სხვა ქართული რომანტიზმის საფუძვლები 9 ივნისი, 15:26 რომანტიზმი მე - 18-19 საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა, როგორც საერთო ევროპული მოვლენა ან შეიძლება ვთქვათ, როგორც რეაქცია იმ პერიოდში არსებულ რეალობაზე. ცნობილია, რომ რომანტიზმი საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს აღმოცენდა და მოიცვა ისეთი დარგები, როგორიცაა ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა და ა.შ. რომანტიკულმა ლიტერატურამ წარმოშვა მთელი რიგი საოცარი მწერლებისა, მაგალითად: ძმები ფრიდრიხ და ავგუსტ შლეგელები, ძმები გრიმები, ჯორჯ ბაირონი, შელი, მადამ დე-სტალი, (რომელსაც წილად ხვდა საფრანგეთში რომანტიზმის გავრცელება) შატობრიანი, ვიქტორ ჰიუგო, იტალიაში ჯაკომო ლეოპარდი, პოლონეთში ადამ მიცკევიჩი და ა.შ ძალიან ბევრი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. ის ყველა ქვეყანაში თავისებური სახით გამოვლინდა, თუმცა მოტივი და ეროვნული საფუძვლები ასე თუ ისე საერთო იყო. რომანტიზმის არსის გაგება დიდ დაკვირვებასა და გაანალიზებას მოითხოვს. ამ საინტერესო მიმდინარეობის შესახებ არაერთი შეხედულება არსებობს, თუ რამ განაპირობა მისი განვითარების თავისებურებები, რა იყო ის მთავარი იდეა რითიც საზრდოობდა რომანტიზმი, რა პრინციპების დაცვას გულისხმობდა და ზოგადად რას ემსახურებოდა ის. ევროპული და ქართული რომანტიზმის ეროვნული საფუძვლები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა დაკვირვებისას აშკარაა განმასხვავებელი ნიშანი, რაც ჩემი აზრით საწყის ეტაპზე შეიმჩნევა. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოში უფრო მწვავე და აქტუალური იყო ეროვნული პრობლემა, ეროვნული თვითმყოფადობის არსი და მასთან დაკავშირებული არაერთი სირთულე, მაშინ, როცა ევროპაში უფრო პიროვნული პრობლემაა წინა პლანზე წამოწეული. ქართული რომანტიზმის, რომელიც გარკვეულწილად ევროპული ტრადიციებით საზრდოობდა, განმასხვავებელი ნიშანი მკაფიო იყო. საქართველოში არსებული ვითარება და ის პროცესები რომლებიც მე-19 საუკუნეში მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, დიდ კვალს ტოვებდა, როგორც საქართველოსა და მის მოსახლეობაზე, ასევე შემოქმედებით პროცესზე, განსაკუთრებით კი ლიტერატურაზე. საქართველოში რომანტიზმის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობეს, ყოველ შემთხვევაში დიდი ბიძგი მისცეს მას. 1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსეთის გუბერნიად გადაქცევა ძალიან მძიმედ აისახა საქართველოს ყოფაზე, რაც ფაქტობრივად ყველა სფეროში გამოვლინდა. პირველ რიგში სწორედ მძიმე პოლიტიკური და სოციალური ფონი განაპირობებდა იმ მთავარი მოტივების და საფუძვლების ჩამოყალიბებას, რაც შემდგომ სრულყოფილად გამოიხატა ქართველი რომანტიკოსების შემოქმედებაში. მათი დამოკიდებულება აწმყოს მიმართ კარგად ჩანს მათსავე პოეზიაში, თუ როგორი უბედურია დღევანდელი ყოფა, მომავალი კი ხშირად ბურუსითაა დაფარული, უიმედოდ არიან და არ იციან რა იქნება მომავალში, თუმცა ნიკოლოზ ბარათაშვილი კვლავ იტოვებს იმედს: "რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს" - შემოღამება მთაწმინდაზედ. ქართული ეროვნული მოძრაობისთვის ბიძგის მიმცემი იყო ირგვლივ შექმნილი ვითარება, პირველ რიგში ვგულისხმობ დეკაბრისტულ პროტესტს რუსეთში და პოლონეთის აჯანყებას. ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში უკვე დაბრუნებული იყვნენ სოლომონ დოდაშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი და სხვები, რომლებიც საერთო იდეის გარშემო ერთიანდებოდნენ და უპირისპირდებოდნენ იმ სისტემას რომელიც ძირს უთხრიდა ქვეყნის ეროვნულ თავისუფლებას. 