x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ძველი ტფილისის დამნაშავენი (ნაწ-V )-კრიმინალური არქივიდან

image

ალექსანდრე ბექტაბეკოვი – 70-იანი წლების მძარცველი, შეკრა ექვსკაციანი ბანდა და მათთან ერთად ღამის ტფილისის მცხოვრებლებს აყაჩაღებდა. ღამე ქუჩაში დაცემა და გამვლელთა გაძარცვა მეტად ხშირია. ღამე მარტო სიარული – იშვიათი. რევოლვერი ჩამალულია ყოველ ქამარში. არჩევანიც ამისი დიდია. რევოლვერი იყიდება ყველგან, დაწყებული ბერენშტამის წიგნის მაღაზიიდან, დამთავრებული ინგლისური ჩაის მაღაზიით არწრუნის ქარვასლაში. როგორც მხატვარი კარაპეტ გრიგორიანცი იხსენებს, ქურდები ჯგუფ-ჯგუფად იყვნენ დაყოფილი, უფროსიც ჰყავდათ, ვისთანაც ნადავლი მიჰქონდათ და უყოფდნენ. შეითან ბაზრის ჯგუფი სხვა იყო, სადგურისა – სხვა, რიყისა – სხვა, ავლაბრისა – სხვა.

ნაძარცვის უკან დაბრუნება იყო იშვიათი, როცა გაძარცვული იმ უბნის მთავარ ავაზაკთან ვინმეს მიუგზავნიდა და საქმეს მოაგვარებდა. ბექტაბეკოვი კი 1876 წელს ჩავარდა, როცა ქვრივი მარია ტოლმაჩოვას სახლის გაძარცვისას ამოიცნეს და დაიჭირეს.

☆☆☆

ვასო ბიძინაშვილი – იმ ბანდის წევრი იყო, 1907 წელს ენფიანჯიანცის თამბაქოს ფაბრიკის მეარტელე სიმონ გაგლოევი რომ გაძარცვა. გაგლოევმა მანამდე ხაზინაში მუშებისთვის დასარიგებლად ორი ათასი მანეთი გადაახურდავა ვერცხლის ფულად და ფაეტონით ვაგზლის ქუჩისკენ გამოსწია. ფაბრიკასთან არ მისული მას ექვსი კაცი დაუხვდა, რევოლვერებით გადაუდგნენ, ფაეტონი გააჩერეს, ორი ტომარა ვერცხლით გამოსტაცეს და რამდენიმე გასროლით მოკლეს. ფაბრიკიდან გამოვარდნილმა დაცვამ, თავის მხრივ, გაუხსნა სროლა მძარცველებს და დაჭრილი ბიძინაშვილი მაუზერით ხელში დაიჭირეს. სულ უფრო მატულობს ქალაქში ფაეტონის გაეჩერება და შიგ მყოფთა გაძარცვა, ეს გამორჩევით ჩანს 1905 წლის არეულობების შემდეგ. რევოლვერიც უფრო ხშირად ჩანს მძარცველის ხელში „ნაგანი“, „მაუზერი“, „პარაბელიუმი“, „კონსტამბულარი“.

☆☆☆

სარდიონ ბიჭიაშვილი – 1888 წელს სხვადასხვა ქურდობისთვის გაგზავნილი იქნა ხერსონის არესტანტულ განყოფილებაში ორი წლითა და ცხრა თვით. სასჯელის მოხდის შემდეგ მან თავი ოდესაში ამოყო. აქ ქურდობდა, ძარცვავდა და ჩაქუჩის თავში დარტყმით გამვლელი ქალი მოკლა, გაიტაცა საკვოიაჟი ფულით და ოქროს საათი. მალევე ოდესაში მისი დამქაში ბესო ქორიძე დაიჭირეს, ბიჭიაშვილი კი მიიმალა. შემდეგ მას ქერჩში მიაგნეს, დაიჭირეს, კატორღა მიუსაჯეს და ციმბირში გაგზავნეს. ის გარბის იქიდან და თავს ტფილისში ამოყოფს. აქ ისევ ავაზაკობს და ქურდობს. 1897 წელს ჯიბეში ორი სხვისი პასპორტით მას ველიამინოვის ქუჩაზე ტრაქტირში აკავებენ.

