x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ცუცა კაპანაძეს ბინა აჩუქეს: „ქართველები ამერიკაში ოცნებას თუ ამიხდენდნენ, ვერ წარმოვიდგენდი, ახლა ამ სამშენებლო კომპანიამ, ჩემს დაოჯახებაზეც უნდა იზრუნოს…“
image

.

მსახიობი ცუცა კაპანაძე, რომელიც 18 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და ემიგრანტია, ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, თუ რატომ გაემგზავრა აშშ-ში და როგორ მიიღო ბინა საჩუქრად საქართველოში მოულოდნელად…

.


ცუცა კაპანაძე:


წავედი, რომ პირობები გამეუმჯობესებინა. მართალია, ჩემი თავისთვის არაფერი გამიკეთებია, გარდა მოგზაურობისა, მაგრამ ოჯახს ვეხმარებოდი, ყველაფერი გავუკეთე. ხუთივე ძმისშვილს უმაღლესი დავამთავრებინე, რასაც მე საქართველოში ვერ შევძლებდი, ხუთივეს ცხოვრება მოვუწყვე. მე საკუთარი შვილი არ მყავს, მაგრამ ისინი არიან ჩემი შვილები. ასე რომ, ბევრს უშვილო ვგონივარ, მაგრამ ხუთი შვილის დედა ვარ (იცინის). უმეტესობა უცხოეთში იმიტომ მიდის, რომ ფული დააგროვოს და ბინა იყიდოს. მე არ მიყიდია. მაქვს ბინა სოლოლაკში – ოცი კვადრატული მეტრი, საერთო სამზარეულოთი და იქ დაბრუნებას ვფიქრობდი. არც ვაპირებდი ბინის ყიდვას, რადგან ნამდვილად აღარ მინდა, წლები ისევ აქ დავრჩე, ვაგროვო ფული და ვაშენო და ვიხადო, მაგრამ ახლა, რაც სამშენებლო კომპანია „დეკამ“ სიურპრიზი გამიკეთა და დიდ დიღომში ბინა მაჩუქა, სამშობლოში დაბრუნებული ახალ სახლში ვიცხოვრებ.


სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როცა სცენაზე გამოაცხადეს ეს ამბავი და შენი რეაქცია… მართლაც, ამაღელვებელი იყო.


ნიუ-იორკში ნიკოლოზ წულუკიძეს ჰქონდა სპექტაკლი – „თეატრის ამბები“, სადაც ვთამაშობდი. სპექტაკლი რომ დამთავრდა, გამოვიდა ნიკოლოზი და თქვა: ჩვენთან ერთად იმყოფება სამშენებლო კომპანია „დეკა“, აქვს სიურპრიზი ემიგრანტებისთვის, არაჩვეულებრივი პროექტი დაიწყო – ყოველ წელს, ერთ ემიგრანტს აჩუქებს ბინას, რათა ის დაბრუნდეს სამშობლოშიო. ვდგავარ, ვიხედები დარბაზში, ალბათ, რიგების და სკამების მიხედვით იქნება გათამაშება, მოიგებს ერთი და რომ ამოვა სცენაზე, ტაშს დავცხებ-მეთქი. აზრად არ მომსვლია, რომ მე ვიყავი ის ბედნიერი. უცებ ნიკოლოზი აცხადებს: ეს პირველი ემიგრანტია ცუცა კაპანაძე!.. მეგონა, გული გამიჩერდა. კიდევ კარგი, როიალი იდგა ახლოს და იმას დავეყრდენი, თორემ წავიქცეოდი სცენაზე. სიტყვა ვერ ვთქვი, დავიწყე ისტერიკული ტირილი. ნიკოლოზი მეკითხება: ცუცა, როდის მოდიხარო… მე, კი ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი, ვერ ვლაპარაკობდი, ვერ ვცემდი პასუხს. მხოლოდ ვტიროდი. გონზე რომ მოვედი, კი ვიხუმრე; ამერიკა რომ ოცნებების ახდენის ქვეყანაა კი ვიცოდი, მაგრამ ქართველები ამერიკაში ოცნებას თუ ამიხდენდნენ, ვერ წარმოვიდგენდი, ახლა ამ სამშენებლო კომპანიამ, ჩემს დაოჯახებაზეც უნდა იზრუნოს, აბა, მარტო ბინა რა საკმარისია-მეთქი (იცინის). დარბაზში ყველა ფეხზე იდგა, ტაშს უკრავდა და ჩემთან ერთად ტიროდა. ამდენმა ადამიანმა რომ ჩემი ბედნიერების ემოცია გაიზიარა, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის.

0
341
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0