სხვა სახედაკარგული მწერლები-1937 წლის რეპრესიების შემზარავი ქრონიკა 22 ივლისი, 8:57 22 ივლისი რეპერესირებულთა ხსოვნის დღეა;ეს დღე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2002 წლიდან დაწესდა. 1937 წელს, სწორედ ამ დღეს, ქართველმა პოეტმა, პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა. ამ დღესთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ მშრალი ოქმების ამონაწერებს, ე.წ "დანოსებს", რომელიც შეუძლებელია გულგრილად წაიკითხოთ-შემზარავი, ცინიკური ცილისწამებით და ლექსიკით გაჯერებული, სადაც უხვადაა გამოყენებული სიტყვები:, მუხანათი მტრები, მყრალ ბუნაგში მხოხავი ქვეწარმავლები, ზნედაცემულები, ღვარძლიანი ნაციონალისტები, გათახსირებულები, ნაძირალები, ფაშისტების მოსყიდული მკვლელები, კაპიტალიზმის რესტავრატორთა ხროვა, წუნკალი არსებები, გარეწრები და ა.შ და ამ სიტყვებს ხმარობდნენ მხატვრული სიტყვის ოსტატები, მწერლები! " ის გარემოება, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ჩვენი სამშობლოსა და საბჭოთა ხალხის მოღალატეთა ბანდის, ჯაშუშებისა და დივერსანტების გარეწარი ხროვის მონაწილე აღმოჩნდა, უსაზღვრო ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს ყოველი საბჭოთა მწერლისა და მოქალაქის შეგნებაში, მაგრამ ეს არავის გააკვირვებს, რადგან მიხეილ ჯავახიშვილის მთელი მოქალაქეობრივი და სამწერლო ბიოგრაფია მკაფიოდ ახასიათებს მას, როგორც მუხანათურად შენიღბულ და უარესი თვალთმაქცობით შეიარაღებულ კლასობრივ მტერს, უსაზღვროდ გაცოფებულს, პროლეტარული რევოლუციის მიღწევებისადმი მტრობით და სიძულვილით".... შემდეგ საუბარია მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებზე:"..არავისთვის საეჭვო არ უნდა იყოს, ავტორის სულიერი ნათესაობა და სრული მსგავსება საკუთარი ავანტურისტულ-თაღლითურ ფანტაზიის ამ ნაყოფთან"(საუბარია კვაჭი კვაჭანტირაძეზე)(ლიტერატული საქართველო-1937 წ. №19) “ის გარემოება, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ჩვენი სამშობლოს და საბჭოთა ხალხის მოღალატეთა ბანდის, ჯაშუშებისა და დივერსანტების გარეწარი ხროვის მონაწილე აღმოჩნდა, უსაზღვრო ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს ყოველი საბჭოთა მწერლისა და მოქალაქის შეგნებაში.”(ერთ-ერთი ცნობილი კრიტიკოსი) “მთელი წლების მანძილზე თავის პოეზიაში გადაიღო ყველაფერი ის, რაც ოდესმე დალპა და გაიხრწნა ბურჟუაზიული ლიტერატურის ისტორიაში. რეტროგრადული სიბნელით, საშუალო საუკუნოებრივი თილისმებით და მისტიკური ბნედიანობის შხამით მოწამლულია უდიდესი ნაწილი მისი ლექსებისა.”(ერთ-ერთი ცნობილი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე ტიციან ტაბიძეზე) "სულის სიღრმემდე ვარ შეშფოთებული, როცა ვხედავ, თუ სადამდე შეუძლიან ადამიანს დაეცეს:ბნელი წარსულის-კაპიტალიზმის აღდგენა, აი, ამ გარეწართა მიზანი. ზიზღის გარდა მათდა მიმართ რა უნდა წამოსცდეს მწერლის კალამს!მაგრამ არა, ზიზღი საკმარისი არ არის, ამ ზნედაცმეულებს, ამ გათახსირებულებს, ამ გამოთაყვანებულებს, აუცილებლად და დაუზოგავად უნდ გამოეტანოის სასტიკი განაჩენი"(ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი) "აღმოჩენილ იქნა ტროცკისტულ-მავნებლური ტერორისტული ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ ბ.მდივანი, მ.ოკუჯავა, ს.ქავთარაძე, მ.ტოროშელიძე, ს ჩიხლაძე, ნ კიკნაძე და სხვები, სრულიად საკავშირო ტროცკისტული ცენტრის წევრებთან პიატიკოვთან, სერებრიაკოვთან და სხვა.კავშირი ჰქონდათ გაბმული ბ.მდივანს, ს.ქავთარაძეს და სხვა... ..ჩვენმა პარტიამ ძლიერი სტალინური ხელით გაანადგურა ფაშიზმის ეს დაქირავებული აგენტები, ტროცკის დამქაშები.."(ლავრენტი ბერიას მოხსენების ნაწყვეტი-საქართელოს ცკ.