აფხაზეთში შემდეგი რწმუნება არის გავრცელებული: უფლისაგან მგლებს წელიწადში ერთხელ კერძად ეძლევათ თითო-თითო კერძი (აკვაკვარ). მოახლოვდება თუ არა დრო ამ კერძის მიღებისა, მგლები ერთად ხროვა-ხროვად დადიან ტყე-ტყე და დაჰღმუიან, სანამ მათი ღმუილი ზეცას არ ავა და უფალი მათთვის დანიშნულ კვერებს ჩამოუგდებდეს. მიიღებენ თუ არა შემოქმედის მიერ ნაბოძებ კვერებს, გაჩუმდებიან მგლები.
ეს აი როგორ შეიტყო ადამიანმა (აფხაზებმა): ერთხელ ღამით გვიან თავის კარავიდგან შინ ბრუნდებოდა ვინმე მწყემსი, მას ტყეში გზაზე მგლების ხროვა თავზე დასცემია. მწყემსს როგორც იყო ხეზე შეუსწრია. მაგრამ მგლები მაინც მას არ მოშორებია: თურმე მის ქვეშ იდგნენ და გულსაზარად ჰღმუოდნენ. გავიდა ხანი და უცბად შენიშნა მწყემსმა, რომ რაღაცამ სეტყვასავით იწყო ცვენა. მწყემსს ჯერ ძალიან შეეშინდა, მაგრამ მერე გული მოიცა და, როგორც იყო, დაიჭირა ერთი ის,
რაც ცვიოდა, და დაინახა თავის ხელში ცხელი კვერი.
მგლებმა თავ-თავისი კვერი შეჭამეს და სადღაც გაჰქრენ, მხოლოდ ერთს იმათგანს ფეხი არ მოუცვლია და საშინლად ჰღმუოდა, არ იქმნა და არ წავიდა ის მგელი. მაშინ მწყემსმა ამ მგლის თავიდგან მოსაშორებად იმ კვერის ნახევარი წაუტეხა და გადაუგდო. მგელმა წაავლო კბილი და გაჰქრა. მეორე დღეს ეს შემთხვევა მწყემსმა ქვეყანას შეატყობინა. ამის შემდეგ შეიტყვეს, რომ ღვთისაგან მგლებს ჰქონებია დანიშნული კერძი „აკვავარ“.