მუსიკა "ხან დაზმული ვარ, ხან არა” - ბიძინა კვერნაძის სახალისო ისტორიები 29 ივლისი, 9:48 29 ივლისი შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორის, ბიძინა კვერნაძის დაბადების დღეა. ♡♡♡ რჩეული ქმნილებებია: "ჩვენისთანა ბედნიერი" (1987), "მედეა"(1992), "უკვდავება" (1971), "სადღესასწაულო უვერტიურა" (1977), "ძველი ქართული წარწერები" (1978), "სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის" (1986); შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის "დათა თუთაშხია" (ჯ. კახიძესთან ერთად); მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: "ჭინჭრაქა", "ყვარყვარე", "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მე ვხედავ მზეს".კომპოზიტორს 1981 წელს მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია. 1985 წელს ბ. კვერნაძეს ოპერისათვის „იყო მერვესა წელსა“ და უკანასკნელი წლების კინომუსიკისათვის მიენიჭა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. ♡♡♡ 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ბიძინა კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი.
♡♡♡ კომპოზიტორის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი წიგნიდან "ხან დაზმული ვარ, ხან არა..."
♡♡♡
***
, რეზო ლაღიძემ იცოდა, რომ თუ ბიძინა ქეიფს გადააბამდა, სახლში საქმე მწყრალად იყო და ნუგეშასთან(ბიძინას მეუღლე) ურთიერთობის მთელი სისტემა ჰქონდა შემუშავებული. ერთხელ ეზოდან დაუძახა: დღეს ბიძინას ხელი უნდა გთხოვოო, რაც კიდევ ერთ განავარდებას ნიშნავდა. ბიძინა კი საქმიანად უხსნიდა მეუღლეს, – წუხელ დედა დამესიზმრა და რეზოს რომ ვუამბე, მითხრა: აუცილებლად სიღნაღში უნდა წავიდეთ და საფლავი მოვინახულოთო. ეზოში ორი სავსე მანქანა ელოდა. ბიძინა უკვე მანქანაში ჯდებოდა, როდესაც ქალიშვილმა, პატარა ფისასომ იკითხა: – კი, მაგრამ, განა ბებია შარშან არ გადმოვასვენეთ თბილისში, ბაბუას გვერდითო? "
***
"კვერნაძეებს სახლში მაგნიტოფონი არ ჰქონდათ. ბიძინა გერმანიაში მიემგზავრებოდა მივლინებით. ნუგეშამ დააბარა, არაფერი გვინდა, ოღონდ კარგი მაგნიტოფონი ჩამოგვიტანეო. ბიძინამ დანაბარები შეასრულა და სათუთად დაზოგილი დღიური ფულით "ტოშიბას" ფირმის მაგნიტოფონი ჩამოუტანა ოჯახს. დილით ნუგეშას ქალიშვილმა მიმართა: - დედა, ხომ იცი, სკოლაში ხარ დაბარებული და ლამაზად ჩაცმული მოდიო. - აბა, როგორ ჩავიცვა ლამაზად, როცა მამაშენმა არაფერი ჩამომიტანა გერმანიიდან? - გაიკვირვა ნუგეშამ. - დაიჭირე ხელში "ტოშიბა" და ისე წადი! - ურჩია ნახევრად გაღვიძებულმა ბიძინამ..."
* * * "ერთხელ, მაღალ და ტანად ცისანა ტატიშვილს, ნუგეშამ გაუწია აკომპანემენტი. აპლოდისმენტების დროს შეუფერებელი პროპორციების ორი ქალბატონი ერთად უკრავდა თავს მსმენელს. - ნუგეშა, ქართვლის დედასთან მისულ ტურისტს ჰგავდი! - უთქვამს ბიძინას".
* * * "მეზობელს, ბატონ შურა შავერზაშვილს დაუჩივლია ბიძინასთან, თქვენი ტარაკნები მოსვენებას არ გვაძლევენო. "კი, მაგრამ საიდან იცით, რომ ჩვენია, ფეხბურთელებივით დანომრილი ხომ არ არიან?" - უკითხავს ბიძინას".
*** რეზო ლაღიძე რომ გარდაიცვალა, ეზოში ვიდექით ეროსი მანჯგალაძე, რობიკო სტურუა, ნოდარ დუმბაძე, რამაზ ჩხიკვაძე… უცაბედად ათი შავი “ვოლგა” შემოვიდა. რობიკომ იკითხა, რა მოხდაო. ვუთხარი, არაფერი, მოშავდნენ-მეთქი. უბრალოდ ვთქვი, ესენი კიდევ გადაირივნენ, ეს რა თქვიო. ატეხეს სიცილი. ასე იცოდნენ. მე უბრალოდ, სერიოზულად ვიტყოდი რამეს და ესენი იცინოდნენ…
* * * პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ბიძინა სვეტიცხოველში, მამის საფლავის მოსანახულებლად წაიყვანა. ბიძინა მოწიწებით ათვალიერებდა სამეფო საფლავების ვეებერთელა ქვებს და პეტრეს მამის საფლავზე მოკრძალებული ქვა რომ დაინახა, პეტრეს ჩასჩურჩულა: "პეტრე, ეს რა "ზაჟიგალკის" ქვა დაგიდვია?"
♡♡♡ ასევე დაგაინტერესებთ:"ასეთია ქურდი კაცის ბედი" - ერთი სიმღერის ისტორია 309 3-ს მოსწონს
|