კპ-ს X ყრილობა-1937 წ. 15 მაისი) .."ამ საზიზღარი ცილისმწამებლური სიცრუის ფაბრიკაციას და გავრცელებას ეწეოდნენ ხალხის მტრები:ბ.მდივაბი, მ.ტოროშელიძე, პ აღნიაშვილი, კ. მოდებაძე და სხვები, ისინი ამას იმიტომ სჩადიოდნენ, რომ სახელი გაეტეხათ და შეერყიათ ხელმძღვანელობა, დეორგანიზაცია შეეტანათ საქართველოს და ამიერკავკასიის ბოლშევიკთა რიგებში და ამით თავისთვის გაეადვილებინათ თავისი კონტრრევოლუციური შავი მტრული საქმე(შეძახილები დარბაზიდან, მართალია)...შემდეგ ქება დიდება სტალინის და ბოლშევიკურ-კომუნისტური პარტიის შეძახილით: წინ კომუნიზმისაკენ(მქუხარე ოვაციები, ყველანი ფეხზე დგებიან, რომელიც გადადის შეძახილებში ვაშა, გაუმარჯოს სტალინს!!!)"(-საქართველოს ცკ.კპ-ს X ყრილობა-1937 წ. 15 მაისი) "ხალხის დაუძინებელი მტრების თავხედობა იქამდე მიდიოდა, რომ სცადეს კიდეც ხელში ჩაეგდოთ მთელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. ამის მაგალითს ჩვენს ორგანიზაციაში წარმოადგენდა მ. ტოროშელიძე, რომელიც ორი წლის განმავლობაში სათავეში ედგა მწერალთა კავშირს. კონტრრევოლუციური თვალთმაქცობის და მავნებლობის ეს გაკოტრებული “ოსტატი” დიდხანს სწამლავდა ქართული საბჭოთა მწერლობის ატმოსფეროს., ან კიდევ ტროცკისტი პლატონ ქიქოძე და მისი ძმაბიჭები(ნარუაშვილის, ფეოდოსიშვილი), გაუსწორებელი კონტრრევოუციონერები, პარტიის მიერ არა ერთხელ მხილებული გაიძვერა ვარდნინის უდღეური დამქაშები(წერილი ხელმოუწერელია, -ლიტ. საქართველო-15 მაისი, 1937წ.) "საქართველოს ბოლშევიკების მე-10 ყრილობის შედეგების განსახილველად მოწვეული საბჭოთა მწერლების კრება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, კატეგორიულად მოითხოვა მწერლების, მ.ჯავახიშვილის, პ.იაშვილის, კ.გამსახურდიას, და სხვებისგან გულწრფელად და სიმართლით ეთქვათ სამწერლო საზოგადოებისათვის თავიანთი კავშირის შესახებ ხალხის საზიზღარ მტრებთან-კონტრრევოლუციურ ტროცკისტებთან"(ლიტ.საქართველო-10 ივნისი, 1937წ) 1937 წლის 10 ივლისი მწერალთა აქტივის კრება(მონაწილეობდა და ხელს აწერდა 17 კაცი), შეადგინეს შემდეგი ტექსტი-დადგენილება: "ამ დადგენილებას სრული კმაყოფილებით შეხვდება მთელი ჩვენი ქვეყანა, ეს გარეწრები დაუკავშირდნენ ერთ-ერთ უცხო სახელმწიფოს და ცდილობდნენ გაეყიდათ ქვეყანა...მათი დახვრეტა ეს არის სურვილი და მოთხოვნა ქართველი ხალხისა, ჩენი ქვეყანა იწმინდება გარეწრებისა და მზაკვრებისგან" (საუბარია, ტოროშელიძის, მდივანის, ოკუჯავას, ყურულოვის, ელიავას და სხვათა სიკვდილით დასჯაზე) " პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტერის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი... ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კოტრრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე“( საქართველოს კომუნისტური პარტიის ბიუროს სხდომა 23 ივლისი, 1937წ) "მისი თვითმკვლელობა მწერალთა სასახლეში, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის მიმდინარეობის დროს წარმოადგენს პროვოკაციულ აქტს, რომელიც ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს ყოველ პატიოსანი მწერლის შეგნებაში" "ფაშისტურ ოხრანკის აგენტები, მოღალატეები და გამცემლები აღმოჩნდნენ პროფესორები გ.ელიავა, გრ.წერეთელი, ჯანდიერი, ცქიტიშვილი, ა.წერეთელი, ლეონიძე, ინჟინერი ჭიჭინაძე, რუსთაველი თეატრის ყოფილი დირექტორი ს.ახმეტელი, მწერლები მ. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე, საბჭოთა ხელისუფლების ორგანოებმა ისინი შეიპყრეს, გაანადგურეს და მოსპეს(ხანგრძლივი ტაში)-(ლავრენტი ბერიას მოხსენება საბჭოთა მშრომელი ინტელიგენციის წინასაარჩევნო კრებაზე-10დეკემბერი, 1937წ) ფოტოზე: 1937 წლის 20 ივლისის ნომერი, მსგავსი ფრაზეოლოგიით იყო გაჟღენთილი იმ პერიოდის "ლიტერატურული საქართველოს "თითქმის ყველა ნომერი "საქ.