x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
„სიკვდილის ხელის“ შეხება ან რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთით კოლგოტებში
ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე შტატის, კუინზლენდის სანაპირო ნამდვილი საკურორტო სამოთხეა. ვის არ შეხვდებით აქ - ლამაზმანებს ბიკინებში, ოჯახებს ბავშვებთან ერთად, მამაც სერფერებს და ხალხს კოლგოტებში. დიახ, სიცხის მიუხედავად, ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროზე ნეილონის კოლგოტში ჩაცმული ქალები და კაცები იშვიათი არაა. ამ უცნაური მოდის ახსნა მარტივად შეიძლება.



image



ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, როდესაც კუინზლენდის სანაპირო არ იყო კურორტი, არამედ კატორღა, აქ დაფიქსირდა წყალში სიკვდილის აუხსნელი შემთხვევები. ადამიანს შეეძლო ნაპირიდან შორს გაეცურა ან წყალში წელამდე შესულიყო - ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. უეცრად გონებას კარგავდა და გაურკვეველი მიზეზით კვდებოდა.



ექიმებმა დაადგინეს, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო გულის გაჩერება, უფრო კონკრეტულს ვერაფერს ამბობდნენ. ადგილობრივი მყვინთავები ჰყვებოდნენ, რომ წყალში ადამიანმა შეიძლება განიცადოს მკვეთრი, გაუსაძლისი ტკივილი, თითქოს სხეულზე გავარვარებული ლითონი დაადეს.




image

კუინზლენდის სანაპიროს სერფერების სამოთხეს უწოდებენ



მაშინვე სუნთქვა რთულდება, გულისცემა წარმოუდგენლად ჩქარდება. ამ მდგომარეობაში მხოლოდ ძალიან ძლიერ, ნავარჯიშებ ადამიანს შეუძლია ნაპირზე ასვლა ან ნავში ჩაჯდომა დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე. ძლიერ კაცებსაც ამ შეტევის შემდეგ რამდენიმე დღე აწუხებდათ ტკივილი, კრუნჩხვები და ღებინება. მიზეზს ვერავინ პოულობდა.



ტროპიკების მაცხოვრებლებმა იციან, რომ მათ წყალში მრავალი განსხვავებული საფრთხე ელით. მტაცებელი და შხამიანი თევზები, ზღვის გველები და მედუზები, რომლებიც კუინზლენდის სანაპიროზე გვხვდება, კარგად იქნა შესწავლილი და სიკვდილის ან შეტევის არც ერთ შემთხვევაში მსხვერპლის მახლობლად ვერ ნახეს.



ირუკანჯის ადგილობრივი აბორიგენები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ წყალში ცხოვრობდა ბოროტი უხილავი დევი, რომელსაც შეეძლო გაუსაძლისი ტკივილის გამოწვევა ან თავისი შეხედულებისამებრ მოკვლა. კუინზლენდის თეთრკანიანი მოსახლეობა უფრო რეალისტური იყო და თვლიდა, რომ წყალში მოცურავეს შეიძლება თავს დაესხას გარკვეული მინიატიურული არსება, რომელსაც ისინი „ზღვის კრაზანას“ უწოდებდნენ. ვერავინ იტყოდა, რა იყო ან როგორ გამოიყურებოდა.



image



ზოგიერთ შემთხვევაში, დაღუპულთა სხეულზე აღმოჩენილი იყო დამწვრობის უცნაური კვალი, ისეთი, როგორსაც შხამიანი მედუზები ტოვებენ. უცნობი არსების თავდასხმისას გადარჩენილები ამბობდნენ, რომ მათ ახლოს წყალში არაფერი უნახავთ. მე-20 საუკუნის მე-2 ნახევარში კუინზლენდის სანაპიროზე საშინელმა ინციდენტებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კურორტის მიმზიდველობაზე ტურისტებისთვის, მაგრამ მეცნიერება უცნობი საფრთხის წინაშე უძლური იყო.



