x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139048
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
ბოროტების აღმასვლა – ჰიტლერის პირველი ნაბიჯები ძალაუფლებისკენ

image

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, 1929 წელს, გერმანიაში დიდი ძალით გამოვლინდა. კრიზისის განსაკუთრებულ გამწვავებას განაპირობებდა გერმანიის მონოპოლიების ბრძოლა კონკურენტებთან. გერმანია, რომელიც შებოჭილი იყო ვალებით არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა დასავლეთის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, რომლბიც მაღალი ბაჟებით გზას უღობავდნენ გერმანულ საქონელს თავიანთ ბაზრებზე. სტაბილიზაციის წლებში გერმანიის ეკონომიკა უცხოური კრედიტების დიდ რაოდენობას იყენებდა. კრიზისის წლებში უცხოელმა კრედიტორებმა დაიწყეს თავიანთი კაპიტალის გატანა გერმანიიდან, რამაც გამოიწვია რიგი უმსხვილესი სამრეწველო კომპანიისა და ბანკის კრახი.
კრიზისმა მოიცვა გერმანიის მრეწველობის ყველა დარგი და მისი ყველა სამრეწველო რაიონი. სამრეწველო კრიზისს აგრარული კრიზისიც დაერთო. წვრილი და საშუალო გლეხების დავალიანება ბანკებისადმი უკვე კრიზისის პირველივე წლებში აღწევდა 13 მილიარდ მარკას. მრავალმა ათასმა გლეხურმა მეურნეობამ ვერ გაუძლო კრიზისის დარტყმას, მათი ქონება ვალებში გაიყიდა.
1932 წლის ზამთარში უმუშევართა რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა. 1932 წლამდე მუშა_მოსამსახურეთა შემოსავალი 42%_ით შემცირდა. კრიზისის პირობებში მკვეთრად გაუარესდა სოციალური დაზღვევის პირობები, შეიკვეცა უმუშევართა დახმარება.

ეკონომიკური კრიზისი მწვავედ შეეხო აგრეთვე ქალაქისა და სოფლის საშუალო ფენას. გაკოტრდა ასეულ ათასობით წვრილი მეანაბრე, ასეულ ათასობით მოხელე. მასწავლებელი, ექიმი, კულტურისა და ხელოვნების მუშაკი დაითხოვეს სამსახურებიდან.
ქვეყანაში გაიზარდა რევოლუციური აქტივობა. სწორედ ასეთ ვითარებაში იმატა ახალი ომის პროპაგანდამ. ქვეყანაში შეიქმნა ფაშიზმის განვითარებისთვის ნოყიერი ნიადაგი.
ფაშისტური ნაციონალ_სოციალისტური პარტია 1919 წლის იანვარში დაარსდა, ხოლო სათავეში, 1921 წლიდან ადოლფ ჰიტლერი (1889-1945) ჩაუდგა. ჰიტლერის ნამდვილი გვარი შიკლგრუბერი იყო. იგი ავსტრიის სასაზღვრო ქალაქ ბრაუნაუში დაიბადა. პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ჯარში, ეფრეიტორად მსახურობდა. 1923 წელს მიუნხენში მან ფაშისტური პუტჩის მოწყობა სცადა. პუტჩი ლუდხანაში დაიგეგმა, რისთვისაც მას "ლუდის პუტჩი" ეწოდება. ამისათვის ჰიტლერი დააპატიმრეს და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ვადაზე ადრე გამოვიდა. ციხეში ყოფნის დროს დაწერა წიგნი "ჩემი ბრძოლა", რომელიც ნაციონალ_სოციალისტური პარტიის საპროგრამო დოკუმენტად იქცა. პარტია შექმნისთანავე უკიდურესად გმობდა ვერსალის უსამართლო სისტემასა და კომუნიზმს, რომელსაც ჰიტლერი "ებრაულ შეთქმულებას" უწოდებდა.

ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ ჰიტლერელებისადმი მონოპოლიების დახმარება მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად რურის ქვანახშირის სინდიკატმა მიიღო გადაწყვეტილება ქვანახშირის თითოეული გაყიდული ტონიდან 50 პფენინგი გადაერიცხა ფაშისტური პარტიის სალაროში. ნაციონალ_სოციალისტურ პარტიას პირველ ეტაპზე ამერიკული ფინანსური კაპიტალის წარმომადგენლებმაც აღმოუჩინს დახმარება. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ეს პარტია შეასუსტებდა რევოლუციურ მუხტს გერმანიაში და გამოდგებოდა საბჭოთა კავშირის დამაბალანსებელ ძალად. თუმცა ისინი ცდებოდნენ და ეს ისტორიამ დაადასტურა.
ჰიტლერელებმა გაშალეს ტერორი, როგორც დემოკრატიული, ისე სოციალისტური ძალების წინააღმდეგ. ფაშისტური ტერორის ორგანოებს წარმოადგენდნენ დაცვითი "ესეს' და მოიერიშეთა "სა" რაზმები. ფიურერის ბრძანებით "ესეს" ევალებოდა საპოლიციო სამსახური პარტიის შიგნით. 1929 წელს "ესეს" სათავეში ჩაუდგა რაიხსფიურერი ჰაინრიხ ჰიმლერი, რომელმაც "სს"_ი ელიტარულ და მასობრივ ორგანიზაციად გადააქცია. ორგანიზაციის ელიტარული ხასიათი გამოსჭვივოდა იმ რასობრივ კრიტერიუმებში, რომლებიც კანდიდატებს უნდა დაეკმაყოფილებინათ "ესეს"_ში მოსახვედრად. "ესეს", როგორც "კლანური" ერთობა" ნაციონალ_სოციალისტური ქერათმიანი რასის იდეოლოგიის განსახიერება და როგორც "სისხლის სიწმინდის შემნახველი", მსოფლიოში არიული რასის დომინირების ჩანასახი უნდა ყოფილიყო.

"ესეს"_ს ევალებოდა პოლიტიურ მოწინააღმდეგეთა დევნა, მისი ხელმძღვანელობით დაიწყო პირველი საკონცენტრაციო ბანაკების მშენებლობა დაჰაუსა და ზაქსენჰაუზენში. შემდგომში მის დაქვემდებარებაში გადავიდა რაიხის ყველა საკონცენტრაციო ბანაკი. აქედან გამომდინარე "ესეს"_მა შექმნა ეეკონომიკური იმპერია, სადაც 30_მდე მსხვილი და ასზე მეტი წვრილი საწარმო შედიოდა. "ესეს"_ს გააჩნდა საკუთარი ელიტური შეიარაღებული ძალებიც, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სამხედრო ოპერაციებში.
შექმნილ კრიზისულ ვითარებში იყენებდნენ რა სოციალურ დემაგოგიას, ჰიტლერელები ყოველნაირად აღვივებდნენ ხალხში შოვინიზმს, გერმანელი მშრომელების ყოველგვარ გაჭირვებას, ისინი უკავშირებდნენ ვერსალის სისტემის შედეგებს. მოითხოვდნენ რეპარაციების გაუქმებასა გერმანიის საგარეო დავალიანების ლიკვიდაციას.