☆☆☆

იოსებ ბუდაღაშვილი – ხელის ბიჭად იყო არტურ მარტიკოვის საკონდიტროში, მიხეილის ხიდთან. 50-იანი წლების ბოლოს კონდიტერები იყვნენ უმეტესად ფრანგები, გერმანელები, იტალიელები. სხვადასხვა ტკბილეული ტფილისს არ აკლდა. კონდიტერ გინიეს უკვე რომელი წელია, რაც მაღაზია გაეხსნა, კონრად ადამს კუკიაზე ჰქონდა საფუნთუშე და კარლ მორიჯის ანანასები მოჰქონდა ინდოეთიდან და ნამცხვრებსას სხვადასხვას აცხობდა. ოსმალურ ტკბილეულს კი ოსმალურ ყავახანებში ნახავდით, 70-იანი წლებიდან რომ გაჩნდა ტფილისში და იქ ბლომად ოსმალოს ნახავდით ფესით თავზე, ყალიონს რომ აბოლებდა და სულთანსა და პოლიტიკაზე საუბრობდა. მაგ ხანებშივე მოკლეს ოსმალეთის კონსული ბეკტაბეჯი, საკუთარ სახლში ცამეტი ხანჯლის ჭრილობით, მის ცოლს კი ყელი გამოჭრეს. ამაზე შემდეგ ორი სომეხი დაიჭირეს, მალე კი ოსმალეთთან ომიც დაიწყო. ბუდაღაშვილი კი საკონდიტროდან გამოგდებული და პირველ ქურდობაზე დაჭერილი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ წყალობა აბლოვთან და სარქის ახვერდოვთან ერთად კრავს ბანდას და დუქნებისა და სახლების ბოქლომებს ტეხავენ. ბუნაგი ავლაბარში ჰქონდათ და მთელ ტფილისში დაძრწოდნენ. მათი სამეულის დაშლა 1868 წელს მოხდა, როცა ისინი ამირხანოვმა დააკავა და ნაპარ ნივთებსაც იმერელ მეფურნე ქევანაშვილთან მიაგნო.

☆☆☆

გიორგი ბუხრაძე, იგივე „ავჭალა“ – მკვლელობისა და ყაჩაღობის გამო მოიხადა სასჯელი, თუმცა ციხიდან გამოსულმა, 1886 წელს ავლაბარში, შამქორელთა ეკლესიასთან, ხანჯლით მოკლა ხარაზების უსტაბაში სარქის ღარიბოვი. ამაზე დაიჭირეს, ოღონდ მალევე გამოვიდა და გოგილო მუშრულოვთან, იგივე „წიაგა“ და მინას ოგანეზოვთან ერთად ვანო ტატუნოვის სახლი გაძარცვა, რის გამო ბუხრაძეს კატორღა მიესაჯა და უკან აღარ დაბრუნებულა.

☆☆☆

ელენა ლიმონი – ჯიბის ქურდი, 1902 წელს მან ორი საათი აიზიკ შნიტმანსა და ფიოდორ მაქსიმოვს მოჰპარა, ხელის დამცლელებად კი მირზა მარტირუზოვი და მიგრან აბრამოვი ჰყავდა. ქალი ქურდებიდან შეიძლება ვაგან არაქელიანცის ხსენებაც, ვინც ერთხელ ნაქურდი დამქაშებს დაუმალა, თვითონ გაყიდა და ფული ჯიბეში ჩაიდო, რაც არ დაიმალა და ის არსენალის ახლოს, გამოქვაბულში დაახრჩვეს. ქალი მძიმე დამნაშავეებიდან შეიძლება შუშანიკა ჯალილოვას ხსენება, თავისი საყვარლის, სალდათის ბაზარზე გრამაფონებით მოვაჭრე არტაშ სოკრატიანის ცხრა წლის შვილი, ვარო რომ მოკლა თავში ქვის ჩარტყმით, ორთაჭალის ერთი დუქნის უკან და ამაზე გაასამართლეს.