საიდუმლო 1955 წელს გაირკვა, როცა ერთ-ერთ სანაპიროზე 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ბიჭი არაღრმა წყალში თამაშობდა და უცებ, ხმის ამოუღებლად, წყალში ჩავარდა. როცა მშობლები მიუახლოვდნენ, ბავშვი უკვე მკვდარი იყო. ბიოლოგმა ჰუგო ფლეკერმა, რომელიც ნაპირზე მუშაობდა, მაშველებს უთხრა, რომ ბადით შემოეღობათ ადგილი, სადაც ბავშვი გარდაიცვალა, და წყლიდან ამოეღოთ ყველაფერი, რასაც სათევზაო მოწყობილობა დაიჭერდა.



image

ხირონექსი ულტრაიისფერი შუქის ქვეშ



დოქტორ ფლეკერის ხელში აღმოჩნდა ზღვის მცენარეები, კრევეტები, პატარა თევზები და რამდენიმე უსაფრთხო მედუზა. კვლევის დასასრულს, უკვე სასოწარკვეთილმა ბიოლოგმა იპოვა პატარა, აბსოლუტურად გამჭვირვალე მედუზა, რომელიც აქამდე არასოდეს ენახა.



ჰუგო ფლეკერი მიხვდა, რომ ეს იყო სწორედ „ირუკანჯის დემონი“ ან „ზღვის კრაზანა“. მის წინ მაგიდაზე იწვა კუბომედუზას რიგის ტიპური წარმომადგენელი, რომელსაც ხშირად უწოდებენ „მედუზა-ყუთს“. ამ უცნაურ არსებას არ აქვს მრგვალი ან გუმბათოვანი ფორმა, როგორც სხვა მედუზებს, არამედ კუბს ჰგავს. ამ „ყუთის“ ქვედა კუთხეებიდან საცეცები აქვს ჩამოკიდებული.



image

ნემატოციდები სასიკვდილო შხამით



ეს არსება სხვა ნათესავებისგან განსხვავდება საოცარი გამჭვირვალობით. აკვარიუმში ჩაშვებული მედუზა პრაქტიკულად უხილავი გახდა და მისი პოვნა მხოლოდ ულტრაიისფერი ნათურის საშუალებით გახდა შესაძლებელი. მისი საცეცები შეიცავს ნემატოციდებს, რომლებიც შეიცავენ იმ მომაკვდინებელ შხამს, რომელიც იწვევს მტკივნეულ დამწვრობას და სიკვდილს.



image

ხირონექსი წყლით სავსე კოლბაში



მედუზას ახალ სახეობას „ხირონექსი“ შეარქვეს, რაც ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „სიკვდილის ხელი“. ამ მედუზის შხამის სასიკვდილო დოზაა 0, 04 მილიგრამი ადამიანის წონის 1 კილოგრამზე, ხოლო 1 საშუალო ზომის ინდივიდი იმდენ შხამს შეიცავს, რომ 60 ფიზიკურად ძლიერი მამაკაცის მოკვლა შეუძლია.



ხირონექსის საცეცების წამიერი შეხებაც კი იწვევს საშინელ ტკივილს მთელ სხეულში, სასუნთქი გზების დამბლას და გულის გაჩერებას. მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს გადარჩენა - ყველა, ვინც მედუზასთან კონტაქტს გადაურჩა, იყო დიდი, ზრდასრული მამაკაცი და კარგი მოცურავე. ბავშვისთვის, ქალისთვის ან სუსტი ადამიანისთვის მედუზასთან შეხება გარანტირებულ სიკვდილს ნიშნავდა.



image



„ზღვის კრაზანას“ შხამში აღმოაჩინეს ცილების მთელი კოქტეილი, რომელიც ადამიანისთვის სასიკვდილოა. აქ იყო ტეტრამინი, რომელიც იწვევს ნერვული დაბოლოებების დამბლას, თალასინი, რომელიც სისხლძარღვებს და გულის კუნთებს აზიანებს, კონგესტინი, რომელიც იწვევს ალერგიულ შეშუპებას, და ჰიპნოტოქსინს, რომელიც „თიშავს“ ნერვულ სისტემას. მაშინაც კი, თუ ადამიანი არ მოკვდა გულის გაჩერებისგან მედუზასთან შეხების პირველივე წამებში, წყალში განწირულია და სწრაფად იხრჩობა.



