სისხლის სამართალი "კაიფში“ ვიყავი, ჩხუბი ელემენტარულზე დავიწყეთ... როგორ მოვკალი, არ მახსოვს" - ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული 19 ივლისი, 18:27
21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ირწმუნება, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო და არაფერი ახსოვს.
„კაიფში“ ვიყავი, ელემენტარულზე დავიწყეთ. ალბათ, ჩხუბიც იყო, არ მახსოვს, - ამ სიტყვებით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს მიმართა. როგორც სასამართლო პროცესზე ექსპერტმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს. ექსპერტის განმარტებითვე, ბრალდებულს ახასიათებს აგრესიულობა, ზედაპირული ემოციები, ლიდერის პოზიცია სოციალურ გარემოში. საერთო ჯამში, სპეციალისტის თქმით, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა. მას პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ოთარ ცინდელიანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია წაუკითხა და ჰკითხა, ხომ ნამდვილად ასე განუცხადა მას ბრალდებულმა, რასაც, ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცა. "ხელითაც შევხებივარ.. "კაიფში" ვიყავი, ფხიზელი არ ვიყავი, ღამე იყო, რაღაც ელემენტარულზე დავიწყეთ, მკვლელობა მოხდა, არ მახსოვს, გამთენიისას მოვედი გონს და ქალაქგარეთ ვიყავი, როგორ მოვკალი არ მახოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე", - ეს სიტყვები ოთარ ცინდელიანს ეკუთვნის, რომელიც მან ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტს განუცხადა. უფრო ადრე მოწმის სახით დაიკითხა მოკლული ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანი და. პროკურორის თქმით, დის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, რადგან ის არასრულწლოვანია და შესაბამისად, მისი დაკითხვის ნაწილში სხდომა დაიხურა, თუმცა, როგორც პროკურორმა განმარტა, დამ დაადასტურა, თუ რა ინფორმაციას ფლობდა მისი დისგან. "რაც შეეხება მიმოწერებს, ჩვენ საქმეში გამოთხოვილი გვაქვს, როგორც წინა დღის, ისე წინა პერიოდის მიმოწერები. რასაკვირველია, ცალკე აღებული არ ვიხილავთ ამ მესიჯებს. წინა პერიოდის მესიჯები მიუთითებს იმ გარემოებაზე, როგორ ექცეოდა ბრალდებული დაზარალებულს, რა სიტყვებით, უცენზუროდ მოიხსენიებდა მას, რომელსაც შემდეგ სხდომაზე გამოვიკვლევთ. გარდაცვლილის არასრულწლოვანმა დამ დაადასტურა, მათ შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტი [ცინდელიანი მხრიდან ჯავახიშვილზე]", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. ამასთან, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ფსიქიატრი, რომელმაც პროკურორის თქმით, დაადასტურა, რომ გარდაცვლილ ქეთევან ჯავახიშვილს ჰქონდა მძიმე დეპრესიული ფონი და მას შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნა.ასევე სავარაუდოდ დამნაშავე ქალს ფულსაც სძალავდა.
ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.
ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
87 2-ს მოსწონს
|