1830 წლის პოლონეთის აჯანყება ქართველი თავად-აზნაურებისთვის დიდი სტიმული იყო. მოგვიანებით 1832 წლის აჯანყება, რომელსაც დიდი სიახლე უნდა შეეტანა არსებულ რეალობაში, კრახით დასრულდა. ეს მოვლენა ნათლად აისახა რომანტიკოსთა შემოქმედებაში, რამაც კიდევ უფრო დიდი უიმედობის განცდა შეუქმნა მათ... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ევროპაში ეს პროცესები არ მიმდინარეობდა ისეთ მძიმე პირობებში, როგორც საქართველოში. ერთ-ერთი მარტივი და მნიშვნელოვანი მაგალითია ის რომ ევროპელ რომანტიკოსებს შეეძლოთ დაებეჭდათ წიგნები და საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ თავიანთი შეხედულებები. ასევე გამოეყენებინათ პროკლამაციები თუ სხვა საშუალებები, მაშინ როცა საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა პრესა, შეუძლებელი იყო წიგნის დაბეჭდვა და საზოგადოებამდე მიტანა. ამის დადასტურებაა ის ფატქი, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს თავის სიცოცხლეში მისი არცერთი დაბეჭდილი ლექსი არ უნახავს. ცნობილია, რომ ზოგჯერ კერძო წერილებში ჩაურთავდა ხოლმე თავის ლექსებს და ასე უგზავნიდა ბიძას - გრიგოლ ორბელიანს. მოკლედ მინდა ვთქვა იმის შესახებ, რომ "რომანტიკოსები" ჩემი საყვარელი თემა იყო მე-11 კლასში. სწორედ იმ პერიოდში გავეცანი ქართველი რომანტიკოსების შემოქმედებას და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. მახსოვს, რომ პირველი შედარებით ვრცელი ლექსი რომელიც ზეპირად ვისწავლე იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის "გოგჩა". საქართველოში თავად ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო პირველი რომანტიკოსი მწერალი, შესაბამისად, მისი პოეზიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ასევე მინდა ვთქვა ნიკოლოზ ბარათაშვილზე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება სხვა რომანტიკოსებისგან და ის უბრალოდ შეუდარებელია. "მერანის" სწავლის დროს ყოველთვის ვხედავდი გერმანელი რომანტიკოსი მწერლის - კასპარ დავიდ ფრიდრიხის ერთ-ერთ ნახატს "მოგზაური ღრუბელთა ზღვაზე". კასპარ დავიდისთვის დამახასიათებელი იყო პეიზაჟების ხატვა ჰორიზონტის ხაზის გარეშე, რაც დაკვირვებისას ერთგვარი უსასრულობის განცდას ქმნის. ასევე ამით მხატვარი გვიჩვენებდა, რომ სამყაროს არ აქვს საზღვარი. ( მართალია ასეთი რამ მხოლოდ ზოგიერთ ნამუშევარში გვხვდება, თუმცა ძალიან საინტერესოა ). "მერანის" ერთ-ერთ სტრიქონში კი ვკითხულობთ: "გასწი მერანო შენს ჭენებას არ აქვს სამზღვარი"... რაც შეეხება გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებას ნამდვილად რთულია გამოარჩიო რომელიმე ლექსი, თუმცა სკოლის პერიოდიდან ყველაზე მეტად რატომღაც "საღამო გამოსალმებისა" მომწონდა და დამამახსოვრდა. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ცნობილი ქართველი რომანტიკოსები, როგორებიც არიან ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი თავიანთ შემოქმედებაში არა პიროვნულს არამედ ეროვნულ, ხშირად კი ზოგადსაკაცობრიო თემებსაც ეხებიან, რაც ნათლად ჩანს მათ შემოქმედებაში. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანობამ დიდი როლი ითამაშა რომანტიზმის მიმდინარეობის ჩამოყალიბებაში და სწორედ ის შეგვიძლია მივიჩნიოთ საწყისად. ყველაფერ ამას ვხედავთ ევროპულ არქიტექტურაში, მწერლობასა და მხატვრობაში. 165 2-ს მოსწონს |
რახან რომანტიზმის მოტრფიალე და მოყვარული ხართ,ერთი კითხვას დაგისვავთ და თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ. როგორც ვიცით,ალექსანდრე ჭავჭავაძის მამა გახლდათ გარესევან ჭავჭავაძე,ერეკლე მეორის დროს საგარეო საქმეების მწარომებელი და გეორგიოვსკის ტრაქტატის ერთერთი ხელმომწერი. ამბობენ,გარსევანი ისე ვარებია დედოფალ ელიზაბეტს რო შვილი მოუნათლაო,ხოდა მაინტერესებს თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ,რუსეთის იმპერატრიცას ნათლული იყო ალექსანდრე?