x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
ალცჰაიმერის დაავადება - რა უნდა იცოდეთ მასზე?
image

ალცჰაიმერის დაავადება ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინის) პათოლოგიათა კატეგორიას მიეკუთვნება. ის, ძირითადად, ხანდაზმულ პირებში ვითარდება და წარმოადგენს დემენციის განვითარების ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, გლობალურად დაახლოებით 55 მილიონი ადამიანი დემენციის დიაგნოზით ცხოვრობს, აქედან შემთხვევათა 60-70% ალცჰაიმერის დაავადებაზე მოდის.


ივნისი ალცჰაიმერის დაავადების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების თვეა. ამიტომ გადავწყვიტეთ, თოდუას კლინიკის ნევროლოგ დავით ელიაურთან ერთად მასზე უფრო დეტალურად მოგიყვეთ.


ბატონო დავით, ალცჰაიმერის დაავადების რა ფორმები არსებობს?



გამოვყოფთ ალცჰაიმერის დაავადების რამდენიმე ფორმას. ერთ-ერთია ტიპური ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც ხანდაზმულ ასაკში, უმეტესად, 60 წლის ასაკის შემდეგ ვითარდება. მისი სიხშირე და გავრცელება კი ორმაგდება ყოველ 5 წელიწადში 65 წლის ასაკის შემდეგ.


არსებობს ადრეული დაწყების ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც დაავადებულთა დაახლოებით 5%-ში გვხდება. სიმპტომების გამოვლენა 65 წლამდე იშვიათია, არ არის მკაფიოდ დაკავშირებული ოჯახურ ანამნეზთან და, შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს სპორადულად. ამ ტიპის ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებს ხშირად აღენიშნებათ პათოლოგიისთვის გარკვეულწილად ატიპიური სიმპტომები, როგორებიცაა ენობრივი, ვიზუალური ან გუნება-განწყობის ცვლილებები. ამ შემთხვევაში, ის ნაკლებად გამოიხატება მეხსიერების დაზიანებით.


შედარებით იშვიათია ალცჰაიმერის დაავადების მემკვიდრეობითი ფორმები. ის ჩვეულებრივ ვლინდება 65 წლამდე ასაკში (ხშირად 40-50 წლის პირებში). იგი შეადგენს ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევათა 1%-ზე ნაკლებს და როგორც წესი, აუტოსომურ-დომინანტურ დამემკვიდრებით ხასიათდება (დაკავშირებულია გენების მუტაციებთან, რომლებიც ბეტა-ამილოიდის (Aβ) მეტაბოლიზმს, მათ შორის ამილოიდის წინამორბედ პროტეინს (APP), პრესენილინ-1-სა (PSEN1) და პრესენილინ-2-ს (PSEN2) აკოდირებს).


ცალკე გამოვყოფთ დაუნის სინდრომთან ასოცირებულ ალცჰაიმერის დაავადებას. საქმე ისაა, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებს აქვთ ამილოიდის წინამორბედი პროტეინის (APP) დამატებითი გენის დოზა 21-ე ქრომოსომის ტრისომიის გამო და გარდაუვალად უვითარდებათ ალცჰაიმერის დაავადება. სიმპტომები ვლინდება 10-20 წლით უფრო ახალგაზრდა ასაკში, ვიდრე ეს საერთო პოპულაციისთვის არის დამახასიათებელი.


რა კლინიკური გამოვლინებებით ხასიათდება ალცჰაიმერის დაავადება?


დაავადების კარდინალური სიმპტომი მეხსიერების დაქვეითებაა. სხვა ტიპის კოგნიტური დისფუნქცია კი შეიძლება მეხსიერების დაქვეითების განვითარებასთან ერთად ან მის შემდეგ გამოვლინდეს. დაავადების ადრეულ ეტაპზე შენარჩუნებულია თავის ტვინის აღმასრულებელი ფუნქცია, მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარი. თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად რაიმე ტიპის ამოცანის გადაჭრის უნარის ქვეითდება.


ალცჰაიმერის დაავადების დროს ზიანდება სხვა კოგნიტური ფუნქციებიც. ვიზუალურ-სივრცითი უკმარისობა ხშირად ვლინდება შედარებით ადრეულ პერიოდში, ხოლო ენობრივი ფუნქციის მოშლა ვლინდება დაავადების მოგვიანებით პერიოდში. იშვიათ შემთხვევებში, ენობრივი დეფიციტი, ვიზუალურ-სივრცითი დარღვევები და აღმასრულებელი ფუნქციები შეიძლება საწყის ეტაპზევე დაზიანდეს.


ნეიროფსიქიატრიული სიმპტომები ხშირია დაავადების შუა და გვიან პერიოდში. იგი გულისხმობს დეპრესიის, ქცევითი დარღვევების გაჩენას, მათ შორის აჟიტაციის, აგრესიის, ფსიქოზის (ჰალუცინაციები, ბოდვები) არსებობას.


გარდა ამისა, ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა დისპრაქსია (დასწავლილი რთული მოტორული ამოცანის შესრულება – ჩაცმა, ჭურჭლის გამოყენება, თავის მოვლა), ყნოსვის დისფუნქცია, ძილის დარღვევა, ეპილეფსიური გულყრები (ვითარდება გვიან სტადიაზე, დაავადებულთა 10-20%- ში). მას ასევე ახასიათებს მოტორული სიმპტომების განვითარება, როგორებიცაა მიოკლონუსი, პირამიდული და ექსტრაპირამიდული სიმპტომები.


როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა?


ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დიდწილად კლინიკური შეფასებით ისმება.


მასზე ეჭვის შემთხვევაში, ასევე, რეკომენდებულია ყველა პაციენტს ჩაუტარდება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI). გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, ახალგაზრდა ასაკში დაწყების ან ატიპიური გამოვლინებების დროს, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა სახის ნეიროვიზუალიზაციის ან ბიომარკერული ტესტების შეფასებაც.


რაც შეეხება მკურნალობას, დღეს მისი დანიშნულებაა გააუმჯობესოს დაავადების ზოგიერთი სიმპტომი, თუმცა მისი პროგრესირების შეჩერება და სრულად განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია.


R



0
140
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0