☆☆☆

ალექსანდრე ლოპაჩი – 90-იანი წლების მიწურულის ჯიბის ქურდი, დაიჭირეს 1903 წელს სალდათის ბაზარზე კოსტირევისთვის პორტმანეს ამოცლისას. იმ დროის ჯიბის ქურდები ამ მიდამოებში იყვნენ პეტრუს სუგიევი, ნიკო კიშიშევი, არტემა სარქისოვი, იოსებ გურულაშვილი, მიხაილ დიდზურაბოვი, ნიკო ვარდანაშვილი, ინდიქტიონ წერეთელი, პეტრე ლოლაძე, სალდათის ბაზარზე აბრამოვს საათი რომ ამოაცალა, ზედ ემილ ზოლას გამოსახულებით და მისი ღვინის აღმართზე დაჭერისათვის მე-7 ნაწილის გარადავოი იანუსს ჯილდოდ ერთი მანეთი მისცეს. მანვე მოკლა თავისი დამქაში ბაგრატ ტერტეროვი მუცელში ბებუთის დარტყმით. ის თავად კი ბარბარეს ეკლესიის უბნელმა სარქისამ მოკლა. ვორონცოვის ძეგლთან კი, საცა კონკის გადაჯდომა იყო, იკრიბებოდნენ და ტრიალებდნენ იოსებ სოზიევი, ბარნაბა გავაზოვი, მიკირტიჩ მიკირტიჩევი, გიორგი ქსიფალინოვი და ალექსანდრე გორგოლაშვილი. ჯიბგირებს კონდუქტორებიც ცნობდნენ, თუმცა ბევრი მათგანი თვითონაც მისდევდა ყალბი აბაზიანების გასაღებას და ბილეთის ხურდად ამას აბრუნებდა. „ავლაბრული აბაზი“ ერქვა ამ ყალბ ფულს, რაკი ავლაბარში ჭრიდნენ და კაი ხანს იმის მომჭრელისთვის ვერ მიეგნოთ. კონკა კი მოდიოდა მუშტაიდიდან და ერთი ხაზი უხვევდა კირიჩნისთან და ვერის ხიდით ოლგის ქუჩაზე ადიოდა, იქიდან კი ერივანსკის მოედნისკენ. მეორე კი მუშტაიდიდან გადადიოდა ვორონცოვის ძეგლამდე. აქედან უკვე სხვა ვაგონით გასწევდი რიყის ქუჩაზე და ღვინის აღმართზეც ახვიდოდი. პატრონიც ხაზებს სხვადასხვა ჰყავდა. უჯერ ბელგიური უსახელო საზოგადოების კონკით იმგზავრებდი, რიყეზე უკვე ყორღანოვის საკუთრებაში გადაჯდებოდი. ბილეთის ფერიც ყველგან სხვა იყო, ზოგან – ყვითელი, ზოგან – წითელი ან ლურჯი. ჯიბგირები ვაგონშიც ბლომად იყვნენ, გარეთაც უდარაჯდებოდნენ და ვორონცოვის ძეგლთანაც, საცა გადაჯდომა იყო. ასვლისას და ჩამოსვლისას ისინი ეტაკებოდნენ მგზავრებს და ამ არეულობაში აართმევდნენ საათსა და პორტმანეს. ამ ჯიბგირების თავშეყრის ადგილი იყო ავჭალის ქუჩის თავზე, გერმანელთა სასაფლაოს კიდეზე, საცა კოჭსა და „არიოლს“, ფულის აგდებას თამაშობდნენ.

☆☆☆

ძველი ტფილისის დამნაშავენის წინა ნაწილები იხილეთ<< ამ ბმულზე>>

0
168
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0