უმუშევრებს ისინი პირდებოდნენ სამუშაოს, მუშებს უფრო მაღალ ხელფასს, წვრილ ვაჭრებსა და ხელოსნებს გადასახადების შემცირებას, გლეხობას სუბსიდიებს. ფაბრიკანტებს პროფკავშირებსა და მუშებზე მარქსისტული გავლენის მოსპობას, ყოფილ ოფიცრებს - ახალ არმიას და ა.შ.
უკიდურესად მძიმე ვითარება, რომელიც 1930-32 წლებში შეიქმნა გერმანიაში, აშკარად უწყობდა ხელს ფაშისტური მოძრაობის ზრდას. ამ ვითარების თვალსაჩინო მაგალითი იყო საპრეზიდენტო არჩევნები 1932 წლის მარტში. ნაციონალ_სოციალისტებმა თავიანთი "ფიურერის" ადოლფ ჰიტლერის კანდიდატურა წარმოადგინეს. გერმანიის სოციალ_დემოკრატიული პარტია და მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰინდენბურგს უჭერდა მხარს, კომუნისტების კანდიდატი ერნსტ ტელმანი იყო. მეორე ტურში ჰინდენბურგის არჩევამ, გაუადვილა ნაციონალ_სოციალისტებს ხელისუფლებისაკენ სვლა.image
1932 წლის მაისში ახალ კაბინეტს სათავეში ჰიტლერელებთან მჭიდროდ დაკავშირებული ფონ პაპენი ჩაუდგა.
ჰიტლერელთა მოთხოვნით, რომლებიც ისწრაფვოდნენ, უფრო მტკიცე პოზიციები მიეღოთ რაიხსტაგში და ამით დაეჩქარებინათ ძალაუფლების ხელთ ჩაგადება, პაპენმა ივნისში ვადამდე ადრე დაითხოვა რაიხსტაგი. ამის შემდეგ პაპენმა გადააყენა პრუსიის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა. ეს აქტი წარმოადგენდა ვაიმარის კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაზედაც ხმა აიმაღლეს კომუნისტებმა.
1932 წლის 30 აგვისტოს ახლად არჩეული რაიხსტაგის პირველი სხდომა უხუცესმა დეპუტატმა, 75 წლის კლარა ცეტკინმა გახსნა. მან აღნიშნა, - "დროის მოთხოვნილებაა ყველა მშრომელის ერთიანი ფონდი, რათა უკუვაგდოთ ფაშიზმი და მით შევუნარჩუნოთ დამონებულსა და ექსპლუატირებულთ მათი ორგანიზაციების ძლიერება და თვით სიცოცხლეც." ყოველივე ამან კომუნისტების ავტორიტეტი გერმანიაში კიდევ უფრო გაზარდა. 6 ნოემბერს ჩატარებულ რაიხსტაგის ახალ არჩევნებში გერმანიის კომუნისტურმა პარტიამ 6 მილიონი ხმა მიიღო და რაიხსტაგში 100 დეპუტატი გაიყვანა. ასეთ ვითარებაში ვაიმარის რესპუბლიკის მმართველი წრეებიც სულ უფრო ფიქრობდნენ ფაშისტური დიქტატურის დამყარების აუცილებლობას.

1933 წლის 30 იანვარს პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა რაიხსკანცლერად ჰიტლერი დანიშნა. ჰიტლერმა კანცლერობა ჰინდენბურგს თავად სთხოვა. მისი კანცლერობის იდეას ბევრმა პოლიტიკოსმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტ ჰინდენბურგს, ჰიტლერის მხარდამჭერი მრავალი წერილი მისდიოდა. მას სთხოვდნენ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაეთვალისწინებინა. კომუნისტები ხელისუფლებაში მოსასვლელად აქტიურად იბრძოდნენ, ხელისუფლებისაგან ქმედითი ზომების გატარებას მოითხოვდნენ. ჰინდენბურგისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ყოფილი კანცლერის, ფონ პაპენის რჩევა, ეთანამშრომლათ კომუნისტების მოძულე ნაცისტებთან და გამოეყენებინათ ისინი მათ წინააღმდეგ. როგორც ავღნიშნეთ, 1933 წლის იანვარში, ჰიტლერი კანცლერად დაინიშნა, პაპენი კი ვიცე კანცლერი გახდა. ჰიტლერს თავისი პარტიის წევრებისათვის ადგილების 25% შესთავაზეს მთავრობაში. ამ გარიგების შემდეგ პაპენი ხუმრობდა ჰიტლერზე, "ჩვენ ის დავიქირავეთ კომუნისტებთან საბრძოლველად".image
ერთ თვეში რაიხსტაგის შენობა ხანძარმა გაანადგურა. ცხადი იყო, რომ ეს ჰიტლერის საიდუმლო განკარგულებით მოხდა. ნაცისტებმა ბრალი დადეს კომუნისტებს "წითელ შეთქმულებაში". ჰიტლერმა პრეზიდენტს დამატებითი ძალაუფლება სთხოვა კომუნისტებთან საბრძოლველად. ჰინდენბურგი დათანხმდა. ფიურერის ბრძანებით კომუნისტი ლიდერები დააპატიმრეს, კომუნისტური გაზეთები დახურეს და კომუნისტური ორგანიზაციები დაარბიეს. პოლიტიკური კონკურენტი საბოლოოდ იქნა გზიდან ჩამოცილებული. 1933 წლის მარტის ახალ არჩევნებში ანტიკომუნისტური ისტერიის ფონზე, ნაცისტებმა ხმების 44% მიიღეს. მათთვის ეს საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ კიდევ არ იყო. ჰიტლერმა მარტივად გადაჭრა ეს პრობლემა. ნაცისტურმა პარტიამ შეიერთა ნაციონალისტური პარტია და მოიპოვა ხმათა უმრავლესობა. რაიხსტაგმა კანცლერ ჰიტლერს 4 წლის ვადით საგანგებო უფლებამოსილება მიანიჭა. გერმანია "მესამე რეიხად" იქცა".

