ისტორია საბჭოთა ხისტი პოლიტიკა პოლონეთში და უნგრეთის 1956 წლის რევოლუცია 25 ივლისი, 13:55 კრემლში XX_ე ყრილობაზე გაცხადებული ქვეყნის საგარეო კურსის ახალი პრინციპი - "კაპიტალისტურ სამყაროსთან მშვიდობიანი თანაარსებობა" ბომბის აფეთქებას ჰგავდა აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტურ ქვეყნებში.პირველი პოლონეთი იყო. ეს ქვეყანა, მართალია, საბჭოთა კავშირმა გაათავისუფლა გერმანელი ფაშისტებისაგან, მაგრამ შემდეგ თვითონ აღმოჩნდა ახალი დამპყრობლის როლში. პოლონელები ითხოვდნენ ქვეყნიდან საბჭოთა ჯარის გაყვანას. განსაკუთრებით შეურაცმყოფილად გრძნობდნენ ისინი თავს იმის გამო, რომ თავდაცვის მინისტრად მოსკოვმა პოლონელებს საბჭოთა მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი დაუნიშნა. იგი წარმოშობით პოლონელი იყო, მაგრამ მხარდაჭერით ამ ქვეყნის სამხედროებშიც კი არ სარგებლობდა. 1956 წლის გაზაფხულზე პოლონეთში მუშათა გაფიცვები დაიწყო. გაფიცულთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა, იყო მსხვერპლიც. პოლიტიკური კრიზისი მალე პოლონეთის მმართველ კომუნისტურ (პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტია) პარტიასაც მოედო, რომლის შიგნითაც ბიერუტის სიკვდილის შემდეგ ლიდერობისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა. ვარშავაში საგანგებო ვიზიტით, ყოველგვარი მოწვევის გარეშე, საბჭოთა დელეგაცია ჩავიდა ხრუშჩოვის ხელმძღვანელობით.
თუ როგორ ცინიკურად და უხეშად ახვევდნენ თავს პოლონელ კომუნისტებს თავის ნებას საბჭოთა ხელმძღვანელები, ამას თვით ხრუშჩოვი მოგვითხრობს თავის ცნობილ მოგონებებში.
კერძოდ, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე ვლადისლავ გომულკას დანიშვნას საბჭოთა დელეგაცია ჯერ ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მასზე გაკეთდა არჩევანი. პოლონელ კომუნისტებს ამ საკითხის თაობაზე დისკუსიები "ზედმეტად" რომ გაუგრძელდათ, ხრუშჩოვმა უბრძანა საბჭოთა მარშალ კონევს, ტანკები დაეძრა ვარშავის მიმართულებით. შეძრწუნებულმა პოლონელმა კომუნისტებმა სასწრაფოდ დაამტკიცეს გომულკა პირველ მდივნად. "ამის შემდეგ ჩვენ გავეცით ბრძანება, რათა ტანკები შეეჩერებინათ და შევუერთდით პოლონელი ამხანაგების კრებას" - იგონებს ხრუშჩოვი და "თბილად" დასძენს: "მომდევნო პერიოდში ჩვენ შევძელით გაგვეკვალა მეგობრობის გზა, რომელიც ჩვენი ხალხების გულებს აერთიანებდა, რადგან ეს იყო ჩვენი საერთო ბრძოლა ყველა ჯურის იმპერიალისტებთან, დასავლეთ გერმანიის რევანშისტებისა და საერთოდ, სოციალიზმის მტრების წინააღმდეგ". უნგრეთში მოვლენები გაცილებით უფრო ტრაგიკულად განვითარდა. 40_იანი წლებიდან უნგრეთს სტალინის მიერ თავის "ხატად და მსგავსად" შერჩეული მატიას რაკოში მართავდა, რომელიც შიშის ზარს სცემდა ფერენც ლისტის და ბარტოკის სამშობლოს. ხრუშჩოვის მიერ სტალინის კრიტიკა რაკოშისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. კომპარტიის XX ყრილობიდან დაბრუნებულმა თავისი კოლეგები "დაამშვიდა", მალე ხრუშჩოვს, როგორც მოღალატეს, დაიჭერენ და ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდებაო.
1956 წელს ხრუშჩოვმა რაკოშის ხელისუფლებიდან გაშვება გადაწყვიტა და ეს კრემლისათვის ნაცადი ფორმით მოახერხა - უნგრელი კომუნისტის ჯანმრთელობით "შეწუხებულმა" ნიკიტა სერგის ძემ იგი მოსკოვში "სამკურნალოდ" მიიწვია. "მკურნალობის" შემდეგ რაკოში თავის თანამდებობას ვეღარ დაუბრუნდა და მისი ადგილი, სხვადასხვა პერიპეტიების შემდეგ იმრე ნადიმ დაიკავა.
