x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138953
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
ალექსანდრე პუშკინი-"ნუ იმღერ ჩემთან, ლამაზო ქალო, შენ საქართველოს სევდიან ხმაზე" და სხვები..

image

225 წლის წინ, 1799 წლის 6 ივნისს(ძვ.სტ.26 მაისი) დაიბადა დიდი რუსი მწერალი, რუსული პოეზიის მწვერვალი და მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ალექსანდრე პუშკინი.


ჯერ კიდევ ლიცეუმში სწავლის დროიდან გამჟღავნებული ცხოველი ინტერესი საქართველოსადმი პუშკინს გაუმძაფრდა 1825-ის შემდეგ, როცა აქ გადმოასახლეს ბევრი დეკაბრისტი. 1829 პუშკინი ხელისუფლების ნებადაურთველად გამოემგზავრა სამხედრო გზით თბილისისაკენ, სადაც 27 მაისს ჩამოვიდა. სამ კვირამდე დაყო თბილისში, გაეცნო საქართველოს ბუნებას, ისტორიას, კულტურას - ნარკვევში „მოგზაურობა არზრუმში“ პუშკინმა გააკრიტიკა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკა, თანაგრძნობით ასახა ქართველი გლეხთა სიღატაკე, ქართველთა „გონებრივ ნიჭს“ დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. საქართველოს ეძღვნება ლექსები: „საქართველოს მთებზე“, „მონასტერი ყაზბეგზე“, „კავკასიონი“, „ზვავი“ და სხვ.


თბილისის პრესაში პუშკინის სახელი პირველად 1829 წელს გამოჩნდა. ჯერ კიდევ პოეტის სიცოცხლეში პუშკინის პოეზიამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში. მისი ლექსები თარგმნეს ა. ჭავჭავაძემ, გ. ორბელიანმა, ს. რაზმეძემ; შემდგომში - ი. ჭავჭავაძემ, ა. წერეთელმა, რ. ერისთავმა, აგრეთვე ტ. ტაბიძემ, პ. იაშვილმა, ვ. გაფრინდაშვილმა და საბჭოთა ეპოქის სხვა პოეტებმა. 1899-დან ცალკე წიგნებად გამოიცა პუშკინის ნათარგმნი თხზულებანი. პოეტის 100 წლისთავს უძღვნა ი. ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ სპეციალური ნომერი. საინტერესოა აღინიშნოს, რომ პუშკინის შთამომავალთა ერთი შტო (გვარად სვანიძე) ცხოვრობს საქართველოში.




***

საქართველოს მთებს ღამის ბინდი შემოჰფენია,

ხმაურობს ხევი არაგვის ხმაზე.

ჩემი მოწყენაც იოლია, ის ნათელია -

შენის მშვენებით და შუქით სავსე.


აღსავსე შენით, მხოლოდ შენით, სიჩუმე დადგა

და აღარავინ მიღვიძებს დარდებს.

და ისევ იწვის ჩემი გული და უყვარს, რადგან

არ შეუძლია რომ არ უყვარდეს.


***



მე თქვენ მიყვარდით: და ვინ იცის, ეს გრძნობა დიდი

იქნებ ჩემს სულში ჩარჩენილა, ვით ნათლის სვეტი,

მაგრამ მე თქვენი შეშფოთება არ მინდა მითი,

და თქვენი გულის დაღონებაც არ მინდა მეტი.


მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, უხმოდ, უთქმელად,

ხან მოკრძალებით, ხანაც ვიყავ ეჭვით ფარული,

მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად, ისე გულწრფელად,

რომ ღმერთმა მოგცეთ ასეთივე სხვა სიყვარული.


***


შორს ჩემგან! თქვენთან რა ესაქმება

უწყინარ პოეტს, მოფრენილს ცითა;

გარყვნილებაში იქეცით ქვებად,

ვერ გაგაცოცხლებთ ტკბილი ხმა სიმთა.


ჩემ გვირგვინს სდევდა სასტიკი ბედი

და ზედ ყვავილი დასჭკნა ყოველი:

მე მარტო ვცხოვრობ, სავსე ვარ სევდით

და აღსასრულსაც სევდით მოველი“.


***

ნუ იმღერ ჩემთან, ლამაზო ქალო,
შენ საქართველოს სევდიან ხმაზე,
მე მაგონდება, როცა შენ ჰგალობ,
სხვა ცხოვრება და სხვა სილამაზე.