1933 წლის ოქტომბერში ჰიტლერმა ჩაატარა პლებისციტი გერმანიის ერთა ლიგიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მილიტარიზზაციის პროცესს. ამომრჩეველთა 96%_მა ამ იდეას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტ ჰინდენბურგის გარდაცვალების შემდეგ ჰიტლერმა 1934 წლის აგვისტოში კიდევ ერთი პლებისციტი ჩაატარა, რომლის შედეგად მას მიენიჭა რაიხსფიურერისა და რაიხსკანცლერის ახალი ტიტული, რაც გულისხმობდა სრულ ძალაუფლებასა და ერთპიროვნულ მმართველობას. მოხდა ვაიმარის კონსტიტუციის ლიკვიდაცია. ჰიტლერის შემდეგი ნაბიჯი საკუთარი პარტიის რეორგანიზაცია იყო. მან გაანადგურა ნაცისტური პარტიის მემარცხენე ფრთა, რომელიც მოითხოვდა სოციალისტურ რევოლუციას. ეკონომიკის მინისტრად ჰიტლერმა იალმარ შახტი დანიშნა. შახტის პროგრამა ითვალისწინებდა სახელმწიფო მონოპოლიას მრეწველობასა და აგრარულ სექტორზე. პროფკავშირები ჩაანაცვლა ნაცისტურმა შრომითმა ფრონტებმა. გაფიცვები კანონით აიკრძალა. სახელმწიფომ დააფინანსა ახალი ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც სრულ დასაქმებას და საწარმოო პოტენციალის სრულად ათვისებას უზრუნველყოფდა. ამ პროგრამის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იყო ავტობანების მშენებლობა, 1933-34 წლებში. "ფოლკსვაგენის" წარმოება 1938 წლიდან, ფაბრიკა_ქარხნების იარაღის ქარხნებად გადაკეთება. ჰიტლერმა ნაცისტური იდეოლოგია პრაქტიკად აქცია. დაჰაუში გაიხსნა ერთ_ერთი პირველი საკონცენტრაციო ბანაკი. 1935 წელს მიიღეს ე.წ. ნიურნბერგის კანონები, რომლებიც ითვალისწინებდა სულით ავადმყოფი და უნარშეზღუდული ადამიანების (მათ შორის ბავშვების) ევთანაზიას. ამ მიზნით ექიმები ლუმინალისა და მორფის სასიკვდილო დოზას იყენებდნენ. ებრაელებს ჩამოერთვათ მოქალაქეობა. კანონგარეშედ გამოცხადდა ებრაელთა ქორწინება. 1938 წელს პარიზში გერმანელი დიპლომატი ებრაელმა მოკლა. ნაცისტებისათვის ეს კარგი საბაბი იყო. ნაცისტი რევანშისტების ჯგუფმა გებელსის მეთაურობით ერთ ღამეში ათასობით ებრაელის სახლი დაარბიეს და ათასზე მეტი სინაგოგა დაანგრიეს. მთელი ღამე მინის მტვრევის ხმა ისმოდა, რის გამოც ამ ღამეს "ბროლის ღამე" ეწოდა. ბევრი გერმანელი დაფიქრდა ახალ რეალობაზე, მაგრამ უკვე გვიან იყო. ოპონირებას ვერავინ ბედავდა. ყველაფერი რაც ხელს უშლიდა ფაშისტური იდეების გავრცელებას ან იდევნებოდა ან ნადგურდებოდა.

