ბრიტანეთის სამანდატო პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნების არაბული მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. შედეგად, 750 ათასამდე პალესტინელი არაბი იძულებული გახდა მიეტოვებინა ისრაელის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები. ანალოგიური ბედი ეწია არაბულ ქვეყნებში მცხოვრებ 500 ათასამდე ებრაელს, რომლებიც არაბმა ნაციონალისტებმა აიძულეს ისრაელში გადასახლებულიყვნენ.
ჰუმანიტარული კატასტროფის უპრეცედენტო მასშტაბები მოჰყვა 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას და შემდეგ მისგან პაკისტანის გამოყოფას. ინდუებსა და მუსლიმებს შორის სისხლიანმა დაპირისპირებამ ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ინდოეთსა და პაკისტანს შორის მოსახლეობის "გაცვლის" შედეგად 15 მილიონზე მეტი უსახლკარო ლტოლვილად იქცა.
image
ომის დროს მოკავშირეთა მიერ აშენებული ერთიანობისა და სოლიდარობის წინაშე კვლავ უნდობლობის კედელი აღიმართა. სტალინი აღარ ენდობოდა ყოფილ მოკავშირეებს – აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, მაგრამ არც ისინი ენდობოდნენ საბჭოთა ლიდერს. თუკი ომის დროს ამერიკულმა პრესამ მას სიმპათიური მეტსახელი "ბიძია ჯო" შეურჩია, ახლა იგი მათთვის კვლავ წითელი დიქტატორი იყო.
სტალინს ნაკლებად სჯეროდა იმ ქვეყნების ერთგულებისა, სადაც საბჭოთა ჯარი არ იდგა. ასეთი იყო იუგოსლავია, სადაც მარშალმა იოსიფ ბროზ ტიტომ სტალინისაგან დამოუკიდებელი და საბჭოთა რეჟიმისაგან განსხვავებული კომუნისტური წყობა დაამყარა.
პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ სტალინი არც მის ერთგულ მაო ძედუნს ენდობოდა, რომელმაც სამოქალაქო ომში ჩან კაი­ შის ნაციონალისტური რეჟიმი დაამარცხა და 1949 წლის 1 ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა. მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოს ნომერი პირველი სახელმწიფო ახლა საბჭოთა კავშირის სტრატეგიული მოკავშირე იყო, რაც კომუნისტური ბანაკისათვის უდიდესი მონაპოვარი გახლდათ. მაგრამ მაო ძედუნის მიმართ სტალინის უნდობლობა სწორედ ჩინეთის მასშტაბებით იყო გამოწვეული. ვისი იქნებოდა პირველობა: მოსკოვისა თუ პეკინის?

თუმცა, ტიტოსაგან განსხვავებით, მაო სტალინის ავტორიტეტის თავგამოდებული მოტრფიალე იყო. იგი მხოლოდ საბჭოთა კავშირის გვერდით ხედავდა ჩინეთის რევოლუციური მასების ადგილს. ორი გიგანტის – საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ერთობა მართლაც შთამბეჭდავი ისტორიული მოვლენა იყო. მსოფლიოში ბევრს ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კომუნისტური პროპაგანდა ჭეშმარიტებას ქადაგებდა. ისტორია თითქოს მართლაც ამ იდეოლოგიის საყოველთაო ტრიუმფისაკენ მიემართებოდა.
ეს ბევრმა აშშ-შიც კი დაიჯერა. ამერიკის საზოგადოების ლიბერალურ წრეებში საკმაოდ ძლიერად მოიკიდა ფეხი სიმპათიებმა საბჭოთა კავშირის მიმართ. ამ განწყობილებებს გარკვეულწილად პრეზიდენტ რუზველტის გარემოცვის წევრები და ახლობლები ასაზრდოებდნენ, რომლებიც თვლიდნენ, რომ ომის შემდგომ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გაფუჭება ტრუმენის ადმინისტრაციის ბრალი იყო. კერძოდ, ასეთ მიდგომას იზიარებდნენ რუზველტის მეუღლე ელეონორა და მისი ვაჟი ელიოტი. განსაკუთრებით აქტიურობდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უალასი, რომელსაც იმჟამად ვაჭრობის მინისტრის პოსტი ეკავა. უალასი აშკარად ვარდისფერ ფერებში ხედავდა საბჭოთა რეალობას და მიიჩნევდა, რომ საბჭოთა იზოლაციონიზმი დასავლეთის აგრესიული პოლიტიკის შედე­გი იყო, ხოლო "რუს ხალხს ახლა გაცილებით მეტი პოლიტიკური თავისუფლება ჰქონდა, ვიდრე ოდესმე."

ამერიკის მემარცხენე ძალების საკმაოდ სახიფათო იდეალიზმს რადიკალი რესპუბლიკელები დაუპირისპირდნენ. მათ შორის ყველაზე მეტად გამოირჩეოდა სენატორი მაკკარტი, რომელმაც პოლიტიკური კამპანია გააჩაღა კომუნისტებისა და ამერიკულ საზოგადოებაში "საბჭოთა ჯაშუშების" წინააღმდეგ. სენატორის პარანოია მთლად უსაფუძვლო არ იყო, რადგან სწორედ საბჭოთა ჯაშუშებმა მოიპარეს აშშ-ში ინფორმაცია ბირთვული იარაღის შესახებ. მაკკარტიზმის ქსენოფობიური ტალღა მთელ ქვეყანას მოედო. დაიწყო "კუდიანებზე ნადირობა", "კრემლის აგენტების" გამომზეურება. ამის მსხვერპლი გენიალური ჩარლი ჩაპლინიც კი გახდა.

წყარო: ზურაბ აბაშიძის ლიტერატურა: ცივი ომი – წარსული თუ დღევანდელობა?
0
235
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0