მომაკვდინებელი არსების შესწავლამ ბიოლოგებს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთების საშუალება მისცა. როგორც გაირკვა, ხირონექსის 24 თვალი კარგად ხედავს და ფერებსაც განასხვავებს. თეთრის მიმართ გულგრილი იყო, შავს კარგად ხედავდა, ხოლო წითელს თავს არიდებდა. ფაქტმა, რომ ამ სახეობის მედუზას წითელი ფერის ეშინია, მეცნიერები მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ სანაპირო წითელი ბადეებით შემოეღობათ.



image



დროა ვისაუბროთ ქალების კოლგოტებზე, რომლებიც ასე პოპულარულია კუინზლენდის სანაპიროზე მოცურავეებს შორის. თურმე, ხირონექსი ყოველთვის არ იკბინება. საცეცებზე განლაგებული ანალიზატორი უჯრედები აცნობებენ მედუზას, ცოცხალ ობიექტს შეეჯახნენ თუ არა.



თუ ობიექტი ცოცხალია, ანუ პოტენციური ნადავლი, შხამიანი უჯრედები აქტიურდება. თუ ობიექტი რაიმე საგანია, ნემატოციტები არ აქტიურდება. მყვინთავებმა, სერფერებმა, მაშველებმა და უბრალოდ ზღვის აბაზანის მოყვარულებმა ხირონექსის ეს თავისებურება გაითვალისწინეს.



image



ნეილონის ქსოვილზე შეხების შემდეგ ხირონექსი ადამიანზე აღარ რეაგირებს და მას უსულო საგნად იღებს. ამიტომაც მაშველები წყალში შესვლამდე ორ კოლგოტს იცვამენ - ფეხებზე და თავისთვის ადგილის გახვრეტით ზედა ტანზე.



image

ნემატოციტები ნეილონის ქსოვილზე



ავსტრალიურმა კომპანიებმა ამაში ფულის შოვნის შესაძლებლობა დაინახეს და დაიწყეს „სტინგერის კოსტიუმების“ წარმოება - ნეილონის ქსოვილისგან დამზადებული სპეციალური მჭიდრო კოსტიუმები, რომლებიც მთელ სხეულს ფარავს. თუმცა მათზე დიდი მოთხოვნა არ არის, რადგან 100 დოლარზე მეტი ღირს, ანუ 10-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ორი კოლგოტი. კუინზლენდში ქალების გარდერობის ამ ნივთს უპირატესობას ანიჭებენ და მათი დანახვა მხოლოდ ტურისტებს აკვირვებთ.



image

სტინგერის კოსტიუმი



მაგრამ რატომ არ ტოვებდა ზოგიერთ შემთხვევაში მედუზას საცეცები კვალს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ადამიანის სხეულს ფარავს დამწვრობის ღია წითელი ხაზებით? საქმე იმაშია, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ხირონექსის საცეცები ძალიან მოკლეა, არაუმეტეს 15 სმ სიგრძის, მაგრამ ნადირობის დროს მედუზა მათ თითქმის 3 მეტრამდე შლის!



image



თუ მოცურავე უბრალოდ ხვდება „ზღვის კრაზანას“, სასიკვდილო დამწვრობას ძლივს შესამჩნევი წითელი ლაქის სახით იღებს. თუ ხვდება მედუზას „მკლავებში“, რომელიც ნადავლს ეძებს, მაშინ მის სხეულზე საშინელი ტალღოვანი ორნამენტები ჩნდება.



საბედნიეროდ, ჩვენს ზღვაში ხირონექსი არ არის. რისკის ზონაშია ჩრდილოეთ ავსტრალიის, ახალი გვინეას და ფილიპინების კუნძულების სანაპიროები. სანაპიროების შემოღობვის და კოლგოტების ხრიკის გამოყენების მიუხედავად მედუზა ყოველწლიურად 100-მდე ადამიანს კლავს. თუ კუინზლენდის სანაპიროზე წასვლას გეგმავთ, კოლგოტები მოიმარაგეთ, ან უკეთესია, თუ ჩვენი პლანეტის სხვა სამოთხეების სანაპიროებს აირჩევთ.

0
527
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
527