შეიძლება ითქვას, რომ ნადი მომავალი საბჭოთა ლიდერის გორბაჩოვის პროტოტიპი იყო. იგი ხედავდა ძირეული ცვლილებების აუცილებლობას, მაგრამ სჯეროდა, რომ დემოკრატიული ცვლილებები კომპარტიის რეფორმით უნდა შემოფარგლულიყო. ეს კი შეუძლებელი იყო, რადგან დემოკრატია თავისი ბუნებით ერთპარტიულ სისტემაში ვერანაირად "ვერ ეტევა".
როდესაც 1956 წლის ოქტომბერში ბუდაპეშტში სტუდენტთა მღელვარება დაიწყო, ნადი ამ საპროტესტო მოძრაობის ლიდერად იქცა. მაგრამ მანიფესტაციები სულ უფრო მასშტაბური ხდებოდა, მათი მოთხოვნები კი სულ უფრო რადიკალური. ხალხი ითხოვდა მრავალპარტიულ არჩევნებს, თავისუფალ პრესას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ნადი კი ცდილობდა ეს აზვირთებული ტალღა კომუნისტური პარტიის რეფორმების გზით შეეჩერებინა.
ოქტომბრის ბოლოს ბუდაპეშტში საბჭოთა ლიდერები - ანასტას მიქოიანი და მიხეილ სუსლოვი ჩავიდნენ. ამ დროისათვის საბჭოთა ტანკები უკვე ბუდაპეშტის ქუჩებში გამოჩდნენ, დაიწყო შეტაკებები. მაგრამ ნადისთან დელეგაციის შეხვედრისა და მოლაპარაკებების შემდეგ საბჭოთა ჯარი ერთხანს უკან შეაბრუნეს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უნგრელმა კომუნისტებმა წარმატებას მიაღწიეს და მოსკოვი მათ გარკვეული ავტონომიის მინიჭებას ჰპირდებოდა, მაგრამ ბუდაპეშტის ქუჩებში სიტუაცია უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა: იხსნებოდა ციხეები, დაარბიეს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობა, პედესტალიდან ჩამოაგდეს სტალინის ძეგლი. ადგილებზე ხელისუფლება "მუშათა საბჭოების" ხელში გადადიოდა, ხალხი ითხოვდა არა კომუნისტური რეჟიმის ლიბერალიზაციას, არამედ მის დამხობას. და რაც მთავარია - უნგრეთიდან საბჭოთა ჯარის გაყვანას და ქვეყნის გასვლას ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციიდან. ამ "წითელი ხაზის" გადალახვას მოსკოვი არ დაუშვებდა, ეს უკვე კრემლის მთავარი მონაპოვრის - სოციალისტური ბანაკის დაშლის ტოლფასი იყო.
ოქტომბრის ბოლოს ნადიმ გააუქმა ერთპარტიული სისტემა და კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა, რომელშიც დემოკრატიული პარტიების უმრავლესობა იყო წარმოდგენილი. მოსკოვის მოთმინების ფიალა ივსებოდა. ცხადი იყო, რომ საბჭოთა კავშირი არ დათმობდა უნგრელი ხალხის "სოციალისტურ მონაპოვარს". ამ დროისათვის საბჭოთა ხელისუფლებამ უკვე ჩაატარა კონსულტაციები აღმოსავლეთ ევროპის "მოძმე კომუნისტურ პარტიებთან", რომლებმაც მხარი დაუჭირეს უნგრეთში ვითარების დარეგულირების სამხედრო ვარიანტს.
როგორც ხრუშჩოვი იგონებს, ასეთი მხარდამჭერა მათ ბროზ ტიტოსაგანაც მიიღეს, რაც თავისთავად საყურადღებო ფაქტია, რადგან იუგოსლავიის ლიდერი კომუნისტურ ბანაკში თავისი დამოუკიდებელი პოზიციებით გამოირჩეოდა.
ოქტომბრის ბოლოსათვის მოსკოვში უნგრეთის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. 1 ნოემბერს საბჭოთა არმიის დივიზიები და სატანკო კოლონები უნგრეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ნადისთან მოწვეულმა საბჭოთა ელჩმა - სუკ_ის მომავალმა თავმჯდომარემ და შემდგომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელმა იური ანდროპოვმა უტიფრად განაცხადა, რომ ეს "საბჭოთა დივიზიების გეგმიური როტაცია" იყო. იმავე დღეს ნადის მთავრობამ უნგრეთის ნეიტრალიტეტი და ვარშავის ხელშეკრულებიდან გასვლა გამოაცხადა.
