x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138982
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
სერგო ზაქარიაძე: დიდხანს ვოცნებობდი კარგ სცენარზე....

როგორ გადარჩა "ჯარისკაცის მამა" დაჩეხვას - კვირის პალიტრა

“დიდხანს ვოცნებობდი კარგ სცენარზე, სადაც უბრალოდ როლს კი არ ვითამაშებდი, არამედ გმირის ცხოვრებით ვიცხოვრებდი. “ჯარისკაცის მამის" ჩანაფიქრი როდესაც შევიტყვე, მაშინ მოხუცის როლში მიღებდნენ ფილმ “ზღვის ბილიკში". სცენარისტმა სულიკო ჟღენტმა მე და რეზო ჩხეიძეს ლიბრეტო გაგვაცნო. ლიბრეტო მოუთხრობდა კაცის ბედზე, რომელიც სულიკო ჟღენტთან ერთად მსახურობდა ომის დროს. ეს იყო მოხუცი ჯარისკაცი გიორგი მახარაშვილი. ჩემი ყურადღება სიუჟეტურმა ქარგამ მიიპყრო, ამბავმა მოხუცი მამისა, რომელმაც შვილის ძებნაში ჯარისკაცებთან ერთად, ომის გზა განვლო. თვალწინ დამიდგა ადამიანური ღირსებებით, იუმორითა და სევდით აღსავსე ამბავი.
ჩვენ ერთად ვმსჯელობდით მომავალი ფილმის ყოველ დეტალზე, თავიდან ვიშორებდით ყველა ეპოზოდს, სადაც უნდა “მეთამაშა" როლი; ვტოვებდით მხოლოდ იმას, სადაც როლის ნამდვილი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა. გიორგი მახარაშვილი უკვე ისე გაცოცხლდა ჩვენს ცნობიერებაში, რომ ვიცოდით მისი ყოველი მოძრაობა, გრძნობა და ფიქრი...
დურგალს თავისი ხელსაწყოები აქვს: ერთით კარადას აკეთებს, მეორეთი -- მაგიდას. მსახიობს აქვს თავისი, ასე ვთქვათ “სულის იარაღები". თუ ყველა როლს ერთი ხელსაწყოთი შექმნი -- შტამპს ვერ აცდები. ყოველი როლისთვის უნდა შეირჩეს განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის საჭირო ხელსაწყო... კერძოდ, ასეთ ხელსაწყოებს განეკუთვნება ის შთაბეჭდილებები, ხალხის ცხოვრების ის ცხოველმყოფელი ძალა, რომლებიც ქართული სოფლის ცხოვრებაში შემიმჩნევია, დავკვირვებივარ.
ფილმში სწორედ ეს დაკვირვებები აირეკლა.
სასაცილომდე გულუბრყვილო, ბრძენი, მშვიდი და ტემპერამენტიანი, ჯიუტი და მორცხვი, ეშმაკი და ბავშვივით მიმდობი გიორგი მახარაშვილის სახე იმ ზომამდე მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველია, რომ როგორადაც არ უნდა მივუდგეთ მას, იგი ბოლომდე ამოუწურავი რჩება". - სერგო ზაქარიაძე.
0
4
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0