კონფლიქტები მიუნხენის 1938 წლის კონფერენცია – ევროპული დიპლომატიის სირცხვილი 21 ივლისი, 0:42 ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა 1937 წლის ნოემბერში ჰიტლერთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა ლორდი ჰალიფაქსი, რომელმაც ჰიტლერს ირიბად აგრძნობინა მთავრობის სახელით, რომ ინგლისი არ იქნება გერმანიის მიერ დანცინგის, ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის წინააღმდეგი.
1938 წლის მარტში გერმანიამ მოახდინა ავსტრიის "ანშლუსი" (შეერთება_ანექსია). ჩემბერლენმა თემთა პალატაში მხოლოდ სიტყვიერად დაგმო გერმანიის ასეთი ნაბიჯი.
ამის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ჯერი დადგა. 1938 წლის 15 სექტემბერს, ხოლო მეორედ 22-23 სექტემბერს, ჩემბერლენი შეხვდა ჰიტლერს ჩეხოსლოვაკიის საკითხის განსახილველად, სადაც გადაწყდა ჩეხოსლოვაკიის გაყოფა. 23 სექტემბერს ჰიტლერმა ულტიმატუმი წამოაყენა, გერმანელებით დასახლებული სუდეტის ოლქი, ხუთ დღეში უნდა დაცლილიყო არაგერმანული მოსახლეობისაგან, რადგან, როგორც ჰიტლერი ამბობდა გერმანელებს იქ ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლება ავიწროვებდა, თანაც ოლქი მესამე რაიხს უნდა შეერთებოდა.
ასეთ პირობებში 28-30 სექტემბერს მიუნხენში ჩემბერლენის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა, რომელშიც ინგლისის პრემიერ-მინისტრის გარდა მონაწილეობდნენ გერმანიის ფიურერი - ჰიტლერი, იტალიის დიქტატორი - მუსოლინი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი დალადიე. ამ შეხვედრაზე ხელმოწერილ იქნა შეთანხმება - ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქი გადაეცათ გერმანიისთვის. ევროპამ "დაყვავების პოლიტიკა" ამჯობინა.
მემორანდუმი, რომელიც ძირითადად აკმაყოფილებდა ჰიტლერის მოთხოვნებს, მეზობელ ოთახში მყოფ ჩეხეთის დელეგაციასაც წარუდგინეს და მოსთხოვეს დათანხმება, თან გააფრთხილეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე არ იქნებოდნენ პასუხისმგებელი. ლონდონში დაბრუნებულ ჩემბერლენს ჰესტონის აეროპორტში ხალხი მიეგება, როგორც გმირს. მან დეკლარაციის ფრიალით ამაყად განაცხადა, რომ მშვიდობა ჩამოუტანა ქვეყანას. ჩემბერლენის "დაყვავების პოლიტიკაზე" სულ სხვა აზრი გააჩნდა უინსტონ ჩერჩილს. იგი აცხადებდა: "რევოლვერის მუქარით მოგვთხოვეს ერთი ფუნტი. როცა მივეცით ერთი ფუნტი, მოგვთხოვეს ორი, ბოლოს დიქტატორი დათანხმდა მიეღო ერთი ფუნტი, ჩვიდმეტი შილინგი და ექვსი პენსი. დარჩენილი დაგვითმო მომავალი კეთილგანწყობის სანაცვლოდ. ჩვენ დავმარცხდით უომრად. ბრიტანეთს ჰქონდა არჩევანი სირცხვილსა და ომს შორის. ჩვენ სირცხვილი ავირჩიეთ და ომსაც მივიღებთ."
1939 წლის 15 მარტს გერმანიამ თავისი ჯარები შეიყვანა ჩეხოსლოვაკიაში, ხოლო 7 აპრილს იტალიამ დაიპყრო ალბანეთი, რამაც ვითარება ხმელთაშუა ზღვის აუზში ინგლისის საზიანოდ შეცვალა.
ინგლისი მალე დარწმუნდა, რომ ნაციზმი მსოფლიოს წალეკვით ემუქრებოდა. ამიტომაც ჩემბერლენის მთავრობამ მოლაპარაკება დაიწყო საბჭოთა კავშირთან, 1939 წლის მარტში აგრესიის ალაგმვის თაობაზე.
აშკარა ხდებოდა, რომ გერმანია-იტალიის ალაგმვა შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები მათ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოვიდოდნენ.
187 1-ს მოსწონს
|