საბჭოთა მწერლები მხურვალე სალამს გიძღვნით თქვენ, ქართველი ხალხის ხელმძღვანელს, დიდი სტალინის უერთგულეს მოწაფეს, ქართული საბჭოთა კულტურის და მწერლობის დიდ მშენებელს, მეგობარსა და მოამაგეს, სიტყვა გაძლევთ, რომ დაუნდობლად გამოვამჟღავნებთ და გავანადგურებთ კონტრრევოლუციურ ნამსხვრევებს, ჩვენ რიგებში რა ნიღაბსაც არ უნდა იფარებდნენ ისინი"(სამადლობელო წერილი ლავრენტი ბერიას, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომა ოქმი №9-1937 წლის დეკემბერი) რა ცინიზმით, მლიქვნელობით, ქლესობით და შიშით არის ეს წერილი გაჟღენთილი... გამოქვეყნებული ოქმები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ "დანოსების", რომელიც იმ პერიოდში ინტელიგენციის წინააღმდეგ ხორციელდებოდა(მთლიანად მაგ დროის რეპრესიები კიდევ ცალკე საკითხია)... ალბათ მკითხველი გაიფიქრებს შიში ოხერია, ყველა საკუთარ ტყავს უფრთხილდებოდაო, თუმცა ვერ დაგეთანხმებით, იყვნენ მწერლები თუ ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები რომლებიც თავიანთი მრწამსის მიმართ ბოლომდე პრინციპულები და ერთგული დარჩნენ, ზოგი რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ზოგი გადარჩა. რაც შეეხება მწერლების მეორე ნაწილს, როგორც შეამჩნიეთ არცერთი წერილის გასწვრივ არ არის მითითებული გვარები, 90-იანი წლების დასაწყისში დასახელდა თითქმის ყველა ის მწერალი თუ კრიტიკოსი, რომელიც ამ სისხლიან ვაკხანალიას მხარს უჭერდა და მასში მონაწილეობდა, ბევრი მათ შორის ძალზე ცნობილია, თუმცა არა თუ მაშინ, ახლაც არ მიმაჩნია მართებულად დასახელდეს მათი გვარები(აქა იქ ინტენეტსივრცეში კი არის გაჟღერებული), თუნდაც იმიტომ, რომ მათ ჰყავთ შთამომავლობა შვილები, შვილიშვილები და ა.შ.რომლებიც შესაძლოა სავსებით კეთილსინდისიერებით და პატიოსნებით გამოირჩევიან, ხოლო სახალხოდ გაჟღერებულმა გვარებმა მათზე შეიძლება ძლიერი ფსიქოლოგიურ-ემოციური ტრავმა გამოიწვიოს, თუმცა გავა კიდევ წლები, წავა თაობები და მათი გვარები აუცილებლად ყველას ეცოდინება. 326 4-ს მოსწონს |
* “კაპიტალისტების ლიტერატურამ უკვე მოჭამა თავისი თავი… არც თავიანთი ხვალინდელობა სჯერათ” (მ. ჯავახიშვილი, ტომი 6, თბილისი, 1980 წელი).
* “მე ცენტრალური კომიტეტის წევრი და ორდენოსანი გახლავართ. ეს უმაღლესი ჯილდო სტალინმა და ბერიამ მიბოძეს” (უახლესი ისტორიის ფონდი 8, საქმე 33, გვ.14). ეს მაშინ, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილი არასოდეს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი.
მიხეილ ჯავახიშვილი მკაცრად მოითხოვდა იმ ხალხის დასჯას, რომელიც “ჩვენ საყვარელ ბელადებს მკვლელობით ემუქრებოდა”.
“მიხეილ ტოროშელიძის ორგულობის ამბავი ისე მოულოდნელი იყო, როგორც მოწმენდილი ციდან მეხის ჩამოვარდნა. საშინელი უბედურებაა ტოროშელიძის მხრივ. ბევრი საპატიო საქმე ჰქონდა მას დაკისრებული. როგორც ტროცკისტ-ზინოვიეველთა გაერთიანებული კომიტეტის პროცესმა გამოარკვია, მას კავშირი ჰქონდა მათთან. მართლაც საკვირველი ამბავია ის შემთხვევა, გ. ქიქოძის მანდატი რომ პ. ქიქოძეს გადასცა. როგორც ეს და სხვა ფაქტები ამტკიცებენ მ. ტოროშელიძე საშინელ მოღალატურ მუშაობას აწარმოებდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ შემოტანილ წინადადებას და მოვითხოვთ მის მწერალთა კავშირიდან გარიცხვას”.
1936 წლის 16 ოქტომბერს
ბევრს კი მისი წერილებიც არ ექნება წაკითხული, რომლებიც ძალიან გავს სტატიაში მოყვანილ უცნობ ავტორთა სტატიებს....
ჩემი აზრით კი, ბევრმა ციტირებისას არც იცის, ვისი ნათქვამი მოჰყავს მაგალითად....:)