x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
"რომ გავიგე, ელდა მეცა......"- რას წერს ნათია ფანჯიკიძე

image


ფსიქოლოგი და ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ესპანეთთან დამარცხებას და ევროპის ჩემპიონატიდან გამოთიშვას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და საქართველოს ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, მათივე მწვრთნელის, ვილი სანიოლის ჩათვლით
ევრო 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ყველას მადლობას უხდის:


"ესპანეთს ვხვდებითო, რომ გავიგე, ელდა წინასწარ მეცა, რაღა მაინცდამაინც ესპანეთი-მეთქი, რაზეც ნიკომ მითხრა, სხვა გუნდი შეგვხვედროდა, ჯობდა, მაგრამ ამდენი ხომ იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ აწი სულ „ესპანეთებს“ ვეთამაშოთო. დიდი შანსია, რომ ამ ტურნირის სწორედ ჩემპიონებთან დავმარცხდით, რაც ნამდვილად არ შეურაცხგვყოფს. უბრალოდ, ცოტა ნაადრევად შემოგვხვდნენ.

ძალიან ახალგაზრდაა ჩვენი გუნდი და საოცარი სტარტი ავიღეთ. ახლა ყველაფერი წინაა.


პირველი ტაიმი ისეთი ჩაატარა ჩვენმა ნაკრებმა, ესპანელები საკმაოდ შეცბუნებულიც ჩანდნენ. ამ ჩემპიონატზე მათ კარში პირველად ჩვენი გოლი გავიდა. გოლის შემდეგ თინუშა თამაშის დასრულებას ითხოვდა, ათი გოლი რომ გაიტანონ, მაინც არ დასრულდება თამაშიო? ვერ გაიგო, როცა არ გვაწყობს, რატომ უნდა ვითამაშოთ მაინც 90 წუთი. ნაკრების ჯენ ზიებზე არაფერს ვიტყვი, ისედაც დღე და ღამე მათზე ვლაპარაკობთ, კიტე როგორი კონცერტმაისტერია და მამარდაშვილი, რომლის პერფორმანსი ადამიანურ ძალებს აღემატება, და ყველა რა მეომრები, ყველას გვარს არ ჩამოვთვლი, მათ ზურგს უკან ვინმე რომ არ გამომრჩეს, ვისაც არ მოუწია მოედანზე გამოსვლამ.


კაშიაზე ვიტყვი, როგორც ვეტერანზე, როგორი საიმედო კაცია, სიმშვიდეს მგვრის მოედანზე მისი ყოფნა. განსაკუთრებული მადლობა იმ კეთილშობილ მოთამაშეებს, ბუდუს, ქვილითაიას, ყველას… ზურგს ვინც უმაგრებდა ნაკრებს და ყოველ წამს მზად იყვნენ, ბრძოლაში შესასვლელად და მათ, ვისაც წუთითაც არ მოუწია შესვლამ.


მადლობა მათ ამ დიდი ფსიქოლოგიური ვენტილაციისთვის, ყოველდღიურობის ყველა საზრუნავი, დარდი რომ გამოფერთხეს ჩვენი გონებიდან და უკიდურესი ვნებათაღელვის ოკეანეში გვაცურეს.


მადლობა ფედერაციას სანიოლის ჩამოყვანისთვის და მადლობა სანიოლის ამ შედეგისთვის.


ორ წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატია. სულ სხვანაირები, კიდევ უფრო ძლიერები შევხვდებით კიდევ უფრო დიდ საფეხბურთო დღესასწაულს. ჩვენ ამ ჩემპიონატზე იმდენი რამ მოვიგეთ, ამ ეტაპზე დამარცხებული საერთოდ არ გვეთქმის."- წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. 30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1. სამწუხაროდ ასე დასრულდა საქართველოს ნაკრების თავგადასავალი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. ტიტულისკენ გზა კი ესპანეთის ნაკრებმა განაგრძო. „ფურია როხა“ მეოთხედფინალში მასპინძელ გერმანიას შეხვდება. მატჩი 5 ივლისს 20 საათზე დაიწყება.







0
586
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
586