რა ვქნა, თუ შენი სასტიკი ქნარი
ერთს მოგონებას შორეულს არხევს,
მე ვხედავ ღამეს, ველებს და მთვარით
აითებულ ქალის წამებულ სახეს.

ძვირფას ჩვენებას, საბედისწეროს
ვივიწყებ, როცა გიყურებ თვალში,
და როცა ჰგალობ, იმისი ჩერო
წარმომიდგება უეცრად მაშინ.






****

პოეტს


ნუ გიღირს ძვირად სიყვარული ხალხისა. ვიცი,
გავა ხმაური აღტაცებულ დიდების დიდის
და გაიგონებ სულელთა მსჯავრს, ცივი ბრბოს სიცილს,
მაგრამ დარჩი ისე მტკიცე, პირქუში, მშვიდი.

შენ ხარ მეფე: იყავ მარტო. გაჰყევი რწმენით
თავისუფლების გზას, საითაც გონება გიხმობს.
სრულყავ ნაყოფი საყვარელი ფიქრების შენის
და ჯილდოს კეთილ საქმეთათვის ნურასდროს ითხოვ.

ნუ ითხოვ, რადგან შენ თვითონ ხარ მისი მფლობელი, -
შენივ მსაჯული უმაღლესი და ულმობელი.
მოგწონს თუ არა, რაც შეჰქმენი წვითა და ლხენით?

თუ მოგწონს, მაშინ დაე გლანძღოს უგუნურმა ბრბომა,
დაე მან ზიზღით მიაფურთხოს შენს წმინდა შრომას
და საკურთხეველს, სადაც ცეცხლი ანთია შენი.


***

გამოტყდომა (ალექსანდრე ოსიპოვას)


მიყვარხართ, — თუმცა ბოღმა მაგიჟებს,
ვიცი, შევრცხვები, ფუჭად მოვცდები,
და ამ სვედავსილ უგნურებაში
ახლა თქვენს ფერხთან მე გამოვტყდები!
ჩემს წლებს და სახეს ეს არ შეჰფერის,
და უკვე დროა ვიყო ჭკვიანი,
მაგრამ ყოველი ნიშნით ვიცანი
ჩემს გულში ტრფობის სნება გვიანი.
უთქვენოდ ვიწყენ, — რული მერევა,
თქვენთან კი სევდის წამიღებს ღვარი,
აღარ მაქვს ძალა და მწვავს სათქმელი, —
ო, ანგელოსო, მიყვარხართ რარიგ!
მესმის მსუბუქი თქვენი ნაბიჯი,
მესმის შრიალი კაბის, მრეტები,
ეგ ხმა უბიწო, ქალწულებრივი, —
გონს ვკარგავ სრულად თქვენი მჭვრეტელი.
გაიღიმებთ და — კმარა ნუგეშად,
შებრუნებით და — დარდი მდევარი,
ტანჯვის წილ ჯილდო მელის ნეტარი —
თქვენი ფერმკრთალი ხელისმტევანი.
როცა უზიხართ კდემით საქარგავს
და თავდახრილი წუთებს არ ჰკარგავთ,
თვალნი, კულულნი ძირს ეშვებიან,
მომლბარი ვუცქერ მე ამ სანახავს,
ვტკბები და ვგავარ ბალღს ოცნებიანს!

გითხრათ კი ჩემი სვედავსილობა,
იჭვი და დარდი რომ მემარწუხა,
გასეირნებას როდის აპირებთ
სადმე შორეთში ჩემდა საწუხად?
და სად გაქრება თქვენი ცრემლები,
ან საუბრები განმარტოებით,
ის ხეტიალი, ის შადრევნები,
ფორტეპიანო — საღამოობით?
ალინა! შეგთხოვთ აწ მოწყალებას,
ვერ გვედრებთ ტრფობას სამაგიეროს,
იქნებ არც ვღირვარ ჩემს ცოდვათათვის
მე სიყვარულად, ჩემო ციერო!..
ო, ითვალთმაქცეთ! მშვენიერ თვალებს
ძალუძს ყოველი რომ გამოხატოს,
მე მომატყუოთ, — ძნელი არ არის,
ამ მოტყუებას თვითონვე ვნატრობ!..

0
293
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0