დღეს ბევრს დაობენ იმაზე, თუ რაოდენ მართებული იყო უნგრელების რადიკალური ქმედება. ბევრი მიიჩნევს, რომ სწორი იქნებოდა, თუკი მაშინ უნგრელები მიღწეულით დაკმაყოფილდებოდნენ და ახალ, დამოუკიდებლობის უფრო ფართო პლატფორმაზე გამაგრდებოდნენ. სხვები კი თვლიან, რომ საბჭოთა კავშირი მაინც არ გაუშვებდა ხელიდან უნგრეთს, ამიტომ ბრძოლა თავისუფლებისათვის ბოლომდე იყო საჭირო. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რევოლუციას თავისი ლოგიკა აქვს, ხშირა არარაციონალური და თვითდამღუპველი.
ნოემბრის პირველ დღეეში, როდესაც გაეროში უნგრეთის მთავრობის მიმართვას განიხილავდნენ, ბუდაპეშტის ქუჩებში საშინელი ტრაგედია ტრიალებდა. საბჭოთა არმია ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და უნგრეთის არმიის ნაწილების სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა. პირველივე შეტაკებებს დიდი მსხვერპლი მოჰყვა. უნგრელებს კარგად ახსოვდათ, თუ როგორ იბრძოდნენ 1945 წელს საბჭოთა ჯარისკაცები ბუდაპეშტის ფაშისტებისაგან გასათავისუფლებლად. ახლა კი საბჭოთა ჯარი უნგრელების წინააღმდეგ ქალაქში არტილერიასაც იყენებდა. ბუდაპეშტის რადიო მსოფლიოს დახმარებისათვის გამუდგემით მიმართავდა, მაგრამ ამაოდ. მისი ხმა მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც დიქტორმა მიკროფონი მოისროლა და ხელში შაშხანა აიღო.
სისხლიანი მოვლენები თითქმის 2 კვირა გრძელდებოდა. ამან ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. 200 ათასამდე უნგრელი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. უნგრეთის მთავრობა ამაოდ ცდილობდა საბჭოთა ჯარის შეჩერებას. თავდაცვის მინისტრი მალეტერი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საბჭოთა სამხედროებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, სუკ_ის აგენტებმა შეიპყრეს.
ნადი იძულებული გახდა თავშესაფარი ეთხოვა იუგოსლავიის საელჩოში, მაგრამ მოგვიანებით იგი ვერაგულად დააპატიმრეს და დახვრიტეს (მან თავი დამნაშავდ არ სცნო). იგივე ბედი ეწია მის კოლეგებსაც, მათ შორის მალეტერს. ქვეყანაში მასობრივი დაპატიმრებები და რეპრესიები დაიწყო.
ხრუშჩოვის ეპოქის სიმბოლო - მშვიდობის მტრედი, ბუდაპეშტის ქუჩაში ეგდო ტანკით გასრესილი.
"უნგრელი ხალხის სოციალისტური მონაპოვარი" გადარჩა. იგი საბჭოთა არმიამ უნგრეთის კომპარტიის ახალ ხელმძღვანელს - იანოშ კადარს გადაულოცა, რომელიც ამ მოვლენების დროს მოსკოვში იმყოფებოდა და მხოლოდ ტრაგედიის დასრულების შემდეგ მოევლინა საკუთარ ხალხს ახალ ლიდერად.
როგორც ხრუშჩოვი იგონებს, მოგვიანებით მას უკითხავს კადარისათვის, თუ რას ფიქრობდა იგი საბჭოთა სამხედრო კონტინგენტის გაყვანაზე უნგრეთიდან. "ამხანაგო ხრუშჩოვ, ჩემი აზრით, ეს თქვენი გადასაწყვეტია, უნგრელი ხალხი არ არის წინააღმდეგი საბჭოთა ჯარის ყოფნისა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამას მე თქვენ გულახდილად გეუბნებით".
ვინ იცის, როგორ უჭირდა ასეთი "გულახდილი" პასუხის გაცემა კადარს.
რამდენად პრინციპული იყო დასავლეთის და უპირველეს ყოვლისა, აშშ_ის პოლიტიკა უნგრეთის რევოლუციის პერიოდში? გააკეთა ყველაფერი გაერომ სუვერენული ევროპული ქვეყნის მიმართ აგრესიის შესაჩერებლად? სამწუხაროდ, ორივე კითხვაზე პასუხი ცალსახად უარყოფითია.
