x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:136004
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510278
რას იხსენებს ვაჟა-ფშაველას მეორე ცოლი

image

ვაჟა-ფშაველას მეორე ცოლი, თამარი, რომელმაც დედობა გაუწია ობლებს და მეგობრობა მეუღლეს, იხსენებდა:
- "როცა ლუკას წერის განწყობა მოუვიდოდა, მიატოვებდა სამუშაოს და ბრუნდებოდა შინ. ერთხელ მე და ლუკა ყანასა ვმკიდით სულა-კურდღელაურთ მამულში. იმ ხანებში, რომელიღაც პოემაზე მუშაობდა (რომელზე, კარგად არ მახსოვს). ყანა ძალზე გადამწიფებული იყო. ორთავენი სამკალში ვიყავით. შუადღე გადასული იყო. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა - ყანა უნდა მოგვემკო სასწრაფოდ.
ლუკას უცებ რაღაც აზრი მოუვიდა, ნამგალ-სათითეები ძირს დადო და აჩქარებული ნაბიჯით დაეშვა თავქვე, შინისაკენ. მივაძახე: კაცო სად მიდიხარ? ყური არ მათხოვა, გზა განაგრძო. მაშინ მივხვდი, რომ საწერად მიდიოდა. დამტოვა მარტოკა ყანაში: მომკალიც, მკონავიც და ძნის ამგებელიც. სამივე საქმე მე უნდა შემესრულებინა მარტოკა. მეც ხომ ვერ მივატოვებდი ყანას. ბალღები საქონელთან იყვნენ: ზოგი - ინდაურებში და ზოგიც - ხბორებთან და ცხვრებთან. არავინ არა მშველოდა. მარტოკა ვმკე იმ დღეს ყანა. საღამოთი ავკონე, ავაგე წერებად და დაბინდებისას, ხურჯინ-საგზლით, წყლის ჭურჭლით, ჩემი და ვაჟას ნამგალ-სათითებით შინ ჩამოვედი.
საქონელი შეერეკათ და შეეყარათ ბაკში, რომელიც ახლოს, ხევს გაღმა, იფნისქვეშ გვქონდა შემოღობილი. ლუკა მაგიდას მისჯდომოდა, რაღაცას წერდა. ჩემსკენ არ შემოუხედავს, თითქოს ვერც კი იგრძნო ჩემი მისვლა. ავიღე ტაგნები ფურების დასაწველად და როცა გამოვდიოდი, დამიძახა: ქალო, ხინკალი მინდა, ერთი ხინკალი მოვხარშოთო! დაღლილი ვიყავი ძალიან და დამეზარა. მაგრამ სიტყვა არ შემიბრუნებია, რადგან ლუკას თქმა ჩემთვის კანონი იყო. გადავედი ბაკში. ფურები დავწველე, გადმოვიტანე რძე, სარძევეში ჩავწურე და დაღამებულში შევუდექი ხინკლის კეთებას. შეშა არ გვქონდა. მოვიტანე, დავჭერი, ცეცხლი დავანთე, ხორცი დავკეპე და ცომის ზელას შევუდექი. ძილი თავს მართმევდა. ძლივს ვახვევდი ხინკალს. როგორც იქნა. მოვხარშე ხინკალი და შევუტანე ხონჩით.
ლუკას სახეზე ღიმილმა გადაურბინა. შევატყვე ესიამოვნა. შემომხედა და მითხრა: ყოჩაღ დედაკაცოო! ლუკა ცოტას სჭამდა, მხოლოდ მალ-მალე უყვარდა პურის ჭამა. ერთხელ, გუთანი დააყენა კვალში, ხარები არ გამოგვაშვებინა, წავიდა მაშინაც შინ - საწერად. მე და ბალღები ხარებს ვუდექით. შეწუხდნენ ხარები, უღლიდან იზიდებოდნენ. ვუდექით ხარებს და ვატრიალებდით ისევ კვალში. მკაცრი კაცი იყო ლუკა, დაჟინებით ვერაფერს გავუბედავდით. სანამ თვითონ არ გადმოვიდა გუთანთან (მაშინ სახლის ახლოს, გაღმა, ყორულში ვხნავდით), ჩვენ ვერ გავბედეთ დაძახება.
ლუკას ხასიათი გაგებული მქონდა, ამიტომ ხელს ვუწყობდი, ვერ ვუბედავდი დაჟინებით მეთქვა, ოჯახს შენახვა სჭირდება, გაისარჯე, ცოლ-შვილს რჩენა უნდა-მეთქი. როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ არაფერი გვაქვს, ყველაფერი თავდება, შენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი.
მოველოდი, ძალიან გაჯავრდებოდა, ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად დატრიალდა. გაიცინა და მითხრა: ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო”.
0
55
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0