გერმანია დატოვეს ფაშისტებისაგან დევნილმა ცნობილმა მწერლებმა და პოეტებმა ჰაინრიხ და თომას მანებმა, ლიონ ფოიხსტვანგერმა, ფრიდრიხ ვოლფმა, იოჰანეს ბეხერმა, ბერტოლდ ბრეხტმა, ვილი ბრედერმა, ფრანც ვაისკოპმა და სხვებმა. ყველა ეპოქისა და ხალხის პროგრესული ავტორების მილიონობით წიგნი მოედნებზე აგიზგიზებულ კოცონებში იწვოდა. გერმანიიდან წავიდნენ საუკეთესო რეჟისორები და მსახიობები. აიკრძალა მენდელსონის, ოფენბახისა და მეირბერის მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება. სამხატვრო გალერეები გაწმინდეს რემბრანტისა და სხვა მხატვართა სურათებისაგან.
ნაცისტებმა მძიმე დარტყმა მიაყენეს გერმანულ მეცნიერებას. 2000 სახელოვანი მეცნიერი განიდევნა უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო დაწესებულებებიდან. მათ შორის იყო მსოფლიოში ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის 10 ლაურეატიდან 5. გერმანია დატოვა უდიდესმა მეცნიერმა ალბერტ აინშტაინმა. სტუდენტების რაოდენობა გერმანიაში განახევრდა. სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო დროის ნაწილი სამხედრო საქმის შესწავლას ეთმობოდა.
ნაცისტებმა წინ წამოსწიეს "სასიცოცხლო სივრცის თეორია", რომელიც ასაბუთებდა, კონტინენტური სახელმწიფოების მისწრაფებას ზღვისკენ, ისტორიული განვითარებისა და ბუნებრივი საზღვრების, მატარებლების, საზღვაო გზებისა და სრუტეების მოპოვებას, მდინარეთა სისტემების ხელში ჩაგდებას. ამ თეორიის მიხედვით ყველა არაარიული ხალხი ცხადდებოდა არასრულფასოვან დაბალ რასად, რომელიც ან უნდა დამორჩილებოდა უმაღლეს რასას, ან განადგურებულიყო.

ნაცისტებმა დააჩქარეს გერმანიის მომზადება ახალი მსოფლიო ომისათვის. 1938 წელს გერმანიის ეროვნული შემოსავლის 80% სამხედრო საჭიროებაზე მოდიოდა. 1933-39 წლებში ჰიტლერელებმა ომის მომზადებაზე კოლოსალური თანხა - 92 მილიარდი მარკა დახარჯეს. ამ თანხას ემატებოდა გერმანული და უცხოური მონოპოლიების მრავალმილიონიანი კერძო ინვესტიციებიც სამხედრო მრეწველობაში. 1937 წლისათვის ჰიტლერულ გერმანიაში მწყობრში ჩადგა 300_ზე მეტი სამხედრო ქარხანა, მათ შორის 60_მდე საავიაციო, 45 საავტომობილო და სატანკო, 70 ქიმიური, 15 სამხედრო გემთმშენებელი და ა.შ. ყველა ამ საგანგებო ღონისძიებას მიზნად ჰქონდა ფაშისტური გერმანიის სამხედრო ეკონომიკისა და არმიის საჭიროების უზრუნველყოფა ომის მომზადებისა და წარმოებისათვის. ამასვე ემსახურებოდა ჰიტლერელთა მთელი იდეოლოგიაც.
0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0