ჰენრი კისინჯერის აზრით, უნგრეთის კრიზისში აშშ_ის პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს. ვაშინგტონმა უნგრელი ხალხი გასაჭირში მიატოვა და "აქტიური მოთამაშის მაგივრად იგი დამკვირვებლად მოგვევლინა". აშშ_ის მთავრობის მიერ დაფინანსებული რადიო "თავისუფალი ევროპა" რევოლუციის პერიოდში მუდმივად უბიძგებდა უნგრელებს რადიკალური ქმედებისაკენ (რაც ბუდაპესტში ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციად აღიქმებოდა), აშკარად განაწყობდა უნგრელებს ნადის წინააღმდეგ, მაშინაც კი, როდესაც მან კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა. ეს ნაბიჯი რადიომ, რატომღაც "ტროას ცხენად" მონათლა: "თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ჯერ კიდევ კომუნისტების ხელშია. თავისუფლებისათვის მებრძოლნო, არ დაუშვათ ეს, იარაღი არ დაჰყაროთ!" დღევანდელი გადასახედიდან ესეთი მოწოდებები მართლაც პროვოკაციულად ჟღერს, მით უმეტეს, რომ 1956 წლის 27 ოქტომბერს ცნობილ გამოსვლაში სახელმწიფო მდივანმა ჯონ ფოსტერ დალესმა აშშ_ის მხარდამჭერა აღუთქვა იმ ქვეყნებს, რომლებიც საბჭოთა ორბიტიდან გამოსვლას გადაწყვეტდნენ. რა თქმა უნდა, ამ განცხადებამ უნგრელებს კიდევ უფრო განუმტკიცა აშშ_ის დახმარების რწმენა.
ზუსტად 4 წლის შემდეგ ეიზენჰაუერის გამოსვლამ "წყალი გადაასხა" უნგრელთა იმედებს. მართალია, პრეზიდენტი მიესალმა აღმოსავლეთ ევროპელების ბრძოლას თავისუფლებისათვის, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში დასახმარებლად აშშ ძალას არ მიმართავდა, "რადგან ასეთი პოლიტიკა არც აღმოსავლეთ ევროპის ხალხებისა და არც გაეროს ფუძემდებლურ პრინციპებს არ შეესაბამებოდა". ყოველგვარი ეჭვის გასაქარწყლებლად მან ისიც დასძინა, რომ ვაშინგტონი არ განიხილავდა აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანას როგორც მის შესაძლო სამხედრო მოკავშირეს. კისინჯერის აზრით, ეს განცხადებები პრინციპულად არასწორი და უფრო მეტიც, პროვოკაციული იყო. რა თქმა უნდა, აშშ_ს არ შეეძლო ომი დაეწყო უნგრეთის გამო, მაგრამ მოსკოვისათვის მას ნათლად უნდა ეთქვა, რომ უნგრეთში ინტერვენცია უაღრესად უარყოფით შედეგებს იქონიებდა დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობებზე. კრემლს უნდა დაენახა, თუ რაოდენ დიდი იყო პოლიტიკური და ეკონომიკური საფასური სამხედრო ინტერვენციისა.
ფაქტობრივად, აშშ_ის ზედმეტად თავშეკავებულმა პოზიციამ ძალისმიერი ქმედებისაკენ უბიძგა მოსკოვს.
მართალია, აშშ_ის ქმედება არათანმიმდევრული იყო, მაგრამ მოძალადე და აგრესორი ამჯერადაც სსრკ გახლდათ.
რაც შეეხება გაეროს, 4 ნოემბერს საბჭოთა კავშირმა ვეტო დაადო უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უნგრეთიდან საბჭოთა ჯარის სასწრაფოდ გაყვანას. შემდეგ, უნგრეთის მოთხოვნით, საკითხი გენერალურმა ასამბლეამ განიხილა, რომელმაც ზოგადად მხარი დაუჭირა ქვეყნის სუვერენიტეტს და ბუდაპეშტში საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნა გადაწყვიტა. ბუნებრივია, სოციალისტური ბანაკი ამ რეზოლუციის წინააღმდეგი იყო, მაგრამ, რაც დღეს უცნაურად ჟღერს, უნგრეთს მხარი არ დაუჭირა და კენჭისყრის დროს თავი შეიკავა ე.წ. მიუმხრობელი ქვეყნების დიდმა ნაწილმა, მათ შორის არაბულმა სახელმწიფოებმა, იუგოსლავიამ და ინდოეთმა. ყველაზე უცნაური მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიული ქვეყნის - ინდოეთის პოზიცია იყო. მისმა პრემიერმა, დიდმა ჯავაჰარლალ ნერუმ ისიც კი განაცხადა, რომ მოთხოვნა გაეროს მანდატით უნგრეთში თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ "ეწინააღმდეგებოდა უნგრეთის სუვერენიტეტს". მიუმხრობელი ქვეყნების ასეთ თავშეკავებულ პოზიციას სხვა ახსნაც ჰქონდა: ზუსტად იმ დღეებში, როდესაც საბჭოთა ტანკები ბუდაპეშტს ანგრევდნენ, სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა ეგვიპტეში, სუეცის არხთან. ამგვარად, გაერო ფაქტობრივად ერთდროულად განიხილავდა ამ ორ კრიზისულ ვითარებას. ასე რომ, თავისუფლებისათვის მებრძოლი უნგრელები გარვეულწილად სუეცის კრიზისის მსხვერპლიც გახდნენ. 142 1-ს მოსწონს
|